Sunday, January 07, 2007

ფლეგმა

(5 იანვარი)
რაღაცნაირი დღე მქონდა.
დილით ტუალეტში ნათურა ამიფეთქდა (ზუსტადაც რომ) და ისეთი დამწვრის სუნი გაუშვა, კინაღამ გავიგუდე. ნათურის გამოცვლამ არ უშველა. ეტყობა სარკის უკან ჩაიწვა მავთული.
ბლინ!
მერე შუადღეზე მას შევხვდი.
თავიდან ზამთრის სიცივეში გამოსუნთქული ორთქლივით საკუთარ სიტყვებს ვხედავდით, ფრაზებს ვათვალიერებდით, ერთმანეთის ნერვების მოსაშლელად ათას სირობას და სიჭკვიანეს ვამბობდით.
ყავა დავლიეთ ყავის სახლში.
უაზროდ დავშორდით. სიცარიელე ვიგრძენი.
სახლში ავტობუსით წამოვედი.
იქ ვიღაც გოგონა, რომლის სახესაც ხალხში ვერ ვხედავდი, ცუდად გახდა. თავს ჯერ ჩემს თათმანიან ხელს ადებდა, ურტყამდა კიდეც, მერე მკერდზე მომეყრდნო და ავტობუსი ვერის სასაფლაოს ჭიშკარს რომ მიუახლოვდა, მთხოვა ჩავეყვანე.
გადმოვედით თუ არა, ფერწასულმა მითხრა სასაფლაოს ეზოში სადმე „სკამეიკაზე“ დამსვიო. ისე სუსტად იყო, მისი ხელში აყვანა მომიწია. ეკლესიასთან ახლოს რომელიღაც საფლავის მახლობლად ხის ძელსკამზე დავსვი.
თავი უკან გადააგდო. ცრემლი სდიოდა.
ლამაზი იყო ძალიან.
გავიქეცი იქვე ონკანთან, პეშვში წყალი დავიგროვე და გაფერკმრთალებულ სახეზე შევასხი. ცოტათი გამოცოცხლდა, თევზივით აღებდა პირს და ღრმად სუნთქავდა.
ეკლესიაში შევირბინე და მესანთლე ქალს ჭიქა გამოვართვი, წყალი მივუტანე.
სულმოუთქმელად დალია და მადლიერი თვალებით შემომხედა.
უკეთ იყო. ადამიანური ფერი დაუბრუნდა. თვალები ჰქონდა მხოლოდ ჩაღამებული.
„ხომ ყველაფერი კარგადაა?“ – ვკითხე.
არაფერი მიპასუხა. ნახევარი წუთი დუმდა და მერე:
„ეთო მქვია“ – მითხრა.
მეც ვუთხარი საკუთარი სახელი. მთხოვა მცირე ხნით ჩემთან ერთად ჩამოჯექიო. ჩამოვჯექი. თავი მხარზე დამადო და სად ცხოვრობო. საკუთარი კორპუსი დავანახე. სიგარეტს მოვწევო. მივაწოდე. დიდი მადლობაო, საერთოდ ყველაფრისთვის მადლობაო. მეთქი არაფრის, თუ გინდა წამო ჩემთან, რამეს დაგალევინებ. რასო? ჩაის, ყავას ან კაკაოს-მეთქი. არა, მადლობა უნდა წავიდეო, სხვაგან ვცხოვრობ და მალე მინდა წასვლაო. მეთქი აქ რა გინდოდა? აზრზე არა ვარ, ვეჩხუბე ერთს და ამ ავტობუსში როგორ აღმოვჩნდი არ მახსოვსო. გაჩერებაზე გამოვედი და პირველივე ავტობუსში ჩავჯექიო. შენ რომ არა, არ ვიცი რა დამემართებოდაო. მეთქი კეთილ ადამიანებს რა დალევს, ვიღაც მოგივლიდა. მადლობა ღმერთს, რომ ვიღაც კი არა და შენ შემხვდიო. დავდუმდი. გამომხედეო მთხოვა. გავხედე, თვალებში მიყურა რამდენიმე წამი, მერე ლოყაზე მაკოცა, ფეხზე წამოდგა და ნუ გამაცილებო.
წავიდა.
ჭიქა დავაბრუნე, მეგობარს დავურეკე, გამო სასაფლაოზე-მეთქი.



















