ბოლო დროს იმდენი რჩევა აღმოცენდა ბლოგერების „ნაშრომებს“ შორის, რომ ხანდისხან ძრიელ ვიბნევი და თავი განუვითარებელი მგონია. :D გავარკვიე, რომ, საბედნიეროდ, მსგავსი შეგრძნებები, რაც ამ „მოვალეობის მოხდის“ მიზნით დაწერილი პოსტების კითხვის შედეგად ჩნდება, თურმე მარტო მე არ მრჩება. აღარ დაგიმალავთ და ეს ფაქტი ყველაზე მეტად მახარებს, თორემ ნამეტნავად დაჩაგრულად ვგრძნობდი თავს. როგორც სტაჟიანმა ბლოგერმა (სტაჟიანობა ერთგვარად მოდაშიც ყოფილა), გადავწყვიტე „ვალში არ დავრჩე“ და ავხსნა ჩვეულებრივი წერილის გაგზავნის პიკანტური ნიუანსები.
ამ, ე. წ. „ტუტორიალების“ გადამკიდე, ერთი ისტორია გამახსენდა, რომელიც ერთ-ერთ თბილისურ გაზეთში მოხდა, სადაც საუკუნის დასაწყისში თავადაც ვმუშაობდი. ერთი ჟურნალისტი სტატიის მოთავებას ვერ ასწრებდა. არადა, გაზეთი სტამბაში მალე უნდა გაეგზავნათ, რათა მისი დაბეჭდვა არ შეფერხებულიყო. დრო რომ გაეწელათ, ჟურნალისტებმა და მორიგე რედაქტორმა გაზეთის გამომცემელს შესჩივლეს, რომ კომპიუტერებში ასო „ღ“ გაგვითავდაო. შეწუხდა კაცი. გვიანი ღამე იყო. როგორ, ყველა კომპიუტერშიო – იკითხა. ეგრეა და რა გვეშველებაო – თავი მოისაწყლეს ამათ. რამდენი „ღ“ გვჭირდება, რომ გაზეთი დროზე მოესწროსო – ჰკითხა შეწუხებულმა რედაქტორ-ჟურნალისტებს. ამათ არც აციეს, არც აცხელეს და სადღაც 200-მდე „ღ“-ო. ეცა ტელეფონს, ხან ერთი გაზეთის რედაქტორს დაურეკა, ხან მეორეს. გაგიჟდნენ ისინი რა „ღ“-ებიო? ამან სიმწრით სთხოვა – ბოლო-ბოლო 200 ცალი „ღ“ ჩამასესხეთ და აუცილებლად გაგისტუმრებთო. ერთმა ისქესა, რომ რაღაც დალაგებულად ვერ იყო საქმე, მაგრამ არ დაიბნა და სტამბებს ექნება ეგ კომპიუტერის „ღ“-ებიო – გადაამისამართა ეს ჩვენი გაზეთის გამომცემელი. ეცა ტელეფონს ისევ და ახლა სტამბაში გადარეკა. იქიდან შემოუთვალეს, პატივცემულო, ვინმე გამოგვიგზავნე და ოხრად „ღ“-ებს გამოვატანთო...
ახლა საქმესაც მივხედოთ.