Monday, November 30, 2009

ქუთაისი, ზღვის პირი

© აკა მორჩილაძე

ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს.

ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.


შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება.

ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.

არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?

ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.

ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.

მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.

ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.

იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.

1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.

ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.

ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.

არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.

რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური.

ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები.

ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა.

სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება.

ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა.

მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.

დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის.

ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა.

ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა.

სულ სხვა რამის დაწერა მინდა.

სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო.

პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო.

ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი.

ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა.

ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს.

სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა.

მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ?

ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე?

რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა. ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი.

რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო.



გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული.

სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.

მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ.

ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი.

მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს.

დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო...

ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში.

ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს.

მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა.

მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე.

მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება.

ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ. ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.

ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.

კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო.

ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა...

ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს.

მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.

მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე.

ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.

მოვიგეთ, ფეოლა...

გაგიჭირდებოდათ.

მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ.

© "ცხელი შოკოლადი"

Thursday, October 22, 2009

ინტიმური კანონები

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ინტიმურ ურთიერთობებთან სხვადასხვანაირი დამოკიდებულება არსებობს. ზოგჯერ ძალიან გიკვირს როგორ მოახერხეს კანონმდებლებმა ასეთი რამეების მოფიქრება.

ახლო აღმოსავლეთის უმრავლეს ქვეყანაში დღემდე მოქმედებს ისლამის ერთ-ერთი ფუნდამენტალური კანონი, რომლის მიხედვითაც არაფრის დიდებით არ შეიძლება იმ ცხვრის ჭამა, რომელთანაც ადამიანმა დაამყარა სექსუალური კავშირი. ვინც გაბედავს ასეთი ცხვრის ჭამას, უდიდეს სასიკვდილო ცოდვას ჩადის და ის სამოთხეში 70 ქალწულთან ვეღარ მოხვდება.

მიუხედავად იმისა, რომ ლიბანში მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქრისტიანია, მამაკაცებს ოფიციალურად აქვთ ნება დართული დაამყარონ სქესობრივი კავშირი ცხოველებთან. ამასთან ერთად, არსებობს საკმაოდ მკაცრი შეზღუდვა – ცხოველი აუცილებლად მდედრობითი სქესის უნდა იყოს. მამრ ცხოველთან სქესობრივი კავშირი სიკვდილით ისჯება.

ბაჰრეინში ექიმ-გინეკოლოგს, თუ ის მამაკაცია, გამოკვლევისას პაციენტის სქესობრივ ორგანოს მხოლოდ სარკიდან შეუძლია დააკვირდეს.

აშშ-ს მფლობელობაში მყოფ წყნარი ოკეანის გუამში არსებობს პროფესია დეფლორატორი. ეს სპეციალისტი მთელს ქვეყანაში მოძრაობს და გარკვეულ საფასურად გოგონებს ქალწულობას აკარგვინებს. გუამში ქალწულად გათხოვება აკრძალულია.

ჰონგკონგში, ცოლს, რომელსაც ქმარმა უღალატა, შეუძლია მოკლას იგი. თუმცა ერთი პირობით – ქალმა შურისძიება შიშველი ხელებით, ყოველგვარი იარაღის გამოყენების გარეშე უნდა აღასრულოს. ხოლო ქმრის საყვარელი შეიძლება ნებისმიერი საშუალებით მოიკლას.




კოლუმბიის ქალაქ კალიში ქალს სექსით მხოლოდ ქმართან ერთად შეუძლია დაკავდეს. თუ ეს პირველად ხდება, მას აუცილებლად სიდედრი უნდა დაესწროს, რათა აქტი დაადასტუროს.

ბოლივიის ქალაქ სანტა-კრუსში მამაკაცს ეკრძალება ქალთან და ამ ქალის ქალიშვილთან ერთად ერთდროულად დაკავდეს სექსით.

ინდონეზიაში მასტურბაციისთვის თავის მოკვეთით ისჯებიან.

