Monday, June 18, 2012

90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა

რეალური და სათამაშო ომები დემილიტარიზებულ ზონაში

ჩემი კოლეგის, თამაზ (თაზო) მჭედლიძის ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ „ტაბულა Art“-ის სპეციალურ ნომერში, რომელიც გასული საუკუნის 1990-იანი წლების ქართულ ალტერნატიულ მუსიკას დაეთმო. ამ დღეებში თაზომ თავისი სტატიის ორიგინალი მომაწოდა, რომელიც ძალიან მომეწონა. მასში პრაქტიკულად არაა „მშრალი ფაქტები“, რითიც სავსეა ამ თემაზე შექმნილი ბევრი სტატია. ესაა საკმაოდ ღრმა და საინტერესო ანალიზი იმ ეპოქის შესახებ, რომელიც თავადაც ძალიან მაინტერესებს, რადგან, ასევე, მისი ცოცხალი მონაწილე გახლავართ. „90-იანი წლების ქართული ალტერნატიული მუსიკა“ ჩემს ბლოგზე, თაზო მჭედლიძის თხოვნით, პირვანდელი (და არა „ტაბულა Art-ში“ დარედაქტირებული) სახით ქვეყნდება. 

© თამაზ მჭედლიძე

90-იანებში, ჩაბნელებული სახლების და ანთებული გულების ეპოქაში, ქართულ სინამდვილეში ახალი, კოლორიტული კულტურული ფენომენი გაჩნდა – ქართული ალტერნატიული მუსიკა. მაგრამ ბევრი საინტერესო (პატარა ქვეყნის პირობაზე), თავისებურად განუმეორებელი სტილის ჯგუფის მიუხედავად,   მასზე ისევე ძნელია წერა, როგორც რაიმე არარსებულზე.

პირადად მე საკმარისად მახსოვს ანდერგრაუნდული თუ „ოვერგრაუნდული“ როკ-კონცერტები, რომლებზეც რაღაც საინტერესო ხდებოდა, ხან მუსიკის ხან ტექსტის და ხან ზოგადი განწყობის საშუალებით. ჩანასახის მდგომარეობაში მაინც არსებობდა ალტერნატიული სუბკულტურაც თავისი „გმირებით“, მითებით და იდენტობის სიმბოლოებით. რაც მთავარია ხანდახან ჩნდებოდა განცდა, რომ ჩვენი ალტერნატიული როკ-სიმბოლოების მუსიკა გამოხატავდა რაღაც „ყველაზე მთავარს“, რაზეც ლაპარაკს მათ გარდა ვერავინ ბედავდა. მაგრამ ეს ყველაფერი თითქმის უკვალოდ გაქრა.

კვალში არ ვგულისხმობ მაინცდამაინც პროდუქტს – დისკებს, კლიპებს. ალტერნატიული მუსიკის და საერთოდ კონტრკულტურის მთავარი პროდუქტი საზოგადოების ცნობიერების, ცხოვრების წესის შეცვლაა. უარესისკენ თუ უკეთესისკენ ეს გემოვნების საკითხია. დასავლური საზოგადოება ჯიმ მორისონის, ვუდსტოკის, „ველვეტ ანდერგრაუნდის“ შემდეგ უკვე სხვა იყო ვიდრე მანამდე; „პანკ-რევოლუციის“ შემდეგ სხვა; ტექნოს და ელექტრონული მუსიკის განვითარებამ კი სულ სხვა ცხოვრების წესი დაამკვიდრა.

საქართველოში, 90-იანების „ალტერნატივშიკების“ ჩატარებული ყოველი აქცია ხშირად სიცოცხლის რისკთანაც კი იყო დაკავშირებული. თავი რომ დავანებოთ მუსიკას, ტექსტებს და ზოგჯერ დემონსტრატიულად გამომწვევ ქცევებს, უბრალოდ მათი გარეგნობაც კი აგრესიას იწვევდა. მახსოვს ე.წ. მატარებლის ფესტივალიდან დაბრუნებული ერთი პანკ-მუსიკოსი მიყვებოდა, რომ რომელიღაც პროვინციულ ქალაქში, სცენაზე გასვლისთანავე მათკენ ქვების წვიმა წამოვიდა. ირაკლი ჩარკვიანის კლიპს „შენ აფრენ“, პარლამენტშიც კი მოჰყვა მრისხანე განხილვა „ტრადიციების ერთგული“ დეპუტატებისგან. სერიოზული პრობლემები ჰქონდა რობი კუხიანიძესაც („აუტსაიდერი“) – რამდენიმე კონცერტის წინ, ორგანიზატორები მისი სიმღერების ორგანული ნაწილის – უცენზურო სიტყვების ამოღებას მოითხოვდნენ.

90-იანების დასწყისში საქართველოში „ალტერნატივშიკები“ შეიძლება ითქვას მართლაც პირველ ქრისტიანებს გავდნენ. ამ მცირერიცხოვან, მაგრამ ჭრელ და ხშირად ერთმანეთთან „იდეურად“ დაპირისპირებულ ტუსოვკაში საკმარისად იყვნენ „სამყაროს გადარჩენაზე“ გულწრფელად მეოცნებე მეამბოხეები. ეს ნიშანი აუცილებელია ყველა თავის თავის პატივისმცემელი როკ-სუბკულტურისთვის. მაგრამ დასავლელი ჰიპების ან პანკების, ასევე სავარაუდოდ პირველი ქრისტიანების სულიერ ბრძოლებს სერიოზული ცვლილებები მოჰყვა (ეს უკანასკნელი ჩემამდე ძალიან ადრე იყო, ამიტომ შედეგებზე მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შემიძლია). 90-ანების ქართულ კონტრკულტურული მუსიკალური „ტუსოვკიდან“ კი, ჩემი აზრით ბევრი საინტერესო მუსიკალური ნიმუშის მიუხედავად, დარჩა მხოლოდ მისი დღეს უკვე არც ისე ახალგაზრდა წარმომადგენლების ბუნდოვანი მოგონებები (მიზეზი – ალკოჰოლის და კანაბისის გაძლიერებული მოხმარება) ბობოქარ წლებზე, რამდენიმე youtube.com-ზე ატვირთული ვიდეო და ერთი-ორი ყვითელი ტელეჟურნალისტის შიგადაშიგ გამოვლენილი ინტერესი. (შეიძლება რაიმე გამომრჩა).

ის დიდი ენერგია, რომელიც მოდიოდა 90-ანელი „ალტერნატივშიკების“ შემოქმედებიდან, ფაქტიურად ქართულ საზოგადოებას არ შეხებია. გაქრა ის აღშფოთებაც, რომელსაც იწვევდა ქართული კონტრკულტურა ობივატელში. გაქრნენ შემოქმედებითი კრიზისებით გატანჯული „ნაგიჟარი“ მუსიკოსებიც. თუმცა მათთან ერთად გადაშენდნენ ტრადიციონალისტ-კონსერვატორებიც, რადგან მეამბოხეების გაქრობის შემდეგ, აღარ იყო საჭირო ყალბი მორალისტობის ნიღბის აფარება.

საყოველთაოდ მიღებული აზრით, ქართული მუსიკის ყოველ შემთხვევაში როკ, ანდა ალტერნატიული (ტერმინი გემოვნების მიხედვით) მიმართულების აყვავება (გაჩენა) 90-იან წლებში კომუნისტური სისტემის დაცემამ გამოიწვია.

ჩემი აზრით ეს საკამათო მოსაზრებაა. არა იმიტომ, რომ „ქართული ანდერგრაუნდი“ 80-იანების ბოლოს დაიბადა და გავრცელებული ლეგენდის მიხედვით დაუნდობლად ებრძოდა საბჭოთა ცხოვრების წესს და ნორმებს, ალეგორიული, იმ დროს შესაძლებელი მეთოდებით. ალბათ ბევრმა იცის, რომ ღმერთი (ან ბუნების კანონზომიერება) ათობითი სისტემით არ აზროვნებს, 90-იანების ეპოქაც 80-იანების ბოლოს დაიწყო.

რათქმაუნდა ალტერნატიული ჯგუფების გამოჩენა ფიზიკურად მხოლოდ სისტემის დაშლის შემდეგ გახდა შესაძლებელი, მაგრამ მათი ენთუზიაზმი და ერთგვარი „დისიდენტური“ სტილი ნაწილობრივ, სისტემასთან მებრძოლი იატაკქვეშა დისიდენტებზე ჯერ კიდევ შემორჩენილი მითების რომანტიკიდან იღებდა სათავეს.

დაახლოებით ესეთი სიტუაცია იყო ევროპაში 60-იან 70-იან წლებში, როცა პოპულარული იყო ანდერგრაუნდის ცნება და მასთან დაკავშირებული კონტრკულტურის ან სოციალური პროტესტის კულტურის იდეა. მაშინ ჯერ კიდევ ცოცხალი იყო მოგონებები ანტიფაშისტურ იატაკქვეშეთსა და წინააღმდეგობის მოძრაობაზე. გრმანელ ახალგაზრდობაში პოპულარული იყო მემარცხენე ტერორისტული ჯგუფები, პოლიცია ეჭვით უყურებდა გრძელთმიან ახალგაზრდებს. 80-ანებში პოლიციას დასავლეთში უკვე „შეურაცხმყოფლად“ ფეხზე ეკიდა როგორ გეცვა, რას კითულობდი, რა მუსიკას უსმენდი ან რა თმის ვარცხნილობა გქონდა. სოციალური სივრცე, სადაც ადრე ანდერგრაუნდი მეშჩანური საზოგადოების საფუძვლებს აფეთქებდა კრიტიკოს ჰაროლდ როზენბერგის შეფასებით „დემილიტარიზირებულ ზონად“ გამოცხადდა.

90-ში ჩვენთანაც ასეთივე „დემილიტარიზებულ ზონას“ ელოდნენ, რადგან სისტემის დაშლის შემდეგ ანდერგრაუნდის საჭიროება აღარ უნდა ყოფილიყო. მაგრამ „ომები“ სწორედ მაშინ დაიწყო. თუ 80-იანებში ლადო ბურდულს, დადა დადიანს, რობი კუხიანიძეს, ირაკლი ჩარკვიანს დასუსტებული ფორმალური სისტემა არ აძლევდა „იატაკქვეშეთიდან“ ამოსვლის საშუალებას, ახლა უკვე საზოგადოებრივი აზრისგან ექმნებოდათ პრობლემები. ე. წ. ეროვნული ანტი-მასონურ-სატანისტური ჯგუფები ჯერ დაბნეულად შემდეგ კი მტრულად შეხვდნენ „ეროვნული ალტერნატიული“ მუსიკის გამოჩენას.

ჯერ კიდევ თბილისის ომამდე გაიმართა პირველი როკ-კონცერტები. თუ არ ვცდები 1990 წელს თსუ-ს დარბაზში გამოვიდნენ „ტაქსი“ (დადა დადიანი, ირაკლი ჩარკვიანი, ჯოზეფა, კახა კიკაბიძე, ბიჭიკო ოსიპოვი), ქიშო გლუნჩაძის „ქიშო და ინტილიგენცია“ და რამდენიმე სხვა ჯგუფი. 1991 წელს სპორტის სასახლეში ბაჩი ქიტიაშვილის „როკ-ასოციაციამ“ ჩაატარა კონცერტი „როკ-დებიუტი“ („ლიმუზინი“, „ჩრდილი“, „ნაით ბრიდი“, „ტეტუიდ მონკი“, „როიალ-ვეი“, „ბიჭები როკ’ნ’როლიდან“, „ჯენერალს“).

