Showing posts with label My Videos. Show all posts
Showing posts with label My Videos. Show all posts

Sunday, August 01, 2021

1990-იანი წლების რამდენიმე ჩემი ვიდეო ქუთაისზე

ეს ბლოგპოსტი ეძღვნება ბიძაჩემის, პაატა მეძმარიაშვილის ნათელ ხსოვნას

1990-იანებში ისეთი ასაკი მქონდა, ძალიან აქტიური ვიყავი ჩემს საქმიანობაში. შესაბამისად, ბევრ რამეს ვითავსებდი ერთბაშად: სტუდენტობას, მუსიკოსობას, მანსანკანის მსახიობობას, ტელე-რადიო-პრესის ჟურნალისტობას, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორობას, ფოტოგრაფობას და ზოგჯერ ვიდეოოპერატორობას... ვიყავი ჩვენი სამეგობროს მიერ დაარსებული „ნიღბების კლუბის“ აქტიური წევრი. მქონდა რამდენიმე ტელე და რადიო გადაცემა. მათ შორის ჩემი საავტორო ტელეგადაცემა მუსიკასა და ხელოვნებაზე „ანარეკლი“, რომელიც ტელეკომპანია „ივერიონის“ ეთერში გადიოდა. სწორედ მისთვის და არა მარტო მისთვის განკუთვნილი ვიდეომასალებით ავაწყვე ეს ვიდეოები და მივამონტაჟე. 


1995 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ ქარიან დღეს, ჩვენი მეგობარი, არქიტექტორი გია ხურციძე პუშკინის ქუჩაზე მდებარე „ნიღბების კლუბში“ მოვარდა, გვთხოვა, ვინმე წამოდით, ძალიან მაგარი რამ ხდება რიონის სანაპიროზე და გადავიღოთო. მივედით და ეს შესანიშნავი ბავშვები დაგვხვდნენ, რომლებიც წითელ ხიდთან ქვიშისგან ამ უცნაურ ეკლესიებს აგებდნენ. ამ ფაქტის გარდა, გადავიღეთ ხიდის მიმდებარე ქალაქის ხედებიც. ამ ჩემთვის ძალიან თბილი ვიდეოს მუსიკალურ გაფორმებად პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის მიერ შესრულებული დომენიკო სკარლატის Sonata F Minor K.466, L.118 და Sonata D Minor K.213, L.108 ავარჩიე.


ქუთაისში 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა ფუნთუშების დამტარებელ ვაჟა კოსტავას, იგივე „ბაბულიას“. „ეიჩემე ბაბულია, ბულკი!“, „ძალიან გამხდარი ხარ, ჭამე ბაბულია, ბულკი“ და მსგავი წინადადებები, მისი საფირმო სარეკლამო ფრაზები იყო. არ მიყვარს სიტყვა „კოლორიტი“, თუმცა, თუ ვინმე ამ სიტყვას იყენებთ, „ბაბუსთვის“, იგივე „ბაბულიასთვის“ ზუსტად ზედგამოჭრილია. ვიდეო გადაღებულია თამარ მეფის ქუჩის #17-თან, ყოფილი კომერციული მაღაზია „ელიტას“ შესასვლელი მხრიდან 1995 წლის ნოემბერს.


ჩემი და ჩემი ახლო მეგობრის, მიშა კარანაძის მოფიქრებული ვიდეორგოლი, რომელიც გადავიღეთ სპეციალურად „ნიღბების კლუბის“ აქციისთვის „გუშინ, დღეს, ?...“. ეს აქცია-რეპეტიცია 1995 წლის 8 ივლისს მაშინდელ ე.წ. „ინტელიგენციის“ კლუბში ჩატარდა. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟს, რომელმაც დრო გალიაში დაატყვევა, ასახიერებდა მიშა, იგივე „მრაჩნი“, მე კი ოპერატორის ფუნქცია შევითავსე. მთელი დღე ასე ვიბოდიალეთ მთელ ქალაქში. შემოვიარეთ ტროლეიბუსების პარკი, სასაფლაო, სხვადასხვა შენობების ნანგრევები, ჩვეულებრივი შენობები, ძეგლები, რკინიგზის  ორივე სადგურიც კი და ქალაქის ქუჩები... დღეს რომ გადაგვეღო ეს ვიდეო, მას ალბათ Radiohead-ის Daydreaming-ით გავაფორმებდი. მაშინ კი ფონად Offspring-ის Come Out And Play გამოვიყენე. 


ერთხელ გადავწყვიტე „ანარეკლის“ თემად ღამის და ადრეული დილის ქუთაისი გადამეღო. მთელი ღამით და დილით ჩვენი მეგობრის და თანამშრომლის, აპოლონ ჭეიშვილის მანქანით დავდიოდით და კადრებს ვიღებდით. ამ კადრების ოპერატორია ლეგენდარული „კალაბოკა“, იგივე თემურ კენჭოშვილი. როცა კალაბოკას და მე ერთად გვხედავდნენ, ხალხი დონ კიხოტსა და სანჩოს გვეძახდა. ამ ვიდეოში მხოლოდ რიჟრაჟისა და დილის კადრები შევიტანე. მუსიკის ავტორი და შემსრულებელი მე გახლავართ. იმ პერიოდში ბევრს ვუჩხაკუნებდი გიტარაზე და სახლში მაგნიტოფონით ვიწერდი. არ ვიცი, რამდენად მოუხდა, არც ისე სუფთა შესრულება და  ჩანაწერია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ფონად გამეყოლებინა.


ზედა თემის გაგრძელება. დილით ქუთაისის ავტოქარხანასაც მივაკითხეთ, სადაც რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, საამქროს გადასაღებად შეგვიშვეს და ასეთი რამეები გადავიღეთ. სხვათა შორის, მუსიკის ავტორია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი – სტანისლავ კრეიჩი, რომელიც 1936 წელს დაიბადა ქუთაისში და საბჭოთა კავშირში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერადაა მიჩნეული. მუსიკოსი წელს გარდაიცვალა. სხვა კადრებიც მაქვს, მაგრამ დღეს ამ ვიდეოების გამოქვეყნებით დავკმაყოფილდები.


ეს ქალაქი იმდენად მიყვარს, რომ სულ ჩემთანაა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იშვიათად მიწევს ხოლმე ჩასვლა. სულ ჩემთან იქნება ამ პოსტის ადრესატის ხსოვნაც, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი რამ მასწავლა და შემაყვარა.

Saturday, April 13, 2019

ბორის გრებენშიკოვის და „აკვარიუმის“ ქუჩის კონცერტი

12 აპრილს საღამოს, რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის წინ მცირე მოედანზე ბორის გრებენშიკოვის და ჯგუფ „აკვარიუმის“ უფასო მინი-კონცერტი გაიმართა, რომელმაც ნახევარ საათზე ცოტა მეტ ხანს გასტანა. ბორის გრებენშიკოვი თავის ჯგუფთან ერთად თბილისში დიდი კონცერტის გასამართად ჩამოვიდა. აღნიშნული მუსიკალური წარმოდგენა ღია ცის ქვეშ კი სახელდახელოდ (რეკლამირების გარეშე) ჩატარდა.






Thursday, February 21, 2013

სტოკჰოლმი / Stockholm (Photos & Video) (Part 2)

პირობითად შეიძლება დავარქვათ: „სტოკჰოლმის ვიტრინები და ქუჩები“. 
პირველი ნაწილი აქაა





Friday, April 20, 2012

„ნიღბების კლუბის“ ისტორიული აქცია-პრეზენტაცია


[From ERM0NIA's own home collection]

2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო. 

აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს. 

1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D

დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე). 

