Tuesday, May 01, 2012

პრიმიტივი – ფილმი-კონცერტი

[From ERM0NIA's own home collection] 

ეს ფილმი, რომელიც ახლა მინდა წარმოვადგინო, ჯგუფ „აუტსაიდერის“ 1997 წლის 5 სექტემბერს, პარასკევს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) კლუბის ფოიეში გამართული კონცერტ „პრიმიტივის“ მიხედვით გაკეთდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „აუტსაიდერის“ რეპეტიციები იმართებოდა ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფრის (ე.წ. бомбоубежище) ერთ-ერთ მეტად ჩახუთულ, ნესტიან და უჰაერო ოთახში. ჯგუფი შესანიშნავ ფორმაში იყო და, ჩემის აზრით, მსგავსი დრაივის კონცერტი „აუტსაიდერს“ ქუთაისში არ გაუმართავს. მას ჯერ არ ჰქონდა დაწყებული მუშაობა აკუსტიკურ პროექტზე. ეს უკანასკნელი იმიტომ ვახსენე, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე აკუსტიკური კონცერტით ბენდი, პირველ რიგში, თბილისელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის „თეატრალურ სარდაფში“ წარსდგა (ამ კონცერტის მასალებსაც მალე ავტვირთავ). ეს კონცერტი ცოცხლად ჩაიწერა და ოდნავ მოგვიანებით ალბომიც გამოვიდა ასეთივე სახელწოდებით – „პრიმიტივი“...

მაგრამ ახლა, მოდით, ისევ ქუთაისში დავბრუნდეთ და გავიხსენებ 5 სექტემბერს. ქუთაისის „პრიმიტივამდე“ იყო ბათუმის „პრიმიტივი“ (ჩანაწერიც არ იძებნება). კონცერტზე, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, სიმღერა „ქალაქში ბნელას“ შესრულების დროს, ელექტროენერგია გაითიშა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს ასლან აბაშიძის ხელისუფლების უშუალო მითითებით მოხდა. თუმცა, თავად ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ გახლდით ბათუმის კონცერტზე. სამაგიეროდ ვიყავი ქუთაისის „პრიმიტივზე“, ოღონდ რადიოსტუდიაში, იქვე „გეპეის“ კლუბის ზედა სართულზე, სადაც ჩვენი რადიო მდებარეობდა. „ნიღბების კლუბის“ წევრებმა და რადიოს თანამშრომლებმა საკონცერტო მიქშერიდან კაბელი ავიყვანეთ ჩვენს სტუდიამდე და ეს კონცერტი რადიო-ეთერში ცოცხლად გადაიცემოდა.