[From ERM0NIA's own home collection]
2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო.
აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს.
1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D
დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე).
როგორც ზემოთ აღვნიშნე, აქციაზე შემთხვევითი ადამიანებიც მოხვდნენ. ვიღაც ხელცივმა ოღრაშმა თბილისელ სტუმარს – „კირპიჩას“ საქსოფონი შეუმჩნევლად აწაპნა. 90-იანებში ესეც არავის გაკვირვებია, თუმცა, ამ შემთხვევის გამო ყველას ძალიან დაგვწყდა გული.
მაშ ასე, „ნიღბების კლუბის“ პრეზენტაციაზე მონაწილეობა მიიღეს ჯგუფებმა:
- Overbalance (თბილისი);
- ამორალი [დღეისათვის „წერილი“] (თბილისი);
- Best History (ქუთაისი);
- Snake’s Home (ქუთაისი);
- ზე (თბილისი);
- ენერგორესურსი (თბილისი);
- Outsider (ქუთაისი).
ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, საზოგადოებამ მცირე ხნით შეისვენა. მერე კი მუსიკოსები თითქმის გათენებამდე უკრავდნენ. მაყურებელიც ბოლომდე დარჩა.
დასანანია, რომ პრეზენტაციაზე შესანიშნავად გამოსული ჯგუფი „ზე“-ს ჩანაწერი არასრულფასოვანია. ზუსტად მათი გამოსვლის დროს დაზიანდა საკონცერტო ხმის მიქშერიდან გამომავალი აუდიო კაბელი, რომლის აღდგენასაც დრო დასჭირდა.
აქ პრეზენტაციის მთელი ოფიციალური ნაწილია წარმოდგენილი, რომელიც შემსრულებლების მიხედვით დავყავი ნაწილებად.
No comments:
Post a Comment