Friday, August 03, 2007

მიტოზი

ამ ბოლო დროს მგონია, რომ მიტოზს განვიცდი ხოლმე.

მიტოზი ხომ გაგიგიათ რაც არის? ბიოლოგიური ტერმინია. აი უჯრედის დაყოფის პროცესია. ანუ რამდენიმე მთელ ნაწილად ვიყოფი და პიროვნების გაორება აქ არაფერ შუაშია.

ამას ისე ხშირად ვგრძნობ ხოლმე, რომ ზოგჯერ ასეთ სულელურ სიტუაციაში ვვარდები. გადავდივარ, ვთქვათ, გადასასვლელზე, ხოდა ჩემი ერთი განაყოფი მშვიდობიანად გადადის, მეორე კი მანქანას უვარდება და ვუყურებ როგორ იცლება ის საცოდავი სისხლისგან. ცრემლიც კი მადგება თვალზე. თურმე როგორ მყვარებია საკუთარი თავი.

კიდევ ასეთ რამესაც ვგრძნობ.

ჩავდივარ სხვა ქალაქში და ამ დროს ჩემი განაყოფი სახლში რჩება, ჩვეულებრივად ბრუნდება სამსახურიდან, გამოივლის ნაცნობ მარკეტში, სადაც ყიდულობს სიგარეტს, ნაბეღლავს ან ლუდს, პურს და ა. შ.. აღარ ვნერვიულობ, რომ სახლი უპატრონოდაა მიტოვებული. ამავე დროს, ის ჩემისა (რა ზუსტი სახელი გამოვიდა) ჩემს მეგობრებს ხვდება, ელაპარაკება, ჩემს გოგონასაც ნახულობს. არ ვეჭვიანობ საერთოდ, ის ჩემისაც ხომ თავად გახლავართ. ამიტომ სიმშვიდე მეუფლება. თუ პლაჟზე ვარ, ზღვის ტალღებს ვუსმენ და კარალიოკს მშვიდად შევექცევი.

ჩემი ერთ–ერთი დანაყოფი საერთოდ სხვა ქვეყანაში ცხოვრობს თავის ცოლთან ერთად. მას და მის ცოლს ერთმანეთი ძალიან უყვართ და ერთდროულ პერფორმანსებსაც კი აწყობენ. ეს ჩემისა მუსიკას წერს, მისი ცოლი კი ხატავს. ხდება ხოლმე, მისი ცოლი მეც მენატრება.

როცა მოგზაურობიდან ვბრუნდები და ბინის კარებთან მივდივარ, გასაღებს კი არ ვარგებ, ზარს ვრეკავ.

ეს ჩემისა კი სახლში მხვდება და კარს მიღებს.

იშვიათია, სიგარეტი ჩამომყვეს მგზავრობის შემდეგ. ეს კი როგორც შემხედავს, კარადის თავიდან გადამალულ სიგარეტს მიწვდის და მიღიმის.

მეც გავუღიმებდი დაღლილი რომ არ ვიყო და სარკეში ჩახედვა საშინლად არ მეზარებოდეს.

P. S. პირველი აგვისტოდან კიდევ ერთი სახელი დავირქვი. უკვე ორი ოფიციალური სახელი მაქვს და ერთიც ვირტუალური. :D



















Download:


  

Thursday, August 02, 2007

ბოთლ(ებ)ი

იმდენი ბოთლია ჩემს ირგვლივ, რომ ზოგჯერ მგონია მათში ჩავიღვრები და გადავნაწილდები.

ამაზე ფიქრმა ამ ბოლო დროს ისე ძლიერ შემიპყრო და შემაშინასავით, რომ ზუსტად ერთი კვირის წინ 70-მდე ლუდის ბოთლი სახლიდან ცელოფნის პარკებით გავათრიე და ერთ ბოთლების შემგროვებელს ჩავაბარე. ბოთლების მიმღებ მოხუცს გაჭირვებული კაცის დანაოჭებული სახე და ერთი დიდი ჭუჭყიანი ტომარა ჰქონდა. ბოთლები გულდასმით გადათვალა და მხოლოდ 2 ლარი გამომიწოდა. ვიცოდი, რომ მატყუებდა, მაგრამ მაინც მადლობა გადავუხადე, გავუღიმე კიდეც და სახლში შევბრუნდი. ბოთლები აღარ მემუქრებოდნენ, სახლში სისუფთავე დავამყარე.