ჯერ კიდევ მაშინ გამოჩნდა წინააღმდეგობა ალტერნატიული როკ მუსიკის მიმდევართა შორის: იყვნენ ჯგუფები რომლებიც 20-30 წლის წინანდელ მუსიკას – ბიტ-როკს, არტ-როკს, ჰარდ-როკს უკრავდნენ. მათ თავიანთი ფანებიც ყავდათ, რომლებიც ბიტლებს, როლინგებს, ფარფლებს, დორსს პინკ-ფლოიდს და ა. შ. როკის კლასიკური პერიოდის მუსიკას უსმენდნენ. ისინი ალბათ ნახევრად გაცნობიერებულად ფიქრობდნენ, რომ, რადგან ჩვენთან ეს პერიოდი ობიექტური მიზეზების გამო „ამოვარდა“, აუცილებელი იყო მისი გავლა. თუმცა ბევრი ფიქრობდა, რომ ამ პერიოდის მერე როკ-მუსიკა წინ არც წასულა და ამრეზით უყურებდა გვიანდელ ჯგუფებს, რომელთაც კრებითად „პანკებს“ ეძახდნენ. „პანკებში“ შეყავდათ, კლასიკური პანკიც, პროტო-პანკიც (იგი პოპი, „ველვეტ ანდერგრაუნდი“...), ახალი ტალღაც, ყველანაირი პოსტ-პანკიც, „ინდი“ მუსიკაც და ა.შ.

პირადად მე პატივისცემით ვეკიდები ამ პოზიციას, ეს დაახლოებით ის შემთხვევაა ბორხესმა, რომ აღწერა მოთხრობაში „პიერ მენარი დონ-კიხოტის ავტორი“. იყო რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც ყველაზე დიდი ხალისით როკ-კლასიკოსების კომპოზიციებს უკრავდნენ – ბიტლების, როლინგების, ბლექ საბატის, დორსის და განსაკუთრებით ბლუზ-კლასიკოსებს. მათი აუდიტორია, და თვითონაც, ზემოთჩამოთვლილ ყველანაირ „პანკებს“ „პოპსარებს“ უწოდებდნენ. თავის მხრივ, „პანკებიც“ მათ ჩარჩენილებად და „პოპსარებად“ აცხადებდნენ. როკ-კლასიკის მიმდევრები 2-3 წლის მერე მთლიანად გადაშენდნენ ქართული ალტერნატიული სცენიდან (წამლად თუ ჩნდებოდნენ რომელიმე ფესტივალზე). ძირითადად მათ პეროვსკაიას ბარებში გააგრძელეს მოღვაწეობა, სადაც სასიამოვნო, კლასიკურ როკ და ბლუზ რეპერტუარს სთავაზობენ კლიენტებს.

მაგრამ სანამ ესეთი მკვეთრი დაყოფა მოხდებოდა, ამ ორ მიმართულებას ერთობლივად უხდებოდა უკვე გამოკვეთილად მტრულ გარემოში არსებობა. თბილისის ომის მერე ცივ და ბნელ თბილისში გააქტიურდა ავანგარდული (თუ პოსტ-ავანგარდული) აქციების ჩატარება. ქარვასლაში ჩატარდა რამდენიმე პერფორმანსი სადაც გამოჩნდნენ მანამდე ღრმა ანდერგრაუნდში მყოფი ჯგუფები და ინდივიდები. ამ აქციების ორგანიზატორები თუ არ ვცდები იყვნენ არტ-ჯგუფი „მე-10-ე სართული“, პოეტური ორდენი „ქრონოფაგები“ და მათთან დაახლოებული ცალკეული არტისტები (ახლანდელი გაგებით). გაიმართა „დადას“ მეფის არჩევაც, მთავარი დადაისტი დადა დადიანი გახდა. ამ აქციების მცირერიცხოვან აუდიტორიას მხატვრულ ბოჰემასთან ერთად, შეადგენდნენ, როგორც „პანკები“, ასევე „როკერებიც“. უფროსი 90-იანელების ძირითადი ნაწილისთვის როლინგები, ბიტლები, დორსი და ა.შ. XX საუკუნის კონტრკულტურის პანთეონის სიწმინდეს წარმოადგენდა, ამიტომ „ყველა ჯურის ნაგიჟარი“, „ავანგარდისტი“ და მაშინ ჯერ კიდევ არც ისე ხმარებაში მყოფი ტერმინის – კონტრკულტურის მიმდევარი ერთად იყვნენ ამ „ტუსოვკებზე“.

ქართული კონტრკულტურის ენთუზიაზმს, ჩემი აზრით, ხელი შეუწყო დასავლურ სცენაზე ალტერნატიული მუსიკის აღორძინებამაც, რომელიც დღეს, New Age-ის ეპოქაში, 60-70-იანი წლების „ვუდსტოკიზმის“ (ჩემი ტერმინია თ.მ.) კლონად მიიჩნევა. ამერიკაში და ევროპაში ანდერგრაუნდის მეორე დაბადება მოხდა. 80-იანების მეორე ნახევრიდან განვითარდა ინდი (ინდეპენდენტ) და საკუთრივ ალტერნატიული მუსიკა. ეს ტერმინები სწორედ იმ პერიოდში გაჩნდა. მაგრამ დასავლეთში ეს არ იყო ჟანრულად ერთგვაროვანი მუსიკა, იგი აერთიანებდა სხვადასხვა სტილის „იატაკქვეშა“ ანდერგრაუნდულ მიმართულებებს (გრანჟი, ინდი-როკი, გოტიკ, ალტერნატიული მეტალი და ა.შ.). მაგრამ, ამ შემთხვევაში ანდერგრაუნდი ნიშნავდა უკვე არა პოლიტიკურად და სოციალურად მოპროტესტე ხელოვნებას, არამედ მსხვილი ხმისჩამწერი სტუდიების (მაჟორ-ლეიბლების) ალტერნატიულ მცირე „ინდი-ლეიბლებში“ ჩაწერილ მუსიკას, რომლებიც „მაჟორებისგან“ განსხვავებით თავს უფლებას აძლევდნენ არაკომერციული, ექსპერიმენტული მუსიკა ჩაეწერათ (Pixies, Dinosaur Jr, Sonic Youth, R.E.M., Violent Femmes და ა.შ.) 90-იანების დასაწყისში, ინდი (ალტერნატივა) ალბათ მნიშვნელოვნად ნირვანას ფენომენალური წარმატების იმპულსით „იატაკქვეშეთიდან ამოვიდა“ და მეინსტრიმის ნაწილი გახდა. ამას მოჰყვა ინდი-მუსიკის უამრავი საინტერესო ჯგუფის და მიმართულების გამოჩენა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რომ ნონკონფორმისტულმა მუსიკამ კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.

ამ პროცესს აქტიურად აშუქებდა, მე-2-ე არხი და განსაკუთრებით მისი „გურუ“ სერგი გვარჯალაძე, რომელიც ძალიან ღრმად ერკვეოდა თანამედროვე მას-კულტურის ნიუანსებში. იგი თავისი გადაცემებით ცდილობდა თანამედროვე დასავლური სტანდარტების არტ-პოლიტიკის, არტ გარემოს ჩამოყალიბებას. მისი ჯგუფები „სახლი“ და „გენეტიკური კოდი“, შესანიშნავი მაგალითია თუ როგორ შეიძლება თეორეტიკოსმა ან მუსიკალური პროდუსინგის პრაქტიკოსმა, ყველა სტანდარტის დამაკმაყოფილებელი ჰიტები გააკეთოს. მაგრამ მისი მუსიკა პოტენციურ მეინსტრიმად დარჩა. ჩემი აზრით სერგის ტელე-ინიციატივა 2 პრობლემას შეეჯახა: 1) კონტენტის პათოლოგიური სიმცირე – ამ პროექტის შესაბამასი სულ რამდენიმე ჯგუფი და შემსრულებელი არსებობდა – დადა დადიანი, ქიშო გლუნჩაძე, ლადო ბურდული, ირაკლი ჩარკვიანი, „აუტსაიდერი“, Mother Of Mondays, დიმა დადიანი და კიდევ სულ რამდენიმე. მათი „რასკრუტკა“ ძალიან პროფესიონალურად და შემოქმედებითად ხდებოდა ამ გადაცემებში, მაგრამ იმ პერიოდში ამას არ მოჰყვა ახალი ჯგუფების გამოჩენა; 2) კონტექსტის დიამეტრალურად საპირისპირო მიმართულება – გადაცემებმა ვერ შეცვალეს გლობალური გემოვნება საქართველოში, გამოჩნდა ძალიან მცირერიცხოვანი ალტერნატიული მუსიკის მოყვარული აუდიტორია და მასთან დაპირისპირებული უმრავლესობა.

ჩემი აზრით, ამის მერე ჩვენთან განსაკუთრებით აქტუალური გახდა ანდერგრაუნდის ცნება, კლასიკური გაგებით, რეპრესიების განხორციელებაში სისტემა ნაწილობრივ ქუჩამ ჩაანაცვლა, ნაწილობრივ კი ახლადგამოჩეკილმა ბიზნესმა, რომელიც თვლიდა, რომ მუსიკა „ბაზრის მოთხოვნების“ მიხედვით უნდა განვითარებულიყო, თუმცა არაფრის გაკეთებას არ აპირებდა ამ მოთხოვნების გასავითარებლად.

სადღაც 1994 წლისთვის გამოჩნდა, რომ მოლოდინი, რომ ქართული საზოგადოება მიიღებდა და განავითარებდა თანამედროვე მასობრივ კულტურას, რამდენიმე თბილისელი და ქუთაისელი „ალტერნატივშიკის“ ილუზია იყო. ჩემი აზრით ეს მოლოდინი თავიდანვე მცდარი იყო. თუ გადავხედავთ ქართულ კულტურულ სივრცეს XX საუკუნეში, აშკარაა, რომ ეს სივრცე ძირითადად საზოგადოების მოთხოვნილებებს შეესაბამებოდა. არცერთი შემთხვევა არ მახსენდება, რამე ალტერნატიული შემოქმედების თუნდაც იტაკქვეშეთში, ორგანიზებულად განხორციელების მცდელობის. მაგალითად ისეთის, როგორიც იყო პოლონეთში ეჟი გროტოვსკის „ღარიბი თეატრის“ ლაბორატორია, რომელიც სოციალისტურ ბანაკში პარალელური კულტურული სტრუქტურის მაგალითია, აღარაფერს ვამბობ, ანდერგრაუნდზე თავისუფალ სამყაროში. ეს ალბათ იმის მაჩვენებელია, რომ საბჭოთა პერიოდის ქართული ხელოვნება, ძირითადად შეესაბამებოდა საზოგადოების შინაგან მდგომარეობას. იყო მხოლოდ ალეგორიული დისკურსი ოფიციალურ სივრცეში და ალტერნატიული, პარალელური კულტურული სივრცის ჩამოყალიბების ფაქტიურად არანაირი მოთხოვნილება.

ალბათ თბილისში 80-იანების ბოლოს ლადო ბურდულის, ქიშო გლუნჩაძის, დადა დადიანის, ირაკლი ჩარკვიანის და ქუთაისში „აუტსაიდერის“ ჯგუფის მიერ წამოწყებული ინიციატივები ქართული ანდერგრაუნდის პირველი შემთხვევაა.

დაბადებას, როგორც ყოველთვის ბევრი პრობლემა ახლდა, მაგალითად ქიშო, რომელიც ძალიან კარგად ერკვეოდა როკ-კულტურაში, ცდილობდა ქართულენოვანი როკ მუსიკა შეექმნა მაგრამ ეს არც ისე წარმატებულად გამოსდიოდა. რაც არც იყო გასაკვირი, რადგან ათწლეულების მანძილზე ხელოვნებაში არ დაიშვებოდა ცოცხალი ენა, როკში კი მთავარი ცოცხალი სიტყვაა.

ქართულენოვანი თანამედროვე როკ-მუსიკის გაჩენის დამსახურება, ალბათ ძირითადად ლადო ბურდულს და დადა დადიანს ეკუთვნით. სიმღერები – „დღეს ამ ქალაქში მეფობენ მგლები“, „ზამთარი“... აშკარად არ იყო ხელოვნური, კონცერტებზე აღიქმებოდა, როგორც „აქ და ახლა“ შექმნილი, აქაურ და დღევანდელ სულის მდგომარეობაზე.

ამავე პერიოდში გამოჩნდა „ქუთაისური ტალღა“, „დიდებული და საშინელი“ რობი კუხიანიძით. მისი სტილი ორგანულად დაემთხვა იმავე პერიოდის შესაბამისი დასავლური ჯგუფების სტრატეგიას, მაგალითად „პოგუსის“ მიმართულებას, რომელიც ბრუტალური Cockney პანკ-როკის და ირლანდიური ხალხური მუსიკის ჰარმონიულ სინთეზს წარმოადგენს. „აუტსაიდერის“ სიმღერები მართლაც ხალხურია, თუმცა თანამედროვე. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემოქმედება მთლიანად ქართულენოვანია, ეს ენერგია რუსი „ალტერნატივშიკებისთვისაც“ გასაგები აღმოჩნდა. საშა სკლიარის რეკომენდაციით 1992 წელს რუსული კონტრკულტურის საკულტო ფიგურის პიოტრ მამონოვის სტუდიაში – „Fee Lee“ „აუტსაიდერმა“ პირველი ქართული ვინილის დისკი Inside ჩაწერა.
  
ერთი სიტყვით ქართულ ალტერნატიულ მუსიკას კარგი სასტარტო პირობები ქონდა 90-იანების დასაწყისში – არსებობდა რამდენიმე მაღალი დონის ჯგუფი. თან ფილარმონიული სტრუქტურების დაშლის შემდეგ გაჩნდა შესაძლებლობა, რომ ანდერგრაუნდი ადამიანურად (ოფიციალურად) კონცერტებზე გამოსულიყო. მაგრამ ზემოთნახსენები მასობრივი აუდიტორიის გემოვნებასთან აცდენის პრობლემის გამო სიტუაცია სხვა მიმართულებით განვითარდა.

ჩემი აზრით, იყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაც – იმ პერიოდში მუსიკოსების, მხატვრების, „კონცეპტუალისტების“ და ყველა ჯურის ავანგარდისტის თუ პოსტავანგარდისტის აუდიტორიას ერთი მცირერიცხოვანი ჯგუფი წარმოადგენდა. ამიტომ სხვადასხვა ხედვის აუდიტორიების არადიფერენცირებულობის გამო, კმაყოფილი თითქმის არავინ რჩებოდა. ყველას თავისი წარმოდგენა ქონდა „კონტრკულტურული არტ-პოლიტიკის“ პრიორიტეტებზე, ეს ბუნებრივიცაა, რადგან საბჭოთა პერიოდში ყველა კონტრკულტურულად მოაზროვნეს, თუ მოქმედს თავისი ფავორიტი საკულტო ფიგურები და მიმართულებები ქონდა თითქმის 50-წლიანი დასავლური კონტრკულტურის სულ სხვადასხვა პერიოდიდან და ქვეყნიდან. სულ რამდენიმე წლის წინ, როცა მათი ხედვების პრაქტიკაში გატარების არანაირი შესაძლებლობა არ იყო, ყველა ერთიან ქართულ „სამზარეულოს“ კონტრკულტურასთან აკეთებდა იდენტიფიცირებას. 90-იანებში როცა მოქმედების საშუალება გაჩნდა, მათ შორის, ქართული კონტრკულტურის „ბუნებრივ განვითარების გზასთან დაკავშირებით“ აშკარა დაპირისპირება წარმოიშვა – ამდენი მიმართულების განსავითარებლად კი არც რესურსი იყო და არც აუდიტორია. ამიტომ ქართველი დეს და დუმ-მეტალისტები ყოველთვის უკმაყოფილოდ მიდიოდნენ კონცერტიდან, რომელზეც ბრუტალური ხავილის და აპოკალიპტური დრამის, ბასის, გიტარის („პერეგრუზკაზე“ გაშვებული საუნდის გამო ალბათ) შემდეგ გოტიკ-პანკის და პოსტ-პანკის, დენდი-ესთეტიკაზე დაფუძნებული „მტირალა“ ვოკალი გამოჩნდებოდა. (ამ მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ჯგუფს „პლაქსა“ ერქვა), ორივე „სასტავი“ ერთად კი ძალიან ღიზიანდებოდნენ ჰარდ-როკ ჯგუფების „მოძველებული“ ჟღერადობით.

ამ ხმაურით გამოჩენილ „ტუსოვკასთან“, დასაწყისში ზოგიერთი მიმართულების პოლიტიკოსმაც გადაწყვიტა თანამშრომლობა. პოლიტიკოსების უმეტესობას საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ქონდა დასვლეთში კონტრკულტურის შინაარსსა და მის ისტორიაზე, მაგრამ ყურმოკვრით იცოდნენ პოპ-კულტურასა და პოლიტიკას შორის თანამშრომლობის აუცილებლობის შესახებ. დღეს მედვედევიც კი ხვდება რომ ეკოლოგიაზე გულდამწვარ U2-სთან ურთიერთობა კარგი ტონია. 90-იანების დასაწყისში ამ თანამშრომლობის სურვილმა შემოგვინახა ალბათ ისეთი კურიოზული საკონცერტო პროექტები, როგორებიცაა, მაგალითად, „როკი ფონოგრამის და შიდსის წინააღმდეგ“, „როკი დემოკრატიისთვის და სიგარეტის და ნარკოტიკების წინააღმდეგ“, „როკი სამართლიანი არჩევნებისა და თავისუფალი სექსისთვის“ და ა.შ. თუმცა პოლიტიკოსები მალე მიხვდნენ, რომ ელექტორატის აბსოლუტური უმრავლესობისთვის (და მათთვისაც) გაუგებარი ჯგუფების მხრიდან „მხარდაჭერა“ არაფერ სასარგებლოს არ მოუტანდათ. ამ პერიოდიდან უკვე თითქმის მხოლოდ სხვა ტიპის კონცერტები ფინანსდებოდა. ერთმა მუსიკოსმა, რომელიც აპარატურის სერვისში მუშაობდა ასეთი ისტორია მომიყვა – მოსკოვიდან ჩამოსული სოსო პავლიაშვილის კონცერტზე, იქიდანვე ჩამოყვანილი „როკერული“ შესახედაობის გრძელთმიანი გიტარისტი იდგა სცენაზე, რომელიც გიტარაზე სოლოს პარტიას ასრულებდა, ამ დროს კი მხოლოდ რიტმი ისმოდა, მუსიკოსმა, რომელიც სერვისზე აგებდა პასუხს, თვალი გიტარის კაბელს გააყოლა, რომელიც შეერთებული არ აღმოჩნდა, დააპირა შეერთებინა, მაგრამ ამ დროს „გიტარისტმა“ განწირული ხმით დაუძახა – „не включаи брат, я играть не умею“.  ძირითადად კამპანიურ „როკ-კონცერტებზე“ ასეთი „მუსიკოსები“ გამოდიოდნენ, გამგები მაინც არავინ იყო. ალბათ გამონაკლისია „სახე“, რომელმაც როგორც ამბობენ იმ პერიოდის ბოის-ბენდების ხარისხიანი ვარიანტი შესთავაზა ქართველ მსმენელს და რაღაც სიახლე შემოიტანა ქართულ პოპ-მუსიკაში. მართალია მე ბოის-ბენდების არაფერი მესმის, მაგრამ ფაქტია, რომ „სახემ“ 70 ათასიანი აუდიტორია მოაგროვა ერთ-ერთ კონცერტზე.

