Saturday, October 27, 2012

არტ-კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“

[From ERM0NIA's own home collection] 

1990-იანი წლების ქუთაისის იატაკქვეშა კლუბების შესახებ ადრეც დამიწერია (იხ. ჩემი სტატიები: „თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა“, „ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)“ და „ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)“). ამ ჩანაწერებიდან ალბათ გახსოვთ, რომ 90-იანებში ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შექმნილი „ნიღბების კლუბის“ წევრი და ერთხანს პრეზიდენტიც ვიყავი. ჩვენი კლუბი აწყობდა ღია აქციებს ქუთაისის ქუჩებსა და ადგილებზე. 1990-იან წლებში ქუთაისში ხელოვნების კიდევ რამდენიმე კლუბი არსებობდა, მაგალითად, დადაისტური სულისკვეთების „ბონზო“, რომელიც მხატვარმა გელა ღაჭავამ დააარსა, და „მესამე კლასის ვაგონი“, რომელზეც ბლოგის მკითხველს ამჯერად ვუამბობ.

„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. მეტად ორიგინალური იყო პირველი წიგნის, „ART-გაზმის“ გაფორმება, რომელიც ქანჩითა და ჭანჭიკით იყო შეკრული და ამ უკანასკნელის ამოხრახნის გარეშე მისი გადაშლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა... კლუბის წევრთა უმეტესობა დღეს ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ბევრმა უცხოეთს შეაფარა თავი.

არტ-კლუბის პერფომანსი თბილისში, 2001 წელი. ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე და ბლოგის ავტორი

ეს ორი წიგნი კლუბის რამდენიმე წევრის თანხმობით, ახლახან დავასკანერე და ბლოგის მკითხველს ახლა PDF ფორმატში გთავაზობთ:


Download:
ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები


No comments:

Post a Comment