Wednesday, May 19, 2010

გულიკოს სრულიად დაუჯერებელ-დასაჯერებელი ამბავი

I

ერთ მშვენიერ დილას დედაქალაქი გრანდიოზულმა სენსაციამ გამოაღვიძა. ტელევიზიების დილის პროგრამები შეთანწყობილად და, ამავე დროს, შეშფოთებით აუწყებდნენ ყველას, რომ ქალაქში საოცრება გამოჩნდა. ბევრი ამ საოცრების თვითმხილველად ასაღებდა თავს. პირდაპირ ეთერში უხამსობას (თევზ ხამსაში არ აგერიოთ) აღარავინ დაგიდევდათ, თვით ტელებოსებიც კი, აღარ იბლოკებოდა უცენზურო სიტყვები და ასეთ სიუჟეტებსაც კი ნახავდით:

„აი, ბო&იშვილი, ბო&ის გაზრდილი ვიყო, ჩემი თვალით ვნახე გუშინ საღამოს რა, ჩემი დედა მოვ^@ან. თანაც ტიტველი ტო! ეს რა იყო ტო? ლისის ტბის მხრიდან პირდაპირ ჩვენს უბანში ჩამოვიდა ჩემს დედას შ*%#*ი!“ – მედგრად ამტკიცებდა ერთი არაფხიზელი ჯიგარი, რომლსაც, ეტყობოდა, ალკოჰოლი ჯერ კიდევ პირზე არ შეშრობოდა.

ტელევიზიები შეშფოთებულები გაჰკიოდნენ, რომ ჯერ-ჯერობით ამ საოცრების ვიდეომასალა არ გააჩნდათ და დახმარებას მოსახლეობას თხოვდნენ საკმაოდ სოლიდური ანაზღაურების სანაცვლოდ. საპატრულო პოლიცია ასეულ ათასობით ქუჩაში გამოსულ დაბნეულ ადამიანს ვერ აკავებდა. არადა, არავინ იცოდა რა უნდოდათ ქუჩაში, სად ეძებნათ საოცრება. უბრალოდ ყველა თავისთვის დაყიალობდა და ერთმანეთთან საოცრებაზე რამდენიმე სიტყვის ჩამოგდების შემდეგ უკვე მხიარულად მასლაათობდნენ მთავრობაზე, ვალუტის კურსზე, ბაზრის ფასებზე და საერთაშორისო ტერორიზმზეც კი.

ვინ იყო ეს საოცრება? აი კიდევ ერთი კომენტარი, ამჯერად პოლიციელის: „გუშინ მორიგეობა დამიმთავრდა თუ არა, ეგრევე სახლში წავედი ჩემი მანქანით და რას ვხედავ!!! ლისის ტბის გადასახვევის მხრიდან უზარმაზარი გოგო მოდის (თუმცა ქალი იყო თუ ახალგაზრდა გოგონა, შებინდებულში ვეღარ გავარჩიე), სიმაღლით ალბათ, ასე, 150-200 მეტრი იქნებოდა. მგონი ტიტველი იყო“. ამ სიუჟეტის ნახვის შემდეგ საზოგადოებაში დაბნეულობამ იმატა. ვის აღარ თხოვდნენ კომენტარს ტელევიზიები? პარლამენტარებით და მთავრობის წევრებით დაწყებული, მეეზოვეებითა და უცხოელი ელჩებით დამთავრებული. ისინიც საუბრობდნენ ყველაფერზე, გიგანტური გოგონაზე, ბრაზილიიდან შემოტანი ქათმის გაყინული ხორცისა და გენური ინჟინერიის მავნებლობაზეც კი. როდესაც ერთ-ერთმა მინისტრმა ფიცილი დაიწყო ტიტველი ქალი კუს ტბაზე ვნახე და მთებს მიეფარაო, მისი არსებობა საბოლოოდ ძალიან ბევრმა ირწმუნა. ატყდა ერთი ამბავი, გაზეთების დამკაბადონებლებს საქმე გამოუჩნდათ. მეორე დღეს პრესის პირველ გვერდებზე „ფოტოშოპში“ აწყობილი გიგანტური ტიტველი ქალების ცრუ სურათები დაბეჭდეს, რომელთაგან ზოგის ცოტაოდენ დაბინდული სახე ანჟელინა ჯოლის გაგახსენებდათ, ზოგისა კიდევ – მარია შარაპოვას. ერთი ყვითელი ჟურნალის „ინფრას“ დამკაბადონებელს კი ქალის შიშველს სხეულზე, რატომღაც, იტალიელი ფეხბურთელის, დელ-პიეროს თავი დაედგა.

