Monday, November 26, 2012

ცოტა რამ აუდიოკასეტების შესახებ

რატომაა აუდიოკასეტის მსმენელისთვის მუსიკის მაგნიტოფონში მოსმენა უფრო კომფორტული, ვიდრე MP3-ს მსმენელისთვის, როცა ამ უკანასკნელის მოსმენა დღეს პრაქტიკულად ყველგან შეიძლება? რა თქმა უნდა, ციფრულ მუსიკას ბევრი მარტივი უპირატესობა აქვს. მაგალითად, MP3 იშოვება იოლად, ბევრი ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე – ინტერნეტში, პრაქტიკულად უფასოდ. ამავე დროს, არ არის საჭირო ციფრული მუსიკის: ფიზიკურად ტარება, სადმე ჩადება, ფუტლიარში შენახვა, მტვრის გადაწმენდა, პლეერში ჩადებისას მუსიკის რეალურ დროში გადახვევა, პლეერის თავაკის („გალოვკის“) სახრახნისით გასწორება (ყველა კასეტას თავისი კორექცია სჭირდება), თავაკის სპირტიანი ბამბით თვეში ერთხელ მაინც გაწმენდა. დაზღვეული ხარ მაგნიტური ფირის ჩახვევისაგან, მერე მისი ფრთხილად ამოღებისგან და გაწყვეტის შემთხვევაში სკოჩით ან ფრჩხილის ლაქით გადაწებებისგან. ბოლო ოპერაციების დროს კი ჩანაწერის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. ამავე დროს, ციფრული მუსიკა გადაწერისას ხარისხს არ კარგავს, თუნდაც მეათასე პირი იყოს. კასეტის ყოველი მომდევნო გადანაწერის ხარისხი სულ უფრო ეცემა და იკარგება...