Tuesday, December 03, 2013

ერმონია რომანში „ქუთაისი ქალაქია“

ერმონია, რეზო გაბრიაძის მიხედვით, ქუთაისის მფარველი ანგელოზია და ხშირად გვხვდება მის სხვადასხვა ნაწარმოებში. ერმონია საშუალო ასაკის მელოტი კაცია, რომელიც ხშირად შლაპით, აბრეშუმის თეთრი კაშნეთი და დალამბული კოსტუმით ან პალტოთი გვხვდება. ეწევა პაპიროზს. იგი მოულოდნელად ჩნდება ხოლმე ნაწარმოებებში, ძირითადად ქუთაისში ან ქალაქთან ახლოს მდებარე სოფლებში (ერთხელაც გერმანიაში) და ასევე მოულოდნელად ქრება. ყოველთვის არის იქ, სადაც მისი დახმარება თითქმის სასიცოცხლოა. შეუძლია ყველას თვალწინ, მაგრამ შეუმჩნევლად, გარდაიქმნას ჩიტად, ან თვითმფრინავ U2-ად. აქვს საოცარი იუმორის გრძნობა და კეთილია. ეს ნახატები აღებულია რეზო გაბრიაძის რომანიდან „ქუთაისი ქალაქია“, სადაც მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის დასრულების პირველ წლებში. ნახატების ავტორი, რაღა თქმა უნდა, თავად გაბრიაძეა.

აქ ნაწარმოების მთავარი გმირი, 10 წლის ვარლამი პირველად ხვდება ერმონიას, როგორც ბოძზე ასულ მონტიორს

„ბოლო ვაგონის ტამბურის კიბეზე ერმონია იჯდა, ლურჯი მაისური ეცვა, რომელსაც გულზე „შრომითი რეზერვები“ ეწერა“

„ბოლოს ერმონიამ თვალი გაახილა და მძიმედ დაადო მზერა ოფიცერს. თვალის გუგები შავი ჰქონდა, კაკლები კი თეთრი“

„სილოვან! პროვოკაციაა! ანგელოზობას მაბრალებენ! მიგონებენ! სამუშაო უნდათ დამაკარგიონ! რა უნდა ქუთაისში ანგელოზებს?! შენ თქვი რამე, პარტიული ხარ! შენ ხომ იცი, რომ ღმერთი არაა! ღმერთი თუ არაა, ანგელოზები საიდან გაჩნდებიან ამ ჩათლახებში!“

„ამხანაგო სტალინ! დარჩენილიყავით. თქვენ ხომ პროფესიით მღვდელი ბრძანდებით? ერთ მოკრძალებულ ეკლესიაში ჩაგვიტარებდით პატარა წირვას! ეს ხალხიც მოინანიებდა, თქვენც – დათაფლული ხმით ეუბნებოდა ერმონია სტალინს“

„აბრეშუმის თეთრმა კაშნემ არქიელის გორაზე გადაიფრიალა. ვარლამი მიჰქროდა მის წინ, სამაკატკით, საშინელი სიჩქარით. უკან მოსდევდა ველოსიპედს ჩაფრენილი შულცი“


4 comments:

  1. როგორ მინდა გაბრიაძის წიგნები. და მარტო დაფლეთილი უცხო ჩიტი მაქვს სახლში. გამოსცენ და გაყიდონ ტეატრის შესასვლელში!

    ReplyDelete
    Replies
    1. იგივე ვუთხარი თეატრის სალაროს ქალს ამას წინათ. ძალიან ბევრს უნდა და იქნებ გამოსცეს ბატონმა რეზომ-მეთქი. „შერეკილები“ (იგივე „უცხო ჩიტი“) იგეგმება რამდენადაც ვიცი, სხვაზე ვერაფერს ვიტყვიო - ასე მიპასუხა.

      Delete
  2. სანთლით ვეძებ , ყველა ბუკინისტმა იცის რომ მისი "ქუთაისი ქალაქია" მინდა, ალბათ რომ გამოჩნდეს სადმე კარგ ფასსაც დაამირტყამენ :) , ეს ნაწარმოები შედევრია, გერმანელებმა ის სკოლაში უნდა ასწავლონ ბავშვებს :) , ელექტრონული ვერსიაც ვერსად ვნახე, მოკლედ თუ რამ არ დაგავიწყდეთ :)

    ReplyDelete
  3. "შერეკილები" გვაქვს და ლამის ზეპირად ვისწავლეთ, "ქუთაისი ქალაქიას" კი ამაოდ ვეძებ, უკვე წლებია... :( რა იქნება, რომელიმე გამომცემლობამ მოისხას ამდენი დანატრებული მკითხველის მადლი.

    ReplyDelete