ბოლო დროს იმდენი რჩევა აღმოცენდა ბლოგერების „ნაშრომებს“ შორის, რომ ხანდისხან ძრიელ ვიბნევი და თავი განუვითარებელი მგონია. :D გავარკვიე, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შეგრძნებები, რაც ამ „მოვალეობის მოხდის“ მიზნით დაწერილი პოსტების კითხვის შედეგად ჩნდება, თურმე მარტო მე არ მრჩება. აღარ დაგიმალავთ და ეს ფაქტი ყველაზე მეტად მახარებს, თორემ ნამეტნავად დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს. როგორც სტაჟიანმა ბლოგერმა (სტაჟიანობა ერთგვარად მოდაშიც ყოფილა), გადავწყვიტე „ვალში არ დავრჩე“ და ავხსნა ჩვეულებრივი წერილის გაგზავნის პიკანტური ნიუანსები.
ამ, ე. წ. „ტუტორიალების“ გადამკიდე, ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც ერთ-ერთ თბილისურ გაზეთში მოხდა, სადაც საუკუნის დასაწყისში თავადაც ვმუშაობდი. ერთი ჟურნალისტი სტატიის მოთავებას ვერ ასწრებდა. არადა, გაზეთი სტამბაში მალე უნდა გაეგზავნათ, რათა მისი დაბეჭდვა არ შეფერხებულიყო. დრო რომ გაეწელათ, ჟურნალისტებმა და მორიგე რედაქტორმა გაზეთის გამომცემელს შესჩივლეს, რომ კომპიუტერებში ასო „ღ“ გაგვითავდაო. შეწუხდა კაცი. გვიანი ღამე იყო. როგორ, ყველა კომპიუტერშიო – იკითხა. ეგრეა და რა გვეშველებაო – თავი მოისაწყლეს ამათ. რამდენი „ღ“ გვჭირდება, რომ გაზეთი დროზე მოესწროსო – ჰკითხა შეწუხებულმა რედაქტორ-ჟურნალისტებს. ამათ არც აციეს, არც აცხელეს და სადღაც 200-მდე „ღ“-ო. ეცა ტელეფონს, ხან ერთი გაზეთის რედაქტორს დაურეკა, ხან მეორეს. გაგიჟდნენ ისინი რა „ღ“-ებიო? ამან სიმწრით სთხოვა – ბოლო-ბოლო 200 ცალი „ღ“ ჩამასესხეთ და აუცილებლად გაგისტუმრებთო. ერთმა ისქესა, რომ რაღაც დალაგებულად ვერ იყო საქმე, მაგრამ არ დაიბნა და სტამბებს ექნება ეგ კომპიუტერის „ღ“-ებიო – გადაამისამართა ეს ჩვენი გაზეთის გამომცემელი. ეცა ტელეფონს ისევ და ახლა სტამბაში გადარეკა. იქიდან შემოუთვალეს, პატივცემულო, ვინმე გამოგვიგზავნე და ოხრად „ღ“-ებს გამოვატანთო...
ახლა საქმესაც მივხედოთ.
იმისათვის, რომ დავწეროთ წერილი, უპირველეს ყოვლისა, ამის სურვილია აუცილებელი. ი-მეილისგან განსხვავებით, წერილი შეიძლება ვერ მიწერო უცხო ადამიანს, რადგან რეალურ გარემოებებში წერილის გაგზავნის დროს ელემენტარულად უნდა იცოდე ადრესატის (რაც უნდა უმეგობრულესი იყოს იგი) ზუსტი გეოგრაფიული ადგილმდებარეობა, მისამართი და კიდევ რაღაც-რაღაცეები, რომელზეც ცოტა ქვემოთ მოგახსენებთ.
წერილი რომ დაწერო, აუცილებელია გვქონდეს ქაღალდის (ხალხში ქახალდსაც ეძახიან) ფურცელი. ეს უკანასკნელი არსებობს რამდენიმენაირი: რვეულის, საბეჭდი მანქანის, პრინტერის, ბლოკნოტის, წყალგაუმტარი და ა. შ. პრინციპში ეს ყველაფერი საწერად გამოდგება. დიდი ადამიანები ფურცლის ნაგლეჯებზე, სიგარეტის (ან პაპიროსის) კოლოფებზე, ტუალეტის ქაღალდებზე და ხელსახოცებზეც (ე. წ. „სოლფეტზე“) წერენ. მაგალითად, გალაკტიონი ლექსის ჩასაწერად ზოგჯერ ხელსახოცს ან პაპიროსის კოლოფს იყენებდა. თუმცა თუ შენ ნორმალური ფურცელი მოგეპოვება, შეეშვი მეტიჩრობას, ფსევდოპოეტობას და წერილი ნორმალურ საწერ საშუალებაზე დაწერე.
მეორე აუცილებელი კომპონენტი წერილის დაწერისას ფანქარი ან კალმისტარია. ფურცლის არ იყოს, უამრავი საწერი საშუალება არსებობს. თუ ტრადიციულად გვინდა წერილის წერა, ბატი უნდა იშოვო. ამისთვის სოფელში ჩასვლა მოგიწევს. ბატის დაჭერის შემდეგ მას ფრთიდან (სხვა ადგილიდან არ გადმოდგება) გამოაძრე ბუმბული (ფრინველი ამას გააპროტესტებს, მარა მისთვის დიდი დანაკარგი არ იქნება) და ან სამართებლით ან მჭრელი დანით წვერი წაუმახე. ამასთანავე მელნის ან ტუშის ყიდვა მოგიწევს სადმე საკანცელარიო მაღაზიაში. სხვათა შორის, დღემდე იშოვება, ისევე როგორც ლითონისგან დამზადებული კალმისტრები. საშრობიც საჭიროა, რომ წერისას მელანი ფურცელზე არ გაგედღაბნოს. უბრალო თხელი საშრობები ადრე ჩვეულებრივ სასკოლო რვეულებსაც მოჰყვებოდა. ხო, მართლა, მელანი აუცილებლად სამელნეში უნდა ჩაასხა.
ავტოკალამიც გადასარევი რამაა. არსებობს მელნით დასატუმბი ავტოკალმები და ბურთულაკებიანი (უბრალოდ პასტას რომ ვეძახით). ყველაზე კარგები ინგლისური Parker-ის ფირმისაა, სამუდამო გარანტია აქვს, როგორც მელნიანს, ასევე ბურთულაკიანს. პირადად ორთავე მაქვს აგერ უკვე 12 წელია. ბურთულაკიანში შიგთავსი ე. წ. „პასტის გული“ თუ გათავდება, საკანცელარიოში იყიდება „პარკერის“ „გულებიც“. მელნიან ავტოკალმის გამოყენებისას საშრობი ასევე გასათვალისწინებელია.
წერილის წერისას ფურცელს შუქი მარცხნიდან უნდა ეცემოდეს, თუ ცაცია ხარ – მარჯვნიდან. კალიგრაფიასაც ყურადღება მიაქციე რომ შენმა ადრესატმა ნაწერი გაიგოს. წერილი თუ მელნით დაწერე, როცა მორჩები დარწმუნდი, მელანი კარგად გაშრა თუ არა. ამის შემდეგ ფურცელი ფრთხილად გადაკეცე. დადგა მისი გაგზავნის დრო.
იმისათვის რომ წერილი ძველი მეთოდით გააგზავნო, მტრედის მოშინაურება მოგიწევს (შიკრიკის ქირაობა ნამეტანი ძვირი დაჯდება). ნებისმიერი მტრედი შეიძლება საფოსტო მიზნით გამოიყენო თუ ხუნდობიდან კარგად გამოწრთვნი. არსებობენ საფოსტო ჯიშის მტრედებიც. ამაზე ენციკლოპედიებში ბევრი ინფოა. მაგრამ, მტრედის გარდა არსებობს ჩვეულებრივი ფოსტა. წერილის გასაგზავნად აუცილებელია საფოსტო კონვერტი, რაშიც დაწერილი წერილი უნდა მოათავსო. ამის შემდეგ არკვევ რამდენი ეღირება მისი გაგზავნა, ეს დამოკიდებულია რომელ ქვეყანაში ან კონტინენტზე იგზავნება წერილი. ფასის დადგენის შემდეგ იმ ღირებულების საფოსტო მარკებს ყიდულობ, უკანა მხარეზე უსვამ ენას და საგულდაგულოდ აწებებ. კონვერტსაც ენით აწებებ. ზოგიერთ კონვერტს და მარკას შესანიშნავი გემო აქვს. წერილი მზადაა გასაგზავნად.
ნორმალურ ქვეყნებში არსებობს საფოსტო ყუთები, რომელიც ლითონისგანაა დამზადებული და ძირითადად ლურჯად ან წითლადაა შეღებილი. არსებობს გასაგზავნი და მიმღები საფოსტო ყუთი. გასაგზავნი ყუთები ქუჩებში ან კიდია სადმე კედელზე, ან ტროტუარზე დგას. მიმღები საფოსტო ყუთი კი ან სადარბაზოშია, ან ბინის შესასვლელ კართან კიდია, ან სახლის ეზოში დგას. გასაგზავნი საფოსტო ყუთით წერილს აგზავნი, ხოლო მიმღებ საფოსტო ყუთში ფოსტალიონი აგდებს შენთვის განკუთვნილ წერილს.
კონვერტის ზედა მხარეს აუცილებლად ადრესატის მისამართი უნდა დაწერო. თუ ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ამერიკაში (ჩრდილოეთშიც და სამხრეთშიც) ან ავსტრალიაში წერილს აგზავნი, ჯერ წერ მიმღების სახელსა და გვარს, მერე ქუჩის სახელწოდებას, მერე ქალაქის ან დაბის სახელს და ბოლოს ქვეყანას. რუსეთში კი ყველაფერი უკუღმაა, ანუ ჯერ წერ ქვეყანას, მერე ქალაქს და ა. შ. კონვერტზე საფოსტო ინდექსიც, ანუ ე. წ. საფოსტო „ზიპ-კოდიც“ იწერება. ქვედა მხარეზე კი იგივე წესების დაცვით საკუთარ მისამართს აწერ.
გადასარევი შეგრძნებაა, როცა კონვერტს ხსნი და იქიდან შენი ახლობლის ხელნაწერს იღებ და კითხულობ. ესთეტები წერილზე მოყოლილი სუნებით ტკბებიან. ესთეტებს ლამაზი საფოსტო მარკები და გემოვნებით გაფორმებული კონვერტები ან ღია ბარათებიც მოსწონთ და საერთოდ, ესთეტები კარგი ხალხია.
წერილი შეგიძლია საკუთარ თავსაც მისწერო, როგორც ამას პეპილოტა ვიქტუალინა როგალდინა აკეთებდა. ამას გვირჩევს ზოგიერთი ფსიქოლოგიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, ზოგი ბუდისტი ბერიც კი. მათი მტკიცებით, კარგი წერილი დადებითი აურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. თუ არავინ გწერს, მისწერე საკუთარ თავს ის, რაც გაგიხარდება, გაგისწორდება, თორემ მარკესის პოლკოვნიკივით ეულად იგრძნობ თავს, რომელსაც არავინ სწერს.
