Saturday, August 13, 2016

კასეტების კუსტარული გაფორმება

კასეტის მოყვარული მელომანები დამეთანხმებიან, რომ სუფთა კასეტაზე ჩაწერას თავისებური მუღამი და შიშხათი აქვს. მელომანი ცდილობს თუნდაც ნაკლებადხარისხიანი მუსიკალური მატარებლიდან ბევრად უფრო ხარისხიანი ჩანაწერი მიიღოს. ამისთვის, პირველ რიგში, იგი რა თქმა უნდა, ჩანაწერის მარცხენა და მარჯვენა არხების დამაგნიტების დონეს არჩევს, საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერს ეკვალაიზერში ატარებს, სპირტიანი ბამბით ჩამწერ თუ წამშლელ თავაკებსა და ფირის ამძრავ რეზინის დოლურასაც წმენდს, შემდეგ აღმწარმოებელ თავაკს (თუ მეორე კასეტიდან იწერს) სახრახნისით იდეალურ მდგომარეობას მოუძებნის და კიდევ რამდენიმე მცირე დეტალს გაითვალისწინებს... იგი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჩაწერას, რაც  მელომანისთვის მეტად სასიამოვნო პროცესია. რა თქმა უნდა, მუსიკის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ამას არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისთვის ჩაწერის პროცესი, შესაბამისად ჩანაწერის ხარისხი მთავარი არ არის.

ამ სასიამოვნო პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი კასეტის გაფორმებაცაა. მე კასეტების გასაფორმებლად ჩვეულებრივ ან ტუშის ავტოკალამს ვიყენებ, ასევე გადასაყვან ასოებს, რომლებიც 1990-იანებში იშოვებოდა საკანცელარიო მაღაზიებში. ავტოკალმით კასეტის ჩანართზე სიმღერების სახელწოდებები, მათი ხანგრძლივობა, ჩაწერის თარიღი, ადგილი და იმ ადამიანის სახელი დამქონდა, ვისგანაც მოვიპოვე ეს ჩანაწერი. ხოლო, გადასაყვანი ასოებით (თუკი მომეპოვებოდა რასაკვირველია) შემსრულებლის სახელებს ვწერდი ხოლმე ჩანართის შუაში, რომელიც კოლოფის გვერდიდან ჩანს. დღეს პრინტერზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება... ბევრს არ გავაგრძელებ და ჩემი კასეტების კოლექციიდან რამდენიმეს წარმოვადგენ. 

U2-ს ამ ლეგენდარულ ალბომ გამოსვლის წელსვე მოვუსმინე ვინილის ფირფიტაზე და ეგრევე ჩავიწერე ზუსტად Sanyo-ს ფირმის ამ კასეტაზე. მოგვიანებით, 7 წლის შემდეგ, როცა კომპაქტ-დისკ პლეერები მომრავლდა კომპაქტ-დისკიდან განვაახლე იგივე კასეტაზე ჩანაწერი. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი აუდიო-კასეტაა.


ეს Yes-ის ჩემი უსაყვარლესი ალბომი Tales From Topographic Oceans-ის ჩანაწერია ბაბინებიანი ე.წ. „კოჭებიანი“ მაგნიტოფონიდან 1992 წელს. ფირმა GoldStar დღევანდელი LG-ია, სამხრეთკორეული წარმოების. ჩანართის შუაში Yes სწორედ ზემოთაღნიშნული გადასაყვანი ასოებით დავაწერე.


The Police ჩემს ცხოვრებაში ვინილით შემოვიდა, თუმცა მაშინ არც მაგნიტოფონი მქონდა და არც ჩაწერის შესაძლებლობა. „პოლისის“ ეს პირველი და მეორე დიდებული ალბომები: Outlandos d'Amour და Reggatta de Blanc შუა 90-იანებში ჩამიწერეს პირდაპირ კომპაქტ-დისკებიდან.

The Doors-ის ნაკრების გაკეთებაში ჩემი მეგობრები მომეხმარნენ, რომელთა სახელებიც ჩანართზე წერია. ნაკრები გავაკეთე იაპონური TDK-ს ერთ-ერთ საუკეთესო კასეტაზე, რომელიც მეორე ტიპს, ანუ ქრომის კასეტებს მიეკუთვნება. ამ ტიპის კასეტების ფირები ქრომის დიოქსიდითაა დაფარული და განსაკუთრებული დამაგნიტება სჭირდება კარგი ხარისხის მისაღებად. იგი ჩვეულებრივი პირველი ტიპის (რკინის) ფირიან კასეტაზე უფრო ძვირიც ღირს.