Saturday, July 12, 2025

საარქივო ჩანაწერების ფოტოები: დადა დადიანის „ტაქსი“

დღეიდან ჩემს არქივში არსებული ქართული ჩანაწერების ფოტოებს დავდებ და პატარა ისტორიებსაც მოვაყოლებ.

პირველი რაც მინდა წარმოგიდგინოთ, არის ორი კასეტა, რომელთაგან გავრცელდა დადა დადიანის ლეგენდარული ჯგუფ „ტაქსის“ უნიკალური ჩანაწერები. ფოტოზე მარცხნივ ზემოთ ჩანს სტაფილოსფერი „სვემას“ ფირმის საბჭოთა კასეტა, რომელზეც დადა დადიანმა 1992 წლის ივლისში თავის აგარაკზე - არაგვისპირში, - კოჭებიანი (ბაბინებიანი) მაგნიტოფონიდან ჩამიწერა „ტაქსის“ 1988 წლის ალბომი. ზოგადად იმ პერიოდში ჯიბით რაღაც კასეტას ყოველთვის დავათრევდი. ამ კასეტაზე „ბლექ საბატის“ 1989 წლის ალბომი მქონდა ჩაწერილი. იმ პერიოდში მეგობრებთან ერთად ქუთაისიდან თბილისში ტელეგადაცემა „კედელი“ ჩამოვიტანეთ და მისი პრემიერა მაშინდელ მე-2 არხზე შედგა. ამ გადაცემის პირველი და მეორე ნაწილი ქართულ ანდერგრაუნდზე გვქონდა. მაშინ სწორედ მე-2 გადაცემაზე ვმუშაობდით და კახა კიკაბიძემ და ბიჭიკო ოსიპოვმა დადას აგარაკზე წაგვიყვანეს. სწორედ იქ ჩამიწერა ამ კასეტაზე დადამ თავის ალბომი, რომელიც წლების შემდეგ უკვე დაკარგული ეგონა. რა თქმა უნდა, მაშინ „საბატების“ წაშლაზე ოდნავადაც არ მინანია. :)) და ისიც მინდა აღვნიშნო, რომ, ჩემდა გასაოცრად, ეს საბჭოთა კასეტა ხარისხიანი აღმოჩნდა. უმეტესობა ყიდვისთანავე სვრიდა მაგნიტოფონის თავაკს და წრიპინებდა... ეს ალბომები 2007 წელს გავციფრე პირველად და ორი წლის შემდეგ „ერმონიას“ ბლოგზე დავდე. ბმული ახლაც ცოცხალი უნდა იყოს (ტაქსი – ტაქსი © 1988 & Live In Kutaisi © 1992). 2007-ში ნამეტანი ბანძი ინტერნეტი მქონდა, ამიტომ „იუტუბზე“ ალბომები (და ცალკეული სიმღერები) სხვებმა ატვირთეს.

მარჯვნივ კი სამხრეთკორეული ფირმის GoldStar-ის (რომელიც მოგვიანებით LG გახდა) კასეტაა, რომელზეც თავის დროზე მიქშერის პულტიდან ჩავწერეთ ქუთაისში 1992 წლის 12 ივლისს მესხიშვილის თეატრში გამართული „როკი ფონოგრამის (და შიდსის) წინააღმდეგ“, რომელზეც „ტაქსის“ გარდაა გამოვიდნენ: კახა კიკაბიძე, „საბავშვო მედიცინა“, „გენეტიკური კოდი“ და „აუტსაიდერი“. სამწუხაროდ, სრული კონცერტიდან რაღაცები მერე წამეშალა და ძალიან გული დამწყდა.


Sunday, February 23, 2025

ლისი და მუხათწყარო [23.02.2025]

ბოლო წლებში (ალბათ ათწლეულიც იქნება) თბილისში მხოლოდ თებერვალში მოდის ხოლმე თოვლი და ყინვაც მოარტყამს. დეკემბერი-იანვარი კი ცივ შემოდგომას უფრო ჰგავს, ვიდრე ზამთარს. 






