Monday, August 25, 2008

სიუჟეტი №2

ხეობაში ჩაწურული ტბა მთის ფერდობიდან მთვარის შუქზე ისე ჩანს, როგორც წყალი ღრმა ჭის ფსკერზე. ისეთი სიჩუმეა, კაცი თეთრი, თხელი ღრუბლების ხმასაც კი გაიგონებს. დიდ ლოდზე ვჯდები. სიგარეტი ნაფაზის დარტყმისას ჩუმ „სშშ“-ს გამოსცემს და ბოლო წითლად უკიაფებს. ჩვენი ძილისპირული გამახსენდა, ტუჩმოკუმული ჩემს ხელს იბღუჯავ, თავქვეშ იდებ და ისე იძინებ. მე კი შენს დაძინებას ველოდები, მერე ხელს ფრთხილად გაცლი და თვალებს ვხუჭავ. სიგარეტს ვაქრობ თუ არა მეორე, განსაკუთრებულ ღერს ვუკიდებ და უღრმეს ნაფაზს ვარტყამ. ჯიბიდან მობილურს ვიღებ და sms-ს გიგზავნი: wish you were here. სიგარეტის ქაღალდში გახვეული ბალახი ეგრევე მოქმედებს. გარკვევით ვხედავ როგორ გაფრინდა ჩემი ტექსტი აპარატიდან, იგი ჯერ ტბის ცივ ზედაპირს ეხება, მერე ღრუბლებისკენ იჭრება და ბოლოს მთების მიღმა სიბნელეში უჩინარდება. სახეში ქარი მიბერავს და გაგზავნილი ტექსტის რამდენიმე სიტყვას ფეხებში მაყრის, მერე ისევ ბზრიალით მაღლა აქანებს. Messege delivered to… – ეკრანზე ეწერება. ღრუბლებმა ცაზე უფრო სწრაფად დაიწყეს ცურვა. სულ განაგლდნენ, მთვარესაც კი ეფარებიან. კიდევ ერთ ღრმა ნაფაზს ვურტყამ ხველებ-ხველებით.

თვალების დახუჭვისთანავე ცარიელ ქალაქს ვხედავ, სადაც არ არსებობს ტანჯვა, სადაც ფერად სახლებს თავშეფარებული სულები დაფრინავენ და ადამიანისთვალებიანი შენობები დგას. საღამოს ჟამს წარსულის აჩრდილები ლამაზრიკულებიან აივნებზე გამოდიან და ერთმანეთს ფინჯან სამოვრის ჩაისა და ტკბილ ქადაზე ეპატიჟებიან. სულად გადაქცევა საოცრად მსუბუქი პროცესია. გზადაგზა სხვა მოხეტიალე სულებს ხვდები. გამჭვირვალე, გადაღლილ სულებს ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. საერთოდ ისინი რადიოტალღებივით არიან და იმისათვის, რომ რომელიმე იგრძნო, უჩინარი მიმღების სახელური უნდა ატრიალო. ვიღაცასთან გასაუბრების მცდელობა ზოგჯერ უშედეგოა. ეტყობა, ზოგიერთს სახელური ან გაფუჭებული აქვს ან მისი ტრიალი არ სურს. კონკრეტულ სიხშირეზე აწყობილ სხვა მონათესავე სულების ძიება კი ძლიერ დამღლელია. ზოგს ხომ იდიოტივით მხოლოდ საკუთარი კუთხეში ყოფნის სურვილი აქვს.

ტყიდან ვიღაც გამოდის და არეული, აჩქარებული ნაბიჯით მიახლოვდება. სიგარეტს მთხოვს. ვესალმები, ვდგები, ღერს ვაწოდებ და სანთებელასთვის ქურთუკის ჯიბეში ხელს ვიყოფ. ისიც იყოფს ჯიბეში ხელს, იქიდან დანას იღებს, ფერდში მადებს, მაგრად მაჭერს და მემუქრება, – ფული და მობილური უნდა. ფერდში სისველეს ვგრძნობ, ეტყობა სისხლი წამსკდა. ვცდილობ დავუსხლტე, დანაზე ხელს ვუკრავ და გავრბივარ. ისე გავქუსლე, ლამისაა გული ამომვარდეს. ლამპიონებით განათებული სამანქანო ტრასა საფრენი ზოლივითაა. თავდაღმართში ისე დიდი სისწრაფით გავრბივარ თვითონაც მიკვირს. ვგრძნობ, მომდევს. ჩემკენ ხტება და ხელებით ფეხებს მიბოჭავს. წესით უნდა დავეცე და სახეზე ხელებს ვიფარებ, მაგრამ ტკივილს ვერა და ვერ ვგრძნობ, პირიქით, საოცრად მსუბუქი ვხდები.

ძირს ვიხედები და მთვარის შუქზე ჩემს ფეხებზე ხელებშემოჭერილი თავდამსხმელის შეშფოთებულ სახეს ვხედავ. იგი ხელებს მთელი ძალით მიჭერს და თავად ქვევით ჩახედვის ეშინია, რადგან უკვე საკმაოდ მაღლა ვართ ასულები. მიწა გაქრა და სულ უფრო ზევით ავდივარ, თითქოს უზარმაზარი ამწეს კაუჭზე ვიყო, თავდამსხმელსაც მივათრევ. მას შიშისგან და გაოცებისგან თვალები სასაცილოდ გადმოუკარკლავს. ხელი თუ გამიშვა, ძირს ჩამოვარდება და სადმე მთის ფერდობის ქვებზე ან ხეებზე ტვინს დაანთხევს.

მისი სიცოცხლე ახლა ჩემს ხელთაა, უფრო სწორად და კონკრეტულად – მისი სიცოცხლე ახლა ფეხებზე მკიდია.

მინდა გითხრათ, გადასარევი შეგრძნებაა.


4 comments:

  1. გზადაგზა სხვა მოხეტიალე სულებს ხვდები. გამჭვირვალე, ძალიან დაღლილ სულებს ვერ ხედავ, მაგრამ გრძნობ. "სულები რადიოტალღებივით არიან და იმისათვის, რომ ისინი იგრძნო, უჩინარი მიმღების სახელური უნდა ატრიალო. ვიღაცასთან გასაუბრების მცდელობა ზოგჯერ უშედეგოა. ეტყობა, ზოგიერთს სახელური ან გაფუჭებული აქვს ან მისი ტრიალი არ სურს. კონკრეტულ სიხშირეზე აწყობილ სხვა მონათესავე სულების ძიება კი ძლიერ დამღლელია. ზოგს ხომ იდიოტივით მხოლოდ საკუთარი კუთხეში ყოფნის სურვილი აქვს."

    ase mgonia me davtsere : (

    kvela sheni kalmis cripini dzalian mechemeba

    ReplyDelete
  2. რაღაც გრძნობამ და ძრწოლამ ამიტანა. არვიცი ამ გრძნობის სახელი. თან ამ მელოდიას ვუსმენ და უფრო ძლიერ მიტანს ეს ძრწოლა. გრძნობას მგონი "შიში" ჰქვია. შიში მომავლისა თუ წარსულის, არ ვიცი, მაგრამ რომელიღაცის უეჭველად არის. უცებ ბევრ რამეზე დავფიქრდი.
    კიარადა...
    ბევრ ვინმეზე...
    კიარადა...
    ორივე ერთად.
    გამაჟრიალა.
    მორიგ ჯერად მეგრძნო ადამიანის უსუსურობა. ახლა უკვე ძრწოლიდან ცრემლამდე ნაბიჯის მანძილი მილიმეტრებს უტოლდება. ან შეიძლება უკვე აღარც.
    ჰანგებს ვუსმენ და მგონია, რომ ეს ზუსტადაც რომ იმ ისტორიის ლეიტმოტივია, რომელიც ამწამს ასახე. რაც არ უნდა იყოს, ეს ხომ მაინც ასეა. ნებისმიერი ადამიანური არსებობის დასასრული ხომ მაინც ცრემლისა და უსუსურობის გამონაბოლქვია. ეს ადამიანის დასასრულია, რომლისაც არამიწიერად და არანორმალურად მეშინია.

    ReplyDelete
  3. daboloeba momewona zalian : )) shishi ar igrznoba, piriqit, tavdejerebuli mifrinav zevit, es xom mshvenieria?!
    albat martla mshvenieria : )

    ReplyDelete
  4. lash... memgoni dzalian mchirdebi...

    ReplyDelete