ამერიკის შეერთებულ შტატებშიც არსებობს ამ მხრივ რამდენიმე უცნაური კანონი. მაგალითად, არიზონას შტატში იკრძალება სახლში ორზე მეტი ფალოიმიტატორის შენახვა და გამოყენება. კოლორადოში აკრძალულია მძინარე ქალის კოცნა, ხოლო კონექტიკუტის ქალაქ ჰარტფორდში კვირა დღეს ცოლის კოცნა დაუშვებელია. ფლორიდაში ლეგალურად ნებადართულია მისიონერული პოზიცია, სექსის დროს კი აკრძალულია ქალის მკერდის კოცნა, ხოლო მასაჩუსეტში ქალს უფლება არა აქვს გამოიყენოს პოზიცია „ზემოდან“. მინესოტაში კატეგორიულად იზღუდება ნებისმიერი ფორმის სქესობრივი კავშირები ფრინველებთან. ოჰაიოს შტატში კი ქალებს ლაკირებული ფეხსაცმლის ტარება ეკრძალებათ, რადგან, ამერიკელი კანონმდებლების აზრით, მან შესაძლოა ქვედა საცვალი აირეკლოს. ჰავაიში კი თუ ვინმე სქესობრივ კავშირს დაამყარებს 18 წლამდე გოგონასთან, კანონი მის მშობლებს სჯის (სამწლიანი იძულებითი გამოსასწორებელი შრომით) „მსუბუქი ყოფაქცევის“ ქალიშვილის აღზრდისთვის.

ინგლისში მამაკაცს, ვინც უცხო ქალბატონს სექსს შესთავაზებს, 180 ევრომდე ჯარიმა ან 3-თვიანი პატიმრობა ემუქრება.

ირლანდიაში პრეზერვატივების იმპორტია აკრძალული. თუმცა ადგილობრივი წარმოების ნიმუშებსაც ვერსად იშოვით. ამ საკმაოდ მკაცრ კათოლიკურ ქვეყანაში პრეზერვატივის გამოყენება არ შეიძლება, შესაბამისად გაყიდვაც აკრძალულია.

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში პარტნიორებს ინტიმური ურთიერთობის უფლება მხოლოდ სიბნელეში აქვთ. ეს ურთიერთობა თუ სინათლეში ხდება საკუთარ სახლშიც კი, პარტნიორები მაინც ჯარიმდებიან. არც სანთლის და ბუხრის შუქია ნებადართული.

იტალიის ქალაქ პალერმოში პლაჟზე სრულიად გაშიშვლების უფლება მხოლოდ ქალებს აქვთ. ქალაქ ტროპეას კანონი კი ზედმიწევნით არეგულირებს ვის შეუძლია იყოს შიშველი და ვის – არა. მასში წერია: „იმ ქალებს, რომლებიც მსუქნები, მახინჯები და ულამაზოები არიან, პლაჟზე გაშიშვლება ეკრძალებათ“ (!).

შვედეთში სწრაფი ფოტოს კაბინებში არ შეიძლება საკუთარი ფოტოს გადაღება შიშველ მდგომარეობაში.

ჩინეთში სასტიკად იკრძალება ჩაცმული ქალის შიშველ ფეხებზე შეხედვა. ეს უხეშ შეურაცხყოფად ითვლება და მომზირალს რამდენიმე დღიანი ციხე ემუქრება.

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სქესობრივი აქტის დროს კატეგორიულად დაუშვებელია ჭადრაკის თამაში.


