Wednesday, August 21, 2013

თურქული ხმელთაშუაზღვისპირეთი

დღეს უკვე ბევრი ქართველი სიამოვნებით მოგზაურობს მეზობელ თურქეთში. თიკომ და მე გადავწყვიტეთ წელს თურქეთის სამხრეთ-დასავლეთით, ანტალიას მიდამოებში დაგვესვენა. ვცდილობდით შეგვერჩია სასტუმრო მშვიდი პირობებით და ნაკლები ხმაურით. ქართულ სააგენტოში შემოთავაზებული ვარიანტებიდან ავარჩიეთ კიდეც ანტალია-ქემერის გზაზე, დასახლება ბელდიბის ერთ-ერთი სასტუმრო – „სიდნეი 2000“.

ხმელთაშუა ზღვა ანტალიასთან
„თურქიშ ეარვეისის“ ჩარტერულმა რეისმა ანტალიას ახალ და კომფორტულ აეროპორტში დაახლოებით ორ საათში ჩაგვაფრინა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ავიაკომპანია ქართულ პრესაში რამდენჯერმე მწარედ გალანძღეს, მისი სერვისით ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველად არ გვისარგებლია „თურქიშის“ მომსახურებით და დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო სერვისი აქვს იმ კომპანიებს შორის, რაც საქართველოშია და ამ მომსახურების კულტურა წლიდან წლამდე შენარჩუნებულია.

აეროპორტში ფირმა „პეგას ტურისტიკის“ წარმომადგენლები დაგვხვდნენ, რომელთაც ჩამოსულები ახალ და კონდიციონერით გაგრილებულ ავტობუსებში გაგვანაწილეს. უნდა ვთქვა, რომ, მიუხედავად ღამისა, აეროპორტის შენობიდან გამოსულებს, საოცრად მხუთავი სიცხე შეგვეგება. ბელდიბი ანტალიადან 25-30 კმ-ის დაშორებით მდებარეობს. ჩვენს სასტუმრომდე სადღაც 45 წუთში ჩავაღწიეთ, რადგან „პეგასის“ ჩვენი მეგზური გოგონა თანამგზავრებს გზადაგზა სხვადასხვა სასტუმროებში ანაწილებდა, თან ანტალიას თავისებურებებზეც გველაპარაკებოდა.

„პეგას ტურისტიკის“ ავტობუსში ასეთი გაფრთხილებაც ეკიდა, ისე просьба უნდა ეწეროს

ბელდიბი პატარა დასახლებაა, სადაც თითქმის სულ სატუმროებია. ყველა სასტუმროს თავისი პლაჟი გააჩნია; – ზოგს მასზე პირდაპირი გასასვლელი აქვს, ზოგიც ზღვას გვირაბით უკავშირდება. ჩვენს სასტუმროს ზღვა პირდაპირ ეზოში ჰქონდა, რაც დიდი კომფორტია. ეზოში მწვანე შეზლონგებიან-ქოლგებიანი მინდორია. ზღვიდან ამოსულს შეგიძლია მზეს ეზოში მიეფიცხო. ლეპტოპი ან ტელეფონი შეზლონგზე რომც დაგრჩეს, ხელს არავინ მოკიდებს. ქურდობა, როგორც ასეთი, ძალიან იშვიათობაა. თანაც, დამატებით უსაფრთხოებას სათვალთვალო კამერები უზრუნველყოფს. ჩვენი სასტუმროს სერვისში 1.60 მეტრიანი სიღრმის აუზიც შედიოდა. ჩემთვის, როგორც საშუალოზე დაბალი დონის მოცურავისთვის, იდეალური სიღრმე ჰქონდა. ოფიციალურად, „სიდნეი 2000“ 3+-ვარსკვლავიანია, მაგრამ ბევრ 4-იან სასტუმროს ჯობია რამდენიმე ნიუანსით. მარტო ის რად ღირს, რომ ზღვა იქვეა და გამოსაცვლელად პირდაპირ ნომერში ადიხარ, საშხაპე კი პლაჟზეცაა. შევეცდები ჩამოვწერო ბელდიბულ-ანტალიური პლუსები და მინუსები.

„სიდნეი 2000“-ის მწვანე ეზო პლაჟთან
დავიწყოთ პლუსებით:

1. ზღვა არის უსუფთავესი. ფერი აქვს მწვანე რომ ლურჯს ერწყმის, ან მუქი ლურჯი, თუმცა ალიონზე ჭარბი მარილის გამო, თეთრი ელფერი ეძლევა. სწორედ ამიტომ თურქებმა მას არა ხმელთაშუა, არამედ თეთრი ზღვა (აკდენიზი) შეარქვეს. აქ ვერ ნახავთ მედუზებს. ჰოფაში დაბადებულმა ძალიან კარგმა ლაზმა ადამიანმა („პეგასის“ ანტალიაში მოწყობილი ექსკურსიის გიდმა) ეიუპ კარამანმა მითხრა, რომ მედუზის თუ მიდიების პლაჟზე არარსებობა წყლის სისუფთავის ნიშანია. ზღვა ისეთი კამკამაა, რაც უნდა შორს გახვიდე, ფსკერზე კენჭებს დაითვლი. ამავე დროს, წყალი თბილია, საამოა და მისი ტემპერატურა 24-დან 30 გრადუსამდე მერყეობს. ისიც უნდა ითქვას, რომ ზღვა იშვიათად ღელავს.

მწვანე და ლურჯი ფერების შესანიშნავი სინთეზი
2. ამ მხარეში ამინდი ძალიან კარგია. ადგილობრივების ინფორმაციით, იგი თითქმის არ ფუჭდება. მათივე სიტყვებით, წელს უკანასკნელად 13 მაისს მოუწვიმია (ისიც სუსტად) და სავარაუდოდ, შუა შემოდგომამდე ნალექი დამსვენებლებს არ შეაწუხებს. ანუ, დასვენების სეზონს ამინდი პრაქტიკულად ვერ აფუჭებს. საკურორტო სეზონი კი აპრილში იწყება და ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. ბელდიბიში მზე ზღვიდან ამოდის და მთებში ჩადის, ამიტომ დილის რუჯი უფრო ძლიერია. საღამოს კი მზის სხივებისგან დამცავი კრემის წასმაც კი არ არის აუცილებელი.

უშუალოდ ჩვენი სასტუმროს პლაჟი
3. ბუნება მშვენიერია. გვალვების მიუხედავად, ანტალია მწვანეა და არაა ხრიოკი. ჩვენი სასტუმროს ეზოში დიდი, ვარჯგაშლილი ფიჭვებიც იდგა. ანტალიას სიმბოლო კი ფორთოხალია. როგორც ამბობენ, ეს მცენარე ესპანეთიდან შემოუტანიათ და ისე კარგად მოერგო იქაურობას, რომ ფორთოხლის მოსავალი წელიწადში სამჯერ მოდის. ადგილობრივების მტკიცებით, ევროპაში ყველაზე გემრიელი ფორთოხალი სწორედ თურქეთში იკრიფება. ასევე სამჯერ მოდის ატმის მოსავალი და ორჯერ-სამჯერ – ბოსტნეულის.

სასტუმროს ეზო საცურაო აუზით, ფიჭვებითა და ბარით
4. კვება ძალიან კარგია. მე და თიკოს თურქული სამზარეულო ძალიან მოგვწონს, აირანით დაწყებული, გაწურული მჟავე კეფირით თუ ჩორბათი დამთავრებული. თიკომ განსაკუთრებით გაიხარა, რადგან მისი საყვარელი ბევრნაირი სალათის არჩევა შეეძლო. ძალიან კარგი შეფ-მზარეული გვყავდა, – სუფთად და გემრიელად ამზადებდა. ზოგჯერ გრილზეც გვიმზადებდა სხვადასხვა ხორცეულს (ქათამი, ცხვარი, საქონელი). კვება სასტუმროში 5-ჯერ იყო:

7:30 – 9:00 – საუზმე;
9:30 – 10:00 – გვიანი საუზმე;
12:30 – 14:00 – სადილი;
16:30 – 17:00 – სამხარი;
19:30 – 21:00 – ვახშამი.

10:00-დან 22:00 საათამდე ეზოში მუშაობდა ბარი, რომელშიც უფასოდ შეგეძლო დაგელია: წვენები, კოლა, ყავა, ცივი წყალი, ადგილობრივი წარმოების არაყი, თურქული ჩამოსასხმელი ლუდი, ჯინ-ტონიკი და ასევე ადგილობრივი საშინელი და დასპირტული ღვინოები. არათურქული ცნობილი ფირმების ალკოჰოლური სასმელები ფასიანია.

სასტუმროს მზარეულთა ბრიგადა, შუაში ქუდით შეფ-მზარეული
5. ირგვლივ სიმშვიდეა. მიუხედავად იმისა, რომ „გაგანია“ სეზონზე ვიყავით, ღამის 12 საათის შემდეგ პრაქტიკულად მთელს დასახლებაში სიმშვიდე ისადგურებდა. ღია ცის ქვეშ დისკოთეკები ამ დროისთვის წყდება. თანაც, საქართველოსგან განსხვავებით, მუსიკას ბარებში არ აბღავლებენ. ირგვლივ ბევრი რუსი, ბელორუსი, უკრაინელი და ყაზახი ისვენებდა (თურქები და კავკასიელები ნაკლებად). მიუხედავად იმისა, რომ ალკოჰოლი უფასო იყო, გადამთვრალი, აშარებული და აყვირებული არავინ გვინახავს. თუმცა მეზობელ სასტუმროში ერთი ნასვამი კაცი (სავარაუდოდ რუსი) სასწრაფომ წაიყვანა. როგორც გვითხრეს, ღამით ნასვამი ზღვაში ჩავიდა და ცუდად გახდა.

სასტუმრო „სიდნეი 2000“ უკანა ეზოს მხრიდან
6. თურქები ყველაფერს კარგად უვლიან. ეიუპის ინფორმაციით, თურქეთის მოსახლეობის მხოლოდ 20%-ია მდიდარი, 50% საშუალო ფენაა, ხოლო 30% ღარიბია. თუმცა, ნებისმიერი სოციალური ფენის ადამიანს შრომა უყვარს. სწორედ მათი შრომისმოყვარეობის წყალობით ქვეყანა ბოლო პერიოდში ძალიან გაძლიერდა. 1960-იან წლებში ანტალიაში 50 000 ადამიანი ცხოვრობდა. დღეს ქალაქი ისე განვითარდა, რომ მილიონზე მეტი მოსახლე ჰყავს. ზაფხულში, დამსვენებლების ჩათვლით, მათი რიცხვი ორ მილიონამდე იზრდება. ანტალიაში აბსოლუტურად ყველა საცხოვრებელი კორპუსის თავზე დგას წყლის ავზები მზის ბატარეებითურთ. ანტალიელები ასე ელექტროენერგიასა და გაზს ზოგავენ, რადგან ამ ავზებში წყალი მზიან ამინდებში 70 გრადუსამდე ცხელდება (ღრუბლიანში 40 გრადუსამდე). ასე რომ, წლის უხვმზიან პერიოდში ცხელი წყლის პრობლემა მოხსნილი აქვთ. როგორც ანტალიაში, ისე ბელდიბიში ონკანიდან წყლის დალევა არ შეიძლება.

ანტალიას საცხოვრებელი კორპუსები სახურავზე წყლის ავზებითა და მზის ბატარეებით
7. ბელდიბიში ბევრი სასეირნო პირსია, მათზე ბოდიალს არაფერი ჯობია, განსაკუთრებით ღამით, როცა აგრილდება და ზღვიდან ბრიზი უბერავს. ყველა პირსის ბოლოს ან შეზლონგებია, ან სავარძლები. ასე რომ,პირსზე დღისით შეგიძლია მზეს მიეფიცხო, ზღვაშიც იხტუნო, ღამით კი ისეირნო, მარტო ან საყვარელ ადამიანთან ერთად ჩამოჯდე, ისუნთქო ზღვიდან მობერილი გრილი მარილის სუნიანი მიმზიდველი ჰაერი და სიმშვიდით დატკბე.

ერთ-ერთი პირსი პლაჟზე
8. ადგილობრივი დრო ქართულს მხოლოდ ერთი საათით ჩამორჩება, ანუ როცა იქ ვთქვათ, 14 საათია, თბილისში 15-ია. ეს ძალიან აიოლებს ადაპტაციას, გნებავთ აკლიმატიზაციას.

ახლა მინუსებსაც მოგახსენებთ:

-5. ძალიან მაღალი ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა. ისე ცხელა, რომ ანტალიაში შუადღისას ფეხით მოსიარულეს ქუჩაში ვერ იხილავთ. ჩვენს ჰავასთან შედარებით თავიდან კოშმარად მოგვეჩვენა, მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანის ორგანიზმი ამას ეგუება. ტემპერატურა 34-დან 40 გრადუსამდე მერყეობდა. მაღალი ტენიანობის გამო, ჰაერი საოცრად ჩახუთულია.

ანტალიას ცნობილი ჩანჩქერი
-4. ქართული ლარი არაკონვერტირებადი და არასასურველი ფულია, მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ჩვენი მეზობელი და მოკავშირეა. როგორც იტყვიან, ეს მაგრად ტეხავს! ლარის გადახურდავების პრობლემა ადრე სტამბულში გვქონდა. სამაგიეროდ, თურქულ ლირასთან (თითქმის ლარის ექვივალენტია) ერთად თავისუფალ მიმოქცევაშია რუსული რუბლი, ამერიკული დოლარი და ევრო. დანარჩენი ქვეყნების ფული, ქართული ლარის გარდა, შეიძლება გადაახურდავო სავალუტო პუნქტებში. ასე რომ, თუ თურქეთში საქართველოს საზღვრის მახლობლად არ მიდიხართ, ქართული ლარის იმედი არ გქონდეთ, არავინ დაგიხურდავებთ.

ყველაზე კარგი გიდი, აწ უკვე ჩვენი მეგობარი ლაზი ეიუპ კარამანი (მარცხნივ)
-3. აქაური სასტუმროების უმეტესობა რუსული კომპანიების განკარგულებაშია, ტუროპერატორებიც რუსულია. ანუ, რუსულენოვანმა ფირმამ მოაწყო შენი მოგზაურობა. ჩარტერიც მან გააკეთა, ჩამოგიყვანა, იქ ექსკურსიაზეც წაგიყვანა, სადაც ყველა ყვირის Россия! „პეგას ტურისტიკიც“ თავიდან ბოლომდე რუსულ-თურქული კომპანიაა. გიდების უმრავლესობა რუსი ან ყოფილი საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეა და შესაბამისად, რუსულის მცოდნეა, ინგლისური პრაქტიკულად არ ესმის და ქართველს, როგორც რუსს, ისე ექცევა. ერთმა გიდმა (წარმოშობით შუააზიელმა) ისიც კი გვკითხა, ქართული და სომხური ენები ხომ თურქული წარმოშობისააო? მერე იგივე გიდი რუსულად გვიხსნიდა, რას ნიშნავს ტექსტილი...

ამ გემით, „გალეონით“ გაგვასეირნა „პეგასმა“ ანტალიას პორტიდან კუს კუნძულამდე და უკან
-2. არ გაეკაროთ იმ სასტუმროებს, სადაც მმართველები რუსები არიან! რისეფშენიდან შესაძლოა ყველაზე საშინელ ნომერში შეგიშვან. საერთოდ წესად აქვთ ასე, პირველ ღამეს ნებისმიერ სტუმარს ყველაზე საშინელ ნომერში ათენებინებენ. „სიდნეი 2000“-ის მენეჯერ ქალ ლუდმილასაც ეს პრინციპი აქვს. ნახევრადსარდაფში ისეთ ნომერში შეგვიშვეს, სადაც კარს უზარმაზარი ღრიჭო ჰქონდა, ხელსაბანი ნიჟარის სიფონი გაჭედილი გახლდათ, საშხაპედან წყალი ასხამდა, კონდიციონერი ხრიალებდა და საერთოდ, მინი-ჯოჯოხეთში მოვხვდით. დილით ლუდმილასთან კაი ხნის ახსნა-განმარტების და ცოტა გაცხარების შემდეგ, გადაგვიყვანეს ნორმალურ ნომერში. არადა, ბოლო წუთამდე ფეხს ითრევდა. ჩვენი წამოსვლის ბოლოს წინა დღეს ერთმა რუსმა დამსვენებელმა გაგვანდო, „სვერხუ“ (ქრთამად) 20-30 $ უნდა მიგეცათ და ეგრევე კარგ ნომერში გადაგიყვანდათო. რუს მენეჯერებთან ეს გაითვალისწინეთ! ჩასვლისას ან გაუხურეთ ან პირდაპირ აჯახეთ ზედმეტი 20 - 30$ და ნორმალურ ნომერში შეგიშვებენ. ჩვენს სასტუმროში ყველა ნომერი ერთი და იგივე ფასი ღირდა, თუმცა არსებობდა კარგი და ცუდი ოთახები...

გემით სეირნობისას შესანიშნავი ხედი
ამ მხრივ თურქები განსხვავდებიან რუსებისგან. ისინი გთხოვენ ხელის ქირას (ე.წ. „ჩაევიე“), რაც მსოფლიო ტურისტულ ინდუსტრიაში ისედაც ჩვეულებრივი ამბავია. თუ ეს ზედმეტი ფული არ გაქვს, მაინც ბოლომდე გიკეთებენ საქმეს (დამლაგებლები, მზარეულები, მძღოლები და სხვები), აშკარად არ გავალდებულებენ ფულის მიცემას. გასათვალისწინებელია, რომ „სიდნეი 2000“ ძველი სასტუმროა, რომელსაც მხოლოდ წინა მხარეს აქვს მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა, დანარჩენი ფანჯრები ძველი ხისაა. ახალ აშენებულ სასტუმროებში ასეთი უსიამოვნო პრობლემები (გაჭედილი სიფონი, გაუმართავი საშხაპე, მოხრიგინე კონდიციონერები, ღრიჭოები და ა.შ.) არ არსებობს.

ჩვენი სასტუმროს აუზი
-1. თუ მანქანით აპირებს ვინმე თურქეთში გასეირნებას, უნდა გაითვალისწინოს, რომ ბენზინი თურქეთში ძალიან ძვირია. 1 ლიტრი ყველაზე ცუდი ბენზინი 3.00 ლარზე მეტი ღირს, ხოლო ყველაზე კარგი – 5 ლარამდე. ბენზინი ასე ძვირი საწვავზე მაღალი გადასახადების გამოა. თურქეთში ძალიან არაპოპულარულია ჯიპი და ამის მიზეზი მარტო საწვავის სიძვირე არაა; – რაც უფრო დიდია ძრავის მოცულობა, მით მეტია მანქანის გადასახადი (თურქეთში მანქანის ყოველწლიური ბაჟი არსებობს), ამიტომ, ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას მცირელიტრაჟიანი ძრავის მანქანები ჰყავს (ეს ჩემი აზრით პლიუსი უფროა, ვიდრე მინუსი).

„გალეონის“ ქიმი და კუს კუნძული
თურქული ტურისტული კომპანიები ბევრ ადგილობრივ ექსკურსიას გვთავაზობენ და ბევრ ადგილას წასვლა ნამდვილად ღირს. მათ შორისაა შოპ-ტურებიც. სახარჯი ფული თუ გაქვთ, ბევრ კარგ რამეს იაფად შეიძენთ. ჩემი სისუსტე თურქული ხელით მოხატული კერამიკაა და თურქეთში ყოფნისას ყოველთვის ვცდილობ სიმბოლურად ერთი ცალი მაინც ვიყიდო. ახლაც, ანტალიაში ჩასულებმა პატარა თასები ვიყიდეთ ერთი ცისფერთვალება, ხანში შესული, სიმპათიური მამაკაცისგან. როცა გაიგო, ქართველები ვიყავით, გახარებულმა გაგვიმხილა, თურქი მესხი ვარ, ბევრი ჩემიანი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და მე ჯერ არ ვიცი, რას ვიზამო. წამოსვლისას ერთმანეთი დავლოცეთ. სხვათა შორის, ბელდიბიშიც გვყავდა ერთი თურქი მესხი გოგონა, ფერიდე, რომელიც ახლადჩამოსულ ტურისტებს უფასო მგზავრობის პირობით შოპ-ტურებზე ეპატიჟებოდა.