ჟურნალისტებს საქმე მიეცათ, – მოკვლევები დაიწყეს. კომენტარებისთვის უფოლოგებს, პარაფსიქოლოგებს, ასტროლოგებს, ათასნაირი ჯურისა და რჯულის მჩხიბავებსა და მამაძაღლებს მიმართეს. იმათაც მშვიდი სახეები მიიღეს, აღიარეს, რომ ჯერ კიდევ შარშან ხედავდნენ რაღაც ხილვებს და დარწმუნებულებმა განაცხადეს, რომ ეს ტიტველი ქალი ციდან მოვლენილი საჩუქარი იყო და საქართველო აუცილებლად გადარჩებოდა, თანაც უახლოეს თვეებში. თუმცა იყვნენ სკეპტიკოსებიც და გიგანტური არსების გამოჩენა მათთვის ნგრევებთან, ადამიანების ჭყლეტასთან და მიწისძვრების საფრთხესთანაც კი იგივდებოდა.

„არა რა, რაღაცა არსებობს!“ – იმეორებდნენ ინტერნეტ-ფორუმებსა და ჩეთებს შესეული საერთაშორისო გლობალური ქსელის მომხმარებლები. საქართველოს მიმართ დაინტერესება საოცრად გაიზარდა. მსოფლიოს ძლიერი სქესის წარმომადგენლებს საქართველოში ჩამოსვლისა და გოლიათი ტიტველი ქალის ნახვის დაუოკებელი სურვილი გაუჩნდათ და ჩვენს საკონსულოებთან ტურისტული თუ საქმიანი ვიზის ასაღებად რიგში იდგნენ და ათენ-აღამებდნენ.

ბევრი ადამიანს გიგანტური ტიტველი ქალის (რომელსაც ტელერეპორტიორებმა ქალი-გულივერი, ქართულად, შემოკლებულად კი გულო შეარქვეს) გამოჩენის შიშით ღამითაც არ ეძინა. ხალხს სხვა სალაპარაკო აღარ ჰქონდა, ყველას ტიტველი ქალი ეკერა პირზე და ყვებოდნენ ათასგვარ დაუჯერებელ ამბავს. ვიღაცას ის მთაწმინდაზე, სატელევიზიო ანძის მახლობლად დაენახა, ზოგს – ზემო ვერაზე, ზოგსაც – ნახალოვკაში, ზოგიერთს კიდევ – ვაზისუბანში და გლდანში. ცენტრალური უბნების მაცხოვრებლები თავს ამ მხრივ დაჩაგრულად გრძნობდნენ. ქალაქის გარეუბნებში ბინების ფასი საოცრად გაიზარდა.

II

ამ ალიაქოთის დაწყებიდან ერთი კვირის თავზე კი „დროებაში“ აჩვენეს საკმაოდ ხანგრძლივი სიუჟეტი საოცრებაზე და ექსკლუზიურად მოპოვებული, სამოყვარულო კამერით გადაღებული დოკუმენტური მასალა (No Comment), რომელშიც გიგანტური ტიტველი ქალი, იგივე, გულო კვირა დღეს გადაკეტილ რუსთაველის პროსპექტზე დააბოტებდა და ეს მართლაც ასე მოხდა. თავისუფლების მოედნის მხრიდან ის ძალიან ფრთხილად მოაბიჯებდა, ვინმე რომ არ გაესრისა. იგი (პოპში არ აგერიოთ) საკმაოდ სიმპათიურად გამოიყურებოდა, თუ მხედველობაში არ მივიღებდით მის უზარმაზარ ზომებს. გულოს გრძელი, მხრებამდე ჩამოყრილი ღია წაბლისფერი თმა, მომწვანო მომღიმარი და უბოროტო თვალები, ლამაზი, თხელი და პატარა ცხვირი, შუაში ოდნავ გაყოფილი ნიკაპი, მშვენიერი ფორმის ცოტაოდენ აპრეხილი მკერდი და ჩამოქნილიო რომ იტყვიან, ისეთი ფეხები ჰქონდა. ასაკად 22-23 წელს მისცემდით.