ბონუს ისტორია:
დიდი ბრიტანეთი. სასამართლო ჩანაწერი 12659. ფეხმძიმე ქალის საქმე.
ორსულობის მე-8 თვეში მყოფი ქალი ავტობუსში ჩაჯდა. მან შეამჩნია, რომ წინ მჯდომი მამაკაცი მას შეცქერის და იღიმის. ორსული მყისვე სხვა ადგილას გადაჯდა. მამაკაცმა უფრო მეტად გაიღიმა, ქალი ისევ გადაჯდა. მამაკაცმა ახლა სიცილი დაიწყო. როდესაც ქალი უკვე მე-4-ჯერ გადაჯდა, მამაკაცმა ისეთი ხარხარი ატეხა, მთელი ავტობუსის ყურადღება მიიპყრო.
ქალმა მძღოლთან იჩივლა და მამაკაცი დააპატიმრეს.
შემთხვევა სასამართლოს გადაეცა. მოსამართლემ 20-ოდე წლის მამაკაცს სთხოვა რამე ეთქვა საკუთარი თავის გასამართლებლად.
„თქვენო მოწყალებავ, – დაიწყო მამაკაცმა – ყველაფერი ასე მოხდა. როცა ქალი ავტობუსში ამოვიდა, არაფერი გამიკეთებია, მაგრამ მისი მდგომარეობა შევამჩნიე. ის დაჯდა სარეკლამო ნიშნულის ქვეშ, რომელზეც ეწერა: „მალე გამოვა ორმაგი პიტნის ტყუპი“ და გამეღიმა. შემდეგ იგი გადაჯდა ადგილზე, რომელსაც ამშვენებდა ნიშნული: „ეს მაზი შებერილობას შეამცირებს“, იძულებული გავხდი კიდევ გამეღიმა. ამის შემდეგ ის გადაჯდა ადგილას, სადაც რეკლამა იუწყებოდა: „უილიამის დიდმა ჯოხმა თავის მიზანს მიაღწია“ (William’s Big Stick did the Trick), აქ სიცილი ამიტყდა, მაგრამ როდესაც ქალი კიდევ ერთხელ გადაჯდა, სადაც ეწერა: „Goodyear-ის რეზინას შეეძლო ეს ინცინდენტი თავიდან აეცილებინა“ („Goodyear Rubber“ could have prevented this accident), უკვე გადავბჟირდი.
მოსამართლე: – ვამართლებ!


Monday, September 28, 2009

შემოდგომა და წვიმა მთებში



HD ხარისხი ნახეთ პირდაპირ ამ ბმულიდან:
http://www.youtube.com/watch?v=3VByJzh-n-Y

ფოტოები და სლაიდშოუს მონტაჟი: ერმონია
მუსიკა: Inade (dark ambient project from Germany)

Tuesday, September 22, 2009

ცხოველები და კანონმდებლობა

აქ შეიძლება დავდო ჩემს მიერ მომზადებული ის ინფორმაციები, რომლებსაც ერთ-ერთი გაზეთისთვის ვთარგმნიდი. რა თქმა უნდა, საკუთარ სტატიებს ჩემს ვირტუალურ გაზეთ „ანარეკლში“ ვაქვეყნებ-ხოლმე, ესენი კი მოკლე ინფორმაციებია და აქაც შეიძლება მათი გამომზეურება. პირველ რიგში ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ინფორმაციებს გაგაცნობთ.

ავსტრიაში ცხოველთა დაცვის ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს

2004 წლიდან ავსტრიაში პარლამენტის გადაწყვეტილებით ევროპის ქვეყნებს შორის ცხოველთა დაცვის ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს. ამ კანონის თანახმად დანაშაულად ითვლება: ქათმების ვიწრო გალიებში გამომწყვდევა, ძაღლისთვის ყურისა და კუდის მოჭრა, მსხვილფეხა პირუტყვის სქელი და უხეში თოკით დაბმა. ამ კანონის თანახმად, ცირკში კატეგორიულად იკრძალება ლომისა და სხვა ველური ცხოველების გამოყენება, დაუშვებელია ძაღლის ჯაჭვით დაბმა, მახრჩობელა საყელურის გამოყენება, ამავე დროს, არ შეიძლება ეზოში „უხილავი ღობის“ დამონტაჟება, რომელიც ცხოველს დენს ურტყამს იმ შემთხვევაში, როცა იგი ზღვრული ფარგლების გადაკვეთას ცდილობს. საგულისხმოა, აგრეთვე, ისიც, რომ ზოომაღაზიებში აკრძალულია ლეკვებისა და კნუტების ჩახუთულ ვიტრინებში ჩასმა. კანონის დამრღვევი ჯარიმის სახით 2-დან 15 ათასამდე ევროს გადაიხდის.