სანამ ჩამოვიდოდა, ვიჯექი აბსოლუტურად მშვიდი და ცარიელი. არაფერზე ვფიქრობდი. ჯიბეში ხელი ჩავიყავი, ქაღალდის ნაგლეჯი ვიპოვე, რომელზეც მობილურის ნომერი ეწერა და ბოლოში კიდევ – „ეთო“. მეთქი როდის მოასწრო ამის დაწერა და ჯიბეში ჩაცურება? ვერაფრით მივხვდი.
არ დამირეკავს. ისე რატომ გვაქვს გურჯებს ასეთი გართულება სასაფლაოებზე-მეთქი, ვფიქრობდი. ერთი მომენტი გალაკტიონზეც კი გავბრაზდი „მესაფლავის“ დაწერისთვის და ქართველების გადეპრესიულებისთვის.
ამასობაში მეგობარი ჩამოვიდა კორპუსიდან და მეთქი წამო, თუ არ გეზარება მთაზე წყაროსთან ავიდეთ. ნოუ პრობლემო და ავფორთხდით. ჩემი სირცხვილი, რომ იქ აქამდე ნამყოფი არ ვიყავი. ზემოდან თბილისის აფიგიწელნი ხედი იშლება. საშეყვარულებო ადგილია, თუმცა ალკოჰოლის დასალევადაც დაგლიჯავს. შობის მერე ამოვიდეთ-მეთქი აქ. კარგიო. მთიდან დავეშვით ღრეებით.
მარკეტში შევიარეთ. ვიღაც ნარკომანებს დაუყაჩაღებიათ. თავზარდაცემული და დაშინებული გამყიდველები ცახცახებდნენ. ვეცადე გოგონები გამემხნევებინა და დამემშვიდებინა.
ადუღებული ვიყავი გაზის ქურაზე შემოდგმული ჩაიდანივით. იქიდან რომ გამოვედი ყველაფერი ორთქლად იყო ქცეული და საშინელი სიცარიელე ვიგრძენი, – უკვე მესამედ.
არადა ისევ ვთუხთუხებდი, ოღონდ გაურკვევლად, ჩამშრალი… რაღაცაზე ვნერვიულობდი. აზრზე არა ვარ რაზე.
ჩემთან ავედით სახლში. მწვანე ჩაი ჩავარტყით, მისტერ ბინს ვუყურეთ, ვიცინეთ. მერე მეგობარი წავიდა.
კომპი არ ჩაირთო. ბლიად!
დავიკიდე. უკვე მერამდენედ გაფუჭდა.
ტელევიზორს მივაშტერდი. სხვა მეგობარმა დამირეკა და კომპზე მირჩია აბა, პროცესორში შლეიფები შეარხიეო. ასეც მოვიქეცი და ჩაირთო. მოკლედ აქა ვარ.
Frank Turner-ს ვუსმენ (ამ სიმღერაზე, Worse Things Happen At Sea-ზე გავჭედე პირდაპირ).
წინ მიდევს დღევანდელი დილა, შუადღე, ქაღალდის ნაგლეჯი მობილურის ნომრით, ცოტა ნერვიულობა, ცოტა სიმშვიდე, ბევრი ფლეგმა და არ ვიცი ამ ყველაფერს რა ვუქნა...

3 comments:

  1. თუ ბი ქონთინიუდ ?... მეიბი...?.... :rolleyes:
    ძალიან კარგი ახალ-ახალი რამე-რუმეები დამხვდა ჰუმ,ახლა ვტვირტავ
    It's my compilation for You all! :)-ს ...მოვიდეს აბა : ))

    ReplyDelete
  2. იეს დეარ, მეიბი. ;)
    გასინჯე სნოუკა, მოგეწონება ასე მგონია. :)

    ReplyDelete
  3. ლამაზი და სევდიანი ისტორიაა. შენს ბლოგს ჩავაწებებ თანამებლოგეების სიაში , ხშირად შემოვალ ხოლმე :)

    ReplyDelete