ღამეა (ამის გაცხადება მგონი ზედმეტი იყო სათაურიდან გამომდინარე).
რით ვეღარ უნდა ისწავლოს ადამიანმა ჭკუა, რომ ღამის დადგომა იგრძნოს? სადღაც, ვიღაცის კარზე აკაკუნებენ. ჩემს კარზე აღარავინ დააკაკუნებს ისე, რომ გავაღო, მერე კარის უკან დავიმალო, შემოსულ გაოცებულ სასურველ სტუმარს მოულოდნელად თავს დავესხა და ჩემს ოთახში შემოვიპატიჟო. ჩემს სახლს ჩემი პულსი აქვს და აქ ყველაფერი ერთნაირად ჟღერს, როგორც ერთხელ „დამინამიოკეს“. მგონი ჩემს სახლს ვუყვარვარ, ხშირად მიხუტებს, მეფერება, გულში მიკრავს. იშვიათად გულსაც მტკენს, როცა არასასურველი წარსულის რაღაც უაზრო ნაგლეჯს მახსენებს. პრინციპში ეგაა მგონი მთელი გრძნობის მუღამი, გიხუტებს და მერე გულს გტკენს.
ჩემს სახლში ჩემთან ერთად ჩემივე საგნები ცხოვრობენ. აი, ტელეფონი, რომელსაც ზარი აღარ აქვს, როგორც იტყვიან, გამოელია და სწორედ ახლა, ამ ღრმა ღამისას, ძალიან მინდა, რომ დარეკოს. გაჯინებული ვუყურებ და გულში მუდარასავით წარმოვთქვამ – დარეკე რა. მობილური გამორთული მაქვს, მინდა საერთოდ აღარ ჩავრთო, თუმცა ისიც ვიცი, რომ როცა წამოვდგები, მაინც აუცილებლად დასატენად გავაქანებ. აი ჩემს სახლს ვუყვარვარ, ტელეფონს კი – მგონი არა, რადგან არ უნდა დარეკოს, ერთხელ მაინც დაიწკრიალოს თუნდაც ჩემი ხათრით.
ერთი შეშლილი მახსენდება, ნასვამი ქუჩაში რომ გამვლელებს აჩერებდა და საწყალი, მაგრამ ბრაზიანი ხმით ეუბნებოდა „შენ არ მიყვარხარ, არა“. იშვიათად, კი ვინმეს, ძირითადად ნაცნობებს ასევე საწყალი, მაგრამ ლმობიერი ხმით ეტყოდა: „შენ, აი, შენ მიყვარხარ“ და ცდილობდა დაეკოცნა. ზურა ერქვა. ყველა, ვინც კი არ იცნობდა, გაოცებული უცქეროდა.
ისევ ტელეფონს გავხედე. მაგრძნობინა, რომ ვუყვარვარ, უბრალოდ, მგონი დარეკვაში რაღაც უშლის ხელს. ვიღაცას ებრძვის მგონი და არ მიმხელს. არადა, მე იმედი მეწურება, რომ ბოლო–ბოლო ერთ ზარს მაინც მაღირსებს. იმედი მაინც ცოცხლობს. არა უშავს. აი, ცოტა მოშორებით ჩემი კომპიუტერი ჩაბნელებული მონიტორით უსიცოცხლოდ შემომყურებს. ჩემს კომპშიც ახლა ღამეა. ერთმანეთთნ ძალიან ე. წ. პრაგმატული დამოკიდებულება გვაქვს, – ერთმანეთს ვჭირდებით, ასე, რომ მის მიმართ რაიმე განსაკუთრებულ გრძნობას არ განვიცდი.
უჯრებში ქექვა დავიწყე და პირველად პლასტმასის, კბილებიან, თმის სამაგრს წავაწყდი. ერთ დროს ის ჩემთვის მეტად მშვენიერ თმებზე იწონებდა თავს. ეს თმები ძალიან მიყვარდა, მათაც ვუყვარდი (რაღაც დაფრაგმენტებული სასიყვარულო აღწერები გამომდის). ხშირად პირშიც კი მეჩრებოდა. მერე ქარი ამოვარდა (ახლა ცოტას გავაპოეტურებ), ჩემი ნაცნობი თმები ჯერ გაწეწა, მერე თან წაიყოლა. სიჩქარეში სამაგრი დარჩა. ვსიო! ტკაპ–ტკაპ–ტკაპ, – პლასტმასის თმის სამაგრს ვატკაცუნებ და კბილებით თითზე ვიმაგრებ. არც მტკივა, არც მიჭერს. უჯრაში ვაბრუნებ და ახლა რეზინის თმის სამაგრი მომყვა ხელში. რა ამბავია! მოშვებულა და უსასრულობის ფორმა მიუღია წამოფერდებული რვიანივით. ცუდი შედარება მოვიყვანე, რა შუაშია უსასრულობა, როცა არც ფერი, არც სუნი არ მახსოვს იმ თმისა, რომელსაც ის ჩამოშლისგან აკავებდა. ფაქტია, რომ ოდესღაც ეს თმები პატრონმა ჩამოშალა (შეიძლება ჩემი დახმარებითაც) და მერე აღარ შეიკრა ან დაავიწყდა. ამას წინათ იატაკზე დაგდებული ვიპოვე, გადასაგდებად შემენანა და მახსოვს, სანამ უჯრაში ჩავდებდი, უაზროდ დავცქეროდი კიდეც. ფიზიკიდან გამახსენდა, რომ რეზინს თავის ზომასთან შედარებით 3–ჯერ თუ 4–ჯერ შეუძლია გაიჭიმოს. მასაც უკან ვაბრუნებ.
ისევ ტელეფონს გადავხედე. ისევ დუმს.
საგნებია ჩემს ირგვლივ. ისინი ყოველ დილით მეგებებიან. ღამით კი ჩემზე ადრე იძინებენ. ისეთი მშვიდი, წყნარი ძილი იციან, რომ საერთოდ ვეღარ ვამჩნევ. მხოლოდ დილაობით, როცა ახლადგაღვიძებულ თვალებს ოთახზე მოვატარებ, ვგრძნობ, რომ გახარებულები მეგებებიან და ახალი დღის დაწყებას მილოცავენსავით, მაგრად რად უნდათ? აღარ მახსოვს არც ერთი მათგანი, მავიწყდება.
ამ ტელეფონმა უკვე გული გამიწყალა, ახლა თავისი კლავიშებით რაღაცნაირად, დამნაშავესავით შემომცქერის. ჯიუტი გოგოსავით მხოლოდ მიყურებს და არაფერს ამბობს, – არ რეკავს. დარეკავს ადრე თუ გვიან, – ვფიქრობ და ახლა წიგნის თაროზე შემოდებულ პატარა, ფერად თიხის სახლს თითების წვერებით ვეხები. თბილია. ნეტავ ასეთი სახლი მომცა სადმე მთის სოფელში. ვგრძნობ, რომ სიცხე მაქვს, რაღაცნაირად სიცივისგან მაბარძგვალებს, მხრები მიკანკალებს. ამ გახსენებაზე ხველა ამიტყდა და მუცელში სპაზმამაც დამიარა, დამსერა. რამდენიმე წამით ჩავიკეცე. მეამა. ახლა ისევ სახლს შევცქერი და მიკვირს ასე შემცივნებული მაინც რატომ ვიკავებ თავს, რომ ჩემი გრძნობები ხმამაღლა გამოვთქვა? ზურასავით შეშლილი რომ ვიყო, აუცილებლად გავამხელდი, რომ... აჰა, ვერ ვამბობ და მგონი არც მინდა ვთქვა. ვიღაც გონებაში მეუბნება, რომ ყოველი გრძნობის გადმოცემა შეპარვით ჯობია. მირჩევს სიტყვებს შორის რამე აზრი ჩავდო, თორემ მოჭარბებულ ემოციებზე საუბარი ან წერა ცოტა სასაცილო და მოსაბეზრებელი იქნება. ერთი შენაც ნეტაი არ გრუზავდე რა, – მოაყოლა ბოლოს იმ იდუმალმა ხმამ და მგონი გაქრა. რამდენად სიყვარულით მითხრა ეს ყველაფერი არ ვიცი, მარა ბოლოს გავიგე, რომ საჭიროა ძალიან მსუბუქად და იუმორით ვწერო. მგონი კეთილისმსურველი იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წერის შეწყვეტისკენ მომიწოდებდა აუცილებლად. თუმცა ჯობდა ეს უკანასკნელი ერჩია, ჩემი სიჯიუტის ამბავი რომ ვიცი, უფრო დაჟინებით გავაგრძელებდი წერას. ახლა კი მბეზრდებასავით ეს ყველაფერი.
