Friday, October 31, 2014

მანანა მენაბდე - Outsider - ქუთაისი


ქუთაისში ორი ძალიან კარგი მოვლენის გამო ვიყავი. 26 ოქტომბერს მანანა მენაბდეს საიუბილეო კონცერტს, „საპოვნელა“ დავესწარი, რომელიც მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა, ხოლო 28-ში ბარ-რესტორან „პალატიში“ კიდევ ერთი საიუბილეო კონცერტი, „50 ყლუპი“ ჩატარდა, სადაც Outsider-მა დაუკრა. ორივე ღონისძიების ერთ-ერთი ორგანიზატორი ჩემი მეგობარი, ხვიჩა დოღონაძე გახლდათ. ბევრს არ ვილაპარაკებ მანანა მენაბდეს კონცერტზე, ძალიან დიდი სიამოვნება მივიღე. ქუთაისთან დაკავშირებული შესანიშნავი ისტორიების მოყოლის გარდა, მანანა მენაბდემ თავისი იგავ-არაკების წიგნი „და დრო გადიოდა...“ წარმოადგინა და რამდენიმე მცირე არაკი წაიკითხა კიდეც. საბედნიეროდ, ეს წიგნი ორგანიზატორმა მეც მისახსოვრა. მუსიკოსმა სიმღერები შეასრულა თავის დასთან, თინათინ მენაბდესთან, ნიკა ნიკვაშვილთან და ქუთაისურ ჯგუფ „სამი-ზნესთან“ ერთად. დარბაზში ძალიან ციოდა და ბოლოსკენ მომღერალმა ლაბადაც მოისხა. 

„აუტსაიდერის“ საღამო მეტად კარგ და გემოვნებიან ბარ-რესტორან „პალატიში“ გაიმართა. ჯგუფის კონცერტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა „იუტუბის“ არხზე. მთლიანაი ჩანაწერის ნახვა შესაძლებელია ამ ბმულზე. ამ დღეების განმავლობაში ვხვდებოდი ჩემს ძველ მეგობრებს და თითქმის ვერ ვიბორიალე ქალაქში... იქ ყოფნის დღეებში ქუთაისში საკმაოდ ძლიერი ქარი ქროდა. სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ქუთაისური პოსტი „დოქტორი მურკეს“ ბლოგზე, სადაც ხმებს ვაგროვებ: ძლიერი ქარი ქუთაისში (27 ოქტომბერი 5:57:44). ქალაქის სურათები კი, რაც გადავიღე, „პალატისგან“ ძალიან ახლოს, პუშკინის ქუჩაზე ან იქვე, რიონის სანაპიროზე (როგორც ქუთაისში ვამბობთ ხოლმე, „რიონის პირას“). ყველა ფოტო შავ-თეთრია და მგონი, ასე ჯობია.
























2 comments: