Wednesday, December 24, 2014

გასეირნება თბილისში

თუ თბილისის ქუჩებში სამუშაო საათებში გაისეირნებთ, იქ ძირითადად ასაკოვან ადამიანებს გადაეყრებით. ახალგაზრდების ერთი ნაწილი ამ დროს სასწავლებელსა თუ სამსახურშია, უფრო დიდი ნაწილი კი დროს კომპიუტერთან ატარებს. ტროტუარებზე თვალშისაცემია, რომ ადამიანების ნაცვლად აქაც ავტომობილები, მეტადრე დიდი ზომის მანქანები ბატონობენ, რომელსაც ჩვენში „ჯიპებს“ ეძახიან. ქალაქში მცირედ შემორჩენილ სკვერებში, საბედნიეროდ, მხოლოდ ბილიკებია და მანქანებისგან მეტ-ნაკლებად განმარტოვება ასე თუ ისე შესაძლებელია.

ქუჩაში სეირნობისას ცხვირს წვავს მანქანების გამონაბოლქვი, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. განსაკუთებით შემაწუხებელია ბუნებრივ აირზე გადაკეთებული ძველი მანქანები. ზოგიერთი გვერდით რომ ჩაგივლის, ისეთი აქოთებულია, თავი სად შერგო აღარ იცი. ეს იმის მანიშნებელიცაა, რომ ჩვენი ქალაქის მანქანების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია.

მიუხედავად მოახლოებული დღესასწაულებისა,  ხალხის უმრავლესობის სახეზე არაფერი იკითხება,  ნერვიულობის, სევდის და ცინიზმის გარდა. თვალში მოგვხვდება ისიც, რომ უმეტესობას ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ულხინს და ისინი მომავლის დიდი იმედითაც არ გამოირჩევიან. სამაგიეროდ, თითქმის ყველა კვარტალში გამალებული მშენებლობებია. თბილისის ყველა უბანი თითქოს ეჯიბრება ერთმანეთს მაღალი და უმეტესწილად მახინჯი კორპუსების აგებაში. ამ მშენებლობათა გამო ტროტუარებზე სიარული ჭირს, რადგან სამშენებლო ზღუდეები თითქმის მთელ ტროტუარზეა გადმოწეული. ფეხითმოსიარულე იძულებულია მანქანების სავალ გზაზე იაროს.

საერთოდ კი ტროტუარებზე, რომელიც წესით ხალხის სასიარულოდაა განკუთვნილი, ყველაფერს ნახავთ, – პარკირებულ ავტომობილებს, სამშენებლო ზღუდეებს, სავაჭრო დახლებს, სხვადასხვა ზომის ჯიხურებს, ცხოველთა ფეკალიებს, თავახდილ საკანალიზაციო ჭებს და ა.შ. თბილისურ ტროტუარზე თუნდაც ერთხელ თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი და მისი უფლებები მეასეხარისხოვანია.

ეს ფოტოები დღეს გადავიღე ნუცუბიძის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.




Tuesday, December 09, 2014

ორშაბათის დილა

მთვარეს თუ გაუღვიძებიხართ? ორშაბათ დილას სწორედ მთვარემ გამაღვიძა, ისეთ მძლავრ შუქს აფრქვევდა, დროისთვის შეუფერებლად გაენათებინა ირგვლივ ყველაფერი. ფოტოებზე სადღაც 8-ის ნახევარია, როცა ქუჩაში ჯერ კიდევ ბინდია, რიჟრაჟი იწყება და ცისკრის ვარსკვლავიც ჩანს. შტატივის გამოღება ვეღარ მოვახერხე, – შემეზარა და პლუს, ოთახში ხრიგინსაც მოვერიდე, – ამიტომ ავტომატური ჭარბი ISO-ს გამო საკმაოდ „ხმაურიანი“ ფოტოები გამოვიდა.





P.S. პირწიგნაკზე გასაზიარებელი ბმული ესაა.

Friday, October 31, 2014

მანანა მენაბდე - Outsider - ქუთაისი


ქუთაისში ორი ძალიან კარგი მოვლენის გამო ვიყავი. 26 ოქტომბერს მანანა მენაბდეს საიუბილეო კონცერტს, „საპოვნელა“ დავესწარი, რომელიც მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ხოლო 28-ში ბარ-რესტორან „პალატიში“ კიდევ ერთი საიუბილეო კონცერტი, „50 ყლუპი“ ჩატარდა, სადაც Outsider-მა დაუკრა. ორივე ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩემი მეგობარი, ხვიჩა დოღონაძე გახლდათ. ბევრს არ ვილაპარაკებ მანანა მენაბდეს კონცერტზე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ქუთაისთან დაკავშირებული შესანიშნავი ისტორიების მოყოლის გარდა, მანანა მენაბდემ თავისი იგავ-არაკების წიგნი „და დრო გადიოდა...“ წარმოადგინა და რამდენიმე მცირე არაკი წაიკითხა კიდეც. საბედნიეროდ, ეს წიგნი ორგანიზატორმა მეც მისახსოვრა. მუსიკოსმა სიმღერები შეასრულა თავის დასთან, თინათინ მენაბდესთან, ნიკა ნიკვაშვილთან და ქუთაისურ ჯგუფ „სამი-ზნესთან“ ერთად. დარბაზში ძალიან ციოდა და ბოლოსკენ მომღერალმა ლაბადაც მოისხა. 

