Showing posts with label Kutaisi. Show all posts
Showing posts with label Kutaisi. Show all posts

Wednesday, April 08, 2026

ხელნაწერი ძველი დღიურიდან

დღეს ჩემი წიგნისთვის რაღაცებს ვიხსენებდი და ძველ დღიურს გადავავლე თვალი, ეგება რამე საინტერესოს და საჭიროს წავაწყდე მეთქი. ამ დღიურს არც თუ რეგულარულად 1984 - 1996 წლებში ვწერდი. თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისში უფრო ინტენსიურად მაქვს ჩანაწერები გაკეთებული. ამ ორი ფურცლის, ანუ 4 გვერდის გაზიარების სურვილი გამიჩნდა რატომღაც. ორივე ჩანაწერი 1993 წლის ნოემბერში, სხვადასხვა დღეებში მაქვს გაკეთებული...




Wednesday, February 28, 2024

მიტოვებული შენობები ქუთაისში

ელექტრომექანიკური ქარხნის ერთ-ერთი საამქროსა და „დინამოს“ სტადიონთან მდებარე სპორტდარბაზის შენობები...




Tuesday, June 07, 2022

ქუთაისის ცენტრის პანორამები

ქუთაისში ვიყავი 2-დან 6 ივნისის შუადღის ჩათვლით. იქ ყოფნისას ჩემი Xiaomi Redmi 8-ით რამდენიმე ფოტო გადავიღე და მათ შორის, ეს პანორამებიც, რომლებსაც აქ ვაქვეყნებ.

ხედი რიონზე თეთრი ხიდიდან


ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის აივნიდან გადაღებული რიონის მარჯვენა სანაპირო

რიონის მარჯვენა სანაპიროდან გადაღებული ხარების ტაძარი და ზაქარია ფალიაშვილის სახლ-მუზეუმის აივანი (ზუსტად ცენტრში)



Sunday, August 01, 2021

1990-იანი წლების რამდენიმე ჩემი ვიდეო ქუთაისზე

ეს ბლოგპოსტი ეძღვნება ბიძაჩემის, პაატა მეძმარიაშვილის ნათელ ხსოვნას

1990-იანებში ისეთი ასაკი მქონდა, ძალიან აქტიური ვიყავი ჩემს საქმიანობაში. შესაბამისად, ბევრ რამეს ვითავსებდი ერთბაშად: სტუდენტობას, მუსიკოსობას, მანსანკანის მსახიობობას, ტელე-რადიო-პრესის ჟურნალისტობას, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორობას, ფოტოგრაფობას და ზოგჯერ ვიდეოოპერატორობას... ვიყავი ჩვენი სამეგობროს მიერ დაარსებული „ნიღბების კლუბის“ აქტიური წევრი. მქონდა რამდენიმე ტელე და რადიო გადაცემა. მათ შორის ჩემი საავტორო ტელეგადაცემა მუსიკასა და ხელოვნებაზე „ანარეკლი“, რომელიც ტელეკომპანია „ივერიონის“ ეთერში გადიოდა. სწორედ მისთვის და არა მარტო მისთვის განკუთვნილი ვიდეომასალებით ავაწყვე ეს ვიდეოები და მივამონტაჟე. 


1995 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ ქარიან დღეს, ჩვენი მეგობარი, არქიტექტორი გია ხურციძე პუშკინის ქუჩაზე მდებარე „ნიღბების კლუბში“ მოვარდა, გვთხოვა, ვინმე წამოდით, ძალიან მაგარი რამ ხდება რიონის სანაპიროზე და გადავიღოთო. მივედით და ეს შესანიშნავი ბავშვები დაგვხვდნენ, რომლებიც წითელ ხიდთან ქვიშისგან ამ უცნაურ ეკლესიებს აგებდნენ. ამ ფაქტის გარდა, გადავიღეთ ხიდის მიმდებარე ქალაქის ხედებიც. ამ ჩემთვის ძალიან თბილი ვიდეოს მუსიკალურ გაფორმებად პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის მიერ შესრულებული დომენიკო სკარლატის Sonata F Minor K.466, L.118 და Sonata D Minor K.213, L.108 ავარჩიე.


