Friday, March 01, 2013

თბილისური ზამთრის ტბები და მშვენიერი ქალბატონი ფლორა

ნისლიანი სიჩუმე / Misty Silence
გაყინული ლისის ტბა / Frozen Lisi Lake
ზამთრის ხე / Winter Tree
გაზაფხულის მოლოდინში / Waiting For Spring

Thursday, February 21, 2013

სტოკჰოლმი / Stockholm (Photos & Video) (Part 2)

პირობითად შეიძლება დავარქვათ: „სტოკჰოლმის ვიტრინები და ქუჩები“. 
პირველი ნაწილი აქაა





Thursday, January 31, 2013

„ერმონია და რამონა“, ანუ გაბრიაძეს + David Bowie

ბოლო პერიოდის ორი ემოციური მოვლენა რეზო გაბრიაძის ახალი სპექტაკლი „რამონა“ და დევიდ ბოუვის ახალი სიმღერა Where Are We Now გახდა. ისევე როგორც „რამონა“, ბოუვის ახალი სიმღერაც ძველ, ნოსტალგიურ ემოციებზეა აგებული. რამონას და ერმონიას (აღნიშნულ სპექტაკლში არაიმერული დაბოლოების ერმონს შეხვდებით), ამ ორ ერთმანეთზე შეყვარებულ ლოკომოტივს გაბრიაძის წიგნიდან ვიცნობდი. თუმცა წიგნში შესული პიესა განსხვავდება მარიონეტების სპექტაკლის სცენარისგან. თუმცა შინაარსი ერთია და მარადიულ თემაზე – სიყვარულზეა, თანამედროვე რომეო და ჯულიეტა, რომელთა ტრფობის ამბავიც სოციალისტური საქართველოს ინდუსტრიული ცენტრის, ქუთაისის მახლობლად მდებარე რკინიგზის სადგურ „რიონსა“ და წყალტუბოში ვითარდება. ნამდვილი ინდუსტრიული რომანტიკაა, ასეთი ემოციური ამბავი აჩვენო ორ მანქანაზე, რომლის ასე ოსტატურად და ადამიანურად გადმოცემა მხოლოდ რეზო გაბრიაძეს გამოსდის.


ქუთაისს რამდენიმე რკინიგზის სადგური აქვს, მათ შორის სადგური „რიონი“ მთავარ სარკინიგზო მაგისტრალზეა. აქედან თავის დროზე „მამაქალაქთან“ დასაკავშირებლად ცალკე ლიანდაგი გადმოიყვანეს. სადგური „რიონი“ კი მუხნარის (იგივე საღორიის) ტყის გადაღმაა სოფელ რიონში. ბავშვობისას ხშირად მიმგზავრია ქუთაისიდან თბილისისკენ სწორედ „რიონის“ სადგურიდან. აქედან გასული მატარებელი ჩვეულებრივ, „ქუთაისი – თბილისის“ ღამის შემადგენლობაზე სწრაფად ჩადიოდა დედაქალაქში და მას დღის მატარებელსაც ეძახდნენ. სადგური ჩემს ბავშვობაში საკმაოდ პატარა და ქუთაისის სადგურებთან შედარებით ბევრად უფრო მოუწესრიგებელი და ჭუჭყიანი იყო, თუმცა ქალაქის სადგურებიდან განსხვავებით, „რიონს“ მაინც ეტყობოდა, რომ საქართველოს მთავარი სარკინიგზო არტერიის ნაწილი გახლდათ. აქ გაივლიდნენ  სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან წამოსული, იმერეთიდან აფხაზეთისკენ, იქიდან კი მთელს საბჭოთა კავშირში მიმავალი მატარებლები.

Tuesday, January 29, 2013

ქუთაისის პორტი

ბოლო დროს მედიაში ატეხილმა აჟიოტაჟმა ქუთაისის საპორტო ქალაქად გამოცხადებასთან დაკავშირებით ფრიად გამახალისა. თუმცა, მოგვიანებით, ჩემს ერთ-ერთ საქაღალდეში მოთავსებული ქუთაისის საარქივო დოკუმენტებს შორის, აღნიშნული რეპროდუქცია გამახსენდა. ესაა ქალაქ ქუთაისის ნავმისადგომი (ანუ, დღევანდელის საერთაშორისო ენით რომ ვსთქუათ, პორტი). სწორედ ამ ადგილას ყოფილა უძველესი დროის ქალაქის ნავმისადგომი მდინარე რიონზე. მისი ნაშთები საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, თუმცა ალბათ საინტერესოა, ამ უბანსა და ადგილს ჩემთვის უცნობი მხატვრის ნამუშევრით შევავლოთ თვალი ბევრი კომენტარის გარეშე.
 

Monday, November 26, 2012

ცოტა რამ აუდიოკასეტების შესახებ

რატომაა აუდიოკასეტის მსმენელისთვის მუსიკის მაგნიტოფონში მოსმენა უფრო კომფორტული, ვიდრე MP3-ს მსმენელისთვის, როცა ამ უკანასკნელის მოსმენა დღეს პრაქტიკულად ყველგან შეიძლება? რა თქმა უნდა, ციფრულ მუსიკას ბევრი მარტივი უპირატესობა აქვს. მაგალითად, MP3 იშოვება იოლად, ბევრი ძალისხმევისა და ხარჯების გარეშე – ინტერნეტში, პრაქტიკულად უფასოდ. ამავე დროს, არ არის საჭირო ციფრული მუსიკის: ფიზიკურად ტარება, სადმე ჩადება, ფუტლიარში შენახვა, მტვრის გადაწმენდა, პლეერში ჩადებისას მუსიკის რეალურ დროში გადახვევა, პლეერის თავაკის („გალოვკის“) სახრახნისით გასწორება (ყველა კასეტას თავისი კორექცია სჭირდება), თავაკის სპირტიანი ბამბით თვეში ერთხელ მაინც გაწმენდა. დაზღვეული ხარ მაგნიტური ფირის ჩახვევისაგან, მერე მისი ფრთხილად ამოღებისგან და გაწყვეტის შემთხვევაში სკოჩით ან ფრჩხილის ლაქით გადაწებებისგან. ბოლო ოპერაციების დროს კი ჩანაწერის ხარისხი საგრძნობლად ეცემა. ამავე დროს, ციფრული მუსიკა გადაწერისას ხარისხს არ კარგავს, თუნდაც მეათასე პირი იყოს. კასეტის ყოველი მომდევნო გადანაწერის ხარისხი სულ უფრო ეცემა და იკარგება...