ბოლო დროს ტელევიზორს არ ვუყურებ, არც ფორუმზე შევდივარ და არც FB-ზე, ვიფიქრე ცოტას სულს მოვითქვამ-მეთქი, რომ სისულელეებზე ნერვები არ ვიშალო. ამავე დროს, სოციალური ქსელიც საკმაოდ დიდ დროს მართმევს. მოკლედ, მშვიდად ცხოვრება მომენატრა (აი, ბავშვობისას რომ მქონდა). თანაც ბოლო დროს ვერ ვარ მთლად ჯანზე და მეზარება ყოველდღე ვიღაცეების გაღიზიანებული აზრების კითხვა-მოსმენა. გადავწყვიტე დროებით მაინც საკუთარ სახლში გამოვიკეტო და ვიმოგზაურო... დიახ, მოგზაურობას ვაპირებ და თანაც აქ, ვირტუალურ სამყაროში.
დღეს, რადიოგადაცემის შემდეგ სახლში მშვიდად დავბრუნდი და ტელევიზორთან მხოლოდ იმისთვის მივედი, რომ რაგბის თამაშისთვის მეყურებინა. ჩვენების წაგებამ ჩემს განწყობაზე, რაღა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედა. პლიუს წუხელ ძალიან გვიან დავწექი დასაძინებლად და საკმაოდ მეძინებოდა. ინტერნეტიდან ფრანგი მუსიკოსის Gaëtan Roussel-ის სულ თოთო ალბომი გადმოვქაჩე და ის-ის იყო მოსასმენად უნდა ჩავმჯდარიყავი, დედაჩემის შეშინებული ხმა გავიგე, ომი დაიწყოო – ყვიროდა. სხვა არხს უყურებდა თურმე და მეზობელმა დარეკა, არიქა დაიქცა ქვეყანაო და „იმედზე“ გადაართვევინა! გავვარდი ტელევიზორთან და რას ვხედავ! აცხადებენ ქართული ჯარის ზოგიერთი ნაწილი რუსული არმიის მხარეს გადავიდა, მცხეთასთან ბრძოლები მიდის, თბილისის უბნები იბომბება... თავიდან ელდისგან ხმა ჩამივარდა, მერე ვიცანი ძველი ომის კადრები და დედაჩემის დამშვიდება ვცადე. ამ დროს კითხულობენ სააკაშვილის მიმართვას ხალხისადმი, რომ არ დანებდეთ და ა. შ. „ეს მიმართვაც 2008 წლისაა“ – ვცდილობ დედაჩემის დამშვიდებას. წამყვანი აცხადებს, რომ ვიღაცეების ინფორმაციით, სააკაშვილი სავარაუდოდ მოკლულია. აი, აქ უკვე მეც მაგრად დამერხა, ტყუილუბრალოდ ვცდილობდი დედაჩემის დამშვიდებას, თან ფანჯარაში ვიყურები, მართლა ხომ არ იბომბება სადმე რამე და მიკვირს, სიმშვიდე რომაა. ტელევიზორი სხვა არხებზეც გადავრთე, ყველგან სიმშვიდეა. რაღაც მეეჭვება, მაგრამ დედაჩემის ნერვიულობა უკვე პიკს აღწევს, თან ტელეფონზე დარეკვას ცდილობს. აინტერესებს შეიტყოს რა ხდება სანათესაოში. ხაზები გადატვირთულია და არ ირეკება. პანიკა მეც გადმომედო და შევეცადე რამდენიმე მეგობართან გადამერეკა, რა თქმა უნდა, უშედეგოდ. ამასობაში ჟურნალისტი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი ინსცენირებული იყო... ეს მოკლე ინფო საკუთარი ოჯახიდან. იმაზე აღარ ვილაპარაკებ, ცოტა მოგვიანებით, გულგახეთქილმა ნათესავებმა როგორმა გაგიჟებულებმა დარეკეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან და როგორ ვამშვიდებდით მათ აქედან, როგორ წაიყვანეს ელდისგან გულშემოყრილი ერთი ჩემი მეზობელი საავადმყოფოში და რა პანიკაც იყო. სასტიკად მინდა პასუხისგებაში მიეცეს ყველა, ვისაც ამ საზიზღარი სიუჟეტის გაკეთებაში წვლილი მიუძღვის!
თითქოს ბედის ირონიაა, მაგრამ ჟურნალში „ათიანში“გუშინწინ მივიტანე სტატია ზოგადად ტელევიზიაზე, რომელიც მინდოდა დამეწერა და ნაჩქარევად დავწერე. ვრცელ სტატიას, რა თქმა უნდა, ჟურნალის გამოსვლისას წაიკითხავთ, ამ სიუჟეტის (თუ გადაცემის) ნახვის შემდეგ, რაღა თქმა უნდა, კიდევ დამჭირდება სტატიაში დეტალების ჩამატებაც. ახლა მინდა ამ სტატიიდან რაღაც ფრაგმენტები დავდო აქ, ჩემს ბლოგზე.
