Saturday, March 03, 2012

Элтон Джон И Александр Градский © 1979

საბჭოთა კავშირში ერთ დროს ასეთი გამჭვირვალე და ლურჯი ფერის ფირფიტებიც გამოდიოდა და მათ Мелодия გამოსცემდა. ჩანაწერი აუცილებლად მონოფონური და საშინელი ხარისხისა უნდა ყოფილიყო. აი, ასეთი იყო "კაპიტალისტური" ქვეყნების აკრძალულ შემსრულებელთა ხვედრი. თანაც ასეთი საბჭოთა "სინგლების" მეორე გვერდზე აუცილებლად "სამამულო" შემსრულებელი უნდა ჩაეკვეხებინათ. ეს უკანასკნელი, როგორც წესი, აუცილებლად ფილარმონიული და ოფიციოზისთვის მისაღები არტისტი გახლდათ.

წინამდებარე ფირფიტა, ფაქტობრივად, გამონაკლისია, რადგან მის მეორე გვერდზე ალექსანდრ გრადსკის 1972 წლის სიმღერა Только Ты Верь Мне-ა ჩაწერილი, რაც საბჭოთა რუსული როკის ერთ-ერთ ადრეულ სიმღერად ითვლება, ხოლო გრადსკი საბჭოთა როკის პიონერადაა შერაცხული. რაც შეეხება, ელტონ ჯონს, მისი შემოქმედება აღებულია მუსიკოსის ერთ-ერთი საუკეთესო ადრეული ალბომიდან Goodbye Yellow Brick Road. ამ ლურჯ, გამჭვირვალე ფირფიტაზე დატანილი მისი ორივე სიმღერა, სწორედ ამ 1973 წლის ალბომშია შესული.

მსგავს ფირფიტებზე ადრე საბავშვო და ჩვეულებრივი ჟურნალებიც გამოდიოდა, აგრეთვე, "მელოდია" მათზე ჩაწერილ ინგლისური და სხვა ენების გაკვეთილებსაც უშვებდა. თბილისის "მელოდიის" წინამდებარე ფირფიტა (რომლის ფოტოებსაც ხედავთ) გაყიდვაში 1979 წელს გამოვიდა. მას ხშირად ვუკრავდი ბალღობაში და დღემდე შემომრჩა. ქვემოთ, პლეერში შეგიძლიათ მოუსმინოთ ფირფიტაზე შესულ სამივე სიმღერას, რა თქმა უნდა, კარგი და არა იმ ფარფატა ფირფიტის ხარისხით.


P.S. პირწიგნაკზე გასაზიარებელი ბმული ესაა.