Wednesday, July 31, 2024

„გახსენით შამპანურები, ჩვენ ევროპელები ვართ...“

გამოხმაურება ლაშა გაბუნიას წიგნზე „არაკოლექტიური ცეკვა“

© ცირა ყურაშვილი

დღევანდელ ვითარებაში, როცა საზოგადოებრივ აზრს მაჯლაჯუნასავით ადგას თავზე ქურდული კანონი და დეგრადირებისაკენ უბიძგებს, როცა, ჟარგონით რომ ვთქვათ, სიმართლის თქმა „გრეხია“, ხოლო კრიტიკას, უმრავლეს შემთხვევაში, მიკერძოების მანკიერი სარჩული აქვს გამოკერებული, ლაშა გაბუნიას წიგნი „არაკოლექტიური ცეკვა“ ნამძინარევ თვალებში შესხურებული ცივი წყალია ჩვენისთანა ფეხზე დაძინებული მკითხველისთვის, ამ საყოველთაო გადაგვარების ჟამს რუდიმენტივით, მაგრამ მაინც რომ შემოგვრჩა სიმართლით გახარების ნიჭი.

უზნეო საქციელი თუ არა, უხერხული მაინც არის სხვას მოუწონო და უკიჟინო სიმართლის თქმა მაშინ, როცა შენ თვითონ დადუმებული ხარ. მით უმეტეს, როცა იცი, სწორედ ამ ქურდული კანონის გამო როგორ ავადმყოფურად, ისტერიით აღიქვამენ დღეს კრიტიკას. რადგან ნაწვნევიც გაქვს შენსავე რამდენიმე უმნიშვნელო კრიტიკას რა რეაქციაც მოჰყვებოდა ხოლმე ადრესატთა მხრიდან – მარტო თოფის სროლა რომ აკლდა. როცა შენს მიერ თანამოაზრეებად მიჩნეულმა ადამიანებმა არათუ არ დაგიცვეს, ხმაც არ ამოუღიათ და სიტყვა არ „დაუსველებიათ“. ეტყობა მათ იციან, რომ არსებობს ასეთი ქურდული კანონი – სიმართლე არ უნდა თქვა! ხოლო იქ, სადაც სიმართლე დამარხული, ან თუნდაც შეფარულია, ლაშა გაბუნიას ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეუძლებელია საყალბეთი“ არ არსებობდეს.  

სიყალბე, მოჩვენებითობა შინ და გარეთ: წიგნში, ტელევიზორში, ესტრადაზე, ქუჩაში, სამარშრუტო ტაქსიში. ყალბი გრძნობები, ყალბი მელოდიები, ყალბი, უაზრო, უშინაარსო ფრაზები ყოვლად სულელური ლექსებისა – არაერთგზის რომ გავუღიზიანებივართ თითოეული ჩვენთაგანი და მაინც სიტყვა რომ არ „დაგვისველებია“. ლაშა გაბუნიას მხრიდან კი ხან კონკრეტული გვარები, ხან ადრესატებზე მინიშნება, ხან მძაფრი, მწვავე, ირონიული ქილიკი, ხან იუმორით წარმოჩენილი რეალისტური სახეები საყალბეთის მოქალაქეებისა, ყალბი ფრაზებისა და მელოდიების ფონზე ასე რომ ემარჯვებათ თვალების ზეაპყრობა, ხელების პარჭყვა. სამარცხვინო სურათებია და თუ რაიმე მაინც მალამოსავით ეცხება გულს, ეს შეუფარავი, მიუკერძოებელი კრიტიკაა, თან რომ გსიამოვნებს და თან სინდისსაც გქენჯნის, რადგან რაღაცის თქმა შეგიძლია და დუმხარ, ესე იგი ქურდულ კანონს იცავ.

„მომპარავი“, ქურდზე უარი უთქვამს, საგანგებოდ გაუმძაფრებია, ხაზი გაუსვამს პარვისთვის, რათა მკითხველისთვის, რომელთაც ჯიუტი დუმილით არაერთგზის წაგვიქეზებია არამხოლოდ ჯიბის ქურდები, არამედ სხვადასხვა სფეროს ყალბისმქნელები, ქურდების მთელი კოჰორტა – პარვის ნამდვილი, ამაზრზენი ხასიათი, ბნელი სახე კიდევ ერთხელ შეეხსენებინა. ვართ თუ არა საზოგადოება, გვაქვს თუ არა კულტურა, ვართ თუ არა კულტურულები, გასცდა თუ არა ჩვენი ხელოვნება პლასტმასის (ერთჯერადი) მოხმარების ფარგლებს – მსგავსი არაერთი კითხვა მთელი სიმწვავით დაისმის ლაშა გაბუნიას სტატიებში, სვეტებში, ესეებში, ინტერვიუებში. მართლაც, შეიძლება თუ არა კულტურული ეწოდოს, ან საზოგადოება ეწოდოს ადამიანთა თუნდაც ინტელექტუალურ ჯგუფს, რომელიც ქურდულად აზროვნებს, რომელთა შთამომავლობისთვის მისაბაძი და ავტორიტეტი ქურდია?

ამას წინათ პატარა ბიჭები ქუთაისის უბნების პრესტიჟულობის ამბავს არკვევდნენ და ლამის ჩხუბამდე მივიდა საქმე. აღმოჩნდა რომ ბალახვანი ჭომას იმიტომ კი არ ჯობნებია, რომ ამ ადგილს „ცისფერყანწელთა“ და შემდეგში პოლონეთში ცნობილი მხატვრის სტანისლავ პოპლავსკის სახელები უკავშირდება, ან, ბოლოს და ბოლოს, თუ ბიჭუნას მიერ თავის მოწონებაზეა საქმე, აქვე საცურაო აუზიცაა. ხოლო ჭომა ბალახვანს იმით, რომ აქ სამი აკადემიკოსი – ნიკო მარი და ძმები იოსებ და ლეონ ორბელები დაიბადნენ და რომ აქვე ერთ დროს საუცხოო, ახლა კი გავერანებული ბოტანიკური ბაღია, არამედ იმით, რომ ბალახვანში თურმე კანონიერი ქურდი „ნაცხოვრება“. სამაგიეროდ არც ჭომას ჰკლებია კანონიერი ქურდები. ქურდული კანონის აბა მე რა გამეგება, მაგრამ მართლა გაუგებარია, რანაირად შეიძლება ქურდი ავტორიტეტი იყოს მაშინ, როცა ბავშვს და მოხუცებულს ფულს ართმევს, როცა ღარიბ-ღატაკს სახლს უტეხავს, როცა ჩვეულებრივი და საყოველთაოდ ხმარებული ნივთისთვის ახალგაზრდა კაცს კლავს და თან ხმის ამოღებასაც გიკრძალავს. რანაირი კანონია ასეთი, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი დავუპირისპირეთ და რომელიც თვალს უბამს ჩვენს ახალგაზრდებს? ან რა უნდა დაუპირისპირო იმ ქვეყანაში, სადაც პროფესორზე 39-ჯერ მეტი ხელფასი იმ მინისტრს აქვს, რომელსაც თვეების განმავლობაში ერთხელ მოკრავ თვალს ფქვილიანი ტომრების ფონზე, ისეთ ვითარებაში, რასაც ჩვეულებრივი დღიური მუშა მცირეოდენი ანაზღაურების პირობებში სიხარულით გააკეთებდა, სადაც ერთი თვის ხელფასით ერთ მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ წიგნსაც ვერ იყიდი, სადაც უფულობის გამო პოეტს წლიდან წლამდე წიგნი გამოუცია კი არა, მეგობარი პოეტი კაფეში ვერ დაუპატიჟებია, სადაც პენსია საარსებო მინიმუმის მეოთხედია, სადაც მოსახლეობის დიდ უმრავლესობას პური, ყველი, კვერცხი, რძე ენატრება. სადაც აუღებელი ხორბალი ყანებში ლპება, სადაც გლეხის შრომას ფასი არ ადევს, და თუ როდისმე გლეხს შეუძლია სანახევროდ მაინც იყოს თავისი შრომის იმედად, წელიწადის მხოლოდ იმ თვეს, როცა მოსავალს მოიწევს. სადაც მოსახლეობამ ერთი ლუკმა პურის ფულისთვის მთელი რკინეულობა ქარს უკვე გაატანა და მალე თოხი და ბარი უღირალი ფასის გამო სანატრელი შეექნება, სადაც მთელი საქართველო ძველი საცხოვრისიდან აყრილა და ბაზრობებზე ათენებს და აღამებს. სადაც რეალობის გრძნობადაკარგული პარლამენტარები დილის სატელევიზიო სამზარეულოდან სხვადასხვა კერძების რეცეპტებს ისეთი ხალისით გვაწვდიან, თითქოს ყოველი მეორე ქართველის ოჯახში მაცივარი პროდუქტებით იყოს გატენილი და დიასახლისებს მარტო ის გვადარდებდეს, რომელ ინგრედიენტს რომელი შევუსაბამოთ, რომ რაც შეიძლება გემრიელი კერძი მოვამზადოთ. ქვეყანაში, სადაც ხელისუფლებას ჰგონია, რომ უკვე ბაღნარი გააშენა და ახლა სხვებს უნდა გაუწოდოს დახმარების ხელი. რომ მალე უცხოეთიდან ჩამომსვლელ თანამემამულეთა რიგები დადგება. რიგები მართლაც დგას, მაგრამ სამწუხაროდ ისევ გამქცევთა, რადგან უბრალოდ ძნელი კი არაა გაღატაკებულ ქვეყანაში ცხოვრება, არამედ წყევლაა და კრულვაა. რომ სამისდღემჩიოდ ანუ, მისდღემჩი ღატაკი და გაჭირვებული კუთხემეზობელს ხომ სძულს და სძულს, დედმამიშვილსაც თავს აბეზრებს.

ეკონომიკური დონის ამაღლების შემთხვევაში, თუ მანამდე საპატრულო პოლიციამ საბოლოოდ მოძალადის სახე არ დაიმკვიდრა და საერთოდ სიყალბესა და მოჩვენებითობას ზურგი აქცია, ქურდული ფსიქოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლა ალბათ შედგება და მოსახლეობა, მომავალი თაობები თავიანთი სიმპათიის ნაკადს გეზს უცვლიან. თუმცა სხვა ქალაქების არ ვიცი და ქუთაისელი პატრულები თავს ისე ისაწყლებენ, იქით მოგინდება მათი დაცვა. ან დაცვაზე რანაირად ეტყვი უარს, როცა მიღებული 300 ლარიანი ხელფასი ოჯახსაც უნდა აკმაროს, დაზიანებული მანქანაც შეაკეთოს და ბენზინიც იმ ფულით ჩაისხას. ამიტომ ამ უცხოური მარკის მანქანებმა პირველივე დღეების შემდეგ აღარ იციან ქალაქის შიგა თუ გარეუბნები, ასფალტაყრილი ქუჩები და შესახვევები. ციცინათელებივით დაციმციმებენ ქალაქში წრიულის მარშრუტით, ალამაზებენ და ევროპულ იერს აძლევენ ქალაქს. მერე რა, რომ დანაშაულის რიცხვმა არ იკლო, სამაგიეროდ გამოძახების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა წინ ოღრო-ჩოღრო და აყრილ-დაყრილი გზა უდევთ, მანქანა და ბენზინი რომ დაზოგონ, გულამოგლეჯილი პატრულები ფეხით მოძუნძულებენ შემთხვევის ადგილას. რა სიმპათიაზეა ლაპარაკი, რა მაგარ ტიპობაზე, რა ცხელ კვალზე, რა დანაშაულის აღკვეთაზე. ასეთი პატრულიც ხომ იმ საყალბეთის ნაწილია, რასაც ასე დაუზოგავად ამხელს წიგნის ავტორი.

რაც არ უნდა ფეხზე გძინავდეს, ტკივილის განცდის გარეშე ვერ წაიკითხავ ლაშა გაბუნიას ამ სტრიქონებს: „გახსენით შამპანურები, ჩვენ ევროპელები ვართ, საქართველო უნდა დავლოცოთ, როგორც ჩვენთვის უცხო, სხვა ქვეყანა, რომელიც ისტორიის წიაღში გარჩა და რატომღაც აწმყო არასდროს სწყალობს, მაგრამ არც მომავალი აქვს. ჩვენ პანკები, ანარქისტები გავხდით, რომლებიც მუდამდღე გავიძახით: No Future! – მომავალი არ არსებობს!“.

არა, მომავალი არსებობს, ზემოთ მოყვანილი სტრიქონებიც და ყველა მართალი სტრიქონი ამ იმედით იწერებოდა და იწერება. მწერალმა შეიძლება ჩვენსავით, როგორც ეს ქუთაისშია, თხუთმეტი წელიც წეროს და მთელი სიცოცხლეც ანაზღაურების, ჰონორარის გარეშე, მაგრამ მომავლის იმედის გარეშე ერთ სტრიქონსაც ვერ დაწერს.

ჟურნალი „ალტერნატივა“, № 6-7 (80-81), 2005



No comments:

Post a Comment