რატომაა აუდიოკასეტის მსმენელისთვის მუსიკის მაგნიტოფონში მოსმენა უფრო კომფორტული,
ვიდრე MP3-ს მსმენელისთვის, როცა ამ უკანასკნელის მოსმენა დღეს პრაქტიკულად
ყველგან შეიძლება? რა თქმა უნდა, ციფრულ მუსიკას ბევრი მარტივი
უპირატესობა აქვს. მაგალითად, MP3 იშოვება იოლად, ბევრი ძალისხმევისა და
ხარჯების გარეშე – ინტერნეტში, პრაქტიკულად უფასოდ. ამავე დროს, არ არის
საჭირო ციფრული მუსიკის: ფიზიკურად ტარება, სადმე ჩადება, ფუტლიარში შენახვა, მტვრის
გადაწმენდა, პლეერში ჩადებისას მუსიკის რეალურ დროში გადახვევა, პლეერის
თავაკის („გალოვკის“) სახრახნისით გასწორება (ყველა კასეტას თავისი
კორექცია სჭირდება), თავაკის სპირტიანი ბამბით თვეში ერთხელ მაინც გაწმენდა. დაზღვეული ხარ მაგნიტური ფირის ჩახვევისაგან, მერე მისი ფრთხილად
ამოღებისგან და გაწყვეტის შემთხვევაში სკოჩით ან ფრჩხილის ლაქით
გადაწებებისგან. ბოლო ოპერაციების დროს კი ჩანაწერის ხარისხი საგრძნობლად
ეცემა. ამავე დროს, ციფრული მუსიკა გადაწერისას ხარისხს არ კარგავს,
თუნდაც მეათასე პირი იყოს. კასეტის ყოველი მომდევნო გადანაწერის ხარისხი
სულ უფრო ეცემა და იკარგება...
ყველაფრის მიუხედავად, მაინც
ძალიან მიყვარს კასეტაზე ჩაწერილი მუსიკა. დავიწყოთ იმით, რომ უმაღლესი
ხარისხის ცარიელი (ჩაუწერელი) კასეტა საკმაოდ ძვირი ღირდა. მაგალითად,
1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში იაპონური SONY-ის, TDK-ს,
maxell-ის, DENON-ის, SNC-ის, დასავლეთგერმანული BASF-ის (მოგვიანებით მას
დაერქვა EMTEC), AGFA-ს, სამხრეთკორეული SAMSUNG-ის, GoldStar-ის (დღეს ამ
ფირმას LG ჰქვია), SKC-ის, ჰოლანდიური Philips-ისა და სხვების 90-წუთიანი
კასეტა 9 მანეთი (და უფრო მეტიც) ღირდა. თავდაპირველად მათი შოვნა
ჩვეულებრივ მაღაზიებში შეუძლებელი იყო, რადგან არალეგალურად შემოდიოდა და
პირადად, მათ ყველაზე იაფად, რაც უნდა გაგიკვირდეთ, რკინეულობის, თუ
კოოპვაჭრობის (სადაც ბოსტნეული და ხილი იყიდებოდა) მაღაზიებში ვყიდულობდი,
რაღა თქმა უნდა, დახლქვეშიდან, ანუ არალეგალურად. საკომისიო მაღაზიებში კი
კასეტა ბევრად უფრო ძვირად ფასობდა, ამიტომ მელომანებმა ქუთაისში ვიცოდით
რამდენიმე მაღაზია, სადაც კასეტა ყველაზე იაფი ღირდა. მუსიკალურ მაღაზიებში
კი მხოლოდ საბჭოთა წარმოების უმდარესი ხარისხის კასეტები იყიდებოდა, ისიც
მხოლოდ ჩაწერილები და 60-წუთიანები. ეს კასეტები ძალიან მალე იწყებდნენ
„წრიპინს“ და ჩამწერის თავაკს საშინლად აბინძურებდნენ.
