Sunday, August 01, 2021

1990-იანი წლების რამდენიმე ჩემი ვიდეო ქუთაისზე

ეს ბლოგპოსტი ეძღვნება ბიძაჩემის, პაატა მეძმარიაშვილის ნათელ ხსოვნას

1990-იანებში ისეთი ასაკი მქონდა, ძალიან აქტიური ვიყავი ჩემს საქმიანობაში. შესაბამისად, ბევრ რამეს ვითავსებდი ერთბაშად: სტუდენტობას, მუსიკოსობას, მანსანკანის მსახიობობას, ტელე-რადიო-პრესის ჟურნალისტობას, ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორობას, ფოტოგრაფობას და ზოგჯერ ვიდეოოპერატორობას... ვიყავი ჩვენი სამეგობროს მიერ დაარსებული „ნიღბების კლუბის“ აქტიური წევრი. მქონდა რამდენიმე ტელე და რადიო გადაცემა. მათ შორის ჩემი საავტორო ტელეგადაცემა მუსიკასა და ხელოვნებაზე „ანარეკლი“, რომელიც ტელეკომპანია „ივერიონის“ ეთერში გადიოდა. სწორედ მისთვის და არა მარტო მისთვის განკუთვნილი ვიდეომასალებით ავაწყვე ეს ვიდეოები და მივამონტაჟე. 


1995 წლის ზაფხულის ერთ მშვენიერ ქარიან დღეს, ჩვენი მეგობარი, არქიტექტორი გია ხურციძე პუშკინის ქუჩაზე მდებარე „ნიღბების კლუბში“ მოვარდა, გვთხოვა, ვინმე წამოდით, ძალიან მაგარი რამ ხდება რიონის სანაპიროზე და გადავიღოთო. მივედით და ეს შესანიშნავი ბავშვები დაგვხვდნენ, რომლებიც წითელ ხიდთან ქვიშისგან ამ უცნაურ ეკლესიებს აგებდნენ. ამ ფაქტის გარდა, გადავიღეთ ხიდის მიმდებარე ქალაქის ხედებიც. ამ ჩემთვის ძალიან თბილი ვიდეოს მუსიკალურ გაფორმებად პიანისტ ვალერიან შიუკაშვილის მიერ შესრულებული დომენიკო სკარლატის Sonata F Minor K.466, L.118 და Sonata D Minor K.213, L.108 ავარჩიე.


ქუთაისში 1990-იანებსა და 2000-იანების დასაწყისში თითქმის მთელი ქალაქი იცნობდა ფუნთუშების დამტარებელ ვაჟა კოსტავას, იგივე „ბაბულიას“. „ეიჩემე ბაბულია, ბულკი!“, „ძალიან გამხდარი ხარ, ჭამე ბაბულია, ბულკი“ და მსგავი წინადადებები, მისი საფირმო სარეკლამო ფრაზები იყო. არ მიყვარს სიტყვა „კოლორიტი“, თუმცა, თუ ვინმე ამ სიტყვას იყენებთ, „ბაბუსთვის“, იგივე „ბაბულიასთვის“ ზუსტად ზედგამოჭრილია. ვიდეო გადაღებულია თამარ მეფის ქუჩის #17-თან, ყოფილი კომერციული მაღაზია „ელიტას“ შესასვლელი მხრიდან 1995 წლის ნოემბერს.


ჩემი და ჩემი ახლო მეგობრის, მიშა კარანაძის მოფიქრებული ვიდეორგოლი, რომელიც გადავიღეთ სპეციალურად „ნიღბების კლუბის“ აქციისთვის „გუშინ, დღეს, ?...“. ეს აქცია-რეპეტიცია 1995 წლის 8 ივლისს მაშინდელ ე.წ. „ინტელიგენციის“ კლუბში ჩატარდა. სიუჟეტის მთავარი პერსონაჟს, რომელმაც დრო გალიაში დაატყვევა, ასახიერებდა მიშა, იგივე „მრაჩნი“, მე კი ოპერატორის ფუნქცია შევითავსე. მთელი დღე ასე ვიბოდიალეთ მთელ ქალაქში. შემოვიარეთ ტროლეიბუსების პარკი, სასაფლაო, სხვადასხვა შენობების ნანგრევები, ჩვეულებრივი შენობები, ძეგლები, რკინიგზის  ორივე სადგურიც კი და ქალაქის ქუჩები... დღეს რომ გადაგვეღო ეს ვიდეო, მას ალბათ Radiohead-ის Daydreaming-ით გავაფორმებდი. მაშინ კი ფონად Offspring-ის Come Out And Play გამოვიყენე. 


ერთხელ გადავწყვიტე „ანარეკლის“ თემად ღამის და ადრეული დილის ქუთაისი გადამეღო. მთელი ღამით და დილით ჩვენი მეგობრის და თანამშრომლის, აპოლონ ჭეიშვილის მანქანით დავდიოდით და კადრებს ვიღებდით. ამ კადრების ოპერატორია ლეგენდარული „კალაბოკა“, იგივე თემურ კენჭოშვილი. როცა კალაბოკას და მე ერთად გვხედავდნენ, ხალხი დონ კიხოტსა და სანჩოს გვეძახდა. ამ ვიდეოში მხოლოდ რიჟრაჟისა და დილის კადრები შევიტანე. მუსიკის ავტორი და შემსრულებელი მე გახლავართ. იმ პერიოდში ბევრს ვუჩხაკუნებდი გიტარაზე და სახლში მაგნიტოფონით ვიწერდი. არ ვიცი, რამდენად მოუხდა, არც ისე სუფთა შესრულება და  ჩანაწერია, მაგრამ მაინც გადავწყვიტე ფონად გამეყოლებინა.


ზედა თემის გაგრძელება. დილით ქუთაისის ავტოქარხანასაც მივაკითხეთ, სადაც რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ, საამქროს გადასაღებად შეგვიშვეს და ასეთი რამეები გადავიღეთ. სხვათა შორის, მუსიკის ავტორია ელექტრონული მუსიკის კომპოზიტორი – სტანისლავ კრეიჩი, რომელიც 1936 წელს დაიბადა ქუთაისში და საბჭოთა კავშირში ექსპერიმენტული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთი პიონერადაა მიჩნეული. მუსიკოსი წელს გარდაიცვალა. სხვა კადრებიც მაქვს, მაგრამ დღეს ამ ვიდეოების გამოქვეყნებით დავკმაყოფილდები.


ეს ქალაქი იმდენად მიყვარს, რომ სულ ჩემთანაა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში იშვიათად მიწევს ხოლმე ჩასვლა. სულ ჩემთან იქნება ამ პოსტის ადრესატის ხსოვნაც, რომელმაც ძალიან ბევრი კარგი რამ მასწავლა და შემაყვარა.