Wednesday, November 07, 2007

შიშის სახელმწიფო

ეს სვეტი შევარდნაძის დროს გაზეთ "ახალ ვერსიაში" გამოვაქვეყნე გიორგი სანაიას მკვლელობის შემდეგ.
2003 წლის ნოემბრის შემდეგ ნაღდად არ მეგონა თუ ისევ მოვინდომებდი რამენაირად მის გადაკითხვას და გამოქვეყნებას.

შიშის სახელმწიფო
(ეძღვნება ჩემი უცნობი კოლეგის გიორგი სანაიას ხსოვნას)

ოთახში საბეჭდ მანქანაზე რაღაცას ბეჭდავენ.
შენ ფანჯრიდან იცქირები და მის მიღმა ქუჩის ღმუილში ჩამხრჩვალი ადამიანების რიტმულად მოძრავ თავებს ხედავ. ცდილობ, სახეები გაარჩიო, თუმცა ახლა მნიშვნელობა არა აქვს, განსხვავდებიან თუ არა ისინი ერთმანეთისგან. მათ, ისევე, როგორც შენ, საკუთარი პრობლემები აწუხებთ.

შენ გიყვარს ადამიანები, გყავს მეგობრები, რომლებთან ერთად თავს მარტო არ გრძნობ. მიუხედავად ამისა, შენ მარტო ხარ. ზოგჯერ, სადღაც მთის მწვერვალზე ადიხარ, რომელსაც ირგვლივ თეთრი ქულა ღრუბლები შემოსალტვია, მაგრამ ეს მხოლოდ სხვა სამყაროში ხდება.

სინამდვილეში კი შენს თვალწინ ხელოვნურად გაფერადებული ერთგვაროვანი რეალობაა მძიმე, ტკივილამდე სასიამოვნო ცხოვრებით, სადაც ცოცხლები ცოცხლებს სიცოცხლეს უსწრაფებენ, მერე კი მკვდრებს ხსოვნას უნახავენ. შენ ცდილობ რაღაც შეცვალო, თუნდაც ერთხელ ხმამაღლა იყვირო: "მე ეს არ მომწონს!", ასეთ ადამიანს ხალხი ზოგჯერ მეამბოხეს ეძახის, მაგრამ ამბოხება და რევოლუცია აქ არაფერ შუაშია. უბრალოდ, ცდილობ ადამიანად დარჩე.

შენ უკვე აღმოაჩინე, რომ შიშის სახელმწიფოში ცხოვრობ, სადაც მდიდრებსაც და ღარიბებსაც ერთნაირად ეშინიათ. მდიდრები საკუთარ სახლებს უზარმაზარ გალავანს არტყამენ (ალბათ ჩიტების ეშინიათ), რკინის ალაყაფს აკეთებენ, ხოლო ფანჯრებს გისოსებში სვამენ. ისინი ცეცხლსასროლ იარაღს ატარებენ, რათა თავი სხვა, შიშით შეპყრობილი ადამიანებისგან დაიცვან.

ღარიბები დაღამებამდე სახლებში შერბიან და შიშისგან კარს მაგრად კეტავენ. შიშის სახელმწიფოს პოლიციაც ჰყავს, რომელიც დაუკონკრეტებელი შიშის გამო ბოროტმოქმედებსა და მკვლელებს ვერ იჭერს. თავის მხრივ, ჯიბის ქურდებიც კი, როდესაც მეტროს ვაგონში ვინმეს ძარცვაში ხელი ეცარებათ, ვაგონის კუთხეში შიშით აკანკალებულები დგანან და "ნუ მიეყრდნობით" კარის გაღებას მოუთმენლად ელიან. შენ დაინახე, რომ შიშის სახელმწიფოში ქვეყნის მეთაურსაც ეშინია. ისე ეშინია, რომ მთელი ქვეყნის არმია მხოლოდ მას იცავს.

შიშის სახელმწიფოს მაცხოვრებლებს მხოლოდ ერთმანეთის ეშინიათ. შეიკრა შიშის ერთგვარი წრე: ხალხს პოლიციის ეშინია, პოლიციას - ხელისუფლების, ხელისუფლებას - სახელმწიფო მეთაურის, სახელმწიფო მეთაურს - ყველასი.