„აუტსაიდერის“ საღამო მეტად კარგ და გემოვნებიან ბარ-რესტორან „პალატიში“ გაიმართა. ჯგუფის კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა „იუტუბის“ არხზე. მთლიანაი ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ამ დღეების განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს ძველ მეგობრებს და თითქმის ვერ ვიბორიალე ქალაქში... იქ ყოფნის დღეებში ქუთაისში საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ქუთაისური პოსტი „ვორდპრესის“ ბლოგზე, სადაც ხმებს ვაგროვებ: ძლიერი ქარი ქუთაისში (27 ოქტომბერი 5:57:44). ქალაქის სურათები კი, რაც გადავიღე, „პალატისგან“ ძალიან ახლოს, პუშკინის ქუჩაზე ან იქვე, რიონის სანაპიროზე (როგორც ქუთაისში ვამბობთ ხოლმე, „რიონის პირას“). ყველა ფოტო შავ-თეთრია და მგონი, ასე ჯობია.




Sunday, October 19, 2014

ცივგომბორი, თელავი, კახეთი

ამ კვირის განმავლობაში თიკო და მე უკვე მეორედ ვიყავით კახეთში. ბოლოს თელავის კლასიკური მუსიკის ფესტივალის დასკვნით კონცერტს დავესწარით. ამ ინფორმაციულად დაძაბულ და აგრესიულ კვირაში (როდის არაა, მარა ახლა განსაკუთრებით) ნამდვილი სულის ცხონება გახლდათ კახეთში მოგზაურობა. ორივე შემთხვევაში ძალიან ბევრი კარგი რამ ვნახეთ სიღნაღში, წინანდალში, თელავში... თუმცა ამჯერად მეორე მოგზაურობის ფოტოებს დავდებ. იმდენად თვალწარმტაცია შემოდგომის კახეთი, უბრალოდ უნდა იარო, ამდენი სილამაზის დანახვისგან ყბა ჩამოაგდო, ისუნთქო ღრმად უსუფთავესი გრილი ჰაერი და დატკბე ბუნების ფერებით.

უცნაური ღრუბლები იყო ცაზე, როცა სართიჭალას გავცდით

რატომღაც სატურნის ღრუბლები შევარქვით

აგერ კიდევ გამოკვეთილად ეს ღრუბელი

უჯარმის ციხე უჯარმაში
გომბორის გზაზე

Saturday, October 11, 2014

ენერგიის გამტარები

ეს მაღალი ძაბვის სადენების ბოძებია, რომლებსაც ჩვენს სახლებში სინათლე, სითბო და ცივილიზაცია შემოაქვთ. ჩემის აზრით, საკმაოდ სიმეტრიული და მძლავრი არსებები არიან. ერმონიას ბლოგის ჰედერზეც ანგელოზებთან ერთად სწორედ მაღალი ძაბვის სადენების ბოძებია გამოსახული. 




P.S. პირწიგნაკზე გასაზიარებელი ბმული ესაა.

Sunday, October 05, 2014

თბილისის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია

თბილისის წმ.იოანე ღვთისმეტყველის სახელობის რუსული ეკლესია თბილისში ქიაჩელის 21-ში მდებარეობს ლურჯი მონასტრიდან რამდენიმე მეტრის მანძილზე. იგი კავკასიის მეფისნაცვლის – გოლიცინის დაკვეთით აიგო 1898-1901 წლებში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ ადგილას მდგარა VII საუკუნეში დაარსებული წმ. იოანე ღმრთისმეტყველის სახელობის მონასტრის მთავარი ტაძარი. დღეისათვის ტაძარში წირვა-ლოცვა უმეტესწილად ქართულად აღევლინება და მრევლის უმეტესობაც ქართველია.



ეკლესიის ეზოს ფისო

გასაყიდი საეკლესიო ლიტერატურის, ხატებისა და სანთლების დახლი ეზოში


Thursday, May 01, 2014

ქუთაისი, აღდგომის დღეები


გაზაფხული
ჩემი მწვანე ქალაქი
Der Himmel über Kutaisi (ცა ქუთაისის თავზე)
აღდგომის ღამე. ლიტანიობა ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში

Thursday, February 06, 2014

თეთრი თბილისი

31 იანვრიდან 5 თებერვლამდე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე შემოჭრილი ცივი ციკლონის გამო, თბილისში მოთოვა და  ტემპერატურა საკმაოდ დაეცა. თებერვლის დასაწყისში თერმომეტრი დღისითაც კი ცელსიუსით -9 – -7 გრადუსს აჩვენებდა. ეს ფოტოები (უმეტესად პეიზაჟები) სწორედ ამ დღეებში გადავიღე.

Sunday, January 26, 2014

ახალი კამერა და ახალი ფოტოები

ახალი ფოტოაპარატი მაქვს! როგორც იქნა ამისრულდა ნატვრა და Canon EOS-ის ტიპის კამერის მფლობელი გავხდი. ლინზა სტანდარტულია, ანუ რაც მოყვა (EF-S 18-55mm, თან სტაბილიზატორის გარეშე). თუ ვინმე მაჩუქებს ან იაფად მაყიდინებს კაი ლინზას, ნამეტანი მადლობელი დავრჩები. :D ჩემს ფოტონამუშევრებს ვაქვეყნებ ხოლმე აი, აქ – Flickr-ზე. ესეც ბოლო ერთი თვის განმავლობაში გადაღებული ფოტოები. :))

[ორიგინალი ზომით ფოტოს ნახვისთვის მაუსის მარჯვენა ღილაკი და მერე Open Link in New Tab]

პანორამა #3
პანორამა
ვერის სასაფლაოს ანგელოზი. ფრაგმენტი