იტალიაში კატის მიტოვებისთვის ერთწლიანი ციხეა


2004 წელს იტალიაში მიიღეს კანონი, რომელიც ცხოველებს ადამიანების მხრიდან მკაცრი მოპყრობისგან იცავს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კატას ან ძაღლს მიატოვებს, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში მოყვება. დამნაშავეს ერთი წლით ციხეში ჩასვამენ და ჯარიმის სახით 10 000 ევროს გადაახდევინებენ. აღნიშნული კანონის მიღებამდე იტალიაში ყოველწლიურად ადამიანები 150 ათას ძაღლსა და 200 ათას კატას უმეთვალყურეოდ ტოვებდნენ.


შვეიცარიაში შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ


2002 წელს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმების დიდი უპირატესობით მიიღო კანონპროექტი, რომელმაც ცხოველებს განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა - ცხოველების საგნებთან გაიგივება აიკრძალა. ავსტრიაში სასამართლო გარჩევებისას ჩვენი „უმცროსი მეგობრების“ ინტერესებიც არის გათვალისწინებული.


მაგალითად, განქორწინების დროს ქონების გაყოფისას ადრე ძაღლსა და კატას მათი საბაზრო ღირებულების მიხედვით აფასებდნენ, დღეს უკვე მოსამართლე წყვეტს, რომელ ყოფილ მეუღლესთან უკეთ იგრძნობს თავს ცხოველი. თუ ვინმეს წყალობით ცხოველს რაიმე ტრამვა აქვს მიღებული, მოსამართლეს შეუძლია დამნაშავე აიძულოს უმკურნალოს ცხოველს და ა. შ. შვეიცარიელი ცხოველთა უფლებების დამცველების აზრით, „უმცროსი მეგობრების“ უფლებები ქვეყნის კონსტიტუციითაც უნდა გამყარდეს. ამავე დროს, ისინი ცხოველებისთვის „ადვოკატურის“ ჩამოყალიბებასაც ითხოვენ. მათი აზრით, მსგავსი იურიდიული მომსახურეობა აუცილებელია, რათა სასამართლოებზე ცხოველთა ინტერესები კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული.


ლატვიაში შეზღუდულია აგრესიული ჯიშის ძაღლების შეყვანა

2001 წლიდან ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ძაღლებისა და კატების ყოლის წესები, რომლის მიხედვითაც აკრძალულია აგრესიული ჯიშის ძაღლების ყოლა, გამრავლება და ქვეყანაში შემოყვანა.

ჩამონათვალში შევიდნენ: პიტბულტერიერი, არგენტინული დოგი, ბრაზილიური ფილი, ამერიკული სტაფფორდშირული ტერიერი და ამ ჯიშებს შორის ნაჯვარი ძაღლებიც. ხოლო ზემოთჩამოთვლილი ჯიშების ის ძაღლები, რომელიც ამ წესების შემოღებამდე ლატვიაში ცხოვრობდნენ, კასტრაციასა და სტერილიზაციას დაექვემდებარნენ. წესები შემოღებას წინ მრავალრიცხოვანი ტრაგიკული მოვლენა უსწრებდა წინ, მათ შორის, ორი ბავშვის საშინლად დაკბენა რიგაში.