არადა რა ჩიტური ახირებაა ეს ბოთლებში ჩაღვრა. თუმცა ეგრე ვიცი ხოლმე, კაი ცრუმორწმუნესავით რაღაც სისულელეს ამოვიჩემებ. ზოგჯერ მგონია, რომ აი, ახლა დახურული ფანჯრიდან დიდი მსუქანი ბუზი შემოფრინდება და პირდაპირ თვალებზე დამაჯდება, ან დაძინების დროს, რომელიღაც შინაგანი ორგანოს შეტევა დამეწყება და მერე.... აღარ ვიცი.

დღეს 15-16-მდე ბოთლი დამიგროვდა სამზარეულოში და მაგიდას აღარ ვეკარები.
არადა, რა უჭირს ვითომ? ბოთლებს იმისთვის აკეთებენ და მერე მასში რაღაცეებს იმიტომ ასხამენ, რომ ვიღაცეებს ასიამოვნონ.

კაი ღვინის ან ლუდის ბოთლში სიამოვნებით ჩავიღვრებოდი და ვინმეში გადავიღვრებოდი...


















Download:

Tuesday, June 05, 2007

ეგოისტ(ებ)ი


"Young Girls Dreaming Of Beautiful Deaths... I Am Only Bone I Waited For Peace And Here Is My Peace"
-Brian Eno-
– გისმენთ.
– ნინ, მე ვარ, გოგა.
– ჰო, როგორა ხარ?
– როგორ უნდა ვიყო ამ წვიმაში? როგორც იქნა მოვრჩი საქმეებს.
– ფრთხილად. არ მიყვარს წვიმა.
– ვეცდები ფრთხილად ვატარო. შენ როგორა ხარ?
– რავი, ვარ რა. რაღაც მინდა მერე გითხრა. შეგხვდები.
– მოხდა რამე? ტფუი, ყველა დეგენერატი როგორ უნდა იჯდეს საჭესთან! კინაღამ დამარტყა!

Monday, June 04, 2007

Archive - You All Look The Same To Me

ლონდონური ჯგუფი Archive ერთი მოსმენით ნამდვილად არ შემყვარებია. რამდენიმე თვის წინ ის Squee–მ მომასმენინა. კი მომეწონა, მაგრამ რატომღაც გადამავიწყდა. ამას წინათ კი, შეიძლება ითქვას, ხელახლა აღმოვაჩინე სრულიად შემთხვევით და, როგორც იტყვიან, ყბა ჩამომივარდა (კაი გაგებით). ახლა თითქმის ყველა ალბომი მაქვს. ასეთი მრავალფეროვანი ჯგუფი იშვიათია. პირველი ალბომი Londonium (1996) თუ სუფთა Trip-Hop–ია, შემდეგი ალბომი Take My Head (1999) უკვე Indie ხასიათისაა. ამავე დროს, Archive–ს აქვს ალბომები, რომლებიც არაემბიენტური Post-Rock–სკენ იხრება.

დღეს, აქ ვტვირთავ, ჩემის აზრით, ერთ–ერთ საუკეთესო ალბომს, You All Look The Same To Me, რომელიც ჯგუფმა 2002 წელს ჩაწერა. ეს ბრიტანული ინდი მუსიკისა და პოსტ–როკის მშვენიერი სინთეზია. აქვე მცირე ინფოც ინგლისურად ვიკიდან:

Archive were formed by Darius Keeler and Danny Griffiths in 1994 from the ashes of UK breakbeat act Genaside II. Together with female singer Roya Arab and young rapper Rosko John, the band released their first album "Londinium" on Island Records in 1996, a mix of dark Trip-Hop (in the same vein as Massive Attack), rap and alternative rock. The album received moderate critical acclaim, but due to internal dispute the band split up later that year.