„თუ გინდა ტელევიზიაზე რამე დაწერო, ტელევიზორს არ უნდა უყურო – უფრო ბევრ რამეს შეიტყობ მასზე მეგობრებისგან, ნაცნობებისგან ან თუნდაც ქუჩაში“ – აი, მეორე აბზაცის დასაწყისის ფრაზაც მოვიფიქრე. მას შემდეგ, რაც ჩვენი ქვეყნის პატიოსანი მოქალაქეები ინტერნეტიზირებულები გახდნენ, ტელევიზიების როლი თითქოს უფრო შემცირდა. დღეს სხვადასხვა ადამიანისგან ხშირად გაიგონებთ გამოთქმებს, რომ „ტელევიზორს საერთოდ აღარ ვუყურებ“, „რად მინდა ტელევიზორი! ინტერნეტი აგერ მაქვს“, „ბოლოს ტელევიზორს, ბრეჟნევი რომ ყრილობაზე გამოდიოდა, მაშინ ვუყურე“ და ა. შ. მსგავსი ტიპის ფრაზები ერთგვარად მოდაშიც კი შემოვიდა. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ, მიუხედავად ინტერნეტიზაციისა, ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა პირველ ინფორმაციას მაინც ტელევიზორიდან იღებს – ის კაციც კი, რომელიც ამტკიცებს, რომ ეს „ეკრანიანი ყუთი“ სძულს. ასეთ ადამიანთა რიგებში ნაწილობრივ მეც ნებაყოფლობით ვეწერები. ასეა თუ ისე, ტელევიზიას მაყურებელი ჰყავდა, ჰყავს და ეყოლება...
მინდა ძალიან უბრალო კითხვა დავსვა: რა ფუნქცია აქვს თანამედროვე ტელევიზიას? თუკი ოდნავ ადრე, – თუნდაც ორიოდე ათწლეულის წინ, – ტელევიზიის ძირითადი დეკლარირებული ფუნქციები იყო: ინფორმირება, გართობა და შემეცნება, დღეისათვის ამ მედიასაშუალების წარმატების მთავარი „ღირებულებები“ შეიძლება უბრალოდ ჩამოითვალოს: შიშის თესვა (ძალადობის, კატასტროფების, კატაკლიზმებისა და ა. შ. კადრების ჩვენება), სექსი და სენსაცია. დღეს ამას ყველაფერს და ზედმეტად თავისუფალ ეთერს ვიღაცამ შეიძლება „ლიბერალიზაცია“ დაარქვას, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია მაშინ თავად ლიბერალიზმის არსი, რომელიც ძალადობის დეკლარირებას ნამდვილად არ გულისხმობს...
არსებობს ტელევიზორის ყურების კიდევ ერთი მიზეზი, – „არ მომწონს, არც მსიამოვნებს, მაგრამ მაინც ვუყურებ, რადგან მაინტერესებს“. ტელებოსებს და მათ ბოსებსაც ადამიანების დაინტერესებაზე აქვთ აქცენტი. შეიძლება ვინმეს რამე არ აინტერესებდეს, მაგრამ ამ საგნის ყოველდღიური გაშუქებით მავანს ცნობისმოყვარეობა აღუძრა და ეკრანს მიაჯაჭვო. ინტერესის გაღვივების და მიჩვევის შემდეგ კი თამამად შეიძლება უკვე „დაკვეთებზე“ საუბარი. ხშირად ადამიანი, მართალია, შიშით, მაგრამ მაინც უყურებს პოლიციურ ისტორიებს. მსგავს ისტორიებს შეიძლება თვალ-ყური ადევნოს ტრაპეზის დროსაც კი. იმ საშინელების გამო, ეკრანზე რასაც აჩვენებენ, შეიძლება სისხლიც გაეყინოს და ვერც გაიგოს რას მიირთმევს, სამაგიეროდ, გულის სიღრმეში შეიძლება კიდეც უხაროდეს, რომ რაღაც დანაშაულის მსხვერპლი არა თვითონ, არამედ ვიღაც სხვა აღმოჩნდა. ამ დროს მაყურებელს დაუცველობის, უმწეობის გრძნობაც უჩნდება, მიუხედავად იმისა, დამნაშავე დაჭერილია თუ არა. ესაა ზუსტად შიშის თესვა, რომლის ფუნქციაც დღევანდელ „ლიბერალიზებულ“ ტელევიზიას აკისრია.
