Friday, August 03, 2007

მიტოზი

ამ ბოლო დროს მგონია, რომ მიტოზს განვიცდი ხოლმე.

მიტოზი ხომ გაგიგიათ რაც არის? ბიოლოგიური ტერმინია. აი უჯრედის დაყოფის პროცესია. ანუ რამდენიმე მთელ ნაწილად ვიყოფი და პიროვნების გაორება აქ არაფერ შუაშია.

ამას ისე ხშირად ვგრძნობ ხოლმე, რომ ზოგჯერ ასეთ სულელურ სიტუაციაში ვვარდები. გადავდივარ, ვთქვათ, გადასასვლელზე, ხოდა ჩემი ერთი განაყოფი მშვიდობიანად გადადის, მეორე კი მანქანას უვარდება და ვუყურებ როგორ იცლება ის საცოდავი სისხლისგან. ცრემლიც კი მადგება თვალზე. თურმე როგორ მყვარებია საკუთარი თავი.

კიდევ ასეთ რამესაც ვგრძნობ.

ჩავდივარ სხვა ქალაქში და ამ დროს ჩემი განაყოფი სახლში რჩება, ჩვეულებრივად ბრუნდება სამსახურიდან, გამოივლის ნაცნობ მარკეტში, სადაც ყიდულობს სიგარეტს, ნაბეღლავს ან ლუდს, პურს და ა. შ.. აღარ ვნერვიულობ, რომ სახლი უპატრონოდაა მიტოვებული. ამავე დროს, ის ჩემისა (რა ზუსტი სახელი გამოვიდა) ჩემს მეგობრებს ხვდება, ელაპარაკება, ჩემს გოგონასაც ნახულობს. არ ვეჭვიანობ საერთოდ, ის ჩემისაც ხომ თავად გახლავართ. ამიტომ სიმშვიდე მეუფლება. თუ პლაჟზე ვარ, ზღვის ტალღებს ვუსმენ და კარალიოკს მშვიდად შევექცევი.

ჩემი ერთ–ერთი დანაყოფი საერთოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად. მას და მის ცოლს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ერთდროულ პერფორმანსებსაც კი აწყობენ. ეს ჩემისა მუსიკას წერს, მისი ცოლი კი ხატავს. ხდება ხოლმე, მისი ცოლი მეც მენატრება.

როცა მოგზაურობიდან ვბრუნდები და ბინის კარებთან მივდივარ, გასაღებს კი არ ვარგებ, ზარს ვრეკავ.

ეს ჩემისა კი სახლში მხვდება და კარს მიღებს.

იშვიათია, სიგარეტი ჩამომყვეს მგზავრობის შემდეგ. ეს კი როგორც შემხედავს, კარადის თავიდან გადამალულ სიგარეტს მიწვდის და მიღიმის.

მეც გავუღიმებდი დაღლილი რომ არ ვიყო და სარკეში ჩახედვა საშინლად არ მეზარებოდეს.

P. S. პირველი აგვისტოდან კიდევ ერთი სახელი დავირქვი. უკვე ორი ოფიციალური სახელი მაქვს და ერთიც ვირტუალური. :D



















Download:


  

Thursday, August 02, 2007

ბოთლ(ებ)ი

იმდენი ბოთლია ჩემს ირგვლივ, რომ ზოგჯერ მგონია მათში ჩავიღვრები და გადავნაწილდები.

ამაზე ფიქრმა ამ ბოლო დროს ისე ძლიერ შემიპყრო და შემაშინასავით, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ 70-მდე ლუდის ბოთლი სახლიდან ცელოფნის პარკებით გავათრიე და ერთ ბოთლების შემგროვებელს ჩავაბარე. ბოთლების მიმღებ მოხუცს გაჭირვებული კაცის დანაოჭებული სახე და ერთი დიდი ჭუჭყიანი ტომარა ჰქონდა. ბოთლები გულდასმით გადათვალა და მხოლოდ 2 ლარი გამომიწოდა. ვიცოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ მაინც მადლობა გადავუხადე, გავუღიმე კიდეც და სახლში შევბრუნდი. ბოთლები აღარ მემუქრებოდნენ, სახლში სისუფთავე დავამყარე.

არადა რა ჩიტური ახირებაა ეს ბოთლებში ჩაღვრა. თუმცა ეგრე ვიცი ხოლმე, კაი ცრუმორწმუნესავით რაღაც სისულელეს ამოვიჩემებ. ზოგჯერ მგონია, რომ აი, ახლა დახურული ფანჯრიდან დიდი მსუქანი ბუზი შემოფრინდება და პირდაპირ თვალებზე დამაჯდება, ან დაძინების დროს, რომელიღაც შინაგანი ორგანოს შეტევა დამეწყება და მერე.... აღარ ვიცი.

დღეს 15-16-მდე ბოთლი დამიგროვდა სამზარეულოში და მაგიდას აღარ ვეკარები.
არადა, რა უჭირს ვითომ? ბოთლებს იმისთვის აკეთებენ და მერე მასში რაღაცეებს იმიტომ ასხამენ, რომ ვიღაცეებს ასიამოვნონ.

კაი ღვინის ან ლუდის ბოთლში სიამოვნებით ჩავიღვრებოდი და ვინმეში გადავიღვრებოდი...


















Download: