Monday, November 14, 2016

გვიანი შემოდგომა - ლისი

ბორიალიზმი დიდებული რამაა, განსაკუთრებით თბილისიდან არც ისე მოშორებით, ანუ აქვე – თბილისშივე. ასეთი ადგილები ამ დალოცვილ ქალაქში საკმარისზე მეტია, სადაც შეგიძლია მოწყდე ხუთვას, საცობებს, ხმაურს, მტვერს, მოღმუილე შიდაწვის ძრავებს და დანევროზებულ სიტუაციებს. ბორიალიზმის მიმდევრებს უყვართ ფეხით ან ველოსიპედით გადაადგილება, სუფთა ჰაერის სუნთქვა, ისეთ ამინდშიც კი, რომელსაც უმრავლესობა რატომღაც ავდარს ეძახის. ჩვენ მსგავს ავდრებში სეირნობაც ძალიან მოგვწონს. გასულ კვირას, მაგალითად კიდევ სხვადასხვა ადგილს ვეწვიეთ, რომლის შესახებაც თავის ბლოგზე თიკომ დაწერა.

ძალიან ლამაზია ღრუბლიან ამინდში ნისლში გახვეული ლისის ტბა. აქ ამოსვლა თიკოს და მე ყოველთვის გვიყვარდა, თუმცა ახლა განსაკუთრებით გასახარია, რადგან მშვენიერი საფეხმავლო და ველო ბეტონის გზა გაკეთდა, რომელიც შესაძლებლობას გვაძლევს სრული წრე დავარტყათ ტბას. მისი საერთო სიგრძე 3 კილომეტრია (მანძილის ნიშნებიც დამონტაჟებულია). თუმცა, ალბათ ჯობია, ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ნახოთ. მანამდე შემოდგომის ლისის ჩემი ფოტოები.






Sunday, September 18, 2016

თბილისი – აბანოთუბანი, ბოტანიკური ბაღი

სექტემბერში, როცა ოდნავ აგრილდება, აღარ ცხელა და ჰაერიც თითქოს უფრო დაწმენდილია, არაფერი შეედრება ძველ თბილისში სეირნობას. დღევანდელ მარშრუტად თიკომ და მე აბანოთუბანი – ბოტანიკური ბაღი ავირჩიეთ. გზად ულამაზესი ჯუმა მეჩეთიც მოვინახულეთ.

ბოტანიკურის ქუჩაზე ძალიან ლამაზი სახლი და მის კედლებზე დაგრძელებული ჩრდილები




აბანოთუბნის მცირე პანორამა ბოტანიკურის ქუჩიდან

Saturday, September 03, 2016

საბჭოთა მოზაიკის ნარჩენები ცხვარიჭამიაში


ცხვარიჭამიას შესასვლელში, – თბილისიდან რომ ადიხარ, – შემორჩენილია ეს საბჭოთა ესთეტიკის ფერადი მოზაიკების მთელი კასკადი, რომელიც თავის დროზე გვამცნობდა, რომ პიონერთა ბანაკის ტერიტორიას ვუახლოვდებოდით. რამდენიმე მათგანს დღეს ფოტოები გადავუღე.





Saturday, August 13, 2016

კასეტების კუსტარული გაფორმება

კასეტის მოყვარული მელომანები დამეთანხმებიან, რომ სუფთა კასეტაზე ჩაწერას თავისებური მუღამი და შიშხათი აქვს. მელომანი ცდილობს თუნდაც ნაკლებადხარისხიანი მუსიკალური მატარებლიდან ბევრად უფრო ხარისხიანი ჩანაწერი მიიღოს. ამისთვის, პირველ რიგში, იგი რა თქმა უნდა, ჩანაწერის მარცხენა და მარჯვენა არხების დამაგნიტების დონეს არჩევს, საჭიროების შემთხვევაში ჩანაწერს ეკვალაიზერში ატარებს, სპირტიანი ბამბით ჩამწერ თუ წამშლელ თავაკებსა და ფირის ამძრავ რეზინის დოლურასაც წმენდს, შემდეგ აღმწარმოებელ თავაკს (თუ მეორე კასეტიდან იწერს) სახრახნისით იდეალურ მდგომარეობას მოუძებნის და კიდევ რამდენიმე მცირე დეტალს გაითვალისწინებს... იგი მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს ჩაწერას, რაც  მელომანისთვის მეტად სასიამოვნო პროცესია. რა თქმა უნდა, მუსიკის ჩვეულებრივი მომხმარებლისთვის ამას არავითარი განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მისთვის ჩაწერის პროცესი, შესაბამისად ჩანაწერის ხარისხი მთავარი არ არის.