ქუთაისში 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა ფუნთუშების დამტარებელ ვაჟა კოსტავას, იგივე „ბაბულიას“. „ეიჩემე ბაბულია, ბულკი!“, „ძალიან გამხდარი ხარ, ჭამე ბაბულია, ბულკი“ და მსგავი წინადადებები, მისი საფირმო სარეკლამო ფრაზები იყო. არ მიყვარს სიტყვა „კოლორიტი“, თუმცა, თუ ვინმე ამ სიტყვას იყენებთ, „ბაბუსთვის“, იგივე „ბაბულიასთვის“ ზუსტად ზედგამოჭრილია. ვიდეო გადაღებულია თამარ მეფის ქუჩის #17-თან, ყოფილი კომერციული მაღაზია „ელიტას“ შესასვლელი მხრიდან 1995 წლის ნოემბერს.


ჩემი და ჩემი ახლო მეგობრის, მიშა კარანაძის მოფიქრებული ვიდეორგოლი, რომელიც გადავიღეთ სპეციალურად „ნიღბების კლუბის“ აქციისთვის „გუშინ, დღეს, ?...“. ეს აქცია-რეპეტიცია 1995 წლის 8 ივლისს მაშინდელ ე.წ. „ინტელიგენციის“ კლუბში ჩატარდა. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟს, რომელმაც დრო გალიაში დაატყვევა, ასახიერებდა მიშა, იგივე „მრაჩნი“, მე კი ოპერატორის ფუნქცია შევითავსე. მთელი დღე ასე ვიბოდიალეთ მთელ ქალაქში. შემოვიარეთ ტროლეიბუსების პარკი, სასაფლაო, სხვადასხვა შენობების ნანგრევები, ჩვეულებრივი შენობები, ძეგლები, რკინიგზის  ორივე სადგურიც კი და ქალაქის ქუჩები... დღეს რომ გადაგვეღო ეს ვიდეო, მას ალბათ Radiohead-ის Daydreaming-ით გავაფორმებდი. მაშინ კი ფონად Offspring-ის Come Out And Play გამოვიყენე. 


ერთხელ გადავწყვიტე „ანარეკლის“ თემად ღამის და ადრეული დილის ქუთაისი გადამეღო. მთელი ღამით და დილით ჩვენი მეგობრის და თანამშრომლის, აპოლონ ჭეიშვილის მანქანით დავდიოდით და კადრებს ვიღებდით. ამ კადრების ოპერატორია ლეგენდარული „კალაბოკა“, იგივე თემურ კენჭოშვილი. როცა კალაბოკას და მე ერთად გვხედავდნენ, ხალხი დონ კიხოტსა და სანჩოს გვეძახდა. ამ ვიდეოში მხოლოდ რიჟრაჟისა და დილის კადრები შევიტანე. მუსიკის ავტორი და შემსრულებელი მე გახლავართ. იმ პერიოდში ბევრს ვუჩხაკუნებდი გიტარაზე და სახლში მაგნიტოფონით ვიწერდი. არ ვიცი, რამდენად მოუხდა, არც ისე სუფთა შესრულება და  ჩანაწერია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ფონად გამეყოლებინა.


ზედა თემის გაგრძელება. დილით ქუთაისის ავტოქარხანასაც მივაკითხეთ, სადაც რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, საამქროს გადასაღებად შეგვიშვეს და ასეთი რამეები გადავიღეთ. სხვათა შორის, მუსიკის ავტორია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი – სტანისლავ კრეიჩი, რომელიც 1936 წელს დაიბადა ქუთაისში და საბჭოთა კავშირში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერადაა მიჩნეული. მუსიკოსი წელს გარდაიცვალა. სხვა კადრებიც მაქვს, მაგრამ დღეს ამ ვიდეოების გამოქვეყნებით დავკმაყოფილდები.


ეს ქალაქი იმდენად მიყვარს, რომ სულ ჩემთანაა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იშვიათად მიწევს ხოლმე ჩასვლა. სულ ჩემთან იქნება ამ პოსტის ადრესატის ხსოვნაც, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი რამ მასწავლა და შემაყვარა.

Saturday, June 20, 2020

საშვები

რატომ მაქვს ესენი შენახული, აღარ მახსოვს, მაგრამ იყოს აქაც. ერთი 5-თვიანი საშვია ქუთაისის კომერციულ ტელევიზიაში (მოგვიანებით დაერქვა ტელეკომპანია „რიონი“), სადაც ფეხი ავიდგი ჟურნალისტიკაში და ვაკეთებდი გადაცემა „კედელს“. ეს საშვი უფლებას მრთავდა ტელევიზიაში შევსულიყავი 1992 წლის 10 მაისიდან 10 ოქტომბრის ჩათვლით. მეორე კი ტელეკომპანია „მე-2 არხის“ დროებითი საშვია. ეს ტელევიზია თავისი ეთერით გადასცემდა ქუთაისში მომზადებულ ჩვენს გადაცემა „კედელს“. ეს საშვი მომცეს 1992 წლის 6 ივნისს, როცა უკვე პირველი გადაცემის ჩაწერა დავიწყეთ თბილისში. 





