Showing posts with label ლიტერატურა. Show all posts
Showing posts with label ლიტერატურა. Show all posts

Tuesday, December 03, 2013

ერმონია რომანში „ქუთაისი ქალაქია“

ერმონია, რეზო გაბრიაძის მიხედვით, ქუთაისის მფარველი ანგელოზია და ხშირად გვხვდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. ერმონია საშუალო ასაკის მელოტი კაცია, რომელიც ხშირად შლაპით, აბრეშუმის თეთრი კაშნეთი და დალამბული კოსტუმით ან პალტოთი გვხვდება. ეწევა პაპიროზს. იგი მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ნაწარმოებებში, ძირითადად ქუთაისში ან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში (ერთხელაც გერმანიაში) და ასევე მოულოდნელად ქრება. ყოველთვის არის იქ, სადაც მისი დახმარება თითქმის სასიცოცხლოა. შეუძლია ყველას თვალწინ, მაგრამ შეუმჩნევლად, გარდაიქმნას ჩიტად, ან თვითმფრინავ U2-ად. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და კეთილია. ეს ნახატები აღებულია რეზო გაბრიაძის რომანიდან „ქუთაისი ქალაქია“, სადაც მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების პირველ წლებში. ნახატების ავტორი, რაღა თქმა უნდა, თავად გაბრიაძეა.

აქ ნაწარმოების მთავარი გმირი, 10 წლის ვარლამი პირველად ხვდება ერმონიას, როგორც ბოძზე ასულ მონტიორს

„ბოლო ვაგონის ტამბურის კიბეზე ერმონია იჯდა, ლურჯი მაისური ეცვა, რომელსაც გულზე „შრომითი რეზერვები“ ეწერა“

Saturday, October 27, 2012

არტ-კლუბი „მესამე კლასის ვაგონი“

[From ERM0NIA's own home collection] 

1990-იანი წლების ქუთაისის იატაკქვეშა კლუბების შესახებ ადრეც დამიწერია (იხ. ჩემი სტატიები: „თანამედროვე ქუთაისური პროტესტი და ქართული ტალღა“, „ქუთაისური საუნდი (ნაწილი I)“ და „ქუთაისური საუნდი (ნაწილი II)“). ამ ჩანაწერებიდან ალბათ გახსოვთ, რომ 90-იანებში ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ შექმნილი „ნიღბების კლუბის“ წევრი და ერთხანს პრეზიდენტიც ვიყავი. ჩვენი კლუბი აწყობდა ღია აქციებს ქუთაისის ქუჩებსა და ადგილებზე. 1990-იან წლებში ქუთაისში ხელოვნების კიდევ რამდენიმე კლუბი არსებობდა, მაგალითად, დადაისტური სულისკვეთების „ბონზო“, რომელიც მხატვარმა გელა ღაჭავამ დააარსა, და „მესამე კლასის ვაგონი“, რომელზეც ბლოგის მკითხველს ამჯერად ვუამბობ.

„მესამე კლასის ვაგონი“ 1999 წელს ჩამოყალიბდა. მისი წევრები იყვნენ: ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე, ზაზა ჭიღლაძე, ირაკლი ლიტვინენკო, თემურ ტუკვაძე, ლევან ვეკუა, ლელა ჩილინგარიშვილი, ინგა ხაფავა, ჰამლეტ კოვზირიძე და მაკა ვეკუა. „ვაგონი“ კლუბ „პალატა №6“-ის ერთგვარ სამართალმემკვიდრედ (უკაცრავად ამ იურიდიული ტერმინისთვის) შეიძლება ჩაითვალოს, რომელიც 90-იანების შუა პერიოდიდან არსებობდა. არტ-კლუბში გაერთიანებული იყვნენ მხატვრები, მწერლები, პოეტები და რეჟისორები. ისინი დაარსების დღიდანვე აწყობდნენ სხვადასხვა გამოფენებს, აქციებს და პერფომანსებს. თავისი არსებობის მანძილზე „მესამე კლასის ვაგონმა“ ორი წიგნის გამოცემა მოახერხა. მეტად ორიგინალური იყო პირველი წიგნის, „ART-გაზმის“ გაფორმება, რომელიც ქანჩითა და ჭანჭიკით იყო შეკრული და ამ უკანასკნელის ამოხრახნის გარეშე მისი გადაშლა უბრალოდ შეუძლებელი იყო.

ამ წიგნებით მკითხველი კარგად შეიგრძნობს იმ განწყობებს, რაც 90-იანი წლების ქუთაისის არაორდინარული ახალგაზრდებისთვის იყო დამახასიათებელი: პროტესტი, ნიჰილიზმი, თავისუფლებისადმი სწრაფვა, იმედი, რომანტიკა... კლუბის წევრთა უმეტესობა დღეს ქუთაისში აღარ ცხოვრობს, ბევრმა უცხოეთს შეაფარა თავი.

არტ-კლუბის პერფომანსი თბილისში, 2001 წელი. ანდრო ზვერევი, გიორგი ჭიღლაძე და ბლოგის ავტორი

ეს ორი წიგნი კლუბის რამდენიმე წევრის თანხმობით, ახლახან დავასკანერე და ბლოგის მკითხველს ახლა PDF ფორმატში გთავაზობთ:


Download:
ART-გაზმი, გადადებული სუნთქვის გაკვეთილები


Wednesday, May 19, 2010

გულიკოს სრულიად დაუჯერებელ-დასაჯერებელი ამბავი

I

ერთ მშვენიერ დილას დედაქალაქი გრანდიოზულმა სენსაციამ გამოაღვიძა. ტელევიზიების დილის პროგრამები შეთანწყობილად და, ამავე დროს, შეშფოთებით აუწყებდნენ ყველას, რომ ქალაქში საოცრება გამოჩნდა. ბევრი ამ საოცრების თვითმხილველად ასაღებდა თავს. პირდაპირ ეთერში უხამსობას (თევზ ხამსაში არ აგერიოთ) აღარავინ დაგიდევდათ, თვით ტელებოსებიც კი, აღარ იბლოკებოდა უცენზურო სიტყვები და ასეთ სიუჟეტებსაც კი ნახავდით:

„აი, ბო&იშვილი, ბო&ის გაზრდილი ვიყო, ჩემი თვალით ვნახე გუშინ საღამოს რა, ჩემი დედა მოვ^@ან. თანაც ტიტველი ტო! ეს რა იყო ტო? ლისის ტბის მხრიდან პირდაპირ ჩვენს უბანში ჩამოვიდა ჩემს დედას შ*%#*ი!“ – მედგრად ამტკიცებდა ერთი არაფხიზელი ჯიგარი, რომლსაც, ეტყობოდა, ალკოჰოლი ჯერ კიდევ პირზე არ შეშრობოდა.

ტელევიზიები შეშფოთებულები გაჰკიოდნენ, რომ ჯერ-ჯერობით ამ საოცრების ვიდეომასალა არ გააჩნდათ და დახმარებას მოსახლეობას თხოვდნენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. საპატრულო პოლიცია ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსულ დაბნეულ ადამიანს ვერ აკავებდა. არადა, არავინ იცოდა რა უნდოდათ ქუჩაში, სად ეძებნათ საოცრება. უბრალოდ ყველა თავისთვის დაყიალობდა და ერთმანეთთან საოცრებაზე რამდენიმე სიტყვის ჩამოგდების შემდეგ უკვე მხიარულად მასლაათობდნენ მთავრობაზე, ვალუტის კურსზე, ბაზრის ფასებზე და საერთაშორისო ტერორიზმზეც კი.

Monday, November 30, 2009

ქუთაისი, ზღვის პირი

© აკა მორჩილაძე

ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს.

ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.

შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება.

ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.

არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?

ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.

ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.

მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.

ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.

Tuesday, September 08, 2009

რეზო გაბრიაძე – თეთრი ხიდი

© რეზო გაბრიაძე



Стою
на мосту,
Плюю в реку.
Не в рифму
– Но факт!
В.В. Маяковский

მე დედიკოს შვილი ვიყავი. წიგნებს ვკითხულობდი, სუფთა საყელო მქონდა, იმდენად კარგი წასარტყმელი ვიყავი თავში, რომ იშვიათად თუ დაიკლებდა ვინმე ამ სიამოვნებას, გარდა ვინმე მივლინებულის, ჩემოდნით ხელში, ან კუბოს შეყუდებული ჭირისუფლისა, თუმცა ორი მცდელობა იყო, ერთი ფეხითაც, გასვენების დროს.

Friday, August 14, 2009

რატი ქართველიშვილის ლექსები

წვიმა ზამთარში
(მერაბ მამარდაშვილის ხსოვნას)
მოხვედი, როგორც წვიმა ზამთარში
და ვერ იპოვე შროშანი ბაღში.
ისე დაინთქი, როგორც ქვიშაში
ზღვების ტალღები ცრემლივით მლაშე.

საკვამურები თეთრად ბოლავდნენ
და ძილ-ბურანში ახვევდნენ სახლებს,
შენ კი ორსული თავის ქალათი
დაატარებდი კარდაკარ ბავშვებს.

საკვამურები მხოლოდ ბოლავდნენ
და ბებერ კედლებს ვეღარ ათბობდნენ,
ფანჯრის თვალები დაბინდულები
ვერა გხედავდნენ და ვერ გამჩნევდნენ.

შენ კი ღიმილებს შენი შვილების,
როგორც მზის სხივებს კართან სტოვებდი
და შორეული სამშობლოსაკენ
ქაღალდის ფრინველს სულს აბარებდი.

Wednesday, September 17, 2008

7 ნოემბერი (ოქტომბრის რევოლუციის პატარა) [აბსურდული მოთხრობა]

© humanoidi
© Karll
© Mercully

მინსკის ცრემლიანი რიჟ-რაჟი იდგა. ქალაქში ოფლის სუნი ტრიალებდა. ტროლეიბუსის ფანჯრებიდან ბიჭების ამაოდ მომზირალი თვალები ასხივებდნენ ხოლმე, აქა იქ კი მოჩანდა მტრის სასოწარკვეთილი მანქანა.

ღამურების გამყინავმა ხმამ ემილიან პუგაჩოვის მოედანზე ცენტრალური სადალაქოს ფანჯრებიც კი დაორთქლა.

– ხ... – გაიფიქრა ტროტუარზე ჩამომჯდარმა დათრგუნულმა გოგონამ.
– შ... – მიუგო უჩინარმა ხმამ.
– არა, ხ.
– შ-მეთქი!
– ხ-ზე არ იყო?
– ვივაჭროთ?
– აღარ მინდა, დავიღალე... შეყვარებული მელოდება, გემობანა უნდა ვეთამაშო, ხომ ვიცი, დღესაც იმ სულელი ბეტმენის ფორმა ეცმება, მე კი ძალიან მომენატრა არნოლდი, ჩემი მძახალი.
– გუშინ არ იყო, აღვირახსნილობანას რომ ვთამაშობდით. ისიც მახსოვს, როგორ ჟილკობდი. აბა რა გიდევს მაგ კოხტა ჩანთაში?
გოგონას და ცას ფერი ეცვალა.
– წავედი, უნდა ვივარაუდო. თუ ჩემი ვარაუდი არ გაამართლებს, იქ შევხვდებით.
– პრეზიდენტის ჩუსტები რომ დავმალეთ?
– ჰო.
– რწმენა დამიტოვე. სოროკი მაინც..
– კარგი, იქ შევხვდებით.

ემილიან პუგაჩოვის მოედანზე დილის სუსხი ლოყებს ფაკლავდა. სავსე მთვარე თავის პრინციპს არ ღალატობდა, ლოყები მეზურნესავით დაჰბერვოდა და ყვრიმალებს აჩვენებდა მოსახლეობას. მოედანი ხალხით ივსებოდა. მშვიდობიანი მოქალაქენი ჟიტირდებოდნენ და ჟიტირდებოდნენ. ახალგაზრდა, გამოუძინებელი მტრედების გუნდი სიხარულით ფარფატებდა და ძეგლთა დაცვის კომიტეტის შენობას თავს ავად დასტრიალებდა.

