Tuesday, May 01, 2012

პრიმიტივი – ფილმი-კონცერტი

[From ERM0NIA's own home collection] 

ეს ფილმი, რომელიც ახლა მინდა წარმოვადგინო, ჯგუფ „აუტსაიდერის“ 1997 წლის 5 სექტემბერს, პარასკევს ქუთაისის ტექნიკური უნივერსიტეტის (გეპეის) კლუბის ფოიეში გამართული კონცერტ „პრიმიტივის“ მიხედვით გაკეთდა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ იმ პერიოდში „აუტსაიდერის“ რეპეტიციები იმართებოდა ქუთაისის მიწისქვეშა თავშესაფრის (ე.წ. бомбоубежище) ერთ-ერთ მეტად ჩახუთულ, ნესტიან და უჰაერო ოთახში. ჯგუფი შესანიშნავ ფორმაში იყო და, ჩემის აზრით, მსგავსი დრაივის კონცერტი „აუტსაიდერს“ ქუთაისში არ გაუმართავს. მას ჯერ არ ჰქონდა დაწყებული მუშაობა აკუსტიკურ პროექტზე. ეს უკანასკნელი იმიტომ ვახსენე, რომ ერთი წლის შემდეგ უკვე აკუსტიკური კონცერტით ბენდი, პირველ რიგში, თბილისელი მაყურებლის წინაშე რუსთაველის „თეატრალურ სარდაფში“ წარსდგა (ამ კონცერტის მასალებსაც მალე ავტვირთავ). ეს კონცერტი ცოცხლად ჩაიწერა და ოდნავ მოგვიანებით ალბომიც გამოვიდა ასეთივე სახელწოდებით – „პრიმიტივი“...

მაგრამ ახლა, მოდით, ისევ ქუთაისში დავბრუნდეთ და გავიხსენებ 5 სექტემბერს. ქუთაისის „პრიმიტივამდე“ იყო ბათუმის „პრიმიტივი“ (ჩანაწერიც არ იძებნება). კონცერტზე, როგორც თვითმხილველები ამბობდნენ, სიმღერა „ქალაქში ბნელას“ შესრულების დროს, ელექტროენერგია გაითიშა. მაშინ ბევრი ამტკიცებდა, რომ ეს ასლან აბაშიძის ხელისუფლების უშუალო მითითებით მოხდა. თუმცა, თავად ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან არ გახლდით ბათუმის კონცერტზე. სამაგიეროდ ვიყავი ქუთაისის „პრიმიტივზე“, ოღონდ რადიოსტუდიაში, იქვე „გეპეის“ კლუბის ზედა სართულზე, სადაც ჩვენი რადიო მდებარეობდა. „ნიღბების კლუბის“ წევრებმა და რადიოს თანამშრომლებმა საკონცერტო მიქშერიდან კაბელი ავიყვანეთ ჩვენს სტუდიამდე და ეს კონცერტი რადიო-ეთერში ცოცხლად გადაიცემოდა.

 „გეპეის“ კონცერტს ინცინდენტის გარეშე არ ჩაუვლია. თვითმხილველების თქმით, დარბაზში რამდენიმე ნასვამი, ლეჩხუმურად რომ ვთქვათ – ნასმი ახალგაზრდა შემოეხეტა, რომელთაც მოუნდათ სიმღერების, თუნდაც „კინტაურის“ შეკვეთა („დაზაკაზება“) და ერთს ისიც უთქვამს: „მაგიზა ვარ მოსულიო“. სწორედ ამ სიტყვების შემდეგ იქვე, დარბაზში დაიწერა „აუტსაიდერის“ იმპროვიზაცია „ოსური“ (1:03:50). მაყურებლებსა და ამ ბიჭებს შორის მცირე გაწევ-გამოწევაც ყოფილა. „სისხლის წვიმაც“ (44:28) აღნიშნულ დღეს შესრულდა პირველად ყოველგვარი რეპეტიციის გარეშე. აი, ასე, ზოგი ჭირი მარგებელია! : D

ახლა ფილმის შესახებაც მოგახსენებთ. კარგა ხნის განმავლობაში მსურდა სხვადასხვა ქუთაისელი შემეკრიბა და მათი აზრი ჯგუფის შესახებ ვიდეოფირზე აღმებეჭდა, რასაც ოპერატორთან, „კალაბოკასთან“ (თემურ კენჭოშვილი) ერთად რამდენიმე თვე მოვანდომე. იგი დაამონტაჟა ჯგუფის წევრმა საბა „ბასა“ კუპრაშვილმა, რომელსაც მაშინ თავისი სახელის ტიტრებში ჩასმა დაავიწყდა. : )

ფილმში მონაწილეობენ:

ჟურნალისტი ნანული ცხვედიანი;
მუსიკოსი ვაჟა აქუბარდია;
კომპოზიტორი ვასილ კოკელაძე;
მუსიკოსი გოგა ჟორჟოლაძე;
გიტარისტი ვახტანგ კიკალეიშვილი;
კომპოზიტორი ნიკოლოზ ედგარიძე;
მუსიკოსი კოტე ჭარხალაშვილი (იმხანად ოპერის თეატრის დირექტორი);
მუსიკოსი ზაზა ხუბუკელაშვილი;
ავთანდილ ბარათაშვილი (იმ დროს ქალაქის მერის მრჩეველი);
მუსიკათმცოდნე ენი არსენიძე;
ბუდუ ხურციძე (ქუთაისის თავშესაფრის უფროსი);
„აუტსაიდერის“ მსმენელები და მეგობრები კონცერტის წინ.

მუსიკალურ პროგრამასაც გადავავლოთ თვალი:

01-შესავალი ჰარმონიკით – ლუდის ჰიმნი;
02-ქუჩა;
03-მოსაფსამად ვეფარები ხეს;
04-ფეხსაცმელი;
05-ქალაქი (ზამთარი);
06-ჩემი პეპელა;
07-ყლე <–;
08-მძღნერი <–;
09-მზე;
10-ბოლი;
11-სისხლი (იმპროვიზაცია);
12-ტანგო;
13-აპკი;
14-დროშა;
15-ტაია;
16-ძუძუ;
17-ოსური (იმპროვიზაცია).

2 comments:

  1. მე "დუმილი" მიყვარს ყველაზე მეტად.

    ReplyDelete
  2. თქვენ რომ არ გვყავდეთ რა გვეშველებოდა ბატონო ლაშა, დავიწყებას მიეცემოდა ეს ყველაფერი =(

    ReplyDelete