Sunday, March 14, 2010

სატელევიზიო უნამუსობა

ბოლო დროს ტელევიზორს არ ვუყურებ, არც ფორუმზე შევდივარ და არც FB-ზე, ვიფიქრე ცოტას სულს მოვითქვამ-მეთქი, რომ სისულელეებზე ნერვები არ ვიშალო. ამავე დროს, სოციალური ქსელიც საკმაოდ დიდ დროს მართმევს. მოკლედ, მშვიდად ცხოვრება მომენატრა (აი, ბავშვობისას რომ მქონდა). თანაც ბოლო დროს ვერ ვარ მთლად ჯანზე და მეზარება ყოველდღე ვიღაცეების გაღიზიანებული აზრების კითხვა-მოსმენა. გადავწყვიტე დროებით მაინც საკუთარ სახლში გამოვიკეტო და ვიმოგზაურო... დიახ, მოგზაურობას ვაპირებ და თანაც აქ, ვირტუალურ სამყაროში.

დღეს, რადიოგადაცემის შემდეგ სახლში მშვიდად დავბრუნდი და ტელევიზორთან მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ რაგბის თამაშისთვის მეყურებინა. ჩვენების წაგებამ ჩემს განწყობაზე, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა. პლიუს წუხელ ძალიან გვიან დავწექი დასაძინებლად და საკმაოდ მეძინებოდა. ინტერნეტიდან ფრანგი მუსიკოსის Gaëtan Roussel-ის სულ თოთო ალბომი გადმოვქაჩე და ის-ის იყო მოსასმენად უნდა ჩავმჯდარიყავი, დედაჩემის შეშინებული ხმა გავიგე, ომი დაიწყოო – ყვიროდა. სხვა არხს უყურებდა თურმე და მეზობელმა დარეკა, არიქა დაიქცა ქვეყანაო და „იმედზე“ გადაართვევინა! გავვარდი ტელევიზორთან და რას ვხედავ! აცხადებენ ქართული ჯარის ზოგიერთი ნაწილი რუსული არმიის მხარეს გადავიდა, მცხეთასთან ბრძოლები მიდის, თბილისის უბნები იბომბება... თავიდან ელდისგან ხმა ჩამივარდა, მერე ვიცანი ძველი ომის კადრები და დედაჩემის დამშვიდება ვცადე. ამ დროს კითხულობენ სააკაშვილის მიმართვას ხალხისადმი, რომ არ დანებდეთ და ა. შ. „ეს მიმართვაც 2008 წლისაა“ – ვცდილობ დედაჩემის დამშვიდებას. წამყვანი აცხადებს, რომ ვიღაცეების ინფორმაციით, სააკაშვილი სავარაუდოდ მოკლულია. აი, აქ უკვე მეც მაგრად დამერხა, ტყუილუბრალოდ ვცდილობდი დედაჩემის დამშვიდებას, თან ფანჯარაში ვიყურები, მართლა ხომ არ იბომბება სადმე რამე და მიკვირს, სიმშვიდე რომაა. ტელევიზორი სხვა არხებზეც გადავრთე, ყველგან სიმშვიდეა. რაღაც მეეჭვება, მაგრამ დედაჩემის ნერვიულობა უკვე პიკს აღწევს, თან ტელეფონზე დარეკვას ცდილობს. აინტერესებს შეიტყოს რა ხდება სანათესაოში. ხაზები გადატვირთულია და არ ირეკება. პანიკა მეც გადმომედო და შევეცადე რამდენიმე მეგობართან გადამერეკა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ამასობაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ინსცენირებული იყო... ეს მოკლე ინფო საკუთარი ოჯახიდან. იმაზე აღარ ვილაპარაკებ, ცოტა მოგვიანებით, გულგახეთქილმა ნათესავებმა როგორმა გაგიჟებულებმა დარეკეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და როგორ ვამშვიდებდით მათ აქედან, როგორ წაიყვანეს ელდისგან გულშემოყრილი ერთი ჩემი მეზობელი საავადმყოფოში და რა პანიკაც იყო. სასტიკად მინდა პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვისაც ამ საზიზღარი სიუჟეტის გაკეთებაში წვლილი მიუძღვის!