შენ ყველაზე მეტად გიკვირს, როგორ შეეგუენ პიროვნებები შიშით აღსავსე ცხოვრებას. ვეღარ იტან ტელევიზორს, ვერ იტან გაზეთებს, ვერ ეგუები მართალ ტყუილებს. მათი ზემოქმედება უკვე აშკარაა. შენ იცი, რომ შიშით შეპყრობილი ადამიანები ცივად ხვდებიან ყველაფერს, რაც ირგვლივ ხდება, ეზიზღებათ პოლიტიკა და პოლიტიკოსები, აღარ აღელვებთ ომი, ვიღაცას გარდაცვალება. ყველას ურჩევნია, თავისთვის დარჩეს. დანარჩენი არაა მათი საქმე. შენ ეს გაღელვებს და, ცოტა არ იყოს, შეგეშინდა კიდეც. თვალები გიფართოვდება და შეგრილებულ ყავას წრუპავ.

შენ შეამჩნიე, რომ გარეწრები და ნაძირალები არ იბრძვიან სიცოცხლისათვის. ისინი არ იბრძვიან იმისათვის, რომ მშვიდად მოკვდნენ. თუნდაც იმიტომაა ლამაზი შემოდგომა, რომ ბუნება ღირსეულად კვდება. თუნდაც იმიტომაა მშვენიერი გაზაფხული, რომ გარემო ლამაზად იწყებს სიცოცხლეს. ხვდები, რომ ლაჩრების უმრავლესობა ცდილობს, რომ ღირსეული ადამიანები უღირსად მოკვდნენ, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ თავად მათი სიცოცხლე დამთავრდება უღირსად, რადგან ისინი მართლა მოკვდებიან (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით).

ამ დღეებში ბევრი რამ შევიტყვე შენს შესახებ. ისიც გავიგე, რომ საკუთარ დაბადების დღეზე საოცრად გინდა მეგობრებს საჩუქრები დაურიგო, გამოხვიდე ქუჩაში და თუნდაც პირველივე შემხვედრს ჩვეული ღიმილით უთხრა: "გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს. მინდა რაღაც გაჩუქოთ!" საჩუქარი კი ასეთი იქნება - პატარა აკვარიუმი, პატარა წითელი თევზით, რომელსაც შენი სახელი ერქმევა.
საბეჭდი მანქანის კლავიშები დადუმდნენ.

შენ იღიმი.

მეც მეღიმება.

მამჩნევ.

ჩვენ სიგარეტს ვუკიდებთ და ახლა ორივენი ერთად ვიღიმით.

კეთილი იყოს ჩვენი შეხვედრა.

Monday, October 22, 2007

Friday, September 21, 2007

François De Roubaix - Les Aventuriers / Le Samouraï

ბავშვობაში ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ფილმი, რაც ვნახე, ფრანგული Les Aventuriers (თავგადასავალთა მაძიებლები) იყო ალენ დელონისა და ლინო ვენტურას მონაწილეობით. მისი საუნდტრეკი ფრანგმა კომპოზიტორმა François De Roubaix (1939-1975) დაწერა, რომლის რემასტერირებაც 2005 წელს გაკეთდა. ალბომში შესულია, აგრეთვე, მუსიკა მეორე ფილმისათვის Le Samouraï. აღნიშნული დისკი იშვიათობაა. .)

==========================================================

François De Roubaix - Les Aventuriers / Le Samourai © 1967
























01-Les Aventuriers: Laetitia (Vocals - Alain Delon)
02-Les Aventuriers: Journal De Bord
03-Les Aventuriers: Enterrement Sous-Marin (Voice - Christiane Legrand)
04-Les Aventuriers: Acrobaties Aériennes
05-Les Aventuriers: Casino Latino
06-Les Aventuriers: Manu Et Roland
07-Les Aventuriers: Les Aventuriers
08-Les Aventuriers: Enterrement Sous-Marin (Version Sifflée)
09-Les Aventuriers: Pilleurs D’Epave
10-Les Aventuriers: Générique Fin
11-Les Aventuriers: Les Aventuriers (Vocals - Theo Sarapo)
12-Le Samouraï: Le Samouraï
13-Le Samouraï: Valérie
14-Le Samouraï: Martey’S
15-Le Samouraï: La Blessure
16-Le Samouraï: Hôtel Sandwich
17-Le Samouraï: Costello Dans La Ville
18-Le Samouraï: Jeff Et Valérie
19-Le Samouraï: Fatalité
20-Le Samouraï: Jeff Et Jeanne
21-Le Samouraï: Le Destin De Costello(Final)
22-Le Samouraï Se Remixe (Partie 1) (Piano - Nicolas Errèra, Remix - Nicolas Errèra)
23-Le Samouraï Se Remixe (Partie 2) (Piano - Nicolas Errèra, Remix - Nicolas Errèra)

