Sunday, July 13, 2008

სიუჟეტი №1

გუშინ პეტრე-პავლობა იყო. 

ჩემს ძლივს გაუთოებულ თეთრ პერანგსა და გრძელ ლურჯ ჰალსტუხში გამოწყობილი გხვდები და მეკითხები – „რა ვქნათ“.

„წავიდეთ, რამე ვქნათ“ – გპასუხობ. „ფოტოები გადამიღე, მთავარი გმირი ვიქნები“ – ვიღრიჯები.

„მე რომ გადაღება არ ვიცი? ნუ, კაი, ჯანდაბას. როგორი გინდა გამოგიყვანო? ისეთი როგორიც ხარ?“

„შენ როგორიც ხარ ისეთი. გახსოვს Zenzile-სა და Tricky-ს დუეტი? სიმღერას Reflection ქვია და იქაა სიტყვები I wanna be just like you – ისევ ვიღრიჯები და რაღაც უცნაურ პოზას ვიღებ. გეცინება, აპარატს მიმიზნებ და აჩხაკუნებ.

დილით კასტინგზე ვიყავი. რადიოში წამყვანი უნდოდათ და მივედი. იქაურ გოგოს ვუთხარი, რომ ბევრ რადიოში ვარ ნამუშევარი, ჩემიც კი მქონდა ერთი ხანი. დიახთ, დირექტორიც ვიყავი და მთელი ღამე საავტორო პროგრამაც მიმყავდა-მეთქი. მოდი, მიკროფონთან დაჯექიო – მეუბნება და ღილაკს თითს აჭერს.

დავკომპლექსდი რაღაცნაირად, მაგრამ იხტიბარი არ გამიტეხია და დავიწყე:

„შუადღე მშვიდობისა ჩემო კარგებო. ახლა თქვენ მისმენთ მე, ყველაზე ჰუმანოიდურ ადამიანს და ყველაზე არაადამიანურ ჰუმანოიდს. თავს გადასარევად ვგრძნობ, რომ თქვენთან საუბრის საშუალება ისევ მომეცა. ძალიან მომენატრეთ, ისე მომენატრეთ, რომ მესიზმრებით ხოლმე. იცით როგორ? აი, ყველა თქვენგანი თითქოს მე ვარ, ხან მანქანაში ვუსმენ საკუთარ თავს, ხანაც – ქუჩაში ყურსასმენგარჭობილი, ხან კიდევ სად. მსიამოვნებდა სიზმარში საკუთარ თავს რომ ვუსმენდი. ისიც მსიამოვნებდა, რომ მთელი ქვეყანა მე ვიყავი და ჩემს ხმას ვუსმენდი. თუმცა რამდენიმე ჩემგანს რაღაც არ მოეწონა და აი, უკვე ვბრაზდები“…

„გაჩერდით!“ – მიბრძანა იმ გოგონამ და მიკროფონი გამითიშა – „რას ლაპარაკობთ, რას ორიგინალობთ? ვის აკვირვებთ მაგით? საინფორმაციო წამყვანის ტონი უნდა შეგერჩიათ. კიდევ ხო არ ცდით?“

„რამე ტექსტი გექნებათ“ – ვეუბნები.

„იმპროვიზირება მინდა“.

„რა გნებავთ?“ – ვეკითხები – „რაზე გავაკეთო იმპროვიზირება? იმ დეგენერატობაზე, რაც ირგვლივ ხდება? სად შემიძლია მაგდენი“?

„ძალიან ვწუხვარ“.

შენ მეკითხები: „რომელ საგანთან ერთად გადაგიღო ფოტო? რაც გადავიღე, მგონი კარგი გამოვიდა. რამე ისეთი სახასიათო ნივთი არა გაქვს?“

„კარგი, ახლავე“ – გეუბნები და სამზარეულოში გავრბივარ. იქ ჩემს ყვითელ „ტეფალის“ ელექტროჩაიდანში წყალს ვასხამ და ვრთავ.

