გუშინ პეტრე-პავლობა იყო.
ჩემს ძლივს გაუთოებულ თეთრ პერანგსა და გრძელ ლურჯ ჰალსტუხში გამოწყობილი გხვდები და მეკითხები – „რა ვქნათ“.
„წავიდეთ, რამე ვქნათ“ – გპასუხობ. „ფოტოები გადამიღე, მთავარი გმირი ვიქნები“ – ვიღრიჯები.
„მე რომ გადაღება არ ვიცი? ნუ, კაი, ჯანდაბას. როგორი გინდა გამოგიყვანო? ისეთი როგორიც ხარ?“
„შენ როგორიც ხარ ისეთი. გახსოვს Zenzile-სა და Tricky-ს დუეტი? სიმღერას Reflection ქვია და იქაა სიტყვები I wanna be just like you – ისევ ვიღრიჯები და რაღაც უცნაურ პოზას ვიღებ. გეცინება, აპარატს მიმიზნებ და აჩხაკუნებ.
დილით კასტინგზე ვიყავი. რადიოში წამყვანი უნდოდათ და მივედი. იქაურ გოგოს ვუთხარი, რომ ბევრ რადიოში ვარ ნამუშევარი, ჩემიც კი მქონდა ერთი ხანი. დიახთ, დირექტორიც ვიყავი და მთელი ღამე საავტორო პროგრამაც მიმყავდა-მეთქი. მოდი, მიკროფონთან დაჯექიო – მეუბნება და ღილაკს თითს აჭერს.