Friday, October 31, 2014

მანანა მენაბდე - Outsider - ქუთაისი


ქუთაისში ორი ძალიან კარგი მოვლენის გამო ვიყავი. 26 ოქტომბერს მანანა მენაბდეს საიუბილეო კონცერტს, „საპოვნელა“ დავესწარი, რომელიც მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ხოლო 28-ში ბარ-რესტორან „პალატიში“ კიდევ ერთი საიუბილეო კონცერტი, „50 ყლუპი“ ჩატარდა, სადაც Outsider-მა დაუკრა. ორივე ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩემი მეგობარი, ხვიჩა დოღონაძე გახლდათ. ბევრს არ ვილაპარაკებ მანანა მენაბდეს კონცერტზე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ქუთაისთან დაკავშირებული შესანიშნავი ისტორიების მოყოლის გარდა, მანანა მენაბდემ თავისი იგავ-არაკების წიგნი „და დრო გადიოდა...“ წარმოადგინა და რამდენიმე მცირე არაკი წაიკითხა კიდეც. საბედნიეროდ, ეს წიგნი ორგანიზატორმა მეც მისახსოვრა. მუსიკოსმა სიმღერები შეასრულა თავის დასთან, თინათინ მენაბდესთან, ნიკა ნიკვაშვილთან და ქუთაისურ ჯგუფ „სამი-ზნესთან“ ერთად. დარბაზში ძალიან ციოდა და ბოლოსკენ მომღერალმა ლაბადაც მოისხა. 

„აუტსაიდერის“ საღამო მეტად კარგ და გემოვნებიან ბარ-რესტორან „პალატიში“ გაიმართა. ჯგუფის კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა „იუტუბის“ არხზე. მთლიანაი ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ამ დღეების განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს ძველ მეგობრებს და თითქმის ვერ ვიბორიალე ქალაქში... იქ ყოფნის დღეებში ქუთაისში საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ქუთაისური პოსტი „დოქტორი მურკეს“ ბლოგზე, სადაც ხმებს ვაგროვებ: ძლიერი ქარი ქუთაისში (27 ოქტომბერი 5:57:44). ქალაქის სურათები კი, რაც გადავიღე, „პალატისგან“ ძალიან ახლოს, პუშკინის ქუჩაზე ან იქვე, რიონის სანაპიროზე (როგორც ქუთაისში ვამბობთ ხოლმე, „რიონის პირას“). ყველა ფოტო შავ-თეთრია და მგონი, ასე ჯობია.




Thursday, May 01, 2014

ქუთაისი, აღდგომის დღეები


გაზაფხული
ჩემი მწვანე ქალაქი
Der Himmel über Kutaisi (ცა ქუთაისის თავზე)
აღდგომის ღამე. ლიტანიობა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში

Tuesday, December 03, 2013

ერმონია რომანში „ქუთაისი ქალაქია“

ერმონია, რეზო გაბრიაძის მიხედვით, ქუთაისის მფარველი ანგელოზია და ხშირად გვხვდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. ერმონია საშუალო ასაკის მელოტი კაცია, რომელიც ხშირად შლაპით, აბრეშუმის თეთრი კაშნეთი და დალამბული კოსტუმით ან პალტოთი გვხვდება. ეწევა პაპიროზს. იგი მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ნაწარმოებებში, ძირითადად ქუთაისში ან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში (ერთხელაც გერმანიაში) და ასევე მოულოდნელად ქრება. ყოველთვის არის იქ, სადაც მისი დახმარება თითქმის სასიცოცხლოა. შეუძლია ყველას თვალწინ, მაგრამ შეუმჩნევლად, გარდაიქმნას ჩიტად, ან თვითმფრინავ U2-ად. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და კეთილია. ეს ნახატები აღებულია რეზო გაბრიაძის რომანიდან „ქუთაისი ქალაქია“, სადაც მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების პირველ წლებში. ნახატების ავტორი, რაღა თქმა უნდა, თავად გაბრიაძეა.

