Monday, December 29, 2008

ლუი ჯის სირცხვილი

"ღმერთი არ სწყალობს საყალბეთს" გაიფიქრა ლუი ჯიმ და წიგნი დახურა. ავტობუსის ფანჯარაში გაიხედა. სიცხისგან შეწუხებული მოქალაქეები ქუჩას აშკარად ვერ იტანდნენ და ნაყინის გამყიდველებს უხმობდნენ. ეს უკანასკნელნი კი ლისტის მეათე ტრანსცენდეტული ეტიუდის ფონზე ცეკვავდნენ – პათეტიკურად, არარიტმულად ხელ-ფეხს იქნევდნენ და შიგადაშიგ ერთმანეთს ტუჩებში კოცნიდნენ.

"მთლად გამოყლევდნენ" – გაიფიქრა ლუი ჯიმ, ყურსასმენები მოირგო და პლეერი ჩართო.

"არადა, რა მაგარ ნაყინს ყიდიან" – ლუი ჯის გვერდიდან გოგონას უნაზესი, მაგრამ დამწუხრებული ხმა მოესმა. მან პლეერი გამორთო და გახედა. "თქვენ ოდესმე გყვარებიათ?" – ჰკითხა გოგონამ – "უკაცრავად თუ საქმეს მოგწყვიტეთ".

"მენაყინეები?"

"ზოგადად გკითხეთ, უკაცრავად".

"ნაყინი ბავშვობიდან მძაგს" – ლუი ჯი გოგონას მიმართ კეთილად განეწყო, მწკლარტედ გაუღიმა კიდეც. მშვენიერი სქესის მქონე არსებამ კი სერიოზული სახით მიუგო:

"აი, მე ერთი მენაყინე მიყვარს, მის ხელებს სულ რძის ფხვნილის სუნი ასდის. ო, როგორ მიყვარს რძის ფხვნილი, ვგიჟდები, ბავშვობიდან უმად ვჭამ. თქვენგან მეწყინა, მენაყინეებზე ასე ცუდი რამ რომ გაიფიქრეთ". გოგონამ თავი დახარა და თვალისდაუხამხამებელი მზერა წინ მჯდომ ვიღაც მელოტს კეფაში ატაკა.

ლუი ჯი უხერხულად შეიშმუშნა, საკუთარ თავზე გაჯავრდა და წარბები შეჰყარა: "ოხ, ვერა და ვერ გადავეჩვიე ამ ხმამაღალ ფიქრებს" – გაიფიქრა.

"არა უშავს – თქვა გოგონამ – ზოგჯერ მეც ძალიან ხმამაღლა ვფიქრობ, ამიტომ ფიქრებში არ ვილანძღები" – საყვედურით ცხვირზე შეხედა ლუი ჯის.

ლუი ჯის შერცხვა...

Dowload:

1 comment: