Wednesday, December 24, 2014

გასეირნება თბილისში

თუ თბილისის ქუჩებში სამუშაო საათებში გაისეირნებთ, იქ ძირითადად ასაკოვან ადამიანებს გადაეყრებით. ახალგაზრდების ერთი ნაწილი ამ დროს სასწავლებელსა თუ სამსახურშია, უფრო დიდი ნაწილი კი დროს კომპიუტერთან ატარებს. ტროტუარებზე თვალშისაცემია, რომ ადამიანების ნაცვლად აქაც ავტომობილები, მეტადრე დიდი ზომის მანქანები ბატონობენ, რომელსაც ჩვენში „ჯიპებს“ ეძახიან. ქალაქში მცირედ შემორჩენილ სკვერებში, საბედნიეროდ, მხოლოდ ბილიკებია და მანქანებისგან მეტ-ნაკლებად განმარტოვება ასე თუ ისე შესაძლებელია.

ქუჩაში სეირნობისას ცხვირს წვავს მანქანების გამონაბოლქვი, რომელსაც მძაფრი სუნი აქვს. განსაკუთებით შემაწუხებელია ბუნებრივ აირზე გადაკეთებული ძველი მანქანები. ზოგიერთი გვერდით რომ ჩაგივლის, ისეთი აქოთებულია, თავი სად შერგო აღარ იცი. ეს იმის მანიშნებელიცაა, რომ ჩვენი ქალაქის მანქანების უმეტესობა ტექნიკურად გაუმართავია.

მიუხედავად მოახლოებული დღესასწაულებისა,  ხალხის უმრავლესობის სახეზე არაფერი იკითხება,  ნერვიულობის, სევდის და ცინიზმის გარდა. თვალში მოგვხვდება ისიც, რომ უმეტესობას ამ ქვეყანაში ნამდვილად არ ულხინს და ისინი მომავლის დიდი იმედითაც არ გამოირჩევიან. სამაგიეროდ, თითქმის ყველა კვარტალში გამალებული მშენებლობებია. თბილისის ყველა უბანი თითქოს ეჯიბრება ერთმანეთს მაღალი და უმეტესწილად მახინჯი კორპუსების აგებაში. ამ მშენებლობათა გამო ტროტუარებზე სიარული ჭირს, რადგან სამშენებლო ზღუდეები თითქმის მთელ ტროტუარზეა გადმოწეული. ფეხითმოსიარულე იძულებულია მანქანების სავალ გზაზე იაროს.

საერთოდ კი ტროტუარებზე, რომელიც წესით ხალხის სასიარულოდაა განკუთვნილი, ყველაფერს ნახავთ, – პარკირებულ ავტომობილებს, სამშენებლო ზღუდეებს, სავაჭრო დახლებს, სხვადასხვა ზომის ჯიხურებს, ცხოველთა ფეკალიებს, თავახდილ საკანალიზაციო ჭებს და ა.შ. თბილისურ ტროტუარზე თუნდაც ერთხელ თვალის შევლებაც კი საკმარისია იმის მისახვედრად, რომ ამ ქვეყანაში ადამიანი და მისი უფლებები მეასეხარისხოვანია.

ეს ფოტოები დღეს გადავიღე ნუცუბიძის ქუჩასა და ვაჟა-ფშაველას გამზირზე.




Tuesday, December 09, 2014

ორშაბათის დილა

მთვარეს თუ გაუღვიძებიხართ? ორშაბათ დილას სწორედ მთვარემ გამაღვიძა, ისეთ მძლავრ შუქს აფრქვევდა, დროისთვის შეუფერებლად გაენათებინა ირგვლივ ყველაფერი. ფოტოებზე სადღაც 8-ის ნახევარია, როცა ქუჩაში ჯერ კიდევ ბინდია, რიჟრაჟი იწყება და ცისკრის ვარსკვლავიც ჩანს. შტატივის გამოღება ვეღარ მოვახერხე, – შემეზარა და პლუს, ოთახში ხრიგინსაც მოვერიდე, – ამიტომ ავტომატური ჭარბი ISO-ს გამო საკმაოდ „ხმაურიანი“ ფოტოები გამოვიდა.