აქ ნაწარმოების მთავარი გმირი, 10 წლის ვარლამი პირველად ხვდება ერმონიას, როგორც ბოძზე ასულ მონტიორს

„ბოლო ვაგონის ტამბურის კიბეზე ერმონია იჯდა, ლურჯი მაისური ეცვა, რომელსაც გულზე „შრომითი რეზერვები“ ეწერა“

Wednesday, May 22, 2013

ქართული ხმელთაშუაზღვისპირეთი

„მე ვცხოვრობდი ქუთაისში, ეს ხმელთაშუაზღვისპირა ქალაქია, კოლხეთის სამკუთხედის მწვერვალი, მისი კიდე. როცა ძალიან გვიან, ბოლოს და ბოლოს იტალიაში მოვხვდი, ჩემთვის ყველაფერი ნაცნობი იყო: ქვების წყობა, და ტროტუარები, და კვიპაროსები, და ყველა ეს ხვიარა მცენარე, რომელთა დასახელებები მხოლოდ ქართულად ვიცი, და ვაზი კედლებზე, და პატარა ვარდები, და კიდევ უფრო პატარები, როგორც ღილები“. 
© რეზო გაბრიაძე

Я жил в Кутаиси, это средиземноморский город, вершина Колхидского треугольника, самый его край. Когда я сильно позже попал в конце концов в Италию, мне там было все знакомо — кладка камней, и тротуары, и кипарисы, и все эти ползучие растения, названия которых я знаю только по-грузински, и виноград на стенах, и мелкие розочки, и еще меньше — как пуговки. 
© Резо Габриадзе

ხვამლის მთა
უქიმერიონის ციხე ხვიარა მცენარეებით

ხედი ბაგრატი-უქიმერიონიდან
ამპრედუზო-მედუზო თეთრ ხიდზე და საიდუმლო ბოქლომი

რიონი თეთრი ხიდიდან

Thursday, January 31, 2013

„ერმონია და რამონა“, ანუ გაბრიაძეს + David Bowie

ბოლო პერიოდის ორი ემოციური მოვლენა რეზო გაბრიაძის ახალი სპექტაკლი „რამონა“ და დევიდ ბოუვის ახალი სიმღერა Where Are We Now გახდა. ისევე როგორც „რამონა“, ბოუვის ახალი სიმღერაც ძველ, ნოსტალგიურ ემოციებზეა აგებული. რამონას და ერმონიას (აღნიშნულ სპექტაკლში არაიმერული დაბოლოების ერმონს შეხვდებით), ამ ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ლოკომოტივს გაბრიაძის წიგნიდან ვიცნობდი. თუმცა წიგნში შესული პიესა განსხვავდება მარიონეტების სპექტაკლის სცენარისგან. თუმცა შინაარსი ერთია და მარადიულ თემაზე – სიყვარულზეა, თანამედროვე რომეო და ჯულიეტა, რომელთა ტრფობის ამბავიც სოციალისტური საქართველოს ინდუსტრიული ცენტრის, ქუთაისის მახლობლად მდებარე რკინიგზის სადგურ „რიონსა“ და წყალტუბოში ვითარდება. ნამდვილი ინდუსტრიული რომანტიკაა, ასეთი ემოციური ამბავი აჩვენო ორ მანქანაზე, რომლის ასე ოსტატურად და ადამიანურად გადმოცემა მხოლოდ რეზო გაბრიაძეს გამოსდის.


ქუთაისს რამდენიმე რკინიგზის სადგური აქვს, მათ შორის სადგური „რიონი“ მთავარ სარკინიგზო მაგისტრალზეა. აქედან თავის დროზე „მამაქალაქთან“ დასაკავშირებლად ცალკე ლიანდაგი გადმოიყვანეს. სადგური „რიონი“ კი მუხნარის (იგივე საღორიის) ტყის გადაღმაა სოფელ რიონში. ბავშვობისას ხშირად მიმგზავრია ქუთაისიდან თბილისისკენ სწორედ „რიონის“ სადგურიდან. აქედან გასული მატარებელი ჩვეულებრივ, „ქუთაისი – თბილისის“ ღამის შემადგენლობაზე სწრაფად ჩადიოდა დედაქალაქში და მას დღის მატარებელსაც ეძახდნენ. სადგური ჩემს ბავშვობაში საკმაოდ პატარა და ქუთაისის სადგურებთან შედარებით ბევრად უფრო მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანი იყო, თუმცა ქალაქის სადგურებიდან განსხვავებით, „რიონს“ მაინც ეტყობოდა, რომ საქართველოს მთავარი სარკინიგზო არტერიის ნაწილი გახლდათ. აქ გაივლიდნენ  სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან წამოსული, იმერეთიდან აფხაზეთისკენ, იქიდან კი მთელს საბჭოთა კავშირში მიმავალი მატარებლები.

Tuesday, January 29, 2013

ქუთაისის პორტი

ბოლო დროს მედიაში ატეხილმა აჟიოტაჟმა ქუთაისის საპორტო ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით ფრიად გამახალისა. თუმცა, მოგვიანებით, ჩემს ერთ-ერთ საქაღალდეში მოთავსებული ქუთაისის საარქივო დოკუმენტებს შორის, აღნიშნული რეპროდუქცია გამახსენდა. ესაა ქალაქ ქუთაისის ნავმისადგომი (ანუ, დღევანდელის საერთაშორისო ენით რომ ვსთქუათ, პორტი). სწორედ ამ ადგილას ყოფილა უძველესი დროის ქალაქის ნავმისადგომი მდინარე რიონზე. მისი ნაშთები საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუმცა ალბათ საინტერესოა, ამ უბანსა და ადგილს ჩემთვის უცნობი მხატვრის ნამუშევრით შევავლოთ თვალი ბევრი კომენტარის გარეშე.
 

Monday, November 26, 2012

ცოტა რამ აუდიოკასეტების შესახებ

რატომაა აუდიოკასეტის მსმენელისთვის მუსიკის მაგნიტოფონში მოსმენა უფრო კომფორტული, ვიდრე MP3-ს მსმენელისთვის, როცა ამ უკანასკნელის მოსმენა დღეს პრაქტიკულად ყველგან შეიძლება? რა თქმა უნდა, ციფრულ მუსიკას ბევრი მარტივი უპირატესობა აქვს. მაგალითად, MP3 იშოვება იოლად, ბევრი ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე – ინტერნეტში, პრაქტიკულად უფასოდ. ამავე დროს, არ არის საჭირო ციფრული მუსიკის: ფიზიკურად ტარება, სადმე ჩადება, ფუტლიარში შენახვა, მტვრის გადაწმენდა, პლეერში ჩადებისას მუსიკის რეალურ დროში გადახვევა, პლეერის თავაკის („გალოვკის“) სახრახნისით გასწორება (ყველა კასეტას თავისი კორექცია სჭირდება), თავაკის სპირტიანი ბამბით თვეში ერთხელ მაინც გაწმენდა. დაზღვეული ხარ მაგნიტური ფირის ჩახვევისაგან, მერე მისი ფრთხილად ამოღებისგან და გაწყვეტის შემთხვევაში სკოჩით ან ფრჩხილის ლაქით გადაწებებისგან. ბოლო ოპერაციების დროს კი ჩანაწერის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. ამავე დროს, ციფრული მუსიკა გადაწერისას ხარისხს არ კარგავს, თუნდაც მეათასე პირი იყოს. კასეტის ყოველი მომდევნო გადანაწერის ხარისხი სულ უფრო ეცემა და იკარგება...

Saturday, October 27, 2012

არტ-კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“

[From ERM0NIA's own home collection] 

1990-იანი წლების ქუთაისის იატაკქვეშა კლუბების შესახებ ადრეც დამიწერია (იხ. ჩემი სტატიები: „თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა“, „ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)“ და „ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)“). ამ ჩანაწერებიდან ალბათ გახსოვთ, რომ 90-იანებში ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შექმნილი „ნიღბების კლუბის“ წევრი და ერთხანს პრეზიდენტიც ვიყავი. ჩვენი კლუბი აწყობდა ღია აქციებს ქუთაისის ქუჩებსა და ადგილებზე. 1990-იან წლებში ქუთაისში ხელოვნების კიდევ რამდენიმე კლუბი არსებობდა, მაგალითად, დადაისტური სულისკვეთების „ბონზო“, რომელიც მხატვარმა გელა ღაჭავამ დააარსა, და „მესამე კლასის ვაგონი“, რომელზეც ბლოგის მკითხველს ამჯერად ვუამბობ.

„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. მეტად ორიგინალური იყო პირველი წიგნის, „ART-გაზმის“ გაფორმება, რომელიც ქანჩითა და ჭანჭიკით იყო შეკრული და ამ უკანასკნელის ამოხრახნის გარეშე მისი გადაშლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა... კლუბის წევრთა უმეტესობა დღეს ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ბევრმა უცხოეთს შეაფარა თავი.