Wednesday, July 31, 2024

„გახსენით შამპანურები, ჩვენ ევროპელები ვართ...“

გამოხმაურება ლაშა გაბუნიას წიგნზე „არაკოლექტიური ცეკვა“

© ცირა ყურაშვილი

დღევანდელ ვითარებაში, როცა საზოგადოებრივ აზრს მაჯლაჯუნასავით ადგას თავზე ქურდული კანონი და დეგრადირებისაკენ უბიძგებს, როცა, ჟარგონით რომ ვთქვათ, სიმართლის თქმა „გრეხია“, ხოლო კრიტიკას, უმრავლეს შემთხვევაში, მიკერძოების მანკიერი სარჩული აქვს გამოკერებული, ლაშა გაბუნიას წიგნი „არაკოლექტიური ცეკვა“ ნამძინარევ თვალებში შესხურებული ცივი წყალია ჩვენისთანა ფეხზე დაძინებული მკითხველისთვის, ამ საყოველთაო გადაგვარების ჟამს რუდიმენტივით, მაგრამ მაინც რომ შემოგვრჩა სიმართლით გახარების ნიჭი.

უზნეო საქციელი თუ არა, უხერხული მაინც არის სხვას მოუწონო და უკიჟინო სიმართლის თქმა მაშინ, როცა შენ თვითონ დადუმებული ხარ. მით უმეტეს, როცა იცი, სწორედ ამ ქურდული კანონის გამო როგორ ავადმყოფურად, ისტერიით აღიქვამენ დღეს კრიტიკას. რადგან ნაწვნევიც გაქვს შენსავე რამდენიმე უმნიშვნელო კრიტიკას რა რეაქციაც მოჰყვებოდა ხოლმე ადრესატთა მხრიდან – მარტო თოფის სროლა რომ აკლდა. როცა შენს მიერ თანამოაზრეებად მიჩნეულმა ადამიანებმა არათუ არ დაგიცვეს, ხმაც არ ამოუღიათ და სიტყვა არ „დაუსველებიათ“. ეტყობა მათ იციან, რომ არსებობს ასეთი ქურდული კანონი – სიმართლე არ უნდა თქვა! ხოლო იქ, სადაც სიმართლე დამარხული, ან თუნდაც შეფარულია, ლაშა გაბუნიას ტერმინი რომ ვიხმაროთ, შეუძლებელია საყალბეთი“ არ არსებობდეს.  

სიყალბე, მოჩვენებითობა შინ და გარეთ: წიგნში, ტელევიზორში, ესტრადაზე, ქუჩაში, სამარშრუტო ტაქსიში. ყალბი გრძნობები, ყალბი მელოდიები, ყალბი, უაზრო, უშინაარსო ფრაზები ყოვლად სულელური ლექსებისა – არაერთგზის რომ გავუღიზიანებივართ თითოეული ჩვენთაგანი და მაინც სიტყვა რომ არ „დაგვისველებია“. ლაშა გაბუნიას მხრიდან კი ხან კონკრეტული გვარები, ხან ადრესატებზე მინიშნება, ხან მძაფრი, მწვავე, ირონიული ქილიკი, ხან იუმორით წარმოჩენილი რეალისტური სახეები საყალბეთის მოქალაქეებისა, ყალბი ფრაზებისა და მელოდიების ფონზე ასე რომ ემარჯვებათ თვალების ზეაპყრობა, ხელების პარჭყვა. სამარცხვინო სურათებია და თუ რაიმე მაინც მალამოსავით ეცხება გულს, ეს შეუფარავი, მიუკერძოებელი კრიტიკაა, თან რომ გსიამოვნებს და თან სინდისსაც გქენჯნის, რადგან რაღაცის თქმა შეგიძლია და დუმხარ, ესე იგი ქურდულ კანონს იცავ.

Wednesday, February 28, 2024

მიტოვებული შენობები ქუთაისში

ელექტრომექანიკური ქარხნის ერთ-ერთი საამქროსა და „დინამოს“ სტადიონთან მდებარე სპორტდარბაზის შენობები...




Saturday, July 30, 2022

სილუეტები

ზაფხული, ზღვა, სილუეტები