ამ სასიამოვნო პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი კასეტის გაფორმებაცაა. მე კასეტების გასაფორმებლად ჩვეულებრივ ან ტუშის ავტოკალამს ვიყენებ, ასევე გადასაყვან ასოებს, რომლებიც 1990-იანებში იშოვებოდა საკანცელარიო მაღაზიებში. ავტოკალმით კასეტის ჩანართზე სიმღერების სახელწოდებები, მათი ხანგრძლივობა, ჩაწერის თარიღი, ადგილი და იმ ადამიანის სახელი დამქონდა, ვისგანაც მოვიპოვე ეს ჩანაწერი. ხოლო, გადასაყვანი ასოებით (თუკი მომეპოვებოდა რასაკვირველია) შემსრულებლის სახელებს ვწერდი ხოლმე ჩანართის შუაში, რომელიც კოლოფის გვერდიდან ჩანს. დღეს პრინტერზე შეიძლება ამ ყველაფრის გაკეთება... ბევრს არ გავაგრძელებ და ჩემი კასეტების კოლექციიდან რამდენიმეს წარმოვადგენ. 

U2-ს ამ ლეგენდარულ ალბომ გამოსვლის წელსვე მოვუსმინე ვინილის ფირფიტაზე და ეგრევე ჩავიწერე ზუსტად Sanyo-ს ფირმის ამ კასეტაზე. მოგვიანებით, 7 წლის შემდეგ, როცა კომპაქტ-დისკ პლეერები მომრავლდა კომპაქტ-დისკიდან განვაახლე იგივე კასეტაზე ჩანაწერი. ეს ჩემი ერთ-ერთი ყველაზე ძველი აუდიო-კასეტაა.


ეს Yes-ის ჩემი უსაყვარლესი ალბომი Tales From Topographic Oceans-ის ჩანაწერია ბაბინებიანი ე.წ. „კოჭებიანი“ მაგნიტოფონიდან 1992 წელს. ფირმა GoldStar დღევანდელი LG-ია, სამხრეთკორეული წარმოების. ჩანართის შუაში Yes სწორედ ზემოთაღნიშნული გადასაყვანი ასოებით დავაწერე.


The Police ჩემს ცხოვრებაში ვინილით შემოვიდა, თუმცა მაშინ არც მაგნიტოფონი მქონდა და არც ჩაწერის შესაძლებლობა. „პოლისის“ ეს პირველი და მეორე დიდებული ალბომები: Outlandos d'Amour და Reggatta de Blanc შუა 90-იანებში ჩამიწერეს პირდაპირ კომპაქტ-დისკებიდან.

The Doors-ის ნაკრების გაკეთებაში ჩემი მეგობრები მომეხმარნენ, რომელთა სახელებიც ჩანართზე წერია. ნაკრები გავაკეთე იაპონური TDK-ს ერთ-ერთ საუკეთესო კასეტაზე, რომელიც მეორე ტიპს, ანუ ქრომის კასეტებს მიეკუთვნება. ამ ტიპის კასეტების ფირები ქრომის დიოქსიდითაა დაფარული და განსაკუთრებული დამაგნიტება სჭირდება კარგი ხარისხის მისაღებად. იგი ჩვეულებრივი პირველი ტიპის (რკინის) ფირიან კასეტაზე უფრო ძვირიც ღირს.

Sunday, January 24, 2016

ზამთრის მზე და ხეები

პირველი თოვლი თბილისში 2016 წელს. ფოტოები კი ლისის ტბასთანაა გადაღებული.