ისრაელი როტვეილერების გარეშე


2004 წლიდან ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მკაცრი ინსტრუქციების თანახმად, ქვეყანაში იკრძალება „სახიფათო“ ჯიშის ძაღლების ყოლა, მოვლა და შემოყვანა. ინსტრუქციის ერთ-ერთ პუნქტში ჩამოთვლილია რა ჯიშის ძაღლების შემოყვანაც არ შეიძლება. მათ შორისაა: ამერიკული სტაფფორდშირული ტერიერი, არგენტინული დოგი, ბულტერიერი, პიტბულტერიერი, როტვეილერი და სხვები. გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც თელავივში ამერიკულმა სტაფფორდშირულმა ტერიერმა 4 წლის გოგონა საკუთარი დედის თვალწინ სასიკვდილოდ დაგლიჯა. სამინისტროს დადგენილების მიხედვით, ყველა უპატრონო ძაღლი, ან ძაღლი, რომელსაც პატრონი ქამანდისა და ალიკაპის გარეშე ასეირნებს, დაჭერასა და კარანტინს ექვემდებარება. 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს კი მარტო ასეთი ძაღლების გასეირნება ეკრძალებათ. 


მეზობლის ძაღლის მიერ დაკბენილი კატის წყალობით ქალბატონი 45 000 დოლარით გამდიდრდა


ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ სიეტლის მოქალაქე ქალბატონმა მეზობელს, რომლის ძაღლმაც მისი უსაყვარლესი კატა დაკბინა, მუნიციპალურ სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო. მისი ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლომ ძაღლის პატრონი შინაური ცხოველების კონტროლის დარღვევასა და უყურადღებობაში დაადანაშაულა და კომპენსაციის სახით დაზარალებული მხარისთვის 45 000 დოლარის გადახდა დაავალა.

Sunday, September 13, 2009

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი [გიორგი ხარაბაძე] © 1990

[From ERM0NIA's own home collection]

ეს გახლავთ ოთხფირფიტიანი აუდიო ალბომის ციფრული ვარიანტი, რომელიც 1990 წელს გამოსცა მაშინდელი საკავშირო ფირმა "მელოდიას" გრამფირფიტათა ქარხანა აპრელევკის ფილიალმა. "ვეფხისტყაოსანს" მსახიობი გიორგი ხარაბაძე კითხულობს. ალბომში ნაწარმოების ყველა სტროფი არ შესულა. ჩანაწერი მონოა.


შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი © 1990 (Disc 1)


01–სტროფები 1–82 (25:07)
02–სტროფები 83-304 (25:18)
03–სტროფები 306–539 (24:29)
04–სტროფები 548-778 (25:29)

შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი © 1990 (Disc 2)


01–სტროფები 779-902 (25:21)
02–სტროფები 904-1108 (24:23)
03–სტროფები 1109-1296 (25:18)
04–სტროფები 1297-1587 (19:20)

Size: 134.43 MB
Playtime: 394:45
Bitrate: 96 kb/s (Mono)

Download (ორივე დისკი ერთ არქივში):
შოთა რუსთაველი – ვეფხისტყაოსანი [1990]
Password: erm0nia

Saturday, September 12, 2009

დავით აღმაშენებელი – იყავნ ქალაქნი [გიორგი ხარაბაძე] © 1988

[From ERM0NIA's own home collection]

აღნიშნული ჩანაწერი გავაკეთე ორდისკიანი ვინილის ალბომის გაციფრულების შედეგად. აუდიო ალბომში შესულია დავით აღმაშენებლის, არსენ იყალთოელისა და კონსტანტინე გამსახურდიას ("შენ ხარ ვენახი") ნაწარმოებები, რომელსაც მსახიობი გიორგი ხარაბაძე კითხულობს.

მინდა გითხრათ, რომ გამოცემისას დაშვებულია შეცდომა და ფირფიტის ყდა აპრელევკის გრამფირფიტების ქარხანაში თავის დროზე უკუღმა დაბეჭდეს. დღეს ფოტოშოპის საშუალებით შეგვიძლია ეს ნაკლი გამოვასწოროთ. თუმცა თავდაპირველი ვერსია მაინც დავტოვე. არქივში შესულია ყდის გაფორმებაც.

დავით აღმაშენებელი – იყავნ ქალაქნი © 1988
[კითხულობს გიორგი ხარაბაძე]


01-დავით აღმაშენებელი – გალობანი სინანულისანი (15:01)
02-დავით აღმაშენებელი – დავითის სიტყვა ლაშქრისადმი (1:09)
03-დავით აღმაშენებელი – ანდერძი 1125 წლისა (6:16)
04-დავით აღმაშენებელი – ანდერძი შიო–მღვიმის მონასტრისადმი (17:09)
05-არსენ იყალთოელი – ეპიტაფია (0:39)
06-არსენ იყალთოელი – შესხმა მეფესა დავითს (6:29)
07-კ. გამსახურდია – შეიბ მახვილი (12:06)
08-კ. გამსახურდია – შენ ხარ ვენახი (12:28)
09-კ. გამსახურდია – შენ ხარ ვენახი (დასასრული) (12:02)
10-კ. გამსახურდია – უკანასკნელი ომი (12:18)

Size: 133 MB
Playtime: 95:37
Bitrate: 192 kb/s (Joint Stereo)

Download:
დავით აღმაშენებელი – იყავნ ქალაქნი [1988]
Password: erm0nia

Tuesday, September 08, 2009

რეზო გაბრიაძე – თეთრი ხიდი

© რეზო გაბრიაძე



Стою
на мосту,
Плюю в реку.
Не в рифму
– Но факт!
В.В. Маяковский
მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.


ომი ახალი დამთავრებული იყო, ცხოვრება ძნელი იყო, ცოტა ჰქონდა ხალხს სიხარული და სიამოვნება.

ბიბლიოთეკა №6-ის ბეჯითი მკითხველი ვიყავი. ბიბლიოთეკაში შესვლა სიფრთხილეს მოითხოვდა. ვინმეს რომ დავენახე – მცემდა, როგორც სირისტიანს, ამიტომ მეც ვფრთხილობდი: ჯერ იქითა ტროუტუარზე უნდა ჩამევლო უინტერესოდ, მერე ასევე უინტერესოდ ხიდიდან უნდა გადამეფურთხებინა და როდესაც დავრწმუნდებოდი, არავინ მიყურებს – ჩქარა შევსულიყავი ბიბლიოთეკაში.

იმ დღეს ბიბლიოთეკაში ვიჯექი. უცებ ახმაურდა რიონი – მივხვდი, კარი გაიღო. ავხედე ბიბლიოთეკარებს: ორი გაუთხოვარი ქალი იყო, ყველაფერი უკვე ნათქვამი ჰქონდათ ერთმანეთისათვის. წინა, ფეხებგაშლილი, ნავთქურას ადგა თავზე და კარს უყურებდა გაფითრებული. ფეხების შიდა მხარეებს წითელი ვარდები მოდებოდა სიცხისაგან. ქეთო პავიდლოიანი კოვზის პირიდან გამოღებას ცდილობდა, მაგრამ ვერ იძრობდა და საჯდომის ნელი ტრიალით სკამს ეძებდა. შიში მოედო ბიბლიოთეკას.


ჯერ ვიფიქრე – იპოლიტე დაინახეს-თქო. იმ წლებში ჩვენს ქალაქში ერთი ვირთხა ცხოვრობდა, იპოლიტეს ეძახდნენ, რადგან ოდესღაც მსახიობ ხვიჩიას დაუმდუღრავს. სად არ შეგხვდებოდათ ეს იპოლიტე: ქუთვაჭრობასთან, ლომბარდთან, ბაზართან, ბანკთან, გრუზვტორსირიოსთან – იისფერი, გრძელი მწვანე კუდით მართლაც ძნელი შესახედი იყო.

№6 ბიბლიოთეკაში მხოლოდ მე და იპოლიტე დავდიოდით. იმ ხანებში ორივე კლასიკოსებით ვიყავით გატაცებული: იპოლიტე ყდებით, მე კი – რაც მას დარჩებოდა, დღემდე ვგრძნობ ამ დანაკლისს.

რიონი გაჩუმდა – კარი დაიხურა, ფრთხილად მივიხედე უკან.


კარებში ადრახნია იდგა!

ადრახნია მარტო კაცი იყო. ჰქონდა მხოლოდ პროფილი, რომელსაც სხვადასხვა სიძველის შრამები ხაზავდა, მათ შორის ერთი იყო სხვებზე შესანიშნავი. ეს შრამი იწყებოდა თმებში, დიაგონალად კვეთდა მაღალ შუბლს, გადადიოდა წარბზე, ოდნავ ეხებოდა ცხვირს, მკრთლად აჩნდა მშრალად ნაძერწ ტუჩებს, ღრმავდებოდა ნიკაპზე და იკარგებოდა მის ქვეშ. განსაკუთრებით საშიში იყო დაღამებისას, ნისლში და კინოფილმ „შურისმაძიებელი ელდორადოდან“ მსვლელეობის დროს. მის გამოჩენაზე ქუჩა იმრუდებოდა და ცერად მიედინებოდა ფეხქვეშ.

აი, ასეთი კაცის თვალები მიყურებდნენ მე.

ადრახნია დაჯდა ჩემს მაგიდასთან, შავყდიანი რვეული ამოიღო ჯიბიდან. დამიდო წინ, მიყურა, თქვა: „შენ დაწერ წერილს“, – და საჩვენებელი თითით, რომელიც არ ჰქონდა მიმითითა რვეულზე. „მე ვერ ვწერ“ – მაჩვენა ისევ საჩვენებელი თითი, რომელიც არ ჰქონდა. „კაციშვილმა არ უნდა იცოდეს“, „კუბო“ – ვთქვი მე უხმოდ. „კუბო“ – გაახმოვანა ჩემი ტუჩები ადრახნიამ. „დაწერე: ძვირფასო მარგალიტა, წყალში ვდგავარ – ცეცხლი მიკიდია“ - მიკარნახა ადრახნიამ.

მარგალიტა საკომისიოს საქონელმცოდნის რაფიელის ქვრივი გახლდათ. ორი წლის წინ რაფიელი რევიზიას გადაჰყვა. მეოთხე წელია მარგალიტა შავებს არ იხდიდა. მეოთხე წელია იჯდა ძმრით გაწმენდილ ფანჯარასთან და გარდაცვლილის საკუთარ მანქანას უყურებდა, რომელიც არაფრისგზით არ გაყიდა და სიყვარულის ძეგლად იდგა აგურებზე ყვითელ ყვავილებში ჩაფლული. იჯდა ასე მგლოვიარე: ბალს ნემსით მიირთმევდა, ნემს ცხვირსახოცით წმენდდა და ცხვირზე მიიდებდა სევდის ნიშნად.

არ მახსოვს რამდენ ხანს ვწერდი, ბევრი კლასიკას დავესესხე, ბევრიც ჩემი იყო – ორიგინალური. ახლაც მახსენდება უდროო დროს და უადგილო ადგილას, წნევის გასინჯვისას, ან გადასასვლელზე, სვეტაფორთან ფრანკფურტში, მაგალითად: „ო, ძვირფასო, რატომ შევხვდით გობელენში?!“

იმ წერილში იყო ადგილები, რომლის შინაარსის გაგება ახლაც მიჭირს: „ჩემი ყველა თვალის ეჭვიანობის მიზეზი შენ ხარ! თვალნი ჩემნი ეჯიბრებიან რა ერთმანეთს შენი ხილვის დანახვაში, ფხიზლად სძინავთ და როს ბალიშის მაგიერ თავქვეშ უდევთ წამწამები, ხან პირველი თვალი იღვიძებს მეორეზე ადრე, ხან მეორე პირველზე ადრე, რათა დაასწრონ ერთმანეთს სილამაზის წყაროსა და სათნოების ჩირაღდანის ხილვა!!!“

ადრახნიამ დიდხანს იკითხა ტუჩებით რვეული, მერე ფანჯარაში ასევე ტუჩებით ქალაქის საათი წაიკითხა, ქვედა ქუთუთოებით თვალები დახუჭა და თქვა: „საცემი ხარ“. ჩემი გული გაჩერდა. მის მაგიერ ბინტში შეხვეული თითი ჩქარა-ჩქარა ფეთქავდა.