ამ პერიოდში ახლადგაჩენილ პროდიუსერულ ფენაში დაიწყო ჩივილი, რომ აუდიტორია ვერ იგებს მოწინავე, ინტელექტუალურ ხელოვნებას, (ცოტა კომიკურია, რომ ამ კატეგორიაში გავიდნენ ლადო ბურდულიც, „აუტსაიდერიც“ რომლთა პლასტი დასავლეთში სწორედ გრძნობად და არაინტელექტუალურს გულისხმობს.)

ქიშომ, დადამ, Mother Of Mondays-მა, სერგიმ გაიაზრეს, რომ აქ საშინელი სტაგნაცია იწყებოდა და ჩამოყალიბებული შოუ-ბიზნესის ინფრასტრუქტურის ქვეყნებში წავიდნენ სამუშაოდ, სადაც არაქართულ, მაგრამ, ასე თუ ისე, მოთხოვნად მუსიკას აკეთებდნენ, ან მუსიკალურ ინდუსტრიაში საქმიანობენ მეტ-ნაკლები წარმატებით. ამ პერიოდში დაიწერა „ვაკის პარკის“ სიმღერა, რომელიც ასე იწყებოდა – „ირაკლი წავიდა...“ შემდეგ ჩამოთვლილი იყვნენ ემიგრირებული მუსიკოსები. თუმცა ირაკლი სულ მალე უკან დაბრუნდა, დაბრუნდნენ „მაზერ ონ მანდეის“-იც, თუმცა სულ ცოტა ხნით, და სერგიც მოგვიანებით.

დარჩენილებმა სხვადასხვა სტრატეგია აირჩიეს „დემილიტარიზებულ ზონაში“.

ირაკლი ჩარკვიანმა გადაწყვიტა, რომ მასკულტურის პროდუქციისთვის კონტექსტის შეცვლის პოსტმოდერნული სტრატეგია, აქ გაამართლებდა. ჩემი აზრით დაახლოებით გვიანდელი ნიკ ქეივის („მორდერ ბალადს“, „ბოტმენს ქოლ“) სტილში დაიწყო მუშაობა.

დაახლოებით 1995 წლის მერე ირაკლის ნამუშევრებს მე აღვიქვამ, როგორც ენდი უორჰოლის პოპ-არტისტულ სტრატეგიას, რომელიც გიგანტური ზომების კონსერვის ქილას ჩარჩოში სვამდა და კონტექსტის ასეთი შეცვლით მასობრივი საზოგადოების ნიშანთა სისტემას ქმნიდა. თუმცა მოგვიანებით ამ კონსერვის ქილებს დამოუკიდებელ ესთეტიკურ ღირებულებად და სილამაზედ აღიქვამდნენ. მაგალითად სიმღერა „ზამთარია სიცივეა“, ჩემი აზრით, სწორედ ქართული კვაზი-მასკულტურის ასეთ გამოყენებას წარმოადგენს. თუმცა აშკარაა, რომ ჩარკვიანის სიმღერები თავისთავად ძალიან ლამაზია, მაგრამ ალბათ სულ სხვა განზრახვითაა შექმნილი.

გარკვეულწილად ამ სტრატეგიამ გაამართლა – ირაკლი ჩარკვიანმა, ჯერ კიდევ სიცოცხლეში საკულტო სტატუსი მოიპოვა. ამ სიმღერების დაწერის შემდეგ ბევრჯერ გამიგონია – ჩარკვიანს სიმღერა ცოდნიაო.
 
რობი კუხიანიძემ გადაწყვიტა ისევ ხალხური დარჩენილიყო ამ ანტიხალხურ გარემოში. ეს ალბათ მისმა ტემპერამენტმაც განაპირობა. მის ახალ სიმღერებში „გაჯავრებული აგრესია“ უფრო შენიღბულია, და უფრო კამერული ჟღერადობა აქვს, მაგრამ ბრძენი ობივატელის მოტყუება ძალიან ძნელია, და ისევ ანდერგრაუნდად აღიქვამს. ვეჭვობ, რომ რობის გულში ესეც უნდა.

ლადო ბურდულს ალბათ არაფერი შეუცვლია თავის სტრატეგიაში, ისევ ვირტუალურ ანდერგრაუნდში გააგრძელა ცხოვრება. ალბათ ამიტომაც სადღაც 1995-96 წლებისთვის გააქტიურებული ახალი თაობის ალტერნატიული მუსიკოსები, ყველაზე ახლოს მას თვლიან, ბევრი წმინდა მუსიკალური განსხვავების მიუხედავად.

ამ თაობის ჯგუფების უმეტესობა 1991-94 წლებში შეიქმნა. „ენერგორესურსი“, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, „პლაქსა“, Afternoon Version ასე თუ ისე ერთ „ტუსოვკას“ წარმოადგენდა, რომლის ფანებიც თანდათან რაღაც გაგებით სექტას ემსგავსებოდნენ. ამ „სექტაში“ იყვნენ თავისი გმირებიც და ანტიგმირებიც. მაგალითად, „კონტრაბანდას“ ფრონტმენი „მოშნი პანკი“ ბესელა (ბესელა რაზმაძე). გავრცელებული ლეგენდის თანახმად, „გაპანკებამდე“ ის სასტიკი „ძველი ბიჭი“ იყო და თვითონ სდევნიდა ყურ და ცხვირ გახვრეტილ, გრძელთმიან ან „იროკეზებიან“ მოპანკო ელემენტებს. ერთხელ, „ენერგორესურსის“ მუსიკოსები კირპიჩა (სანდრო კაპანაძე) და დათო თოიძე, უცნაური შესახედაობის გამო პოლიციის განყოფილებაში წაუყვანიათ, იქ კი ჯერ კიდევ „ძველი ბიჭი“ ბესელა დახვედრიათ (კაი-ბიჭური გარჩევის გამო). „სატანისტების“ შესახედაობით აღშფოთებული ბესელა „თანამშრომლებს“ ეძახდა ჩემთან შემოიყვანეთ ეს „ურჯულოები“ მე ვასწავლი ჭკუასო. „თანამშრომლების“ პრინციპები ამ საკითხში ეტყობა ბესელას იმდროინდელ შეხედულებებს ემთხვეოდა და სიამოვნებით შეუსრულებიათ მისი თხოვნა. დღემდე საიდუმლოებითაა მოცული რა უთხრეს კამერაში მუსიკოსებმა მტარვალ ბესელას, მაგრამ იმ დღის შემდეგ „სავლე პავლედ იქცა“, განყოფილებიდან გამოსვლის მერე ყურში 3-4 „ბულავკა“ გაიყარა და პანკ-ჯგუფი ჩამოაყალიბა. „კონტრაბანდა“ საინტერესო ქართულენოვანი ჯგუფი იყო, რომელიც თავიდან კლასიკურ „სექს პისტოლსის“ ტიპის პანკის მიმართულებით მუშაობდა, შემდეგ მთავარი აქცენტი ტექსტებზე გადავიდა, რომელშიც იმდროინდელი ქართველი „დაკარგული თაობის“ სულიერი პრობლემები იყო ასახული. ამავე პრობლემებს ასახავდა „ამორალიც“, თუმცა უფრო განზოგადებული სახით. ჯგუფის მუსიკაზე გავლენა იქონია ვიქტორ ცოის და Joy Division-ის შემოქმედებამ. საბოლოო ჯამში „ამორალი“ დაახლოებით გოტიკ-პანკის საინტერესო ქართულ ვერსიას წარმოადგენდა. „ენერგორესურსი“ მთავარ აქცენტს მუსიკალურ მხარეზე აკეთებდა თუ სწორად მახსოვს ეს პოსტ-პანკის, free jazz-ის და კიდევ რამდენიმე შორიახლოს მყოფი მუსიკალური მიმართულების საინტერესო სინთეზი იყო. თითქმის მუდმივად არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნას კი მათ მუსიკაში ატონალური ელემენტებიც შეჰქონდა. ჯგუფმა სულ რაღაც 1 წელი იარსება, მისი წევრები სხვადასხვა ჯგუფების „ასნავნოი სასტავებში“ მოხვდნენ. ექსტრავაგანტულობით ცნობილი ვოკალისტი მარგო (დათო მარგიანი), მოგვიანებით საქართველოში ელექტრონულ მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ნიმუშებს აკეთებდა, სამწუხაროდ მარგო ტრაგიკულად დაიღუპა 2010 წელს. ამ ჯგუფებზე 2-3 წლით უმცროსები იყვნენ „პლაქსას“ წევრები. ეს იყო რუსულენოვანი ჯგუფი, რომელიც სცენური იმიჯით „ბაუჰაუზს“ ჩამოგავდა, მუსიკას კი ბაუჰაუზთან ერთად რუსული ჯგუფის „აუქციონის“ გავლენაც ეტყობოდა. ცოტა მოშორებით იყო ინგლისურენოვანი Afternoon Version, რომელიც ძირითადად მისი თანამედროვე პოპ-მუსიკის სტილში მუშაობდა...     

1994 წელს ქართველმა კონტრკულტურშიკებმა აქციების და კონცერტების ჩასატარებლად გაუქმებული აბრეშუმის ფაბრიკის ერთ დიდ დანგრეულ დარბაზში, ტერიტორია შეარჩიეს. ფაბრიკის ისედაც პოსტ-ცივილიზაციურ, აპოკალიპტურ გარემოს ორგანულად შეერწყა ექსპერიმენტული ხელოვნება და ანდერგრაუნდული მუსიკის კონცერტები. ეს ადგილი წლების მანძილზე ქართველი „enfant terible“-ების საყვარელ თავშეყრის ადგილად იქცა. ცოტა მოგვიანებით, ლესელიძეზე, ერთი ორგანიზაციის გრძელ და ვიწრო სარდაფში კლუბი UR გაიხსნა, სადაც შედარებით ნაკლებად ექსპერიმენტული, მაგრამ აშკარად ანდერგრაუნდული გარემო იყო. აქ ძირითადად მცირე, ფასიანი კონცერტები ტარდებოდა, უფრო იშვიათად ფეშენ-შოუები. როგორც ჩანს მის დამფუძნებლებს შოუ-ბიზნესში დიდი გეგმები ქონდათ და ქართველი ნორჩი ტალანტების კომერციულ რელსებზე გადაყვანას ცდილობდნენ. მაგრამ თანამედროვე მარკეტინგული მეთოდების ქართულ შოუ-ბიზნესში დამკვიდრების ეს განწირული სულისკვეთება წარუმატებელი აღმოჩნდა.