კიდევ ერთხელ გადავხედე ტელეფონს და ახლა მგონი საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ჩემს ტელეფონს არ ვუყვარვარ. ნუ, რას ვიზამ? ეგეთებიც ხდება. ყველაფერს სიყვარულს ვერ მოთხოვ. არადა, იცით ამ მოთხრობასავით რაღაცის რა კარგი ფინალი წარმოვიდგინე? გითხრათ? კაით. მოკლედ ამ ხნის განმავლობაში ტელეფონი არა და არ დარეკავდა და მე ჩემი ოთახის დარჩენილი საგნების დათვალიერება–აღწერას (რა კაი სიტყვაა აღწერა) გავნაგრძობდი. თვით ტელევიზორის პულტზედაც კი გაგესაუბრებოდით და ეს ნაწერიც მოულოდნელად გაწყდებოდა და ხომ ხვდებით რატომაც? დარეკავდა ბოლოს და ბოლოს ეს დედაარღნიანი ტელეფონი და ამ მოთხრობასავით რაღაცას მშვენიერი ფინალი ექნებოდა. გავბედნიერდებოდი. ჩემი თხრობა ტელევიზორის პულტზე შეეწყდებოდა. რაკიღა გრძელდება, ე. ი. ჯერ არ დაურეკავს და ცოტა იმედს კიდევ ვიტოვებ, რომ აწკრიალდება. მანამდე კი ჩემს ირგვლივ სიჩუმეა, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს.
ო, ჩემო სიჩუმევ, ცრემლებამდე მიყვარხარ! ტელეფონო დარეკე გთხოვ! ვტირისავით. მგონი შევიშალე. ბლიად!
ზოგადად ჩემთან სახლში ამ სიჩუმეს ხან მუსიკა, ხან მაცივრის ხმა და კიდევ სხვა რაღაცეები არღვევენ. ახლა კი მას მხოლოდ საათის წიკწიკი არღვევს (ესეც მაგარი სიტყვაა). თუმცა ნამდვილად არ ვიცი იმას, რასაც ჩემი კედლის საათი გამოსცემს, შეიძლება ეწოდოს თუ არა წიკწიკი. რაღაცნაირი ხმა აქვს, ცოტა ხმამაღალი, მარშივით მკვეთრი. არ შეიძლება ასეთ საათებს რომ საერთოდ ხმა არ ჰქონდეს? ჩემთვის ნაცნობი თმების პატრონს მისი ხმა არ უყვარდა. ვერც იძინებდა და ვერც ვერაფერს აკეთებდა. მგონი მაგრად სძულდა. ერთი პერიოდი ჩამოხსნა კიდეც. შევინარჩუნე. საათზე ვამბობ. ჩემს სიჩუმეს კი მისი ხმა უყვარს, სულ ყურს უგდებს.