ადრახნია წამოდგა. „მერე იმას ვინც შენ გცემს, ფეხებს, ხელებს დავაძრობ და მოგიყვან სკოლაში თავის ფეხით“ – თქვა და წავიდა.


მის მერე ბარე ორმოცდაათი წელი გავიდა. ამასწინათ ისევ მოვხვდი ქუთაისში, დავეხეტებოდი ქუჩებში და ვეუბდებოდი ჩემს თავს: „აი შენ მშობლიურ ქალაქში ხარ, შენ უნდა იგრძნო სევდა, გულის ტკივილი, სინაზე და სილამაზე“. აქეთ წავედი – ვერ ვიგრძენი, იქით წავედი – ვერ ვიგრძენი. ტყავის კეპკა, ვიყიდესავით, დავყნოსე – ვერაფერი ვიგრძენი. ნოსტალგიის ძებნაში თეთრ ხიდზე აღმოვჩნდი – „მოდი გადავაფურთხებ, ეგებ რამე ნაზი, სათუთი შეეხოს ჩემს გულს-მეთქი", ასეც ვქენი, მაგრამ ესეც არ გამომივიდა. რამდენჯერაც არ ვცადე ყველა მოღუნულად წავიდა ქვევით და ბოლოში არ აჩქარდა. „სულ სხვაა ახალგაზრდობაში „თეთრი ხიდიდან“ გადაფურთხება“ – ყალბად დავღონდი მე.

არის ქუთაისში ჰაერის ერთი მოძრაობა: აღარც ქარია უკვე და არც ნიავია ჯერ. გლიცერინის სუნი აქვს, თბილია, უქმია, ზედმეტად ზრდილობიანი, ჩემი ნება რომ იყოს, მე მას ლიზიკო გაბუნიას დავარქმევდი და ქუთაისის პედინსიტუტში ჩავრიცხავდი ფრანგული ენის ფაკულტეტზე უგამოცდოდ. ნიავს ქუდი მოვუხადე, ჩამიარა, ვითომ ვერ მიცნო, ქუჩის კუთხეში საყურე გაათამაშა, მაინც გამომხედა და გაქრა.

ჩამოვჯექი ლიმონათის ყუთზე. ჩემს წინ ტროტუარზე ვიღაცამ უქუსლო ჩექმა შემოადგა, ავხედე, გადავუდექი წინ. ეს გახლდათ ადრახნია. ლამაზად დაბერებულა, არ მოუმატია, პროფილი ქაღალდივით გამჭვირვალე გაუხდა. ვერ მიცნო. გავახსენე მარგალიტას წერილი. გვერდზე გაიხედა, სიგარეტი შემომთავაზა. თურმე ხვალ სრულდება ხუთი წელი, რაც მარგალიტა გარდაიცვალა. დამპატიჟა სასაფლაოზე.


მეორე დღეს ავედი საფიჩხიაზე. იქ სამთითა ცაცხვის ქვეშ გავიცანი მარგალიტას და ადრახნიას ორი შვილი. გოგო მამას ჰგავდა, ხმელი, უხმო. ბიჭს მარგალიტას თვალები და ხმა ცრემლიანი ჰქონდა, ტუჩები ატმიდან გამოთლილი, მორცხვი იყო, ჩრდილში იდგა.

მარგალიტას თეთრი ქვა ედო საფლავზე. ზედ გაფერადებული ფოტო იყო დამაგრებული. ცოტა წამოწვიმა, ქვა მოფირუზო გახდა.

აი, სწორედ იმ ქვასთან გავიგე, მადლიერების გრძნობით, რომ ჩემი პირველი ნაწარმოები ღრმად არის ჩამარხული მიწაში, მშვენიერი მარგალიტას მკერდზე.

ასეთი ყოფილა მისი უკანასკნელი ნება.