Thursday, April 05, 2007

ძველი სიზმრები

ამ დღეებში ვორდის ფაილში ძველ ჩანაწერებს წავაწყდი, რომელსაც უფრო ადრე რვეულებში ვინიშნავდი. რვეულები კი უკვე რამდენიმე წელია ჩემი აღარაა, კაი ხანია გავაჩუქე. ხოდა, დიდად არ მიყვარს წარსულში ქექვა, მაგრამ ესენი სიზმრებია, რომლებსაც დრო არა აქვთ, თანაც კარგი დრო გამახსენა. მოკლედ იყოს აქ.

სიმღერებს რა თქმა უნდა, ახლანდელი განწყობის მიხედვით ვყრი:


download:
Element Of Crime - Ganz Leicht
Element Of Crime - Still Wird Das Echo Sein
Element Of Crime - Rein Gar Nichts


=========================================================
სიზმარი + Jean Luc Ponty + William Faulkner (სიზმარი #1)


უაფრო ზმანება
მეწამული, კარცენოგენური ცა
სატელევიზიო კოშკს თეთრი ფესვები გაუდგამს მთელს ქალაქში
ბაგირგზა
ჰაერში გამოკიდებული ვაგონეტი ნაცრისფერი მდინარის თავზე
რაღაც, თითქოს შიში
ჩვენ მანქანაში ვსხედვართ
"ეს ქალაქი მე აღმოვაჩინე, ამიტომაც მიყვარს" – ვამბობ
უხმოდ მივუყვებით სანაპიროს
მძღოლის გამეხებული სიფათი
მძღოლი მე ვარ
შუქნიშანი დუმს
მარტონი ვართ მთელს ქალაქში
სიჩუმეს ვხედავ
ნისლი ჩამოწვა
მიტოვებული, ძელებგაჩაჩხული ტროლეიბუსის მქრქალი კონტურები
ვიღაც ამბობს მალე მოთოვსო
ეს ვიღაცაც მე ვიყავი
მეორე სიჩქარით მივუყვებით თლილი ქვაფენილით მოკირწყლულ აღმართს
თეთრი ჯვარი ეკლესიის გუმბათზე
ციდან ფანტელები ჩამოცვივდა
ვხედავ მაღალ კორპუსებს
მანქანა ერთ-ერთი მათგანის ერთ-ერთ სადარბაზოსთან უხმოდ ამუხრუჭებს
კიდევ ვიღაცამ თქვა ეს ჩემი სახლიაო
ისიც მე ვარ
ვგრძნობ ზამთრის სიცივეს
ვისუნთქავ ყინვის სუნს
ლიფტის კაბინაში ვართ
ჯურღმულიდან ზევით ვმოძრაობთ
რომელიღაც სართული
კაბინის კარი განიხვნა
სახურავზე ვართ
ცივად თოვს თბილი თოვლი
ანტენები, ანტენები ირგვლივ
კიდესთან დავდექით და ვიცქირებით
ვხედავ ქალაქის ნაწილს
ეს ქალაქი ჩემია
დიადი ეგოცენტრული სიამოვნება

ქუთაისი
26.12.1992.

=========================================================

სულის ნარჩენი სიმღერა (სიზმარი #6)
სიგარეტისფერი გემო აქვს გიტარის ხმას.
მყიე მტრედისფერია ცა.
მთელი დღეა ნაცრიფერ ქალაქში დავდივართ.
ვიდეოკამერები თან გვაქვს.
ვიღაც პოლიტიკური პარტიის ლიდერი სადღაც წასასვლელად მექაჩება.
ვიღებთ დნობაშეპარულ ჩაშავებულ თოვლს.
იმ კაცს ვუღიმი და სიგარეტს ვეწევი.
ჩემს მეგობარს ხელში ვიდეოკამერა ჩაუბღუჯავს, როგორც სამყარო.
სიგარეტისფერი გემო აქვს გიტარის ჟღერადობას.
ცისფერი მტრედი მტრედისფერი ცის ფონზე ეკლესიის თაღქვეშ შემომჯდარა.
ვიღებთ.
"ცამდე მართალი ხარ, მაგრამ შენთან ვერ გავძლებ" – ჩურჩულებს ვიღაც ქალიშვილი.
იმ ქალიშვილს ვუღიმი და სიგარეტს ვაბოლებ.
თავიდან ვეღარ ვიშორებ იმ კაცს.
"გუშინ ტაძარი დაინგრა", - ვამბობ.
"რომელი კაცო?" – გაოცებულია.
"შენ არ იცი. აიმ შენობაში ადი და გაიგებ".
მგონი გაგვეცალა.
მერე მეგობარს, - ასე ჰქვია ჩემს მეგობარს, - ხელს მხარზე ვხვევ.
კვლავ იმ ქალიშვილის ხმა:
"იცი? უკვე მეზიზღები და ნერვებს მიშლი!" - კბილებსშუა ცრის.
"გაიგე გოგო? გუშინ ტაძარი დაინგრა", - იფრქვევა ჩემი სიტყვები.
"ნეტავ რომელი?" – მორწმუნის
ნეტარ სახეს იღებს.
"შენ არ იცი. აგე, იმას ჰკითხე".
ვიღაც აწოწილი გამალებით მოარღვევს კანალიზაციის ღვარსადენებიდან ამოსროლილ ნაცრისფერი ქალაქის აქოთებულ ჰაერს.
აწოწილმა უკან მოიხედა.
მეგობარს ვუღიმი და სიგარეტს ვაღრჩოლებ.
ისევ სიგარეტისფერი გემო აქვს გიტარის ხმას.
და მყიე მტრედისფერია ცა.
მერე გზაზე ჩემი მეგობარი მხვდება.
ბერძნული თუ ნორვეგიული სახელი ჰქვია.
ფეხებზე ჰკიდია ჩემი საქმიანობა.
მე იმ მეგობარსაც ვუღიმი და სიგარეტს ვუწვდი.
მერე იმ ქალიშვილის მისამართს მეკითხებიან.
მეგობარი, რომელსაც ბერძნული თუ ნორვეგიული სახელი ჰქვია, მშორდება.
მეგობარი, რომელსაც მეგობარი ჰქვია, ყველაფერს იღებს.
ნაცრისფერ ქალაქს გავცდით.
ვიღაც სოფლისკაცი გვხვდება გზაზე.
"აქ რას აკეთებთ?" - კითხულობს ის.
"დანგრეულ ტაძარზე ვაკეთებთ სიუჟეტს" - ვპასუხობ.
"რომელ დანგრეულ ტაძარზე?" - ინტერესდება სოფლისკაცი.
მეგობარს ხელში ვიდეოკამერა ჩაუბღუჯავს, როგორც სამყარო.
"თქვენ არ იცით. ნაცრისფერ ქალაქში გეტყვიან", - თითით გეზს ვაჩვენებ.
ნარინჯისფერი სახე ჰქონდა.
მე და ჩემი მეგობარი, რომელსაც სახელად მეგობარი ჰქვია დანგრეული ტაძრის გადასაღებად
უკვე მთელი დღეა დავდივართ.
ვიდეოკამერები თან გვაქვს.
ჩვენ ერთმანეთს ვუღიმით, ვიღებთ და სიგარეტს ვეწევით.