Genre: Classical, Jazz
Stile: Soundtrack
Size:
105.40 MB
Playtime: 45:53
Bitrate: 320 kb/s

Download:
François De Roubaix - Les Aventuriers / Le Samouraï [1967]
Password: humanoidi

Sunday, September 09, 2007

90-იანების ქართული როკი / 90's Georgian Rock

[From ERM0NIA's own home collection]

90-იანი წლების სამოქალაქო ომის შედეგად დანგრეულ საქართველოში კულტურა პრაქტიკულად მოკვდა. მიუხედავად ამისა, უშუქობის, უფულობის და შიმშილობის პერიოდში ქვეყანაში დარჩენილი ქართველი როკმუსიკოსები მაინც ახერხებდნენ პროდუქციის შექმნას, რომელიც თუნდაც დღევანდელთან შედარებით, მეტად საინტერესო იყო. მართალია, ამ ჯგუფების უმეტესობის სიცოცხლის ხანგრძლივობა ზოგჯერ რამდენიმე თვეს არ აღემატებოდა, მაგრამ, უზარმაზარი ენთუზიაზმი არსებობდა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ საქართველოში არსებობდა ორი ქალაქი, სადაც ამ მხრივ ყველაზე მეტი კეთდებოდა, – თბილისი და ქუთაისი.

ტოტალური სიღატაკის პერიოდში ამ ქალაქებში რამდენიმე საინტერესო ფესტივალი და აქცია მოეწყო, თუმცა ამჯერად მათზე საუბრით თავს არ შეგაწყენ. ბლოგზე ვტვირთავ იმ პერიოდის რამდენიმე უნიკალურ სიმღერას, რომელიც მარტო კასეტებზე მაქვს შემორჩენილი და რამდენადაც მოვიკვლიე, ციფრული ვერსიები აღარ არსებობს. ეს სიმღერები თავად გავაციფრულე. ამ სიმღერათაგან რამდენიმე პირველად გაჟღერდება.

================================================================

01-Outsider – ფეხსაცმელი (სტუდიური ვერსია) (ქვეყნდება პირველად)
სიმღერა ჩაწერილია კომპიუტერზე ცოცხალი დრამებით. ადგილი – ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფარი. ქალაქის ქვეშ, „ბომბაუბეჟიშეს“ უზარმაზარი ქსელის ერთ-ერთ ბუნკერში ჯგუფს ჰქონდა რეპეტიციები. ერთ მშვენიერ დღეს, მისი ბასისტის, საბა „ბასა“ კუპრაშვილის სამსახურის კომპიუტერზე ჩაიწერა ეს სიმღერა, რომლის დამუშავების დროს, მთელი მასალა წაიშალა. საბედნიეროდ, მანამდე ჩანაწერის გადატანა მოვასწარი კასეტაზე.

02-69 – მე ვერ ვიტან ქალს
ძალიან საინტერესო თბილისური ჯგუფი იყო, რომლის ფრონტმენიც უჩა ჩაჩხიანი, სამწუხაროდ, შარშან ზამთარში გარდაიცვალა. ჩემი აზრით, ეს ნაკლებადცნობილი სიმღერა „მე ვერ ვიტან ქალს“ ყველაზე პანკური სულისკვეთების, მაგრამ ძალიან მელოდიური ქმნილებაა ჯგუფის არაპანკურ შემოქმედებაში.

03-სამეფო გზა – გასვლა (ქვეყნდება პირველად)
იმ პერიოდის ალბათ ერთადერთი პროგრესივ-როკული თბილისური ჯგუფი, რომელიც ჟურნალისტებმა, ლევან რამიშვილმა (გიტარა, კომპოზიციებისა და ტექსტის ავტორი) და გენო ჯოხიძემ (ვოკალი) გააკეთეს. ძალიან საოცარი და კარგი მუსიკაა.















Friday, September 07, 2007