სანამ რამე სხვა მომაგონდება, ისევ ტელეფონი მახსენებს თავს. მგონი ის და სიჩუმე ერთმანეთს ებრძვიან. კი, ეგრეა ნამდვილად. სიჩუმე ცოტა დაბნეულიც კია. არ იცის ტელეფონს დაუთმოს თუ არა. ამ ჭიდილში (სპორტულ ტერმინს ვიხმარ) მგონი სიჩუმე იმარჯვებს. ცივილიზაციის ნაშიერი (ეუფ! ეს რამ დამაწერინა) კი კლავიშებით საცოდავად მიყურებს თითქოს მეუბნება კიდეც, ვიცი ახლა როგორ გინდა ჩემი ხმის გაგონება, მაგრამ შენი საყვარელი სიჩუმე არ მანებებსო. კიდევ მაქვს იმის პატარა იმედი, რომ ჩემი სიჩუმე საკუთარ პატივმოყვარეობას დათმობს და ტელეფონს ერთხელ დარეკვის ნებას მაინც დართავს. სამწუხაროდ, ეს იმედის ნაკვერჩხალი (რა უჭირს ასე რომ დავწერე?) საათის ყოველ დაწიკწიკებაზე ისე ნავლდება, ვრწმუნდები, რომ ჩემი ტელეფონი ჩემივე სიჩუმემ საბოლოოდ დააჩმორა. ეჰჰ, მგონი სიჩუმეს საერთოდ არ ვუყვარვარ, აი, იოტისოდენადაც კი ან იმდენად ძლიერად ვუყვარვარ, რომ არს სურს ჩვენს ინტიმურ ურთიერთობაში რაღაც ტელეფონი ჩაერიოს. იქნებ იდეალისტია ჩემი სიჩუმე და მცდის? არადა ეს ყველაფერი საოცრად მბეზრდება.
აააააააა! – ვყვირი ხმამაღლა, – გული მტკივა უკვე საშინლად, გესმის? მიეცი საშუალება დარეკოს!
მაგრამ სიჩუმე აბა რის სიჩუმეა, თუ სიჩუმითვე არ მიპასუხა? მეტიც, მან ჩემი სიტყვები ისე გადაყლაპა, რომ ექოც კი არ დატოვა.
ეტყობა სიცხემ ამიწია, ისევ შემაცია. მუცელში კი მორიგი ტალღა აგორდა. ტელეფონის დარეკვის იმედი საბოლოოდ გადამეწურა. ან რატომღა უნდა დარეკოს? ჩემი სიჩუმე ახლა ამ მოთხრობასავით რაღაცას დასცქერის და იქნებ ჰგონია კიდეც, რომ ამ ნაწერით საკუთარ ეგოს ვაკმაყოფილებ. არადა, მგონი ვუყვარვარ კიდეც, რადგან მისგან ვგრძნობ რაღაც თბილს, ეტყობა დაიღალა ჩემი ფხუკიანობით, ამიტომ ტელეფონს დარეკვის საშუალებას არ აძლევს, სამაგიეროდ დროს წიკწიკს ანებებს, არ ეჩქარება.
ახლა მალე წავალ და გარდავიცვლები ძილის სამყაროში. ოჰ, რა პათეტიკური სიტყვა ვიხმარე რაღაც შეუსაბამოდ. ეს „ოჰ“–იც ზედმეტია მგონი. შეიძლება ასეცაა, მაგრამ მე რატომღაც მომწონს, ამიტომ არ შევცვლი. ახლა მობილურს ჩავრთავ და მაღვიძარას დავაყენებ იმ შემთხვევისთვის თუ დღეს საერთოდ ძილი მიწერია. სადღაც 12–ზე მაინც რომ გავიღვიძო. sms მომსვლია.
დროებით ჩემო საგნებო!
მე თქვენ მძულხართ! (ბოლოში მოწყალე ღიმილაკით) :) <-- ეს მოწყალე ღიმილაკია. ცხვრების დათვლა არ მინდა, გარბიან. გუშინწინდელი ღამე იყო.
Твой молчащий телефон равен моим тикающим часам на стене..
ReplyDeleteНенавистная тобою тишина равна грохоту моей тяжелой стрелки..
Все одно.. Все раздробляет мысль.
Разница лишь в параллельности измерений..