Wednesday, November 07, 2007

შიშის სახელმწიფო

ეს სვეტი შევარდნაძის დროს გაზეთ "ახალ ვერსიაში" გამოვაქვეყნე გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ.
2003 წლის ნოემბრის შემდეგ ნაღდად არ მეგონა თუ ისევ მოვინდომებდი რამენაირად მის გადაკითხვას და გამოქვეყნებას.

შიშის სახელმწიფო
(ეძღვნება ჩემი უცნობი კოლეგის გიორგი სანაიას ხსოვნას)

ოთახში საბეჭდ მანქანაზე რაღაცას ბეჭდავენ.
შენ ფანჯრიდან იცქირები და მის მიღმა ქუჩის ღმუილში ჩამხრჩვალი ადამიანების რიტმულად მოძრავ თავებს ხედავ. ცდილობ, სახეები გაარჩიო, თუმცა ახლა მნიშვნელობა არა აქვს, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისგან. მათ, ისევე, როგორც შენ, საკუთარი პრობლემები აწუხებთ.

შენ გიყვარს ადამიანები, გყავს მეგობრები, რომლებთან ერთად თავს მარტო არ გრძნობ. მიუხედავად ამისა, შენ მარტო ხარ. ზოგჯერ, სადღაც მთის მწვერვალზე ადიხარ, რომელსაც ირგვლივ თეთრი ქულა ღრუბლები შემოსალტვია, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა სამყაროში ხდება.

სინამდვილეში კი შენს თვალწინ ხელოვნურად გაფერადებული ერთგვაროვანი რეალობაა მძიმე, ტკივილამდე სასიამოვნო ცხოვრებით, სადაც ცოცხლები ცოცხლებს სიცოცხლეს უსწრაფებენ, მერე კი მკვდრებს ხსოვნას უნახავენ. შენ ცდილობ რაღაც შეცვალო, თუნდაც ერთხელ ხმამაღლა იყვირო: "მე ეს არ მომწონს!", ასეთ ადამიანს ხალხი ზოგჯერ მეამბოხეს ეძახის, მაგრამ ამბოხება და რევოლუცია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ცდილობ ადამიანად დარჩე.

შენ უკვე აღმოაჩინე, რომ შიშის სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც მდიდრებსაც და ღარიბებსაც ერთნაირად ეშინიათ. მდიდრები საკუთარ სახლებს უზარმაზარ გალავანს არტყამენ (ალბათ ჩიტების ეშინიათ), რკინის ალაყაფს აკეთებენ, ხოლო ფანჯრებს გისოსებში სვამენ. ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ატარებენ, რათა თავი სხვა, შიშით შეპყრობილი ადამიანებისგან დაიცვან.

ღარიბები დაღამებამდე სახლებში შერბიან და შიშისგან კარს მაგრად კეტავენ. შიშის სახელმწიფოს პოლიციაც ჰყავს, რომელიც დაუკონკრეტებელი შიშის გამო ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს ვერ იჭერს. თავის მხრივ, ჯიბის ქურდებიც კი, როდესაც მეტროს ვაგონში ვინმეს ძარცვაში ხელი ეცარებათ, ვაგონის კუთხეში შიშით აკანკალებულები დგანან და "ნუ მიეყრდნობით" კარის გაღებას მოუთმენლად ელიან. შენ დაინახე, რომ შიშის სახელმწიფოში ქვეყნის მეთაურსაც ეშინია. ისე ეშინია, რომ მთელი ქვეყნის არმია მხოლოდ მას იცავს.

შიშის სახელმწიფოს მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთმანეთის ეშინიათ. შეიკრა შიშის ერთგვარი წრე: ხალხს პოლიციის ეშინია, პოლიციას - ხელისუფლების, ხელისუფლებას - სახელმწიფო მეთაურის, სახელმწიფო მეთაურს - ყველასი.

შენ ყველაზე მეტად გიკვირს, როგორ შეეგუენ პიროვნებები შიშით აღსავსე ცხოვრებას. ვეღარ იტან ტელევიზორს, ვერ იტან გაზეთებს, ვერ ეგუები მართალ ტყუილებს. მათი ზემოქმედება უკვე აშკარაა. შენ იცი, რომ შიშით შეპყრობილი ადამიანები ცივად ხვდებიან ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ეზიზღებათ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, აღარ აღელვებთ ომი, ვიღაცას გარდაცვალება. ყველას ურჩევნია, თავისთვის დარჩეს. დანარჩენი არაა მათი საქმე. შენ ეს გაღელვებს და, ცოტა არ იყოს, შეგეშინდა კიდეც. თვალები გიფართოვდება და შეგრილებულ ყავას წრუპავ.

შენ შეამჩნიე, რომ გარეწრები და ნაძირალები არ იბრძვიან სიცოცხლისათვის. ისინი არ იბრძვიან იმისათვის, რომ მშვიდად მოკვდნენ. თუნდაც იმიტომაა ლამაზი შემოდგომა, რომ ბუნება ღირსეულად კვდება. თუნდაც იმიტომაა მშვენიერი გაზაფხული, რომ გარემო ლამაზად იწყებს სიცოცხლეს. ხვდები, რომ ლაჩრების უმრავლესობა ცდილობს, რომ ღირსეული ადამიანები უღირსად მოკვდნენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ თავად მათი სიცოცხლე დამთავრდება უღირსად, რადგან ისინი მართლა მოკვდებიან (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

ამ დღეებში ბევრი რამ შევიტყვე შენს შესახებ. ისიც გავიგე, რომ საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად გინდა მეგობრებს საჩუქრები დაურიგო, გამოხვიდე ქუჩაში და თუნდაც პირველივე შემხვედრს ჩვეული ღიმილით უთხრა: "გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს. მინდა რაღაც გაჩუქოთ!" საჩუქარი კი ასეთი იქნება - პატარა აკვარიუმი, პატარა წითელი თევზით, რომელსაც შენი სახელი ერქმევა.
საბეჭდი მანქანის კლავიშები დადუმდნენ.

შენ იღიმი.

მეც მეღიმება.

მამჩნევ.

ჩვენ სიგარეტს ვუკიდებთ და ახლა ორივენი ერთად ვიღიმით.

კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა.