Monday, January 07, 2008

ტელეგადაცემა "კედელი" © 1992 - 1994

დღეს ქრისტეშობაა, წლის განმავლობაში ალბათ ყველაზე თბილი დღესასწაული და მეც ცხოვრების სასიამოვნო ეპიზოდები მახსენდება, თუნდაც ჩემი პირველი ტელეგადაცემა. :)

1992 წელს, ქუთაისის კომერციულ ტელევიზიასთან (მოგვიანებით ტელეკომპანია „რიონი“) არსებულ როკ–სტუდიაში გაზაფხულზე როკ–გადაცემა „კედლის“ კეთება დავიწყეთ, რომლის პრემიერაც მალე, კერძოდ, იმავე წლის 17 ივლისს საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიის მე–2 არხზე შედგა. ორნაწილიანი გადაცემა ქართველ როკ–მსმენელებსა და შემსრულებლებს მიეძღვნა. ამ გადაცემის საშუალებით ქართველი ტელემაყურებლის წინაშე პირველად წარსდგა ქუთაისური ჯგუფი „აუტსაიდერი“, რომლის რამდენიმე სიმღერის ვიდეოვარიანტი ჩვენს სტუდიაში ცოცხლად ჩავწერეთ, ამავე დროს, გავიდა მუსიკოს გოგა ჟორჟოლაძის სიმღერაზე ჩვენს მიერ მომზადებული კლიპიც. მაყურებელი გაეცნო ბაჯუსაც.

მეორე გადაცემა მთლიანად მიეძღვნა 1992 წლის 12 ივლისს ქუთაისის ლადო მესხიშვილის თეატრში გამართულ როკ–აქციას „როკი ფონოგრამისა და შიდსის წინააღმდეგ“. გადაცემის სტუმრები იყვნენ დადა დადიანი, თავისი „ტაქსითა“ და „საბავშვო მედიცინით“, სერგი გვარჯალაძე თავისი „გენეტიკური კოდის“ წევრებით და „აუტსაიდერი“.

მესამე გადაცემაში ჩვენ შევეხეთ ანდერგრაუნდის იმდროინდელ განშტოებას, – მეტალს. მაყურებელს გავაცანით ქართველი და უცხოელი მუსიკოსები და მოყვარულები. ვისაუბრეთ, მეტალზე როგორც მოვლენაზე და ა. შ. სხვათა შორის, ეს პირველი გადაცემა იყო საქართველოს ტელე სივრცეში, რომელიც მეტალს მიეძღვნა, ისევე, როგორც ჩვენი მეოთხე გადაცემა, რომელიც მთლიანად პანკ–მოძრაობას დაეთმო.

ამის შემდეგ ჩვენ, ირაკლი მაჩიტაძე, კობა ჟორჟოლიანი (ორთავე დასავლეთ საქართველოში პირველი FM რადიოს, „ძველი ქალაქის“ დამფუძნებლები არიან) და მე მხოლოდ ქუთაისის ტელევიზიისთვის ვმუშაობდით. ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი როკ–გადაცემა კედელის გარდა, ეთერისთვის ამზადებდა გასართობ გადაცემას „RNN“, მუსიკალურ–გასართობ გადაცემებს „კედელის ჰიტ–პარადსა“ და „ესკალატორს“.

ამ დღეებში როგორც იქნა უკვე კარგად მოძველებული კასეტიდან
„კედელის“ მე–3 და მე–4 გადაცემები გავაციფრულე. გადაცემების სქრინშოტები (ფოტოები) ცოტა უხარისხოა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი, თუმცა ეპიზოდების გახსენება შეიძლება. სამწუხაროდ, პირველი (ორნაწილიანი) და მეორე გადაცემების ორიგინალი კასეტები ტ/კ „რიონში“ რამდენიმე წლის წინ გაჩენილ ხანძარს შეეწირა. თუმცა ვიცი, არსებობს ასლებიც და მისი შოვნის იმედი კიდევ მაქვს. :)

ამ სიმღერას კი ვჩუქნი კობას, ირაკლის და საერთოდ ყველას, ვინც კი ჩვენს გადაცემებზე მუშაობდა და ჩვენს ძველ, ერთგულ მაყურებელს. მრავალ შობა–ახალწელს დაესწარით! :)

Download:

The Rolling Stones - Jumpin' Jack Flash
























1 comment:

  1. va ra norchebi xart bujo :))
    ra xalxi ra xalxi
    da ra dro
    ehhh nostaljiii...
    mamenatra zveli rok dvijeniebi caleka papsam quteisi :)))

    ReplyDelete