მოსეირნე ხალხი თავიდან დაფრთხა და მიმოიფანტა წივილ-კივილით, მაგრამ მერე შეუთამამდნენ მშვიდ, უწყინარ გოგონას და ინტერესით ასცქეროდნენ. ირგვლივ გაოცების, ცნობისმოყვარეობისა და ქალის სურნელი დატრიალდა. რუსთაველზე მყოფმა მომწიფებულმა ბიჭებმა და მამაკაცებმა (ჯიგრებმა) ამ სასწაული არსების დანახვაზე ყბები ჩამოყარეს და თვალები გააფართოვეს. ამათგან ზოგიერთი ჩაიცუცქა, რამდენიმე მუხლებზეც კი დაეცა და ლოცვა დაიწყო (ამ დროს თვალი მაინც ზემოთ გაურბოდა). ამ რეფლექსური ქცევის დანახვაზე ქალმა ჯიგრებს ჯერ ნაზად გაუღიმა, თმები ხელით გაისწორა (ამ კონკრეტულ მომენტში ის ძალიან ბევრ ჯიგარს შეუყვარდა), მერე კი ხმამაღალი, ჯანმრთელი სიცილი აუტყდა. ამ დროს ქარმა დაბერა, ოღონდ ეს არ იყო არც აღმოსავლეთის, არც დასავლეთის, არც ჩრდილოეთის, არც სამხრეთის, არც ჩრდილო-აღმოსავლეთის თუ სამხრეთ-დასავლეთის ქარი. უცნაური, ასფალტის საფარის მიმართ პერპენდიკულარული, ნახშირორჟანგით მდიდარი ქარბუქი დატრიალდა. მავანი იმასაც კი ირწმუნებოდა, რომ ამ ქარბუქს მაშინ მენთოლიანი „ორბიტის“ არომატიც კი დაჰკრავდა. ყველას შესცივდა, პირველი გიმნაზიის წინ ხეები ყინულოვანი თრთვილით დაიფარა.

„მე თქვენ ყველანი ძალიან მომწონხართ, თუმცა ცოტა სასაცილოები ხართ. ჯერ არც კი ვიცი შეგიყვაროთ თუ არა!“ – დაიგრგვინა გოგონამ. ჯიგრები დაიბნენ, არ მოელოდნენ გოლიათი გოგონასგან მსგავსი წინადადების მოსმენას. თუმცა ამის შემდეგ გაუთვალისწინებელი რამ მოხდა. ცაში მონავარდე მერცხალი თუ ბეღურა ეტყობა ნესტოში შეუძვრა გოლიათს და მანაც დააცემინა. ტორნადოს მსგავსი გრიგალი ამოვარდა, რომელმაც მიწიდან ფესვებიანად ამოდღლიზა ხეები და ასფალტიც კი აყარა 200-250 მეტრის პერიმეტრზე. ყველაფერი მსხვერპლის გარეშე დასრულდა, მაგრამ დაცემინების შემდეგ მიწაზე უამრავი თაგვის ზომის ვირუსი დაცვივდა, რომლებიც გრიგალის ჩადგომისთანავე ადამიანებს გამოენთნენ და გრიპით დააავადეს. საპატრულო პოლიციის მანქანების სირენების ხმა გაისმა. „გულომ“ ამჯერად ყველა დაზოგა და ნაკლებად ექსპანსიურად ერთხელაც გაიცინა. მერე მთაწმინდაზე სირბილით აძვრა. გზად შემთხვევით „ჯეოსელის“ საკვანძო სარეტრანსლაციო ანძა გაანადგურა. ამის შემდეგ ქვეყანაში რამდენიმე საათით მობილური ტელეფონებით მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს ვეღარ აგზავნიდნენ.

ტელევიზიები გვიან მოვიდნენ, გოლიათი „გულო“ არსად აღარ ჩანდა…

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

III

სანამ ეროვნული მედია გულიკოს მოძიების წარუმატებელ ცდებს განაგრძობდა, საზღვარგარეთის ზოგიერთი ცნობილი გამომცემლობი (Playboy, Hustler, etc…) აჭრელდა გულოს გულახდილი სურათებით. CNN და BBC პირდაპირ ჩართვებს აწარმოებდა თბილისიდან. დაბნეულ თბილისელებსა და გულოს ფეხის ტერფის ანაბეჭდებს ანახებდნენ და როგორც ყოველთვის, აღნიშნულ კადრებს სიამაყით აღვსილი, ხმაში ცრემლგარეული ტონითა და უხარისხო თარგმანით „რ2“ და მისთანანი გადასცემდნენ. ხალხში კი, შემდეგი ჰიპოთეზები წარმოიშვა გულოს რაობის შესახებ:

1. ღვთის სასჯელია ჩვენს თავს მოვლენილი – მოინანიეთ ხალხო, მოინანიეთ თორემ მეორედ მოსვლა მოსულაო;

2. ეს არის მესამე ძალის (რუსეთი, სოროს-მასონები, იეღოველები და ა.შ.) მიერ მოწყობილი მორიგი პროვოკაცია! გონს მოეგეთ! არ წამოეგოთ! დაფიქრდით, ვის წისქვილზე ასხამს გულო წყალს! და საერთოდ რატომ არაა თემქაზე წყალი აგერ უკვე მეორე კვირაა?!

3. გულიკო ციური საქართველოდან გამოგზავნილი ანგელოზია – ის შეგვიყვანს ნათელ მომავალში;

4. ამერიკელების სიკრეტნი არუჟიაა მაჰმადიანური სამყაროს წინააღმდეგ, პროსტა რაღაც აშიბკაა ან ტრასნპორტირების ხარჯებზე ეკონომია გადაწყვიტეს და ჩერეზ ჩვენ და თურქეთი გადავა რა საზღვარზე, ერთ სექსუალურ რევოლუციას მოუწყობს რა…

5. უცხოპლანეტელია – მაია მაჩეხა ინაპლანეწიანკა ხო გაქვთ ნანახი – აი მაგ პონტში არა პროსტა ზომები კარგად ვერ განსაზღვრეს რა;

6. უტკაა ეგა უტკაა, პროსტა ძალიან დიდი უტკა!

7. ნუდისტების სარეკლამო აქციაა ან ფინურმა გასაბერი ქალების მწარმოებელმა კომპანამ სარეკლამო კამპანია წამოიწყოო ახალი ბაზრის ათვისების მიზნით...

მოკლედ, დიდი არეულობა სუფევდა ქალაქში. თქვენ წარმოიდგინეთ, ე.წ. „სამხრეთ ოსეთსა“ და აფხაზეთშიც – მოდიან, მოოოდიან, გულიკოები მოდიააან და ა.შ…

ასე იყო თუ ისე, გულიკომ მყარად დაიკავა ადგილი ქართველების და არა მარტო მათ ცნობიერებაში. საცა გოძილა იქ გულიკოცო და ლიუკ ბესონმა ახალი ბლოკბასტერის გადაღება განიზრახა გულოს თავგადასავლებისა და მეითინგის შესახებ. საქართველოში ტურისტული ბიზნესის აყვავებისთვის დაიწყეს მზადება, აჭარული ხაჭაპური გულიკოც კი გაჩნდა ზოგიერთი საზ.კვების ობიექტში, თუმცა ზომებისა და გამო, მისი გამოცხობა ასე არავის უცდია. ამერიკულმა Think tank-ებმა კი გულიკოს ნაშიერების გამრავლების შემთხვევაში მოსალოდნელი კატაკლიზმები განსაზღვრეს და საგანგაშო ანგარიშებიც ჩააბარეს თავიანთ ხელმძღვანელობას, რომელმაც კავკასიის ჯორჯიაში სათვალიანი და კეისებიანი ტიპები გამოაგზავნეს სპეციალური მისიით. რუსებმა ისედაც მზადყოფნაში მყოფი იარაღი კიდევ უფრო მეტ მზადყოფნაში მოიყვანეს და ერთი-ორიც გადახუხეს დლია ხრაბროსწი. მკვლევარებმა კამა-სუტრას ახალი ფურცლები აღმოაჩინეს სადაც სწორედ გულიკოსნაირი მდედრის გაბარიტების შესატყვისი პოზები იყო დეტალურად აღწერილი, თუმცა ტექსტის სრულად გაშიფვრა მისი სიძველისა და დაზიანების ხარისხის გამო ვერ მოხერხდა. დედამიწის სიახლოვეს მოლივლივე ამო-ს მწვანე ეკიპაჟიც კი დაბნეული იქექავდა ხელისმაგვარი წამონაზარდებით თავისმაგვარ წამონაზარდს – მათი დაკვირვების ობიექტი პლანეტა უფრო რთული გამოდგა ვიდრე ეგონათ, ამდენი სისულელითა და დისონანსით გამოწვეული სტრესის განეიტრალება მხოლოდ სახლში დაბრუნებას შეეძლო. მისია დასრულებულად ითვლებოდა როდესაც მათ გულო დააფიქსირეს და სრულ ფრუსტრაციაში ჩავარდნენ, ისე, რომ სახლში წასასვლელი გზაც კი დაავიწდათ.

