[From ERM0NIA's own home collection]
2012 წლის 7 მაისს ზუსტად 15 წელი შესრულდება „ნიღბების კლუბის“ ოფიციალური პრეზენტაციიდან, რომელიც ე.წ. „რიტუალების დარბაზში“ ჩატარდა. ამ ადგილას, როგორც წესი, ქელეხები, სხვადასხვა წვეულებები და ქორწილებიც იმართებოდა. 90-იანებში ასეთი ადგილები ქუთაისში მრავლად იყო.
აქციის ძირითადი ორგანიზატორები „ნიღბების კლუბის“ წევრები ვიყავით. აღნიშნული კლუბი ჯგუფ „აუტსაიდერის“ ირგვლივ 1995 წელს ჩამოვაყალიბეთ ქუთაისში და ჩვენს გეგმებში სხვადასხვა აქციების (აქცია-რეპეტიციების, გამოფენების, კინოჩვენებების და ა.შ.) მოწყობა შედიოდა, რომლებსაც ქალაქის სხვადასხვა ადგილებში – ავტოფარეხებში, ღია ცის ქვეშ – ქუჩებში, მერიის წინ, ნანგრევებში, კრივის დარბაზებში, სამხატვრო სკოლებში, კინოთეატრებსა და საკონცერტო დარბაზებში ვატარებდით. ამაზე ბევრი შემიძლია ვილაპარაკო, მაგრამ სხვა დროისთვის იყოს.
1997 წლის 7 მაისს ქუთაისში ქართული ალტერნატიული მუსიკოსები შევკრიბეთ. თბილისური ჯგუფები რობი კუხიანიძემ მოიპატიჟა. აღნიშნული აქციის ძირითადი ნაწილი მთელი სამი საათი მიმდინარეობდა, რომელსაც საკუთარი სატელევიზიო ეთერი დაუთმო დასავლეთ საქართველოს ტელერადიოკომპანია „ივერიონმა“, სადაც მეც ვმუშაობდი და მთელი კონცერტის განმავლობაში პირდაპირი სატელევიზიო ჩართვები მქონდა... მომიტევეთ ჩემი მაშინდელი რბილი „ლ“-ებისთვის. :D
დარბაზში შეკრებილთაგან უმეტესობა ალტერნატიული მუსიკის მოყვარული იყო, ზოგი შემთხვევით მოხვდა და თავიდან გაოცებული იყურებოდა, მერე კი უკვე ყურადღებით უსმენდა თითოეულ შემსრულებელს. რა თქმა უნდა, მთელს კონცერტს წითელ ხაზად გასდევს C2H5OH-ით გაზავებული საკმაოდ მსუყე ფონი, რომლის ზეგავლენის ქვეშ მუსიკოსებთან ერთად კონცერტის თუ ტელე წამყვანებიც ვიყავით (მის გარეშე ხომ პრაქტიკულად წარმოუდგენელი იყო 1990-იანების ქართული სინამდვილე).