არტ-კლუბის პერფომანსი თბილისში, 2001 წელი. ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე და ბლოგის ავტორი

ეს ორი წიგნი კლუბის რამდენიმე წევრის თანხმობით, ახლახან დავასკანერე და ბლოგის მკითხველს ახლა PDF ფორმატში გთავაზობთ:


Download:
ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები


Tuesday, October 16, 2012

George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004

[From ERM0NIA's own home collection]

გია სალაღიშვილის სოლო შემოქმედება ჩემს ბლოგზე ჯერ კიდევ 2008 წელს ავტვირთე, როდესაც მისი პროგრესივ-როკ ალბომი Wine Bread Water წარმოვადგინე. ამჯერად მისი კიდევ ერთი საინტერესო ნამუშევარი, რომელიც „ბითლზის“ შემოქმედებას მიეძღვნა. ამ პროექტის გაკეთების იდეა გიას ჯერ კიდევ 1990-იანებში ქუთაისში გაუჩნდა და ამავე ათწლეულში ხორცი შეასხა მის კლასიკურ ვერსიას, სადაც თავად ვიბრაფონზე უკრავდა. 1996 წელს ამ პროექტის სატელევიზიო ვერსია გადავიღე და ჯერ ქუთაისის ტვ „ივერიონის“ ეთერში მოხვდა, შემდეგ მისი მოკლე ვერსია მაშინდელი სახელმწიფო ტვ-ს პირველმა არხმაც აჩვენა.

2004 წელს გიორგი სალაღიშვილმა „ბითლზის“ შემოქმედების უკვე ელექტრონული ვარიანტი „სანო“ სტუდიაში ჩაწერა. თუმცა მისი ბენდის წევრების (მათი ვინაობა ჩამოთვლილია ფირფიტის გაფორმებაში, რომელიც ფოტოფაილებად დევს გადმოსაწერ არქივში) ძირითადი ბირთვი ისევ ქუთაისელი მუსიკოსებით იყო დაკომპლექტებული. 1 – 6 ლენონ-მაკარტნის ეკუთვნის, ხოლო 7 – 9 კომპოზიციები გიას ნაწარმოებებია. 

George Salagishvili - Instinct (The Beatles In Acid Jazz) © 2004


01-Michael (4:59)
02-Norwegian Wood (5:17)
03-And I Love Her (4:51)
04-Oh Darling (6:44)
05-Eleonor Rigby (3:31)
06-Hey Jude (5:39)
07-Seven Notes (4:33)
08-Eklesiaste (5:05)
09-If I Get To Heaven (5:33)

Genre: Rock, Jazz
Stile: Acid Jazz
Size: 104.6 MB
Playtime: 46:12
Bitrate: 320 kb/s (Joint Stereo)

Download:
Password: erm0nia

Sunday, June 17, 2012

გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999

[From ERM0NIA's own home collection]

გოგა ჟორჟოლაძე ჩემი ქუთაისელი მეგობარია. იგი კარგი მუსიკოსი, მხატვარი და მელომანია. მახსოვს, 90-იანების დასაწყისში მის სახლი-სტუდია სავსე იყო უმაღლესი ხარისხის აუდიო ჩანაწერებით, ვინილის ფირფიტებით, მაგნიტოფირებითა და, რაც მაშინ იშვიათი იყო, კომპაქტ-დისკებით.


გოგა ერთ-ერთი ვეტერანი ქუთაისელი პანკი, როკერი და ალტერნატივშიკია, რომელსაც უყვარდა და უყვარს „ახალი ტალღა“, პოსტ-პანკი, რეგეი, ფანკი და ა.შ. მასთან ჩემი ძველი ინტერვიუ წაიკითხეთ აქ.

90-იანების მიწურულს გოგამ თავისი სახლის სტუდია სრულყო და მასთან ჩაიწერა 1990-იანების თითქმის ყველა ქუთაისელი შემსრულებელი. 2002 და 2003 წლებში სწორედ მის სტუდიაში ჩაიწერა ორი ლეგენდარული ქუთაისური კომპილაცია („ქართული ტალღა 1 და 2“) ადგილობრივი მუსიკოსების მონაწილეობით.

ახლა გოგას ალბომი Homegrown მინდა წარმოვადგინო, რომელიც მუსიკოსმა 1999 წელს საკუთარ სტუდიაში ჩაწერა და მაგნიტოალბომის სახით გამოვიდა. იგი გაციფრულებული და მცირეოდენ რემასტერირებულია ჩემ მიერ. დასაჭაშნიკებლად ეს ერთი სიმღერა აქვე გასინჯეთ:
   
ალბომი ქვეყნდება პირველად!!!

 გოგა ჟორჟოლაძე - Homegrown © 1999


01-Hand That Rocks The Cradle (5:20)
02-Blowing In The Wind (4:13)
03-ჩემი უბანი (5:26)
04-The Bean Eaters (4:29)
05-Johny B. Good (2:54)
06-Обстановочка (2:59)
07-მიძინებული მოგონებები (4:13)
08-80-იანი წლები (5:49)
09-Back In The City (5:45)
10-მინდა (3:29)
11-მე კარგად ვიცი (4:57)
12-Табурет (Groove) (3:03)
13-Табурет (Punk) (2:46)
14-შენი თვალები (4:32)

Genre: Rock
Stile: New Wave, Post-Punk, Alternative
Size: 86.38 MB
Playtime: 59:55
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)
Password: erm0nia

Wednesday, June 06, 2012

ქუთაისური (ქართული) ტალღა I და II © 2002 - 2003

[From ERM0NIA's own home collection]

ამ ჩანაწერების აბსოლუტური უმრავლესობა ჩემი ქუთაისელი მეგობრის – გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია გაკეთებული. ისინი იმითაა საინტერესო, რომ ამ კომპოზიციებს 1990-იანების და ახალი საუკუნის დასაწყისის თითქმის ყველა ქუთაისელი როკშემსრულებელი ასრულებს. ორივე ალბომი, რომელთაც აქ გთავაზობთ, ქუთაისში აუდიოკასეტის სახით გამოვიდა. თუმცა, ამჯერად ამ სიმღერების ორიგინალ ციფრულ ვერსიებს გიზიარებთ. ალბომები პირველად 2006 წელს გამოვაქვეყნე ფორუმ.ჯი-ს ჩემს თემაში, რომლის პირველ პოსტშიც დავწერე: 

„ეს არის ყველაზე ახლობელი მუსიკა, რომელიც ჩემს ირგვლივ იქმნებოდა წლების განმავლობაში, სანამ ამ ქალაქიდან წამოვიდოდი. სიმღერები იწერებოდა უშუქო სარეპეტიციოებში, აკუსტიკურ გიტარებზე, სადაც დასარტყამებად ვიყენებდით მიტოვებული ტროლეიბუსიდან მოპარულ სკამებსაც კი, ქუჩებში, თითქმის ყოველდღიურ არაყო-ლუდურ ტუსოვკებზე რიონის სანაპიროზე, „ტიტანიკზე“, ღამის ქუჩებში, ქალაქგარეთ, ქალაქშიგნით, ქალაქზემოთ, ქალაქქვემოთ და ა.შ.

2002 და 2003 წლებში ქუთაისელმა როკ-მუსიკოსებმა ორი ალბომი „ქართული ტალღა-I“ და „ქართული ტალღა-II“ ჩაწერეს. ეს კომპილაციები ვეტერანი ქუთაისელი პანკმუსიკოსის, გოგა ჟორჟოლაძის სახლში გაკეთდა. ჩანაწერის ხარისხი, რა თქმა უნდა, არ არის მსოფლიო სტანდარტების, თუმცა გარკვეულ წარმოდგენას შეგიქმნით იმ პერიოდის ქუთაისელ მუსიკოსებსა და ქუთაისურ მუსიკაზე.

ამ პროექტში გამონაკლისის სახით მხოლოდ ორი არაქუთაისელი მუსიკოსის, ლადო ბურდულისა (თბილისი) და ფრედი პაიანის (საფრანგეთი, თბილისური ჯგუფიდან „შუქი მოვიდა“) სიმღერები შევიდა. თუმცა, ბურდულის „სიყვარულის ანგელოზოც“ ქუთაისში, გოგა ჟორჟოლაძის სახლის სტუდიაშია ჩაწერილი“.

მარტო ძველ ამბავს არ ვიხსენებ, – ეს ჩანაწერები ასეთი კარგი ხარისხით (320 kb/s) ჯერ არსად გამომიქვეყნებია. და კიდევ, პირველ ნაკრებს ბონუსის სახით დავამატე ქუთაისური ჯგუფის, „პულსის“ 3 სიმღერა – „მთვარე“, „გველი“ და „ცარიელი ჯიბე“, რომლებიც ასევე გოგას სტუდიაში ჩაიწერა. ერთი პერიოდი ამ ჯგუფში მეც ვუკრავდი.

ქართული ტალღა I © 2002


01-Best History – ისმინე სწავლის მძებნელო
02-გოგა ჟორჟოლაძე – Taburet
03-Alco – Напёмся
04-ბურუსი – La-La-La-La
05-ბუნკერი – ბ.ი.პ.ი.შ. (ბიჭო იქნებ პაპა იყო შენი)
06-წამი – I Just Know Your Name
07-Raplix – შეჩერდი
08-გოგა ჟორჟოლაძე – მაქცია
09-Best History – ჩუ–ფუ
10-ბუნკერი – Смерть
11-Alco – Луна-Самка
12-ბურუსი – ხარხარებს მოთქვამს
13-ხუან პაბლო ტატოია – უვიცი
14-გოგა ჟორჟოლაძე – Brujo
15-წამი – You Are Wrong
16-Best History – ბურატინო
17-Machia & Co. – Apocalipsis
18-პულსი – მთვარე [Bonus]
19-პულსი – გველი [Bonus]
18-პულსი – ცარიელი ჯიბე [Bonus]

Tuesday, May 01, 2012

პრიმიტივი – ფილმი-კონცერტი

[From ERM0NIA's own home collection] 

ეს ფილმი, რომელიც ახლა მინდა წარმოვადგინო, ჯგუფ „აუტსაიდერის“ 1997 წლის 5 სექტემბერს, პარასკევს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) კლუბის ფოიეში გამართული კონცერტ „პრიმიტივის“ მიხედვით გაკეთდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „აუტსაიდერის“ რეპეტიციები იმართებოდა ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფრის (ე.წ. бомбоубежище) ერთ-ერთ მეტად ჩახუთულ, ნესტიან და უჰაერო ოთახში. ჯგუფი შესანიშნავ ფორმაში იყო და, ჩემის აზრით, მსგავსი დრაივის კონცერტი „აუტსაიდერს“ ქუთაისში არ გაუმართავს. მას ჯერ არ ჰქონდა დაწყებული მუშაობა აკუსტიკურ პროექტზე. ეს უკანასკნელი იმიტომ ვახსენე, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე აკუსტიკური კონცერტით ბენდი, პირველ რიგში, თბილისელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის „თეატრალურ სარდაფში“ წარსდგა (ამ კონცერტის მასალებსაც მალე ავტვირთავ). ეს კონცერტი ცოცხლად ჩაიწერა და ოდნავ მოგვიანებით ალბომიც გამოვიდა ასეთივე სახელწოდებით – „პრიმიტივი“...

მაგრამ ახლა, მოდით, ისევ ქუთაისში დავბრუნდეთ და გავიხსენებ 5 სექტემბერს. ქუთაისის „პრიმიტივამდე“ იყო ბათუმის „პრიმიტივი“ (ჩანაწერიც არ იძებნება). კონცერტზე, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, სიმღერა „ქალაქში ბნელას“ შესრულების დროს, ელექტროენერგია გაითიშა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს ასლან აბაშიძის ხელისუფლების უშუალო მითითებით მოხდა. თუმცა, თავად ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ გახლდით ბათუმის კონცერტზე. სამაგიეროდ ვიყავი ქუთაისის „პრიმიტივზე“, ოღონდ რადიოსტუდიაში, იქვე „გეპეის“ კლუბის ზედა სართულზე, სადაც ჩვენი რადიო მდებარეობდა. „ნიღბების კლუბის“ წევრებმა და რადიოს თანამშრომლებმა საკონცერტო მიქშერიდან კაბელი ავიყვანეთ ჩვენს სტუდიამდე და ეს კონცერტი რადიო-ეთერში ცოცხლად გადაიცემოდა.

Friday, April 20, 2012

„ნიღბების კლუბის“ ისტორიული აქცია-პრეზენტაცია


[From ERM0NIA's own home collection]

2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო. 

აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს. 

1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D

დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე). 

Thursday, March 17, 2011

ცოცხალი ვარ ცოცხალი! – 1995 წლის 9 იანვრის აქცია ქუთაისში

ქართული ანდერგრაუნდის მუსიკის აკუსტიკური კონცერტი „ცოცხალი ბგერა“ ანუ „ცოცხალი ვარ ცოცხალი“ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრში 1995 წლის 9 იანვარს გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს შემსრულებლებმა:

ქიშო გლუნჩაძე


„აუტსაიდერი“

Thursday, July 29, 2010

ქუთაისის ძველი ფოტოები (II ნაწილი) – Old Kutaisi

I ნაწილი იხილეთ აქ: ქუთაისის ძველი ფოტოები (I ნაწილი) – Old Kutaisi

მოუსმინე: იშხნელები – არ დაიჯერებ



ასე გამოიყურებოდა ზოგადად ქალაქი მე-20 საუკუნის დასაწყისში: