Tuesday, September 22, 2009

ცხოველები და კანონმდებლობა

აქ შეიძლება დავდო ჩემს მიერ მომზადებული ის ინფორმაციები, რომლებსაც ერთ-ერთი გაზეთისთვის ვთარგმნიდი. რა თქმა უნდა, საკუთარ სტატიებს ჩემს ვირტუალურ გაზეთ „ანარეკლში“ ვაქვეყნებ-ხოლმე, ესენი კი მოკლე ინფორმაციებია და აქაც შეიძლება მათი გამომზეურება. პირველ რიგში ცხოველებთან დაკავშირებულ სხვადასხვა ქვეყნის საკანონმდებლო ინფორმაციებს გაგაცნობთ.

ავსტრიაში ცხოველთა დაცვის ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს

2004 წლიდან ავსტრიაში პარლამენტის გადაწყვეტილებით ევროპის ქვეყნებს შორის ცხოველთა დაცვის ყველაზე მკაცრი კანონი მოქმედებს. ამ კანონის თანახმად დანაშაულად ითვლება: ქათმების ვიწრო გალიებში გამომწყვდევა, ძაღლისთვის ყურისა და კუდის მოჭრა, მსხვილფეხა პირუტყვის სქელი და უხეში თოკით დაბმა. ამ კანონის თანახმად, ცირკში კატეგორიულად იკრძალება ლომისა და სხვა ველური ცხოველების გამოყენება, დაუშვებელია ძაღლის ჯაჭვით დაბმა, მახრჩობელა საყელურის გამოყენება, ამავე დროს, არ შეიძლება ეზოში „უხილავი ღობის“ დამონტაჟება, რომელიც ცხოველს დენს ურტყამს იმ შემთხვევაში, როცა იგი ზღვრული ფარგლების გადაკვეთას ცდილობს. საგულისხმოა, აგრეთვე, ისიც, რომ ზოომაღაზიებში აკრძალულია ლეკვებისა და კნუტების ჩახუთულ ვიტრინებში ჩასმა. კანონის დამრღვევი ჯარიმის სახით 2-დან 15 ათასამდე ევროს გადაიხდის.

იტალიაში კატის მიტოვებისთვის ერთწლიანი ციხეა

2004 წელს იტალიაში მიიღეს კანონი, რომელიც ცხოველებს ადამიანების მხრიდან მკაცრი მოპყრობისგან იცავს. ნებისმიერი ადამიანი, ვინც კატას ან ძაღლს მიატოვებს, სისხლის სამართლის პასუხიმგებლობაში მოყვება. დამნაშავეს ერთი წლით ციხეში ჩასვამენ და ჯარიმის სახით 10 000 ევროს გადაახდევინებენ. აღნიშნული კანონის მიღებამდე იტალიაში ყოველწლიურად ადამიანები 150 ათას ძაღლსა და 200 ათას კატას უმეთვალყურეოდ ტოვებდნენ.


შვეიცარიაში შინაურ ცხოველებს განსაკუთრებული სტატუსი აქვთ

2002 წელს შვეიცარიის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმების დიდი უპირატესობით მიიღო კანონპროექტი, რომელმაც ცხოველებს განსაკუთრებული სამართლებრივი სტატუსი მიანიჭა - ცხოველების საგნებთან გაიგივება აიკრძალა. ავსტრიაში სასამართლო გარჩევებისას ჩვენი „უმცროსი მეგობრების“ ინტერესებიც არის გათვალისწინებული.

მაგალითად, განქორწინების დროს ქონების გაყოფისას ადრე ძაღლსა და კატას მათი საბაზრო ღირებულების მიხედვით აფასებდნენ, დღეს უკვე მოსამართლე წყვეტს, რომელ ყოფილ მეუღლესთან უკეთ იგრძნობს თავს ცხოველი. თუ ვინმეს წყალობით ცხოველს რაიმე ტრამვა აქვს მიღებული, მოსამართლეს შეუძლია დამნაშავე აიძულოს უმკურნალოს ცხოველს და ა. შ. შვეიცარიელი ცხოველთა უფლებების დამცველების აზრით, „უმცროსი მეგობრების“ უფლებები ქვეყნის კონსტიტუციითაც უნდა გამყარდეს. ამავე დროს, ისინი ცხოველებისთვის „ადვოკატურის“ ჩამოყალიბებასაც ითხოვენ. მათი აზრით, მსგავსი იურიდიული მომსახურეობა აუცილებელია, რათა სასამართლოებზე ცხოველთა ინტერესები კიდევ უფრო მეტად იყოს დაცული.

ლატვიაში შეზღუდულია აგრესიული ჯიშის ძაღლების შეყვანა

2001 წლიდან ლატვიის მთავრობის გადაწყვეტილებით მოქმედებს ძაღლებისა და კატების ყოლის წესები, რომლის მიხედვითაც აკრძალულია აგრესიული ჯიშის ძაღლების ყოლა, გამრავლება და ქვეყანაში შემოყვანა.
ჩამონათვალში შევიდნენ: პიტბულტერიერი, არგენტინული დოგი, ბრაზილიური ფილი, ამერიკული სტაფფორდშირული ტერიერი და ამ ჯიშებს შორის ნაჯვარი ძაღლებიც. ხოლო ზემოთჩამოთვლილი ჯიშების ის ძაღლები, რომელიც ამ წესების შემოღებამდე ლატვიაში ცხოვრობდნენ, კასტრაციასა და სტერილიზაციას დაექვემდებარნენ. წესები შემოღებას წინ მრავალრიცხოვანი ტრაგიკული მოვლენა უსწრებდა წინ, მათ შორის, ორი ბავშვის საშინლად დაკბენა რიგაში.

ისრაელი როტვეილერების გარეშე

2004 წლიდან ისრაელის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მკაცრი ინსტრუქციების თანახმად, ქვეყანაში იკრძალება „სახიფათო“ ჯიშის ძაღლების ყოლა, მოვლა და შემოყვანა. ინსტრუქციის ერთ-ერთ პუნქტში ჩამოთვლილია რა ჯიშის ძაღლების შემოყვანაც არ შეიძლება. მათ შორისაა: ამერიკული სტაფფორდშირული ტერიერი, არგენტინული დოგი, ბულტერიერი, პიტბულტერიერი, როტვეილერი და სხვები. გადაწყვეტილება სამინისტრომ მას შემდეგ მიიღო, რაც თელავივში ამერიკულმა სტაფფორდშირულმა ტერიერმა 4 წლის გოგონა საკუთარი დედის თვალწინ სასიკვდილოდ დაგლიჯა. სამინისტროს დადგენილების მიხედვით, ყველა უპატრონო ძაღლი, ან ძაღლი, რომელსაც პატრონი ქამანდისა და ალიკაპის გარეშე ასეირნებს, დაჭერასა და კარანტინს ექვემდებარება. 18 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებს კი მარტო ასეთი ძაღლების გასეირნება ეკრძალებათ. 

მეზობლის ძაღლის მიერ დაკბენილი კატის წყალობით ქალბატონი 45 000 დოლარით გამდიდრდა

ამერიკის ჯორჯიის შტატის ქალაქ სიეტლის მოქალაქე ქალბატონმა მეზობელს, რომლის ძაღლმაც მისი უსაყვარლესი კატა დაკბინა, მუნიციპალურ სასამართლოში უჩივლა და პროცესი მოუგო. მისი ადვოკატების ინფორმაციით, სასამართლომ ძაღლის პატრონი შინაური ცხოველების კონტროლის დარღვევასა და უყურადღებობაში დაადანაშაულა და კომპენსაციის სახით დაზარალებული მხარისთვის 45 000 დოლარის გადახდა დაავალა.

6 comments:

  1. saqartveloshi am mxriv ra cudi mdgomareobaaa :( ramden knuts da lekvs agdeben xolme :( dzalian miyvars cxovelebi(katebi gansakutrebit) samwuxaroa, rom chventan ase sastikad eqcevian cxovelebs :(

    ReplyDelete
  2. ძალიან მიყვარს ცხოველები და ჩემი ნება რომ იყოს, ზოოპარკს საერთოდ გავაუქმებდი, ბავშვები დიდ არაფერს სწავლობენ მანდედან
    მაგრამ პირველ რიგში - ადამიანებზე უნდა იზრუნოს ქვეყანამ და მერე ცხოველებს მიხედოს;

    ReplyDelete
  3. რა საინტერესო ინფო იყო
    და მომეწონა ეს ახალი კანონები
    ალბატ იმიტომ რომ მიყვარს ძალიან შინაური ცხოველები
    ნუ გარეულებიც პრინციპში :)))

    ReplyDelete
  4. საქართველოში კი თუ ძაღლი მოკვდა, ძაღლი მიაკვდა სულშიო, – მიაძახებენ.
    მაგარი იდიოტები ვართ, რა...
    მაგრამ მთლად ისეც არ მინდა, რომ დილით სახლში პითონს თუ დილამშვიდობისა არ ვუსურვე, ამის გამო პოლიციამ ჩემი თავი ნიანგებს გაუნაწილოს :))

    ReplyDelete
  5. ისე ვინც როტვეილერების წინააღმდეგ მიიღო კანონი - უბრალოდ იდიოტია.
    საერთაშორისო კინოლოგიური ასოციაციის (თუ რაც ქვია) სტანდარტებით როტვეილერი არის:"კეთილი ძაღლი, რომელიც კეთილგანწყობილია ადამიანების მიმართ და უყვარს ბავშვები" (გასტრონომიული სიყვარული არ იგულისხმება, ცხადეა).

    ასე რომ, უჭკუო პატრონები უნდა აიკრძალოს და არა როტვეილერი.

    ReplyDelete
  6. რა შესანიშნავი კანონებია. განსაკუთრებით ავსტრიის მიდგომა მომეწონა.

    ReplyDelete