ჩვენ და წყლის ბოთლი, რომლის გარეშე გარეთ ფეხის გადგმა არ შეიძლება
მოკლედ, გინდ პრაგმატულად და გინდაც ადამიანურად რომ ვთქვა, ამჯერად თურქეთში დასვენება ბევრად ჯობია საქართველოს ხალხმრავალ კურორტებზე ნერვების შლას, ჩვენს გაზარმაცებულ მომსახურებას, აყალმაყალს, გაწევ-გამოწევას, ბინძურ პლაჟებს, ხმამაღლა მოღრიალე მუსიკას და რაც მთავარია, ხშირწვიმიან ამინდს. ფასს კი რაც შეეხება, თუ ანტალია-ქემერის შემოგარენში ორკვირიან ან მეტხნიან ტურისტულ საგზურს შეიძენთ, უფრო იაფიანი დასვენება გამოგივათ (რა თქმა უნდა, თავისი სასტუმროთი, კვებით, ალკოჰოლით, იქეთ-აქეთ ფრენით) ვიდრე ეს საქართველოს ზღვისპირეთში დაგიჯდებოდათ.

კიდევ შეიძლებოდა დამეწერა ამ შესანიშნავ კურორტზე, ასევე, მობილურ კომპანია „გუდლაინზე“, რომელიც მოსახერხებელია საზღვარგარეთ მგზავრობისას, მაგრამ ისედაც საკმაოდ ბევრი დამიწერია, ამიტომ ამჯერად აქ დავსვამ წერტილს.

6 comments:

  1. ინფორმაციული და კარგი პოსტია, ლაშა. დიდი მადლობა!
    არაჩვეულებრივად დაგისვენიათ და ფოტოებიც ძალიან მომწონს :)

    ReplyDelete
    Replies
    1. დიდი მადლობა, შენ, ქეთი. :))

      Delete
  2. რა კარგი ამბები მოგვიყევი და რა სასარგებლო ინფორმაცია მოგვაწოდე! მეც მომინდა იქ დასვენება და როცა ასე მოხდება, ამ რჩევებს გავითვალისწინებ. სადაც ახლა ვცხოვრობ, თურქეთი სულ ახლოსაა. I.K.

    ReplyDelete
  3. უფ, რამდენ რამეში გეთანხმები, განსაკუთრებით ბოლო აბზაცებში, არ მესმის, რატომ უნდა გადაიხადო ბათუმის შერატონში, ან რედისონში, ან სულაც სხვა სასტუმროში ასე ძვირი,როცა ბევრად, ბევრად უკეთესად დაისვენებ თურქეთი კურორტებზე ყველა შენი ჩამოთვლილი პლუსის გათვალისწინებით.
    მე 2 წლის წინ ვიყავი ანტალიაში და ასევე აღფრთოვანებული და გაბედნიერებული ჩამოვედი უკან.
    ამიტომაცაა, რომ თურქთის კურორტები ასე პოპულარულია - ნორმალური ფასი, კარგი მომსახურება/პირობები -წარმატების გარანტიაა.
    მაგრამ ამას საქ-ში როდის მიხვდებიან, არ ვიცი.
    იგივე სიტუაციაა ზამთრის კურორტებზე -ისეთი ფასებია, ავსტრიაში უფრო იაფადაა სასტუმროები, რომ ვეძებ ხოლმე :)

    ძალიან კარგი ფოტოებია, წარმომიდგენია, როგორ კაგრად დაისვენებდით :)

    ReplyDelete
    Replies
    1. მაშასადამე, მოვემზადებით ავსტრიაში გასასეირნებლად. ;)) დიდი მადლობა, ნინო. :))

      Delete