ასევე, სისხლიანი, ან ძალადობის შემცველი კადრების ყურება არავის სიამოვნებს, მაგრამ აინტერესებს. არსებობს გაცვეთილი გამოთქმა, „თუ არ გსიამოვნებს, სხვა არხზე გადართე ან გამორთე!“ მაგრამ ამ სიტყვებს ძირითადად ის ადამიანები ამბობენ, რომლებიც მსგავსი კადრების ტელეეკრანზე გაშვებაში მონაწილეობას იღებენ ან მსგავს ჩვენებებს მხარს უჭერენ, აქაოდა სიტყვის თავისუფლების სადარაჯოზე დგანან და სიმართლეს ემსახურებიან. გამოდის, თითქოს მართლაც „საზოგადოებრივ დაკვეთას“ ასრულებს ტელევიზია. მაგრამ ეს იცით რას ჰგავს? როდესაც ნარკოდილერი ადამიანს პირველად აწვდის ნარკოტიკს გასასინჯად. მომავალმა ნარკომანმა იცის, რომ „წამალი“ მისთვის საზიანოა, მაგრამ აინტერესებს. თავის მხრივ, „ბარიგასაც“ მშვენივრად მოეხსენება, რომ ეს ადამიანი ნარკოტიკს მიეჩვევა, მასზე „შეჯდება“ და შემდეგ მისი მუდმივი კლიენტი გახდება, ამიტომ ჯერ ისე, უბრალოდ სთავაზობს. სწორედ ამ დროს, როცა ადამიანი ნარკოტიკს ეჩვევა და „წამლის“ საყიდლად მიაკითხავს, ნარკოდილერს უკვე შეუძლია უდიდესი ცინიზმით უთხრას კლიენტს, „თუ არ გინდა გადააგდე ან ჩემთან ნუ მოხვალ!“ ასეთივეა, „საზოგადოებრივი დაკვეთის“ არსიც. მაყურებელს აინტერესებენ თუნდაც იმით, რაც მას არ მოსწონს...
სხვათა შორის, ტელევიზია და საერთოდ მედია, ახალი პოლიტტექნოლოგიების უძლიერესი იარაღიცაა. ახალი თაობის წარმატებული ამერიკელი პოლიტკონსულტანტი დიკ მორისი, რომლის კლიენტთა შორის თავის დროზე პრეზიდენტი ბილ კლინტონიც გახლდათ, თავის წიგნში „ახალი მთავარი – მაკიაველის ახალი ვერსია XXI საუკუნისთვის“ წერს, რომ ამერიკელი ამომრჩევლის 40% არჩევანს აკეთებს არა ორი ძირითადი პარტიის დაწუნება-მოწონების, გაკეთებული თუ გაუკეთებელი საქმეების, წინასაარჩევნო მოწოდებების მიხედვით, არამედ, საინფორმაციო ნაკადის ზეგავლენით. მორისი მათ „საინფორმაციო ნარკომანებს“ უწოდებს. მისი აზრით, თუ რომელიმე პარტიის ელექტორატი იცვლება, ვთქვათ, დემოკრატების მცირდება და რესპუბლიკელების იზრდება, ან პირიქით, ეს 40% სტაბილურად ერთ დონეზე დგას და მათგან რომელიმე პარტიის რიგებში არავინ გაედინება. ეს 40% სუვერენული ამომრჩეველია, რომელიც არჩევანს მედიაკომუნიკაციის, ტელევიზორში ნანახის მიხედვით აკეთებს, ანუ მედიის როლი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ეს, ერთი შეხედვით ჩანს. სწორედ ამიტომ ჩვენს ქვეყანაში, ტელევიზიების „დათრევაზე“ სასტიკი ბრძოლა მიდის ხოლმე და ამ ბრძოლას ჯერ-ჯერობით მმართველი ძალა იგებს. ამომრჩევლის 40% ცოტა არაა, ამიტომ მათ მედია-გადაბირებაზე სერიოზული ძალისხმევაა საჭირო. ესაა ზუსტად ზომბირების ერთ-ერთი მაგალითი..."
ცუდი რამ მოხდა დღეს ჩემო მეგობრებო, ძალიან ცუდი. და თუ ამაზე პასუხს არავინ აგებს, „თავგასულებისგან“ სხვა „ოხუნჯობებიცაა“ მოსალოდნელი. შემიძლია გირჩიოთ ტელევიზორს საერთოდ არ უყუროთ, მაგრამ ასეთ არეულ ქვეყანასა და საზოგადოებაში მაგის ბედნიერებას არავინ მოგვცემს. ეს პერმანენტული დაძაბულობა და მუხტი უნდა ჩაცხრეს, რომ ადამიანმა თავისუფალი არჩევანი გააკეთოს, – უყუროს ამ ტვინის დამაბინძურებელ საშუალებას თუ არა.
მაგარი ნაწერია! და ჟურნალ "ათიანში"–საც ვიყიდი აუცილებლად...
ReplyDeletedidn't understand a single word, but the moto in the picture saying 'fuck tv' is really very eloquent
ReplyDeleteკარგი წერილია!
ReplyDeleteკარგია
ReplyDelete