ბრავო, ძალიან მომეწონა! თანაც როგორი აქტუალურია ;)
ReplyDeleteგეიხარე დელფიკ. :D :)))
ReplyDeleteმომენატრა ასეთი წერილები :) :*
ReplyDeleteიტალიაში რომ ვცხოვრობდი, სახლის მიმღებში ჩემი ყველა მეზობელი ყოველ დღე თუ არა, დღესასწაულებზე მაინც იღებდა წერილებსა და მისალოცებს. მე კი მხოლოდ ბანკიდან და პოლიციის საემიგრაციო სამსახურიდან თუ მხვდებოდა ხოლმე შეტყობინებები :(
ReplyDeletelitterator
ReplyDeleteმეც დიდი ხანია არ მიმიღია. :)
pinkibu
აქ კარგი ტრადიციები რაცაა, მაგალითად თუნდაც ტრამვაი, ღია ბარათები, გამოწერილი ჟურნალ-გაზეთები, ხელით დაწერილი წერილები რატომღაც აღარ ევასებათ. ძაან "განვითარებულები" ვართ და სადაც ი-მეილია, ნამდვილი ფოსტა უკვე ეზედმეტებათ, ამიტომაა სულს რომ ღაფავს ეგ სფერო. :) არა ვართ ესთეტები, არა. .)
დღეს მომინდა წერილის გაგზავნა, მივედი ფოსტაში 20 წუთი რიგში ვიდექი, მერე 2 ლარი გადავიხადე, რამოდენიმე საფოსტო მარკაც გამოვაყოლე და წამოვედი. იგივე დროში და სრულიად უსასყიდლოდ 50 წერილს გააგზავნი, მართალია ისეთი სასიამოვნო ვერ არის, მაგრამ იაფი და სწრაფია.
Deleteამ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ, „საქართველოს ფოსტა“ ნამდვილად განვითარდა. იმედი მაქვს, საფოსტო სერვისები კიდევ უფრო დაიხვეწება და წერილის გასაგზავნად მაინცა და მაინც ფოსტაში მისვლა აღარ იქნება საჭირო.
Deleteიმ დღეს რადიოში რომ მელაპარაკებოდი ამაზე – თქმა და ქმნა ერთი იყო ესე იგი... ხვალიუ, ხვალიუ, კარგია! :)))))
ReplyDeleteჰა-ჰა 10 წელიც და მართლა არავი ემახსოვრება როგორ უნდა წერილის დაწერა და გაგზავნა. :)
ReplyDeleteარ ვიცი ვის როგორ, მაგრამ მე არ დამწყდება გული.
10 წელიწადში ბეჭდური მედია გაქრება და
სადღაც 30 წელიწადში ბეჭდური წიგნიც.
ადიოს.
ლორდო, ეგრე ფიქრობდნენ თეატრზე მოკვდებაო, როცა კინო გამოვიდა, რადიო მოკვდებაო, როცა ტელვიზორი მასობრივი გახდა (სიმღერაცაა Video killed the radio star), ვინილის ფირფიტა მოკვდებაო, როცა კომპაქტ-დისკები გამოიგონეს, ტელევიზორი იქნება გადასაგდებიო, როცა კომპიუტერი და ინტერნეტი მასობრივი გახდა, მარა ნურას უკაცრავად! (© მ. სააკაშვილი). :D ხოდა არ დაიჯერო ეგ შენ. :)
ReplyDelete"ღ"-ებზე ბევრი ვიცინე! :)
ReplyDeleteმიხარია როცა ადეკვატურ პოსტებს კიდევ ვხვდები სადმე.
ReplyDeleteდაგლიჯა, ისე შესწორებას შევიტან.) უკვე იყიდება კონვერტები, რომლებსაც ენის გასმა–გამოსმა აღარ ჭირდება, თავისივე წებო აქვს .D
"ღ"ებს რაც შეეხება, პო გამახსენდა, ამბავი ერთი "ჰ"ებიანი საგაზეთო წერილისა.)).*
კი, მარა ეგეთ კონვერტს მუღამი აღარ აქვს, თხელი ქაღალდი რომ უნდა ააცალო. რა ჯობია კონვერტის გემოს! :D :) :*
ReplyDelete@ERM0NIA
ReplyDeleteვინილის ფირფიტა მართლა მოკვდა როგორც მასობრივი პროდუქცია, ისევე როგორც ახლა CD კვდება. მაგრამ ეს სხვა ამბავია.
ტელევიზორიც რა თქმა უნდა გადავა კომპიუტერში ადრე თუ გვიან.
ნაბეჭდ წიგნზე კი... გაზათებსაც არ ჯეროდათ, მაგრამ დღეს დიდი პრობლემის წინაშე არიან. განსაკუთრებით ისინი, ვინც გვიან აუღო ალღო ამ ამბავს.
ნაბეჭდ წიგნებზეც სტატიტიკა და ბაზრის ანალიზი ძალიან ნათლად აჩვენებს პერსპექტივას...
ეგ თემა მაინტერესებს ზოგადად.
დაიჯერე შენც. ;) მე თუ არა ჯეფ ბეზოსს დაუჯერე :)
http://wp.me/pBTza-LV
http://wp.me/pBTza-pE
კარგი სტატიებია. :)))
ReplyDeleteლორდო ბატონო, ახლა მაგაზე რომ ვილაპარაკოთ, ნამეტანი შორს წავალთ. :) არა იმიტომ, რომ მართალი არ ხარ, არამედ სულ სხვა რამის გამო. ი-რიდერზე, რა თქმა უნდა, არც მე ვამბობ უარს, ისევე, როგორც ტექნიკის სხვა სიახლეებზე.
უბრალოდ, წიგნზე, იგივე ვინილზე ან თუნდაც კასეტაზე დაუსრულებლად შემიძლია ვისაუბრო სულ სხვა კუთხით. ისიც ვიცი, რომ რასაც ვიტყვი, არ იქნება არც რაციონალური და არც პრაგმატული, მარა... არის და იქნება რაღაცეები, რაც იარსებებს, მართალია, ძველმოდური იქნება, მაგრამ თუნდაც ამის გამო ღირს მათი არსებობა. მოკლედ, ბევრი სალაპარაკოა და არა იმიტომ, რომ შენ საწინააღდეგო დაგიმტკიცო, მარა იარსებებს. სიკვდილი რასაც ქვია, არც ერთს არ ემუქრება (მასობრივ ჭრილში ნუ განიხილავ რასაც ვამბობ). :)))
მასობრივ ჭრილში ნუ განიხილავ რასაც ვამბობ
ReplyDeleteმაშინ, რა თქმა უნდა, მართალი გამოხვალ :)
ვინილის წკაპუნი, წიგნის მტვერი თუ ტიპოგრაფიული მელნის სუნი... :) კი არის ამაში რაღაც მარადიული.
მაგრამ ირმებზე მონადირე გეხსომება - იქ რომ უსმენენ ქალაქის ხმაურს ფირფიტაზე ჩაწერილს. :)
მეც მოწამლული ვარ მაგ ხმაურით, მანქანების გამონაბოლქვით, ათასი უბედურებით... რომანტიკა მოკვდა ჩემში.
კიი, სენიორ რობინზონიც მახსოვს, ქარხნების კვამლიან მილებს რომ ხატავს კუნძულზე და მერე მძაფრად რომ ისუნთქავს. :D
ReplyDeleteეგ რომანტიკის სიკვდილი არაა, ჩემის აზრით, ტექნოკრატიულობა უფრო შეიძლება დავარქვათ. რომატიკა ინდასტრიალშიც კი შეიძლება კაცმა იპოვოს. :D პრინციპში თავადაც ტექნოკრატი გახლავართ გარკვეულწილად, მარა სუფთა ჰაერიც მევასება. :)
უი ლაშ მაინც დაწერე ხო? :)) კარგი სატირაა იმათტვის ვინც ზონარების შეკვრის ტიუტორიალებიც აიპებზე ნადირობს :)) მე კიდევ ის გამახსენდა ოსტაპ ბენდერის საბეჭდი მანქანა რ–ს მაგიერ ღ–ებს რომ ბეჭდავდა და განღოფილების უფღოსი რომ იყო
ReplyDeleteმშვენიერი წერილია წერილების შესახებ )))
ReplyDeleteცხოვრებაში ერთხელ მაქვს ეგრე გაგზავნილი წერილი და ერთი დღე მოვანდომე ყველაფრის დაზუსტება-გასწორებას )))
ჰა-ჰა! დანქე შონ გიო. :)
ReplyDelete