მინსკის „დინამოს“ ტურბაზაზე, რომელიც ტყის პირას მდებარეობდა, მოხუცი კარისკაცი ნიკოლაი არკადიევიჩი წვერს იპარსავდა და თავისთვის ღიღინებდა დაუმთავრებელ და მოუმწიფებელ ბომჟურ მელოდიას კინოფილმიდან „დარიშხანის გასაჭირი“. მისი შველი კი შხაპს იღებდა და აბაზანის პატარა სარკმლიდან პერიოდულად იყურებოდა. კარისკაცის ავლადიდებას პატარა ოთახი წარმოადგენდა, სადაც ბუხარი ენთო და უზარმაზარი მაგიდა იდგა. ძირს შემწვარი ზღარბის ნარჩენები ეყარა, მაგიდაზე კი – ინტერნეტიდან უწესრიგოდ გადმოწერილი ფაილები. კედელზე ვერცხლისფერი ჩარჩო იყო, საიდანაც ლენინის ტორსი იყო გადმოქაჩული, ერთადერთ ლურსმანზე კი ინტერნეტიდან გადმოქაჩული Led Zeppelin-ის „ქაშმირი“ ეკიდა. შველს კი, თავის მხრივ, ნიკოლაი არკადიევიჩი ეკიდა. იგი ჯიუტად განაგრძობდა „არისტონის“ ბაკში ცხელი წყლის დაცლას.

არტიომ შველსკიმ სიგარეტი ფეხსაცმლის ლანჩზე ჩაიქრო. ლანჩზე ნიკოლაი არკადიევიჩიც იყო დაპატიჟებული, ოღონდ მოგვიანებით, სამი კუთხურის შემდეგ. მოხუცმა უკანასკნელი წვერი თვალის დახამხამებაში გადაიპარსა.

– გოგირდის საპონი მომაწოდე მყრალო ბებერო. – ყვიროდა როგორც ცოფიანი, კეთილშობილი ნადირი.
– უფულო კაცი, ტრაკში პალო! – ენითაღუწერელი სარკაზმით უპასუხა კარისკაცმა და რადიოს აუწია. რადიოში მხაზველობითი გეომეტრიის გაკვეთილს გადმოსცემდნენ, მაგრამ ნიკოლაი არკადიევიჩი აცდენდა.
სად იყო და სად არა, „დინამოს“ ტურბაზაში დათრგუნული გოგონა შემოცქრიალდა, პლზენიდან მოდიოდა.
– მოხვედი მაშენკა? – ჩაილაპარაკა ნიკალაი არკადიევიჩმა და ჩაი მოყლურწა.
„საიდან იცის, რომ მაშენკა მქვია?“ – გაიფიქრა გოგონამ.
„საიდან ვიცი, რომ მაშენკა ჰქვია?“ – მხარი აიბა ნიკოლაი არკადიევიჩმა.
– დროზე პირსახოცი შემომიტანე! მორჩი შენს უნიჭო მონოლოგებს!! გაიღვიძე ბებერო! – ყვიროდა შველი.

ყველაფერი კი ასე დაიწყო. პატარა მაშენკა მშობლებმა ტყეში პიკნიკზე წაიყოლიეს. ხისმჭრელებმა მშობლები სმაში აიყოლიეს და თან გაიყოლიეს. მაშენკა მარტო დარჩა. იგი ყველამ მიატოვა. ალბათ შიმშილით მოკვდებოდა რომ არა შველი, რომელიც მიეშველა და იშველა. გამოხდა ხანი. ნიკოლაი არკადიევიჩი ტყეში საძოვარზე გასულიყო. დაღლილს არყის ხეზე ჩასძინებოდა, თან საბრალოს თმაც არყის სუნით გაჯერებოდა. არყის ხემ თავი უხერხულად იგრძნო. ეს ნიკოლაი არკადიევიჩმაც შენიშნა და აბგიდან ხერხი ამოიღო. ხერხის ამოღებას თან შველის გამოჩენა მოჰყვა. შველის გამოჩენაზე მოხუცმა ხმალი იშიშვლა და შველს საშველოსნო ამოაჭრა. მაშენკა გაცეცხლა და მოხუცს ეძგერა. ბაბუას და შველიშვილს მხოლოდ შველი აშველებდა. შველმა გააშველა და ყველას ეშველა. ამის შემდეგ ნიკოლაი არკადიევიჩმა შველი იშველა, მაშენკა კი იშველიშვილა. ყველაფერს ამას მინსკში დაბრუნება მოჰყვა. დაბრუნებისთანავე სამივემ წიგნის მაღაზიას მიაშურა, სადაც უზარმაზარი რიგი დახვდათ ნაწარმოებზე: „ქეთო დაკოტადან“. დიდი არაფერი, უბრალო ვესტერნი, რომელიც თავს ბესტსელერად ასაღებდა. ჰაი-ჰაი, რომ ბესტსელერი არ იყო.



















ჰაუ, ჰაუ ქორო ნუ ფრენ
ნუ ჭამ დედიშენისასა,
თორემ ნაღმი აფეთქდება.
ხარობს ხალხი, ჭმუნავს ერი.

მინსკში გამართეს აღლუმი
პარადს ეძახდა ხალხია
გასრულდა ესე ამბავი
მაშაც არ დარჩა ვალშია.

P. S. ამ საბედისწერო დღეს საშვიდნოემბრო აღლუმზე მაშენკას ტროტილის ნაღმს ლუკაშენკო ემსხვერპლა. 7.11.2006

Monday, August 25, 2008

სიუჟეტი №2

ხეობაში ჩაწურული ტბა მთის ფერდობიდან მთვარის შუქზე ისე ჩანს, როგორც წყალი ღრმა ჭის ფსკერზე. ისეთი სიჩუმეა, კაცი თეთრი, თხელი ღრუბლების ხმასაც კი გაიგონებს. დიდ ლოდზე ვჯდები. სიგარეტი ნაფაზის დარტყმისას ჩუმ „სშშ“-ს გამოსცემს და ბოლო წითლად უკიაფებს. ჩვენი ძილისპირული გამახსენდა, ტუჩმოკუმული ჩემს ხელს იბღუჯავ, თავქვეშ იდებ და ისე იძინებ. მე კი შენს დაძინებას ველოდები, მერე ხელს ფრთხილად გაცლი და თვალებს ვხუჭავ. სიგარეტს ვაქრობ თუ არა მეორე, განსაკუთრებულ ღერს ვუკიდებ და უღრმეს ნაფაზს ვარტყამ. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და sms-ს გიგზავნი: wish you were here. სიგარეტის ქაღალდში გახვეული ბალახი ეგრევე მოქმედებს. გარკვევით ვხედავ როგორ გაფრინდა ჩემი ტექსტი აპარატიდან, იგი ჯერ ტბის ცივ ზედაპირს ეხება, მერე ღრუბლებისკენ იჭრება და ბოლოს მთების მიღმა სიბნელეში უჩინარდება. სახეში ქარი მიბერავს და გაგზავნილი ტექსტის რამდენიმე სიტყვას ფეხებში მაყრის, მერე ისევ ბზრიალით მაღლა აქანებს. Messege delivered to… – ეკრანზე ეწერება. ღრუბლებმა ცაზე უფრო სწრაფად დაიწყეს ცურვა. სულ განაგლდნენ, მთვარესაც კი ეფარებიან. კიდევ ერთ ღრმა ნაფაზს ვურტყამ ხველებ-ხველებით.

თვალების დახუჭვისთანავე ცარიელ ქალაქს ვხედავ, სადაც არ არსებობს ტანჯვა, სადაც ფერად სახლებს თავშეფარებული სულები დაფრინავენ და ადამიანისთვალებიანი შენობები დგას. საღამოს ჟამს წარსულის აჩრდილები ლამაზრიკულებიან აივნებზე გამოდიან და ერთმანეთს ფინჯან სამოვრის ჩაისა და ტკბილ ქადაზე ეპატიჟებიან. სულად გადაქცევა საოცრად მსუბუქი პროცესია. გზადაგზა სხვა მოხეტიალე სულებს ხვდები. გამჭვირვალე, გადაღლილ სულებს ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. საერთოდ ისინი რადიოტალღებივით არიან და იმისათვის, რომ რომელიმე იგრძნო, უჩინარი მიმღების სახელური უნდა ატრიალო. ვიღაცასთან გასაუბრების მცდელობა ზოგჯერ უშედეგოა. ეტყობა, ზოგიერთს სახელური ან გაფუჭებული აქვს ან მისი ტრიალი არ სურს. კონკრეტულ სიხშირეზე აწყობილ სხვა მონათესავე სულების ძიება კი ძლიერ დამღლელია. ზოგს ხომ იდიოტივით მხოლოდ საკუთარი კუთხეში ყოფნის სურვილი აქვს.

ტყიდან ვიღაც გამოდის და არეული, აჩქარებული ნაბიჯით მიახლოვდება. სიგარეტს მთხოვს. ვესალმები, ვდგები, ღერს ვაწოდებ და სანთებელასთვის ქურთუკის ჯიბეში ხელს ვიყოფ. ისიც იყოფს ჯიბეში ხელს, იქიდან დანას იღებს, ფერდში მადებს, მაგრად მაჭერს და მემუქრება, – ფული და მობილური უნდა. ფერდში სისველეს ვგრძნობ, ეტყობა სისხლი წამსკდა. ვცდილობ დავუსხლტე, დანაზე ხელს ვუკრავ და გავრბივარ. ისე გავქუსლე, ლამისაა გული ამომვარდეს. ლამპიონებით განათებული სამანქანო ტრასა საფრენი ზოლივითაა. თავდაღმართში ისე დიდი სისწრაფით გავრბივარ თვითონაც მიკვირს. ვგრძნობ, მომდევს. ჩემკენ ხტება და ხელებით ფეხებს მიბოჭავს. წესით უნდა დავეცე და სახეზე ხელებს ვიფარებ, მაგრამ ტკივილს ვერა და ვერ ვგრძნობ, პირიქით, საოცრად მსუბუქი ვხდები.

ძირს ვიხედები და მთვარის შუქზე ჩემს ფეხებზე ხელებშემოჭერილი თავდამსხმელის შეშფოთებულ სახეს ვხედავ. იგი ხელებს მთელი ძალით მიჭერს და თავად ქვევით ჩახედვის ეშინია, რადგან უკვე საკმაოდ მაღლა ვართ ასულები. მიწა გაქრა და სულ უფრო ზევით ავდივარ, თითქოს უზარმაზარი ამწეს კაუჭზე ვიყო, თავდამსხმელსაც მივათრევ. მას შიშისგან და გაოცებისგან თვალები სასაცილოდ გადმოუკარკლავს. ხელი თუ გამიშვა, ძირს ჩამოვარდება და სადმე მთის ფერდობის ქვებზე ან ხეებზე ტვინს დაანთხევს.

მისი სიცოცხლე ახლა ჩემს ხელთაა, უფრო სწორად და კონკრეტულად – მისი სიცოცხლე ახლა ფეხებზე მკიდია.

მინდა გითხრათ, გადასარევი შეგრძნებაა.


Friday, January 18, 2008

Старинная Французская Песенка

"Лесная полянам как парным молоком, была до краев залита лунным светом. Возле луны, как гнилушки возле старого пня, шевелились звезды.
Заяц сидел посреди поляны и был совсем голубой.
Заяц играл на свирели старинную французскую песенку.
"Ля-ля! Ля-ля!" - мурлыкала свирель. И старый облезлый Филин улыбался.
Филину было сто лет, а может, больше, но теперь он вспоминал разные страны и улыбался.
"Как это было давно,- думал Филин.- Так же светила луна, так же сидел посреди поляны Заяц, так же осыпались звезды и играла свирель. Потом поднялся туман. Заяц исчез, а свирель играла..."

Wednesday, October 25, 2006

ანდრეი ტარკოვსკი სარკეში

ანდრეი ტარკოვსკის ფილმის „Зеркало“–ს სამუშაო სახელი „თეთრი, თეთრი დღე“ იყო. აღნიშნული ერთგვარი მონოლოგი ჟურნალ „Искусство кино“-ში გამოქვეყნდა იმ დროს როცა გადაღებები მიმდინარეობდა.



















ანდრეი ტარკოვსკი: „ძალიან ძნელია ამ ფილმზე საუბარი, რადგან ის ჩემთვის რთული და მნიშვნელოვანია. მთელი ჩანაფიქრი რომ გაგიმხილოთ, ძალიან დიდ დროს წაიღებს. რამდენიმე სიტყვით კი ვერაფერს გაგაგებინებთ. მოცემულ შემთხვევაში ამ ჩანაფიქრს ზედმეტად ფრთხილად ვუდგები, ამიტომ ეკრანიზებულ სიუჟეტზე არ ვისაუბრებ. მის საფუძველში ჩადებული მასალა ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ალბათ მასზე მოურიდებელი ლაპარაკიც შესაძლებელია. მაგრამ სურათი „თეთრი, თეთრი დღე“ ხელოვნების სხვა დარგებზე დამოუკიდებელი ყველა დანარჩენ ფილმზე მეტად უნდა გახდეს. მსურს შევძლო საკუთარი აზრები სუფთა კინემატოგრაფიულად, სხვა მინარევების გარეშე გამოვხატო.

Friday, March 10, 2006

ინსომნია

ღამეა (ამის გაცხადება მგონი ზედმეტი იყო სათაურიდან გამომდინარე).
რით ვეღარ უნდა ისწავლოს ადამიანმა ჭკუა, რომ ღამის დადგომა იგრძნოს? სადღაც, ვიღაცის კარზე აკაკუნებენ. ჩემს კარზე აღარავინ დააკაკუნებს ისე, რომ გავაღო, მერე კარის უკან დავიმალო, შემოსულ გაოცებულ სასურველ სტუმარს მოულოდნელად თავს დავესხა და ჩემს ოთახში შემოვიპატიჟო. ჩემს სახლს ჩემი პულსი აქვს და აქ ყველაფერი ერთნაირად ჟღერს, როგორც ერთხელ „დამინამიოკეს“. მგონი ჩემს სახლს ვუყვარვარ, ხშირად მიხუტებს, მეფერება, გულში მიკრავს. იშვიათად გულსაც მტკენს, როცა არასასურველი წარსულის რაღაც უაზრო ნაგლეჯს მახსენებს. პრინციპში ეგაა მგონი მთელი გრძნობის მუღამი, გიხუტებს და მერე გულს გტკენს.
ჩემს სახლში ჩემთან ერთად ჩემივე საგნები ცხოვრობენ. აი, ტელეფონი, რომელსაც ზარი აღარ აქვს, როგორც იტყვიან, გამოელია და სწორედ ახლა, ამ ღრმა ღამისას, ძალიან მინდა, რომ დარეკოს. გაჯინებული ვუყურებ და გულში მუდარასავით წარმოვთქვამ – დარეკე რა. მობილური გამორთული მაქვს, მინდა საერთოდ აღარ ჩავრთო, თუმცა ისიც ვიცი, რომ როცა წამოვდგები, მაინც აუცილებლად დასატენად გავაქანებ. აი ჩემს სახლს ვუყვარვარ, ტელეფონს კი – მგონი არა, რადგან არ უნდა დარეკოს, ერთხელ მაინც დაიწკრიალოს თუნდაც ჩემი ხათრით.
ერთი შეშლილი მახსენდება, ნასვამი ქუჩაში რომ გამვლელებს აჩერებდა და საწყალი, მაგრამ ბრაზიანი ხმით ეუბნებოდა „შენ არ მიყვარხარ, არა“. იშვიათად, კი ვინმეს, ძირითადად ნაცნობებს ასევე საწყალი, მაგრამ ლმობიერი ხმით ეტყოდა: „შენ, აი, შენ მიყვარხარ“ და ცდილობდა დაეკოცნა. ზურა ერქვა. ყველა, ვინც კი არ იცნობდა, გაოცებული უცქეროდა.
ისევ ტელეფონს გავხედე. მაგრძნობინა, რომ ვუყვარვარ, უბრალოდ, მგონი დარეკვაში რაღაც უშლის ხელს. ვიღაცას ებრძვის მგონი და არ მიმხელს. არადა, მე იმედი მეწურება, რომ ბოლო–ბოლო ერთ ზარს მაინც მაღირსებს. იმედი მაინც ცოცხლობს. არა უშავს. აი, ცოტა მოშორებით ჩემი კომპიუტერი ჩაბნელებული მონიტორით უსიცოცხლოდ შემომყურებს. ჩემს კომპშიც ახლა ღამეა. ერთმანეთთნ ძალიან ე. წ. პრაგმატული დამოკიდებულება გვაქვს, – ერთმანეთს ვჭირდებით, ასე, რომ მის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ გრძნობას არ განვიცდი.