მეორე,
მუსიკის მოპოვებას დიდი მუღამი ჰქონდა, რადგან სასურველი ჩანაწერი (თანაც
სუფთა ხარისხით) არც ისე მარტივი მოსაპოვებელი იყო. სანამ კომპაქტ-დისკები
გაჩნდებოდა, ყველაზე კარგ მაგნიტოჩანაწერებად ითვლებოდა პირდაპირ ვინილის
ფირფიტიდან ან კოჭებიანი (ე. წ. „ბაბინებიანი“) მაგნიტოფონიდან გადმოწერილი
და ეკვალაიზერში გატარებული მუსიკა. კასეტიდან კასეტაზე გადაწერილ მეორე
პირსაც არაუშავდა, ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა მაგნიტოფონის
ხარისხს. ორკასეტიანებიდან ძალიან კარგი იყო, რა თქმა უნდა, იაპონური,
დასავლეთგერმანული და ჰოლანდიური ცნობილი ბრენდების მაგნიტოფონები. მაშინ
ჩვენში თითქმის არ იყიდებოდა ჩინური თუ კორეული ტექნიკა. ცნობილ ბრენდებს ხარისხით არც
ზოგიერთი საბჭოთა წარმოების ნაწარმი ჩამოუვარდებოდა. მაგალითად, ძალიან
კარგი იყო Маяк-ის ბაზაზე აწყობილი ორკასეტიანი Нота, რომელიც რამდენიმეს
გვქონდა სამეგობროში. მასზე ძალიან კარგი ხარისხის ასლები კეთდებოდა და
დაკვრაც მთელი სიამოვნება იყო. ჩანაწერებს ასევე იმ მუსიკის ჩამწერ
სტუდიებშიც ვაკეთებდით, სადაც ჩვენი გემოვნების მუსიკა ჰქონდათ. კასეტის
ჩაწერა, რა თქმა უნდა, გარკვეული თანხა ღირდა.
ეს მოდელი მქონდა, ოღონდ შავი |
ახლადგახსნილი
მაგნიტოფონის კასეტის სუნი მომწონდა კიდევ ძალიან. განსაკუთრებით
გამჭვირვალე ლურჯი SONY-ს სურნელი იყო მიმზიდველი და რაღაცნაირად გრილი.
პლიუს ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო კასეტების გაფორმებაც. ადრეულ
პლასტმასის კორპუსის მქონე კასეტას ქარხნულად დაკრული ქაღალდები ჰქონდა,
რომელზეც შეიძლებოდა წარწერების გაკეთება, თუმცა მოგვიანებით, როცა
კასეტების უმრავლესობის კორპუსი (და შესანახი ფუტლიარიც) გამჭვირვალე გახდა, კასეტებს თან მოჰყვებოდა
ცარიელი სტიკერები, რომელსაც თავად აკრავდი. სახლში საკმაოდ ბევრი ასეთი
ძველი სტიკერი მაქვს, რომელსაც აქ წარმოვადგენ.
ფირის მიხედვით არსებობს ოთხნაირი ტიპის აუდიოკასეტა:
Type I |
Type I – Normal (იგივე ფერო), ანუ ჩვეულებრივი რკინის ოქსიდიანი ფირი, რომელიც ყველაზე მეტადაა გავრცელებული;
Type
II – CrO2 (ქრომი), ანუ ქრომის დიოქსიდიანი ფირი, ეს კასეტა საკმაოდ მაღალი
ხარისხით იწერს, თუმცა გაძლიერებული დამაგნიტება სჭირდება და ადრე მისი კარგი
ხარისხით ჩაწერა ყველა მაგნიტოფონს არ შეეძლო;
Type III – ფეროქრომი,
პირველი და მეორე ტიპების ერთგვარი ნაჯვარი გახლდათ, რომელმაც არ გაამართლა და 1984 წელს გაყიდვიდან ამოიღეს;
Type
IV – Metal, ანუ მეტალის ფხვნილით დაფარული ფირი. ეს ტიპიც, მეორეს
მსგავსად საკმაოდ მაღალ დამაგნიტებას ითხოვს. მას საკმაოდ ფართო
დიაპაზონით შეეძლო ჩანაწერის გაკეთება, თუმცა, ამავე დროს, საგრძნობი ხმაურიც (ე.წ. „შუმი“)
მოჰყვებოდა. 1997 წლიდან ამოღებულია ხმარებიდან.
Type II |
Type III |
Type IV |
კასეტის შოვნაში,
ჩაწერაში, გადამრავლებასა და მოსმენაშიც კი ფიზიკურ მონაწილეობას
ვიღებდით, ერთგვარად შრომას ვწევდით და სწორედ ამიტომ იყო იგი ასე ძვირფასი ჩვენთვის.
