Pages

Saturday, July 12, 2025

საარქივო ჩანაწერების ფოტოები: დადა დადიანის „ტაქსი“

დღეიდან ჩემს არქივში არსებული ქართული ჩანაწერების ფოტოებს დავდებ და პატარა ისტორიებსაც მოვაყოლებ. 

პირველი რაც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ორი კასეტა, რომელთაგან გავრცელდა დადა დადიანის ლეგენდარული ჯგუფ „ტაქსის“ უნიკალური ჩანაწერები. ფოტოზე მარცხნივ ზემოთ ჩანს სტაფილოსფერი „სვემას“ ფირმის საბჭოთა კასეტა, რომელზეც დადა დადიანმა 1992 წლის ივლისში თავის აგარაკზე - არაგვისპირში, - კოჭებიანი (ბაბინებიანი) მაგნიტოფონიდან ჩამიწერა „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი. ზოგადად იმ პერიოდში ჯიბით რაღაც კასეტას ყოველთვის დავათრევდი. ამ კასეტაზე „ბლექ საბატის“ 1989 წლის ალბომი მქონდა ჩაწერილი. იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად ქუთაისიდან თბილისში ტელეგადაცემა „კედელი“ ჩამოვიტანეთ მე-2 არხზე და მისი პრემიერა შედგა. ამ გადაცემის პირველი და მეორე ნაწილი ქართულ ანდერგრაუნდზე გვქონდა. მაშინ სწორედ მე-2 გადაცემაზე ვმუშაობდით და კახა კიკაბიძემ და ბიჭიკო ოსიპოვმა დადას აგარაკზე წაგვიყვანეს. სწორედ იქ ჩამიწერა ამ კასეტაზე დადამ თავის ალბომი, რომელიც წლების შემდეგ უკვე დაკარგული ეგონა. რა თქმა უნდა, მაშინ „საბატების“ წაშლაზე ოდნავადაც არ მინანია. :)) და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემდა გასაოცრად, ეს საბჭოთა კასეტა ხარისხიანი აღმოჩნდა. უმეტესობა ყიდვისთანავე სვრიდა მაგნიტოფონის თავაკს და წრიპინებდა...

მარჯვნივ კი სამხრეთკორეული ფირფის GoldStar-ის (რომელიც მოგვიანებით LG გახდა) კასეტაა, რომელზეც თავის დროზე მიქშერის პულტიდან ჩავწერეთ ქუთაისში 1992 წლის 12 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართული „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“, რომელზეც „ტაქსის“ გარდაა გამოვიდნენ: კახა კიკაბიძე, „საბავშვო მედიცინა“, „გენეტიკური კოდი“ და „აუტსაიდერი“. სამწუხაროდ, სრული კონცერტიდან რაღაცები მერე წამეშალა და ძალიან გული დამწყდა.


Sunday, February 23, 2025

ლისი და მუხათწყარო [23.02.2025]

ბოლო წლებში (ალბათ ათწლეულიც იქნება) თბილისში მხოლოდ თებერვალში მოდის ხოლმე თოვლი და ყინვაც მოარტყამს. დეკემბერი-იანვარი კი ცივ შემოდგომას უფრო ჰგავს, ვიდრე ზამთარს.