დღეს ავტობუსიდან ჩამომაგდეს. ფანჯარასთან ვზივარ ჩემთვის (სხვისთვის ჯდომა არ გამიგია) ამ ყვითელ ავტობუსში და მობილურის ეკრანს დავცქერი. შენზე ვფიქრობ, არადა მეუბნები ხოლმე ჩემზე საერთოდ არ ფიქრობო. ნურას უკაცრავად – აგერ ორადგილიან ჯაკუზიში ერთმანეთის პირისპირ ვწევართ და ჰიდრომასაჟის ბუშტულების ხმას ვუსმენთ, თან ერთმანეთს ფეხებით ვეფერებით. ეს ერთგვარი რიტუალია. ფეხი უფრო მგრძნობიარეა ვიდრე ხელის გული ან მთელი მტევანი, და საერთოდ, მე მიყვარს შენი ფეხები.

„ეს წვერგაბურძგნული ვინღაა? უზრდელი!“ – ვიღაც სიცხისგან გახვითქულ-გაოფლილი ბებო თავზე დამდგომია და ელოდება ადგილს როდის დავუთმობ. უკან ვიხედები და ცარიელ სავარძლებს ვხედავ. ამიტომ ბებოს ვაიგნორებ და ჩემს წინ მჯდომ მოკლეთმიან გოგონას ვუყურებ შიშველ ზურგზე. სიცხისგან კანი ოფლით დაცვარვია და მზის სხივებზე საკარნავალო კოსტიუმივით ბრჭყვიალებს. გოგონა ჩემსკენ იცქირება: „უზრდელო, რას მომჩერებიხარ?“ – მის თვალებში ჩემდამი რაღაცნაირი, ცივი ველური ზიზღია.

მოკლე ტექსტური შეტყობინება მომივიდა: „პეტრე-პავლობის ნათელი და ძალა გფარავდეს ჩემო კარგო!“ – ჩემს დას გავახსენდი უცხოეთში.

„პეტრე-პავლობას გილოცავ“ – ვეუბნები იმ ზურგგაბრწყინებულ გოგონას, რომელიც ეკლესიის დანახვაზე მალ-მალე იწერს პირჯვარს. ამრეზით გამომხედა და სამადლოდ თავი დამიქნიასავით. ჩემს გვერდით დედის კალთაში მჯდომ პატარა ბიჭუნას სათამაშო მანქანა დაუვარდა ძირს და აღნავლდა. დავიხარე, სავარძლის ქვემოდან გამოვაძვრინე, სული შევუბერე და გავუწოდე. დედამისმა მადლობა გადამიხადა, ბიჭუნამ კი როცა მანქანის გაბზარული საქარე მინა დაინახა, მწყრალად შემომხედა: „ცუდი ბიძია ხარ, ბანძი, მანქანა გამიფუჭე, გაეთრიე აქედან!“

„თქვენი დედაც..!“ – გაბრაზებული ავტობუსიდან ჩამოვედი.

აი, წყალიც ადუღდა.

„ეს რა არის? ხო შეგეძლო ცივი წყლითაც გაგეკეთებინა?“ – მეკითხები შენ.

„კი, მაგრამ ფოტო ასე უფრო მართალი გამოვა“ – გეუბნები და მდუღარე წყლით სავსე „გრელკას“ გულში ვიხუტებ. ნეტარ სახეს ვიღებ: „გადამიღე აბა“.

„დეგენერატი ხარ და არანორმალური“ – დამცინი.

აი, ამწუთას ისევ შენზე ვფიქრობ. წმ. პეტრე და წმ. პავლე მაღლიდან მანუგეშებენ. ერთ ჩემს მეგობარს სახლს უნგრევენ და ბოლო ორი დღე დარჩა იქ გასატარებელი. საღამოს მასთან გავედი.

„რა და ვინ არ უნახავს ამ სამზარეულოს კედლებს, ბევრი ბოლი, ნაშები, ორგიები და მთელი უბედურება… გული მწყდება, რომ სახლს ანგრევენ. ჩვენს გზებს გაუმარჯოს!“ – არყიან ჭიქას ჭიქაზე მიჭახუნებს. მეც რაღაცას ვლუღლუღებ და არაყზე „რედ ბულიან“ ქილას ვაყოლებ. ტანში სასიამოვნო ჟრუანტელს ვგრძნობ, მაგრამ რაღაც თითქოს მაინც ვერ ვარ კარგად. ადრე ეგეთი შეგრძნებები არ მქონდა – ან კარგად იყო ყველაფერი და სრულიად ბედნიერი ვიყავი, ან – მთლიანად უბედური. ეგრე არ იყო და თითქოსმაინცრაღაცვერ შეგრძნებები არ მქონდა.

„გავნახევარფაბრიკატდი, სრული ადამიანი აღარ ვარ მგონი“ – თქვა ჩემმა მეგობარმა, თითქოს იგრძნო რაზეც ვფიქრობდი. „თითქოს“ კი არა იგრძნობდა ისეთი გამოშტერებული სახე მქონდა.

არადა საკაიფო ფოტო გამოვიდა – განათებაც კარგია და მეც კარგად გამოვიყურები. უცბად ვყვირი: „წაშალე! რა საშინებაა!“ – ვხვდები რომ ძალიან სირობაა. არ მინდა ეგრე. რა „გრელკა“! ვაბშე გამოვტვინდი.

„მკიდია, თუ გინდა წავშალოთ“ – ამბობ ღიმილით.


Zenzile - Reflection (featuring Tricky)

17 comments:

  1. ლამაზია, ლამაზია, ლამაზი, ძალიან ლამაზი, ძალიან!

    მაგრად დაწერე, ლაშა, მადლობთ.

    რატო მადლობთ, არ ვიცი, მაგრამ მაინც :)

    ReplyDelete
  2. აუ ჰუმკა, რა საყვარელი ხარ რა...
    ვგიჟები შენს ასეთ ნაწერებზე...
    მიხარია, რომ დაუბრუნდი ბლოგს...
    ძალიან დამითბა გული...

    ReplyDelete
  3. Wow

    მართლა ძალიან მაგარია.

    ReplyDelete
  4. კარგი იყო :)

    ReplyDelete
  5. wow! რა მაგრად წერ თურმე. (არ მიყვარს ეს გამოთქმა wow, თავისით დაიწერა :))) ) კარგია, რომ გადავაწყდი დილიდან ასეთ პოსტს. ან ცუდია. ჯერ არ ვიცი

    ReplyDelete
  6. არა, ვინ გიბიძგა ბლოგის განახლებისთვის?? თქვი ერთი : ))

    თბილია შენსავით :*

    ReplyDelete
  7. დიდი მადლობა ყველას. იხარეთ. .)))

    ReplyDelete
  8. იF, იF, კარგია, ლამაზია, მზიანია და ტკბილია :*

    ReplyDelete
  9. უცილობლად კარგი ნამუშევარია, მაგრამ ერთი კითხვა მაქვს...
    თბილისში მარტო Red Bull-ი იყიდება? Burn-ი არ არის?
    P.S. რა მშვენიერი არებები არიან მუზები... :)

    ReplyDelete
  10. კარგი იყო! ანაც ძალიან კარგი!;)

    ReplyDelete
  11. lash...miyvarxar da avtobusshi da marshutkashi mec xshirad minda movtrialde da chasvlis cin shevagino xolme im gamdzgar sifatebs.... :user:

    ReplyDelete
  12. wow! Zalian magari iyo...
    erti amosuntqvit ikitxebao, rom amboben, iseti :)

    ReplyDelete
  13. ჯიგარი გამითბა :|

    ReplyDelete