საქართველოში კლუბური კულტურის დამკვიდრების პირველი სერიოზული შემთხვევა იყო კლუბი „ყაზბეგი“, სადაც 1996 წელს ჩატარდა ქართული როკ და ალტერნატიული მუსიკის ფესტივალი „ხელები“. მონაწილეებს შორის იყვნენ... ფესტივალზე თბილისში პირველად გამოჩნდა ქუთაისური ჯგუფი „აუტსაიდერი“. ზაფხულში კი ვაკის პარკის საზაფხულო კინოთეატრის ტერიტორიაზე „ყაზბეგმა“ „ქართული ვუდსტოკი“ – „მარგარიტა-1996“ მოაწყო. როკ-მუსიკის ქართველი მოყვარულებისთვის „მარგარიტა“, 1980 წლის თბილისის როკ-ფესტივალის შემდეგ ყველაზე გრანდიოზული მოვლენა იყო. თბილისი-1980-ის მსგავსად, სადაც ბორის გრებენშიკოვის და „აკვარიუმის“, ჰომო-სოვეტიკუსური მორალისთვის შეუფერებელ სცენაზე მოქცევას დიდი სკანდალი მოყვა, „მარგარიტაზეც“ რამდენიმე ჯგუფის გამოსვლამ ტრადიციულად განწყობილი ზოგიერთი მაყურებლის აღშფოთება გამოიწვია. 

„მარგარიტაზე“ იმდროინდელი თანამედროვე ქართული მუსიკა ფაქტიურად სრულად იყვო წარმოდგენილი – „აუტსაიდერი“, ირაკლი ჩარკვიანი, დიმა დადიანის პროექტი „ოქროს კბილი და ცაცხვი“, ბაკურ ბურდული, „ოვერბალანსი“, „კონტრაბანდა“, „ამორალი“, Afternoon Version, Mother Of Mondays, „33 ა“. ჟიურიმ, რომელის თავმჯდომარე ევგენი მაჭავარიანი იყო, საუკეთესო ალტერნატიულ ჯგუფად „აუტსაიდერი“ გამოაცხადა.


„მარგარიტა 96“-ზე ფაქტიურად 90-იანების ქართული ალტერნატიული მუსიკის შეჯამება მოხდა. გამოიკვეთა ძირითადი პრობლემებიც. ყოფითი და ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ჩემი აზრით 90-იანებში ამ ჟანრის ქართული მუსიკის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საკუთარი ტრადიციის უქონლობა იყო. ვთქვათ, „კონტრაბანდა“ ბრიტანულ Oasis-ს რომ შევადაროთ, რომელიც ასევე, შეიძლება ითქვას „პროლეტარული“ ჯგუფია, სტილური განსხვავებების გარდა, თვალში მოგვხვდება, რომ Oasis-ი ღირებულებათა მკაცრად განსაზღვრულ სისტემაში არსებობს. ისინი გარკვეულ ვალდებულებას გრძნობენ, ვთქვათ პოლ მაკარტნისა და ჯონ ლენონის წინაშე. ისინი ორიენტირებულები არიან გარკვეულ ათვლის სისტემაზე და თავისებურად ტრადიციას აგრძელებენ. ჩვენი 90-იანელი „ალტერნატივშიკები“, არვითარი წინამორბედების წინაშე თავს ვალდებულად არ გრძნობდნენ და არანაირი ათვლის სისტემით არ იყვნენ შეზღუდულები. ისინი თვითონ წყვეტდნენ, როგორი უნდა ყოფილიყო მათი მუსიკა და თვითონ იყვნენ ტრადიციის დამაარსებლები.

ბორხესი ტერმინ კლასიკურს ასე განმარტავს – „კლასიკური ტექსტი არის ის, რომელსაც რომელიმე ერი ან ერთა ჯგუფი ხანგრძლივი დროის მანძილზე კითხულობს ისე, თითქოს მასში ყველაფერი გათვლილი, აუცილებელი და ღრმაა, როგორც კოსმოსი. არ არის აუცილებელი კლასიკურ ტექსტს, რამე განსაკუთრებული ღირსება ქონდეს, უბრალოდ მას თაობები ერთგულად და ენთუზიაზმით უნდა კითხულობდნენ“.

მართალია 90-იანების შემდეგ, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, ქართული ალტერნატიული მუსიკა აპათიურ მდგომარეობაშია, მაგრამ დღევანდელი ახალგაზრდები სულ უფრო ხშირად ინტერესდებიან იმ ბნელი წლების უცნაური შესახედაობის მუსიკოსებით.

ათვლის სისტემა შექმნილია.

2012 წლის იანვარი


5 comments:

  1. ძალიან მაგარი სტატიაა!! მადლობა გაზიარებისთვის

    ReplyDelete
  2. თაზო ფაქტებს ნუ ამახინჯებ. უზუსტობებია სტატიაში. მაგალითად ბესელასთან ბიჭები არავის შეუშვია. არც დათო თოიძე ყოფილა იქ. ეგ ისტორიული ფაქტი იყო 9 აპრილის წლისთავზე. ენერგორესურსმა არა 1 წელი კიარა 3 წლამდე გაქაჩა და სხვა

    ReplyDelete
  3. აი ეს არი ტრადიციული ქართული მაქსიმალიზმი. ყველაფრის მცოდნე ქრონოლოგებად რომ მოგვაქვს თავი.

    როკ მუსიკის გაჩენას ვიღაც ორ ბიჭ ბუჭას მიაწერს.
    კაცო: ქართული როკ მუსიკა ანდერგრაუნდში უკვე არსებობდა. და ძაალიან კარგებიც იყვნენ, სპი ს როკ ჯგუფი კაპანაძის ("მაოს") ხელმძღვანელობით. ასევე ბაჩი ქიტიაშვილის "ბერმუხა", სხვები არ მახსოვს.

    ამიტომ ნუ მიედ მოედებით ხოლმე ყველაფერს. რადგან სადღაც რაღაც უსამართლობას ყოველთვის დაუშვებთ.

    ReplyDelete