Monday, September 28, 2009

შემოდგომა და წვიმა მთებში



HD ხარისხი ნახეთ პირდაპირ ამ ბმულიდან:
http://www.youtube.com/watch?v=3VByJzh-n-Y

ფოტოები და სლაიდშოუს მონტაჟი: ერმონია
მუსიკა: Inade (dark ambient project from Germany)

Friday, March 13, 2009

კედელი & RNN

1990–იანების დასაწყისში ქუთაისში მეგობრებთან ერთად ვაკეთებდი ტელეგადაცემას "კედელი", რომელიც ქართულ ალტერნატიულ მუსიკას ეთმობოდა. სულ 5 გადაცემის გაკეთება მოვახერხეთ, რომელიც პირველად საქართველოს ტელევიზიის "მე–2" არხზე გადიოდა. მისი დებიუტი შედგა 1992 წლის 17 ივლისს და სამი გადაცემა მთლიანად ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ამის შემდეგ გვქონდა საქართველოში პირველი გადაცემები ზოგადად მეტალსა და პანკზე.

ერთ ფრაგმენტი გადაცემა "კედელიდან", რომელიც სწორედ პანკ–მოძრაობას დაეთმო, ახლახანს ავტვირთე და აქ ვდებ.


"კედელი" მალე შემოქმედებით ჯგუფად გადაკეთდა და სხვადასხვა ჰიტ–აღლუმების გარდა, დავიწყეთ გასართობი გადაცემის, RNN–ის კეთება ("რი–ენ–ენი" იმიტომ, რომ ჩვენი ტელეკომპანიის დასახელება იწყებოდა ასო "რ"–ზე [რიონი] და რაღაც "სი–ენ–ენური" მუხტი ჩავდეთსავით, ისიც მესმის, რომ ამ აბრევიატურით "არ–ენ–ენი" უფროა, მარა დაიკიდეთ :D). გასართობი გადაცემა "რი–ენ–ენის" პირველი გამოშვება 1993 წელს გაკეთდა და კლიპის, რომელსაც ახლა ნახავთ, დებიუტი ისევ და ისევ "მე–2" არხის პროგრამა "პა–სეანსში" შედგა. სწორედ ამ კლიპის შემდეგ დაიწყო "პა–სეანსმა" ცნობილი "კლიპების" თავად გადაღებაც. :D

აღნიშნული კლიპი წარმოადგენს სამი ფირალი და ყაჩაღი ქართველის ფოტოს გმირების ერთგვარ გაცოცხლებას 90–იანების დასაწყისში. მუსიკად გამოყენებულია ჯგუფ Nirvana–ს სიმღერა "Stay Away". ვიდეოს გადაღების დროს კურტი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო. :D როლებს ვასრულებთ (მარცხნიდან): ირაკლი მაჩიტაძე, ერმონია და კობა ჟორჟოლიანი. .)


მომავალში რაღაც ფრაგმენტებს კიდევ ავტვირთავ. .)

Thursday, March 12, 2009

რჩევა თვითმკვლელებს, ანუ....

ეს რეკლამა 1993 წელს გადავიღე, სიგარეტი "ასტრას" რეკლამაა, უფრო სწორედ, მისი ანტირეკლამა. .)
ესაა ტელეგადაცემა "კედელი", რომელიც მე–2 არხით გადიოდა ეთერში.
სიკვდილის როლში ვარ 23 წლისა. :D
მთავარ როლში კი ჩემი მეგობარი ირაკლი მაჩიტაძეა (იგივე ასაკში), რადიო "ძველი ქალაქის" დამფუძნებელი. :gigi:

Friday, February 06, 2009

ERM0NIA Presents – My 1-st Short: Loneliness - Eat The Past

ესაა ჩემი პირველი შორტი, მომიტევეთ თუ რამე ხარვეზებია. ამ უკანასკნელის შესახებ, რა თქმა უნდა, შენიშვნებს მივიღებ კომენტარებში. ისე კი, მისი გადაღებისას და მონტაჟისას საკმაო სიამოვნება მივიღე. :D

ტაკს, მუსიკა: Aphex Twin & Philip Glass - Icct Hedral
სცენარის ავტორი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟისტი და ა. შ.: © ERM0NIA

Loneliness - Eat The Past