ლაშა გაბუნია, მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის კვების მრეწველობის ფაკულტეტი დაამთავრა, 22 წლიდან ჟურნალისტად მუშაობს. თბილისში თავის დამკვირდება არ გასჭირვებია და იმასაც არ მალავს, რომ პირველი სტატია აქ ბესო ჩუბინიძის ჟურნალ „ვარსკვლავებისთვის“ დაწერა. მერე იყო „რეზონანსი“ და „ახალი ვერსია“, სადაც მწვავე სტატიებს აქვეყნებდა ქართული შოუბიზნესის წევრებზე. მისი კრიტიკა შეეხოთ აჩიკო მეფარიძეს, ლელა წურწუმიას, ზაზა ხუციშვილს, ირაკლი ჩარკვიანსა და სხვებს. ერთ-ერთი მომღერალი, რომლის ვინაობას არ ასახელებს, ქურდებთან საქმის გარჩევითაც დაემუქრა.
ლაშა ამჟამად რადიო „პალიტრაში“ მუშაობს. მასთან შოუბიზნესურ თემებზე სიამოვნებით ვისაუბრეთ.
– ჟურნალისტიკით ალბათ იმიტომ დავინტერესდი, რომ პატარაობიდანვე მიყვარდა ჟურნალისტიკა და ჩანახატების წერა, ჩემს ფანტაზიებში ფეხბურთის რეპორტაჟები მიმყავდა. იმ პერიოდში კარგი ჟურნალისტიკა წამოვიდა, „პერესტროიკის“ პერიოდს ვგულისხმობ, იყო „ახალგაზრდა კომუნისტი“, რუსული გამოცემებიც მქონდა, ვინტერესდებოდი ახალგაზრდული თემებით, რომლებიც ახალი ხედვით იყო გაშლილი იმდროინდელი პრესის ფურცლებზე.
რაც შეეხება მუსიკას, რაც დავიბადე, მას მერე მასმენინებდნენ და ამიტომაც ეს ყოველთვის იყო ჩემი საყვარელი თემა. ქუთაისში რომ პირველი ტელევიზია გაიხსნა, ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი კვების მრეწველობის ფაკულტეტზე, თუმცა მაინც ძალიან ვეცადე, რომ ტელევიზიაში მოვხვედრილიყავი. დავიწყეთ მუსიკალური გადაცემების მომზადება მაშინდელი ქართული მუსიკის შესახებ. ასეთი გადაცემა ქართულ ტელევიზიაში არ არსებობდა. ეს გადაცემა სახელად „კედელი“ თბილისში ჩამოვიტანეთ და „პირველ არხს“ შევთავაზეთ, რომელმაც გაშვებაზე უარი გვითხრა, სამაგიეროდ, „მეორე არხი“ დაგვთანხმდა სიამოვნებით და ჩვენ გამო ბადეც კი შეცვალეს. ეს 1992 წელს მოხდა. მაშინ ძალიან საინტერესო მუსიკოსები მოდიოდნენ, „აუტსაიდერის“ პირველი სიმღერა ჩვენს გადაცემაში გავიდა, გოგა ჟორჟოლაძეს კლიპი გადავუღეთ, ბაჯუ, რომელიც ასევე ქუთაისელი გახლავთ. თუმცა ჩვენს გადაცემაში არა მხოლოდ ქართულ მუსიკაზე ვლაპარაკობდით. ეს სერგის პერიოდის „მეორე არხზე“ ხდებოდა. შემდეგ ქუთაისის სხვა ტელევიზიაში გადავინაცვლე. ვამზადებდი გადაცემას ზოგადად ხელოვნებაზე, მაშინ ქუთაისში უამრავი კლუბი მუშაობდა, მხატვრების, მუსიკოსების და ა.შ. ამან გადაგვატანინა ომი და უბედურება. ერთად ვიკრიბებოდით და რაც გვქონდა, ერთმანეთს ვუწილადებდით. ოჯახური სიტუაცია იყო. მერე ქუთაისში საკუთარი რადიო გავხსენი. მაშინ 28 წლის ვიყავი. შემდეგ პირველი დამოუკიდებელი ქუთაისური გაზეთი „პიესი“ იყო. იქაც ჩემი სვეტი მქონდა. ხალხი ამას აქტიურად კითხულობდა.
– თბილისში როგორ დაიმკვიდრე თავი?