თვითონ გული რას ფიქრობდა ამ დროს, არავინაც იცოდა.

IV

ნუუ სიმართლე ითქვას და გულომაც არ იცოდა რა ეფიქრა, ბოლომდე ვერ გაეგო სად იყო, ვინ იყო და რა უნდოდა საერთოდ წვენებში. რატომ ესმოდა ამ პატარა ხალხის ენა, რატომ იყო თვითონ ასეთი დიდი მათ ფონზე და რატომ იყო, უკაცრავად პასუხია და დედიშობილა? გულიკოს ბევრი კითხვა დაუგროვდა, პასუხის გამცემი კი არავინ ჩანდა – ხალხი მას თან გაურბოდა თან კუდში დასდევდა. ისედაც კარგა მაგრად დაბნეული ხალხი ჩანდა და გულიკოს მათი კიდევ უფრო დაბნევა ეუხერხულებოდა. ამიტომაც წასვლა გადაწყვიტა. მაგრამ სად უნდა წასულიყო? ანძის სიახლოვეში გადაწყვიტა დაძინება გულომ. მიწაზე თავის დადება და ხვრინვა ერთი იყო. რაღა გავაგრძელო და ერთი კი იხუვლა ხალხმა მეორედ მოსვლა დაიწყოო და გამოვარდა გარეთ, მიიხედა მოიხედა და გულოს გრანდიოზული ვარდისფერი ტაკოღა შერჩა ანძასთან. გულოს ეძინა, სიზმრად კი ატმის ყვავილები, ხეკორძულას წყალი, გავაზები, ხოხბები, ჯიხვები და მისთანანი ესიზმრებოდა. გულოს გულიანად ეძინა და გამოღვიძებას არ აპირებდა. საერთაშორისო აყალ-მაყალი არ ცხრებოდა ერთი, ორი, სამი კვირაც კი, მერე თანდათანობით ხალხი გულოს არსებობას შეეჩვია და ინტერესმაც იკლო. ორი თვის შემდეგ გულოს ტაკო და მისი მგრგვინავი ხვრინვა თბილისის „დასტაპრიმიჩაწელნოსწად“ ითვლებოდა, ფოტოაპარატებით შეიარაღებული ტაკოს მიჩერებული ტურისტები კი ქალაქის ჩვეულ მოვლენად იქცა.

გულიკოს მაისურები, სუვენირები, მისი სახელობის სასტუმრობი, რესტორნები, ბენზინგასამართი სადგურები, ი.მ.-ები, შპს-ბი. ს.ს-ები აბსოლუტურად ყველგან იყო. ქვეყანა გულიკოლენდად გადაიქცა. გულიკოს ეძინა და სიზმრად ხან ქვაბში მოტირალი ასმათი ესიზმრებოდა, ხან უდაბნოში მოღვაწე გრიგოლი, ხან რომაელები, ხან სპარსელები, ხან კი მონღოლები. გულიკოს ეძინა და მხოლოდ 6-7 თვის თავზე ვიღაც მოცლილმა, რომელიც მთაწმინდიდან ყოველდღიურად სურათებს უღებდა თავისი ახალი ფოტო გამოფენისთვის, სურათების შერჩევა-შედარებისას აღმოაჩინა და რომ გულიკო პატარავდებოდა. საბოლოო დასკვნის მიღებამდე კიდევ ერთი თვეც იცადა – არიქა, უკეთესი ფოტოები მექნებაო გულოსი და მერმე მთელი ქალაქი შეძრა – ალიაქოთი ხელახლა დაიწყო. თუ ადრე გულოსგან დაცვას ითხოვდნენ ახლა პირიქით გულოს დაცვას მოითხოვდნენ – ხუმრობა ხომ არაა ასეთი მონაპოვარის არსებობა ჩვენნაირ პატარა ქვეყანაში, ასეთი Publicity და ტურიზმის განითარება, ევროინტეგრაციის პროცესების დაჩქარებაც კი! მოკლედ გულოს დაპატარავება ერმაც და ბერმაც საკუთარი თითმყოფადობისა და სახელმწიფოებრიობისათვის სერიოზულ საფრთხედ მიიჩნია და დაიწყო ფიქრი – როგორ შეენარჩუნებინა გულოს არსებული ფორმები.



















საწყალო გულო, კიდევ კარგი რომ ასე ტკბილად გეძინა და არაფერი გაგიგია, როგორ გაგზომეს, როგორ გაგაანალიზეს და რამდენი ირბინეს შენს პერიმეტრზე. ავი თვალისაგან დასაცავად დიდი გიშრის სამაჯურიც კი შეგაბეს, მაჯაზე არა – ბარძაყზე. რაღაც უცხო უცხო სახელების მქონე პრეპარატები გიშხაპუნეს, მაგრამ შენ დაპატარავებას განაგრძობდი. ბოლოს ვიღაც ღვაწლმოსილმა დაასკვნა – ეს ძილის ბრალია, როდესაც ძინავს პატარავდება და რომ არ დაიძინოს შეიძლება, ისევ სიმაღლეში მოიმატოსო. შედეგად გულოს გაღვიძების ყველა ხერხი გამოიყენეს, „დიმუ ბორგირიც“ კი ჩამოუყვანეს ნიტო დანიიდან ნიტო ნორვეგიიდან უზარმაზარი დინამიკებითურთ, რამაც 15 წუთში მასობრივი მამაბასილისტური გამოსვლები გამოიწვია – რატომ ეს ეშმაკის კერძები და არა ნანი ბრეგვაძეო?!! არც ამან, არც ფოიერვერკებმა, არც ბევრმა სხვა რამემ გულო არ გამოაღვიძა – პირიქით ის უფრო ღრმად იძინებდა და უფრო სწრაფად პატარავდებოდა, იკლებდა სიმაღლეში. 11 თვეში გულოს საქართველოს ისტორია მე-20 საუკუნის 90-იანი წლების ჩათვლით დასიზმრებოდა, ხოლო ლიტერატურისა და ხელოვნების არათანმიმდევრული დასიზმრების ხასიათის გამო, ტურაშვილიდან ბარათაშვილზე გადამხტარიყო, კაკაბაძის პეიზაჟებისა და ევგენიძისეული სარეკლამო მელოდიების ფონზე. მის მიმართ ინტერესი განელებული იყო, როგორც მოღალატეს ისე უყურებდნენ, და რომ არა ერთი-ორი ფანატიკოსი უცხოელი და ადგილობრივი მეცნიერი, კაცმა არ იცის რა ბედი ეწეოდა გულოს. სულ რაღაც ერთ თვეში გულოს გაეღვიძა. ეს ფაქტი მის სასთუმალთან ჩაძინებულ სტაჟიორსაც კი გამოეპარებოდა, რომ არა დაბუჟებული ქვედა კიდურის ტკივილი. რაღა დაგიმალოთ და სტაჟიორი გულოს „ფანი“ იყო ჯერ კიდევ იმ დროიდან როდესაც გულო თავისი დიდების სიმაღლეებიდან აცქერდებოდა დედამიწას. და ახლაც, სამეცნიერო ინტერესის დაკმაყოფილების მიზნით მის სასთუმალთან ათენებდა და აღამებდა. გულომ თვალები გაახილა, სტაჟიორს შეხედა და გაკვრივებულმა ერთი წლის განმავლობაში პირველი სიტყვები აღმოთქვა – ბალი სულ სხვაა!

ჭირი იქა – ლხინი აქა
ქატო იქა – ფქვილი აქა

პ.ს. აქ უნდა იყოს მოკლე მიმოხილვა სტაჟიორის ბედისა, გულოს ბედისა, ბალის ბედისა და ა.შ. მარა სიზარმაცე რა ვუთხარი!
© Ermonia Longo
© Merry

პირველად გამოქვეყნდა 2005 წლის 9 ნოემბერს

6 comments:

  1. აუ
    რა მაგარი იყო :D
    სუპერ :D
    ჰაჰა :D
    ვისიამოვნე :))

    ReplyDelete
  2. bali sul sxvaa :D:D
    yochag, orives :*

    ReplyDelete
  3. დანქე შონ კომრადს. :)

    ReplyDelete
  4. :))) ასეთი ინტერესით თავად გულივერიც კი არ წამიკითხავს :)))

    ReplyDelete