აუდიოკასეტებზე კიდევ ბევრი შემიძლია ვისაუბრო და გავიხსენო ის მეტად
სასიამოვნო წუთები, როცა ახალგაკეთებული ჩანაწერით ჯიბედამშვენებული ჩემი
მაგნიტოფონისკენ მივიჩქაროდი, რათა ახალი მუსიკა დიდი ყურსასმენებით
მომესმინა; როცა ერთი სული მქონდა ერთი ან ორი დღით ნანათხოვარი
უიშვიათესი ჩანაწერი ჩემს სუფთა ჩაუწერავ კასეტაზე გადამეწერა, ფიგურული
სახრახნისით ჩამწერის თავაკი გამესწორებინა და ხმის დონეები
დამერეგულებინა... მოკლედ, კარგი იყო და ახლაც, როცა თავის დროზე
ძლივსნაშოვნ, თუნდაც ცოტა ჭუჭყიან ჩანაწერს ვუსმენ ხოლმე, უფრო დიდ
სიამოვნებას ვიღებ, ვიდრე გაკრიალებული ჟღერადობის მაგრამ მაინც ციფრული
მუსიკის მოსმენისას.
ძალიან საინტერესოა. ეს დრო მეც მახსოვს ტკბილად. ტიპებზე არაფერი ვიცოდი.
ReplyDelete1-2 კასეტიდან ბავშვობაში მეც გადამიწერია რამდენიმე ალბომი , მაგრამ პროგრესი მალე განვიცადე და თითქმის არაფერი გამეგებოდა . მშვენიერი პოსტია .
ReplyDeleteმადლობა.
ReplyDeleteმადლობა, ლაშ, ბავშვობა გამახსენე :)
ReplyDeleteგეიხარე დათიკო. :)
Delete"გავიხსენო ის მეტად სასიამოვნო წუთები, როცა ახალგაკეთებული ჩანაწერით ჯიბედამშვენებული ჩემი მაგნიტოფონისკენ მივიჩქაროდი"
ReplyDeleteაი ეს იყო ყველაზე მაგარი მომენტი - სანამ სახლამდე მივაღწევდი 1000-ჯერ ვამოწმებდი, ხომ ნამდვილად ისევ ჯიბეში მედო და გონებაში არაერთხელ ვატრიალებდი იმ მომენტს, თუ როგორ დავჯდებოდი, ჩავრთავდი და წინასწარ ვიქმნიდი პირველი ნოტების მოსმენის განწყობას. დიდი იმედგაცრუება იყო, თუ სახლში მისულს ჩემი ძმა არ მხვდებოდა შინ, იმიტორო ტრადიცია გვქონდა ახალი კასეტები (რომლის ფულსაც ხშირად კაპიკ-კაპიკ ვაგროვებდით) პირველად ერთად უნდა მოგვესმინა. მახსოვს ერთხელ ვერ მოვითმინე და სატრიანის რომელიღაც სბორნიკის მოსმენა დავიწყე მარტომ, მარა პირველივე ვეშის შუაში სინდისმა შემაწუხა, ვძლიე ცდუნებას, გამოვრთე და დაველოდე :)
მადლობა ლაშა, დიდი მადლობა!
ჰაჰა! მაგარი ისტორიაა, გაიხარე გია... :)
Deleteბავშვობა და კასეტების ჩემი ხელით გაკეთებული ყდები გამახსენდა... <3 რითი აღარ ვაფორმებდი :))
ReplyDeleteმაგ გაფორმებაში იყო, როგორც იტყვიან, მთელი შიშხათი. :)
Deleteრა კარგი მოგონებები გამიცოცხლდა! :) მე უფროსი ძმა მყავს და მან იცოდა ადგილები თბილისში, სადაც წერდნენ მუსიკას. ერთ–ერთი – ვაკეში, სახანძროს წინ. ერთხელ მიყიდა ორი ახალი კასეტა, მაშინ 10 წლის თუ ვიქნებოდი და წამიყვანა ჩემთვის სასურველი მუსიკის ჩასაწერად. ბითლზის მაშინდელი რჩეული ახლაც მაქვს :) მოგივანებით რადიოდან ვიწერდი ხოლმე საყვარელ სიმღერებს. ხარისხი გადასარევი არ იყო, მაგრამ მე ბედნიერი ვიყავი :)
ReplyDeleteქეთი, მართალი ხარ, მაშინდელ ჩანაწერები ძალიან გემრიელი იყო, რადგან ზოგჯერ მის შოვნას ბევრი დრო და ფიზიკური სირბილიც კი სჭირდებოდა. :) ახლა მარტივია სასურველი მუსიკის ინტერნეტში პოვნა, დიდი ჯაფა არ ჭირდება.
Delete