ქუთაისი 17.11.1994. (sa) 01:54 thanks to “U2” for “Zooropa”

=========================================================

მუსიკოსები (სიზმარი #7)

თოვლი წამოვიდა.
ქურთუკის საყელო წამოვიწიე და ქუჩაში სახეტიალოდ გამოვედი.
სახეში სიცოცხლით სავსე, სუსხიანი ფანტელები მეყრებოდა.
ნაცნობ ქუჩებს დავუყევი.
მერე ხიდზე დავდექი და წყნარ მდინარეს ჩავაცქერდი.
მომწონდა მარტო ყოფნა.
ადამიანები სიცივეს გაქცეოდნენ და სახლებში შეყუჟულიყვნენ.
ყვავის ჩხავილი არღვევდა თეთრ მდუმარებას.
ქალაქი რძისფრად თვლემდა.
პატარა მოედანზე გავედი.
ვიფიქრე ავტობუსით წავალ მეთქი და გაჩერებაზე დავდექი.
ცარიელი ავტობუსი მოვიდა და უხმოდ დაამუხრუჭა.
ასვლა რომ დავაპირე, ჩემი ყურადღება სამგლოვიარო პროცესიამ მიიპყრო.
ოთხ კუბოს მოასვენებდნენ.
თავახდილი კუბოები პატარა მოედნის შუაგულში დაასვენეს.
იქით დავიძარი.
ავტობუსი უჩემოდ წავიდა.
ოთხ სახემომღიმარ მოხუც მანდილოსანს სახეზე საუკუნო სიმშვიდე დაჰფენოდა.
მიცვალებულთა გვერდით კუბოებში ხემებიანი ინსტრუმენტები ელაგა.
პროცესიას ოთხი ახალგაზრდა ქალიშვილი გამოეყო.
მათ კუბოებიდან ინსტრუმენტები ამოიღეს.
მერე ნისლი წამოვიდა.
ადამიანები ნისლში გაიხსნენ და გაქრნენ.
დავრჩით ის ქალიშვილები, მიცვალებული მანდილოსნები და მე.
ქალიშვილები ინსტრუმენტების აწყობას შეუდგნენ.
თოვამ მოუხშირა.
ჩემს გვერდით თეთრი, ქუნქულა ფისო გაირინდა.
ქალიშვილებმა მოცარტის დაკვრა დაიწყეს.
უკვე ბარდნიდა.
ფანტელები განუწყვეტლივ ცვიოდა, თითქოს ცაში ვიღაც გედისღუნღლიან ბალიშებს ბერტყავდა.
ისინი მიცვალებულის თავებთან იდგნენ და თვალდახუჭულები უკრავდნენ.
მოედანი ლამაზი, ფუმფულა ფისოებით ივსებოდა.
სითეთრემ და მუსიკამ ქალაქი საბოლოოდ შეიპყრეს.
მე და ფისოები კი ამ უჩვეულო პროცესიაზე ვიდექით და ვივსებოდით სითეთრით, რომელიც ოთხმა სახემომღიმარმა მოხუცმა მანდილოსანმა გვაჩუქა.

ქუთაისი 22.01.1995. (su) 0:13 thanks to Mozart for simphony #41 “Jupiter”

1 comment:

  1. ლაშ, არ ვიცი, რატო ვამბობ ახლა ამას - შენი სახლი მომენატრა :)

    ძალიან მიყვარს. მშვიდია, მყუდრო... :)

    ReplyDelete